ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, August 30, 2010

უებერი თვლის, რომ ის „რედ ბულის“ საუკეთესო ფსონია

Webber suggests he is now Red Bull's best bet

30 აგვისტო

ბელგიის დიდი პრიზის შემდეგ, ავსტრალიელმა მარკ უბერმა განაცხადა, რომ დროა, „რედ ბულ რეისინგი“ ფსონს მასზე ჩამოვიდეს და დროებით გადადოს ავარიებისადმი მიდრეკილი მისი გერმანელი თანაგუნდელის, სებასტიან ფეტელის მხარდაჭერა.

სპაზე რბოლა უებერმა მეორე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონატში ლიდერობა ისევ ბრიტაელ ლუის ჰამილტონს გადააბარა. ფეტელს კი, რომელმაც რბოლა უქულოდ დაასრულა, უკვე 28 ქულას უგებს. ჰამილტონი უებერს მხოლოდ სამი ქულით უსწრებს, რაც ოზ პილოტს საფუძვლიანად აფიქრებინებს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ავსტრიული გუნდი აქცენტს მის მხარდაჭერაზე გააკეთებს.

რბოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე, უბერს კითხვა დაუსვეს, მოელის თუ არა, რომ „რედ ბული“ ახლა მის მხარდაჭერას ეცდება. რაზეც ავსტრალიელმა მიუგო: „ყველამ იცის, „მაკლარენს“ არაერთი ტიტული აქვს მოპოვებული და მათი პრიზების გალერეა ძალიან შთამბეჭდავია. გამარჯვებები „რედ ბულსაც“ აქვს, მაგრამ ამ მხრივ, „მაკლარენს“ ვერ შეედრება. ახლა ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მონდომებულები ვიქნებით. მაინც ვფიქრობ, რომ ამ ეტაზე, ვინმესთვის უპირატესობის მინიჭება ნაადრევია, თუმცა ამას რომ ვამბობ, შესაძლოა, ამ დროს „მაკლარენში“ სულ სხვაგვარად ფიქრობენ. ვფიქრობ, მალე დადგება დრო, როდესაც გუნდს არჩევანის გაკეთება მოუწევს“, - ამბობს უებერი, ვინც ბრიტანული ეტაპის კვალიფიკაციის შემდეგ, არ მალავდა, რომ გუნდში თავს მეორე პილოტად გრძნობდა.

იმავე კითხვაზე, ჰამილტონმა უპასუხა, რომ „მაკლარენში“ რომელიმე პილოტის გამორჩევას არ აპირებენ. ცნობისათვის, „მაკლარენს“ კონსტრუქტორთა თასი რვაჯერ აქვს მოპოვებული, მისი პილოტები კი მსოფლიო ჩემპიონები 12-ჯერ გახდნენ. სულ, ამ ინგლისური გუნდის პილოტებს 169 რბოლა აქვთ მოგებული.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის დიდ პრიზზე „რედ ბულის“ გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი „მაკლარენის“ ბრიტანელ ჯენსონ ბატონს დაეჯახა. ფეტელმა რბოლა განაგრძო, მაგრამ პიტლეინზე უქმე გავლით დაისაჯა, ბატონისთვის კი რბოლა ავარიის ადგილზევე დასრულდა. საბლოოდ, ბელგიაში ორივე უქულდ დარჩა. მათი ბედი კი ტიტულის კიდევ ერთმა მაძიებელმა, „ფერარის“ ესპანელმა ფერნანდო ალონსომ გაიზიარა, ვინც რვოლას ფინიშამდე 7 წრით ადრე გამოეთიშა.

ბელგიაში უბერმა რბოლა პოულ პოზიციიდან დაიწყო, მაგრამ სტარტზე, ელექტრონულმა სისტემამ უმტყუნა და ლიდერობა ჰამილტონს ჩააბარა. საბოლოოდ კი ფინიშს მეორემ უწია, რის გამოც, „რედ ბულის“ შეფ ქრისტიან ჰორნერის ქება დაიმსახურა.

ჰორნერს მიაჩნია, რომ ბელგიის შემდეგ, ჩემპიონობს უკეთესი შანსები ჰამილტონს და უებერს აქვთ, თუმცა ჯერ იმის თქმა, რომ დანარჩენმა სამმა პილოტმა (ფეტელმა, ბატონმა და ალონსომ) ჩემპიონობის შანსი დაკარგეს, ნაადრევია. მარკი რეალისტია და კარგად იცის, რომ სიტუაცია შეიძლება წამში შეიცვალოს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მას შესანიშნავი პოზიცია უკავია.

უებერს ამჟამად ყველაზე მეტი, ოთხი რბოლა აქვს მოგებული, ჰამილტნის ანგარიშზე კი სამი გამარჯვებაა. ჰორნერი ამბობს, რომ უებერი მის კარიერაში საუკეთესო ფორმაში იმყოფება, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ ფეტელიც არაა შორს და სუელი უნდა იყოს, რომ გერმანელის შანსები უგულვებელყოს.

ალონსო ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებს

Ferrari not conceding defeat in title race

30 აგვისტო

იმის მიუხედავად, რომ ბელგიის დიდი პრიზის უუქულოდ დასრულების გამო, მისი საჩემპიონო შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა, „ფერარის“ ესპანელი ფერნანდო ალონსო დანებებას არ აპირბს და ამბობს, რომ უბრძოლველად არაფერს დათმობს.

ბელგიური რბოლის მიწურულს, როდესაც წვიმამ ტრასა ძლიერ დაასველა, ალონსოს შეცდომა მოუვიდა და რბოლას გამოეთიშა. ამ ფიასკოს შემდეგ, ის ჩემპიონატის ბრიტანელ ლიდერ ლუის ჰამილტონს 41 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე კი 6 რბოლაა დარჩენილი.

ამ 60 რბოლაში, მაქსიმუმ 150 ქულის მოპოვებაა შესაძლებელი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ ის ჰამილტონს და მის მთავარ მეტოქეს, „რედ ბულ რეისინგის“ ავსტრალიელ მარკ უებრს ბრძოლას გაუმართავს.

„დარწმუნებული ვარ, ჩემიონობის შანსი ჯერაც არ დამიკარგავს. ჩემპიონობა ჯერაც ხუთ პილოტს შეუძლია და ვფიქრობ, ჩემპიონობაზე ჩვენი შანსები ისევ 50/50-ზეა, ისევე როგორც ბელგიური ეტაპის წინ. სეზონის დასრულებამდე 6 რბოლა გვრჩება და მოგებული ის დარჩება, ვინც თავის შანსებს კარგად გამოიყენებს“, - ამბობს ალონსო, ვისაც ამ სეზონში ორი რბოლა აქვს მოგებული.

ალონსომ თავის მანქანაზე კონტროლი 3-ე წრეზე, მოსახვევ ლეს კომბსის გავლისას დაკარგა. ესპანელი ამბობს, რომ შეცდომა ბორდიურზე გავლისას დაუშვა. იმის მიუხედავად, რომ რბოლა უქულოდ დაასრულა, ალონსო თვლის, რომ ამ ინციდენტს, მისი საბრძოლო განწყობა არ დაუკნინებია. ამ დანაკარგის ამოქაჩვას კი ის ორ კვირაი, „ფერარის“ საშინაო რბოლაში, მონცაზე აპირებს.

„იმ ხუთი პილოტიდან, ვინც ჩემპიონობისთვის იბრძვის, სპაზე ქულები მხოლოდ ორმა აიღო. არაა გამორიცხული, რომ შემდეგ რბოლაში ყველაფერი პირიქით მოხდეს და მაშინ, დანარჩენი სამის შანსებიც გაიზრდება. ყველაფერი იმ ადგილს დაუბრუნდება, სადაც ამ რბოლის წინ იყო“, - დასძენს ალნსო.

ალონსოს მსგავსად, ბელგიური რბოლის შემდეგ, „ფერარის“ საჩემპიონო შანსებიც მნიშვნელოვნად შემცირდა. სპაზე იტალიურ გუნდს ქულები მხოლოდ ბრაზილიელმა ფელიპე მასამ მოუპოვა, რომელიც მეოთხე ადგილს დასჯერდა. ამ წარუმაებლობის შემდეგ, მარანელოელები ლიდერ „რედ ბულ რეისინგს“ 80 ქულით ჩამორჩებიან.

თუმცა, ალონსოს მსგავსად, ოპტიმზმს არც „ფერარის“ შეფი სტეფანო დომენიკალი მოისაკლისებს. ის 2007 წლის სეზონს იხსენებს, რომლის დასრულებამდე ორი რბოლით ადრეც, ჰამილტონი ფინელ კიმი რაიკონენს 17 ქულას უგებდა, მაგრამ საბოლოოდ, ჩემპიონი სწორედ ის გახდა...

Sunday, August 29, 2010

ჰამილტონმა ბელგიაში გამარჯვებით ლიდერობა დაიბრუნა

Hamilton seizes title lead from Webber with Spa win

29 აგვისტო

ამ სეზონში, ჰამილტონმა მესამედ დაიკავა კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური

..............................

ტრადიცია გრძელდება, მცირე გამონაკლისების გარდა, ბელგიის დიდ პრიზზე, პოულის მფლობელი რბოლას ვერ იგებს. ეს ტრადიცია ამ სეზონისთვისაც დამახასიათებელია. ამჯერად, ეს ტრადიცია მარკ უებერმა და ლუის ჰამილტონმა შეინარჩუნეს. პირველმა პოული აიღო, მეორემ კი - რბოლა და ამ გამარჯვებით, ჩემპიონატის ლიდერობაც დაიბრუნა, რომელიც სტარტამდე სწორედ უებერს ეპყრა.
ეს-ესაა, ჰამილტონი ისევ ჩემპიონატის ლიდერი გახდა
..............................

რბოლის ბედი ფაქტობრივად, მის სტარტზევე გადაწყდა, როდესაც ავსტრალიელ პილოტს ”ჩაეძინა” და მან ერთბაშად წინ ხუთი მეტოქე გაატარა. მისი შეცდომით ყველაზე უკეთ კი ჰამილტონმა ისარგებლა, რომელმაც პირველ მოსახვევში ყველას შეასწრო და აქედან მოყოლებული, ლიდერობა ერთხელაც არ დაუთმია.

მიუხედავად იმისა, რომ ლიდერი სტარტიდან ფინიშამდე არ შეცვლილა, რბოლა მაინც ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რაშიც თავისი წვლილი ამინდმაც შეიტანა. ჯერ იყო და, მეორე წრეზევე წვიმამ ტრასა ოდნავ დაასველა, რასაც უმალ მოჰყვა ინციდენტი (ფერნანდო ალონსოს რუბენს ბარიკელო დაეჯახა, რომელმაც დამუხრუჭება ვერ შეძლო) და ტრასაზე პეისქარის გამოსვლა.

ალონსოს დამტვრეული მანქანა
..............................

მეორედ პეისქარი რბოლის მიწურულს, ისევ წვიმის გამო გამოჩნდა. და, ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, ამჯერადაც ეს გამოსვლა ალონსოს ავარიამ გამოიწვია. ოღონდ, ამჯერად (ფინიშამდე 7 წრით ადრე) ესპანელს მოუცურდა მანქანა. ”ფერარი” გზის გარდიგარდმო გაჩერდა, რამაც ხიფათი შექმნა... სხვათა შორის, სველ ტრასაზე მანქანა ჰამილტონსაც მოუცურდა, თუმცა ”მაკლარენი” დაზიანებას გადაურჩა და პილოტმაც რბოლის გაგრძელება შეძლო. თუმცა, მდევრებთან მისი უპირატესობა 12-დან 5 წამამდე შემცირდა.

წვიმას ბოქსებში პილოტების მასობრივი შესვლა მოჰყვა. და იქ მეორე ადგილის ბედი გადაწყდა - იმ მომენტისთვის მეორეზე მყოფმა პოლონელმა რობერტ კუბიცამ ბოქსში მანქანა უხეიროდ გააჩერა და ამის გამო, მექანიკოსებს თავისი საქმის შესასრულებლად, ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდათ. ყველაფრით კი უებერმა ისარგებლა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ბატონის დამტვრეული მანქანა
..............................
ამ გამარჯვებით, ჰამილტონს 182 ქულა დაუგროვდა და მან 3 ქულით გადაასწრო უებერს. დანარჩენი მდევრები კი - ჯენსონ ბატონი, ალონსო და სებასტიან ფეტელი, საგრძნობლად ჩამორჩნენ, რადგან ვერცერთმა მათგანმა ქულის აღებაც კი ვერ შეძლო. ბატონმა რბოლა ფინიშამდე 29 წრით ადრე შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ფეტელმა გასწრების მანევრის შესრულებისას ვერ მოზომა და ბრიტანელის ”მაკლარენს” შეასკდა და მას რადიატორი დაუზიანა. ფეტელმა ცხვირმოტეხილი ”რედ ბულით” გზა კი განაგრძო, მაგრამ ჯერ ბოქსში სარემონტოდ შესვლა მოუხდა, შემდეგ კი, ინციდენტში რბოლის მარშლებმა, რომლებსაც ნაიჯელ მენსელი ხელმძღვანელობდა, მისი ბრალი დააფიქსირეს და ამისათვის, პიტლეინზე უქმე გავლით დააჯარიმეს. მოკლედ, ფეტელმა რბოლა მე-15 ადგილზე დაასრულა. რაც შეეხება ალონსოს, მასზე უკვე გითხარით.

ჰამილტონმა სტარტზევე იგდო ხელთ ლიდერობა

..............................

ტრასაზე ფინიშამდე ცოტა ხნით ადრე პეისქარის გამოსვლამ, უებერს ლიდერობის დაბრუნების მცირე შანსი მისცა, თუმცა ჰამილტონს შეცდომა აღარ დაუშვია და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი, რითაც ამ სეზონში მეამე გამარჯვება იზეიმა. მისი გამარჯვების წყალობით, კონსტრუქტორთა პირველობაზე ”მაკლარენმა” ლიდერ ”რედ ბულ რეისინგთან” ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა. ”ფერარი” კი ლიდერს 80 ქულით ჩამორჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარანელოელებს კონსტრუქტორთა პირველობაზე გამარჯვების იმედი შეიძლება აღარც ჰქონდეთ. თუმცა, გამორიცხული არაფერია.

დაბოლოს, ისევ ბელგიური რბოლოს ხელმოცარულებზე. მათგან ცხრილში ყველაზე მაღლა ფეტელი იმყოფება, რომელიც ახლა უკვე, ლიდერს 31 ქულით ჩამორჩება. მისგან 4 ქულაშია ბატონი, რომელსაც ალონსო 6 ქულით ჩამორჩება. ქულების დარიცხვის ძველი სისტემით, ეს ჩამორჩენა საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ჩემპიონობაზე ამ სამეულის შანსები ნულს მიახლოებოდა. მაგრამ ახალი სისტემით, გამარჯვებული 25 ქულას ღებულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰამილტონის და უებერის თითო უქულო რბოლა, მათ მდევრებს საჩემპიონო მარათონში დააბრუნებს. სხვა თუ არაფერი, ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ 6 რბოლაა.

ბელგიის დიდი პრიზი

სპა ფრანკორშანი. წრის სიგრძე 7.004 კმ, 44 წრე, დისტანცია 308.052 კმ

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:29:04.268

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) +00:01.571

3. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 00:03.493

4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:08.264

5. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 00:09.094

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:12.359

7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:15.548

8. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 00:16.678

9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 00:23.851

10. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 00:29.457

11. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 00:34.831

12. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 00:36.019

13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 00:39.895

14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1 წრე

15. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1 წრე

16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1 წრე

17. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1 წრე

18. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1 წრე

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1 წრე

20. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 2 წრე

გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 7 წრე

გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 29 წრე

გ. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 39 წრე

გ. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 44 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:49.069, 32-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 182 ქულა; 2. მარკ უებერი - 179; 3. სებასტიან ფეტელი - 151; 4. ჯენსონ ბატონი - 147; 5. ფერნანდო ალონსო - 141; 6. ფელიპე მასა - 109;

7. რობერტ კუბიცა - 104; 8. ნიკო როსბერგი - 102; 9. ადრიან სუტილი - 45; 10. მიხაელ შუმახერი - 44; 11. რუბენს ბარიკელო - 30; 12. კამუი კობაიაში - 21; 13. ვიტალი პეტროვი - 19; 14. ვიტანტონიო ლიუცი - 12; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 10; 16. სებასტიან ბუემი - 7; 17. პედრო დე ლა როსა - 6; 18. ხაიმე ალგერსუარი - 4

კოსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 330 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 329; 3. ფერარი - 250; 4. მერსედესი - 146; 5. რენო - 123; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 57; 7. უილიამს-კოსუორტი - 40; 8. ზაუბერ-ფერარი - 27; 9. ტორო როსო-ფერარი - 11

Saturday, August 28, 2010

”ლოტუსმა” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

Lotus now fully focused on 2011 car

28 აგვისტო

ფორმულა 1-ის სამ ახალ გუნდს შორის, გამარჯვებულად თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ”ლოტუსი”, რომელმაც სეზონის დასაწყისიდანვე შეძლო უპირატესობის მოპოვება და ძველ სუსტებსაც მიუახლოვდა. დღეს კი გუნდი თვლის, რომ ამ სეზონის მიზნებს მიაღწია და ახლა იმის დროა, რომ მომავალ სეზონზე ზრუნვა დაიწყოს, რათა ძველ გუნდებთან კონკურენციაც შეძლოს.

”პარასკევს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც გუნდის პერსონალი ახალ საწარმოში. მაშინ სულ სამნი ვიყავით, დღეს კი 220-ნი ვართ. იმედი გვაქვს, რომ მომავალი სეზონისთვის უკეთ მოვემზადებით. ჩვენი მიზანი ხომ წინსვლაა და არა მიღწეულით დაკმაყოფილება”, - განაცხადა ”ლოტუსის” ტექნიკურმა დირექტორმა მაიკ გასკოინმა (სურათზე).

”ლოტუსმა”, რომელსაც მალაიზიურ ავიაკომპანია ”ეარეიჟას” მფლობელი ტონი ფერნანდესი ხელმძღვანელობს, ამ სეზონისთვის მანქანა ნაჩქარევად მოამზადა, თუმცა მისი საბაზო პარამეტრები მანქანის სრულყოფის საშუალებას იძლევა. და მაინც, გასკოინი ამას არ სჯერდება და იქადნის, რომ შემდეგი მანქანა გაცილებით კონკურენტუნარიანი იქნება.

”ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სეზონი მეათე ადგილზე დავასრულოთ, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ძველ გუნდებს გავუთანაბრდეთ და მათთან ტოლსწორად პაექრობა შევძლოთ. დიდი მიღწევა იყო თუნდაც ის, რომ სტარტზე გამოსვლა შევძელით. მაგრამ თუ წელს ახალი გუნდი ვიყავით, მომავალ სეზონში ასეთად აღარავინ ჩაგვთვლის და აქედან გამომდინარე, მოლოდინიც უფრო მეტი იქნება”, - დასძენს გასკოინი.

გასულ 12 რბოლაში, ”ლოტუსის” საუკეთესო შედეგი ფინელი ჰეიკი კოვალაინენის მე-13 ადგილია, რომელიც მან ავსტრალიის დიდ პრიზზე დაიკავა. რაც შეეხება ძველ ”ლოტუსს”, რომელიც ლეგენდარულმა კოლინ ჩეპმენმა დააარსა, 1963-1978 წლებში მან პილოტებს შორის 6, კონსტრუქტორთა პირველობაზე კი 7 ტიტული მოიპოვა.

გასკოინი ამბობს, რომ ახლანდელი მანქანის კონსტრუქციის სუსტი წერტილები ჰიდრავლიკური სისტემა და გადაცემათა კოლოფია. ამის მიზეზი კი დროის უკმარისობა და რესურსების ნაკლებობა გახდა. ამასთან, ტექნიკური დირექტორი ზოგიერთი მიმწოდებლითაცაა უკმაყოფილო, რომლებმაც გუნდი უხარისხო ნაწილებით მოამარაგა.

უებერის ბელგიური პოული

Webber puts Red Bull on pole in Belgium

28 აგვისტო

ბელგიური და იტალიური ეტაპების წინ, ”რენოს” ხელმძღვანელობა ჩიოდა, რომ ძრავების გათანაბრების საშუალება არ ეძლევათ და ამდენად, მათი ძრავებით აღჭურვილი მანქანები, ამ ორ სწრაფ ტრასაზე არაკონკურენტუნარიანი იქნებოდა. მაგრამ ”რენოს” ძრავებით მოასპარეზეებს, ბელგიის დიდი პრიზის კვალიფიკაციის პირველი სამი ადგლის დაკავებამდე ცოტა დააკლდათ.

პოულ პოზიცია ჩემპიონატის ლიდერმა, ”რენოს” აგრეგატით აღჭურვილი ”რედ ბულის” ავსტრალიელმა მარკ უებერმა დაიკავა. ერთადერთი პილოტი, რომელმაც ”რენოს” კოჰორტის შემოტევას გაუძლო, ”მერსედესის” ძრავით მოასპარეზე ბრიტანელი ლუის ჰამილტონია, რომელსაც ბოლო ცდაზე, პოულ პოზიციამდე სულ რაღაც, 0.085 წამი არ ეყო.

ისევე როგორც პირველ ორ თავისუფალ პრაქტიკაზე, ჰამილტონის შემდეგ, ცხრილში ”რენოს” პოლონელი რობერტ კუბიცაა, რომელმაც ნარბოლევს განაცხადა, რომ მის მანქანაზე საწვავის მიწოდების სისტემა გამართულად არ მუშაობდა. ასეა თუ ისე, ის თავისი შედეგით კმაყოფილი დარჩა.

ისევე როგორც პარასკევს, ამინდმა კვალიფიკაციის დროსაც იჭირვეულა, თუმცა რბოლის მსვლელობისას, ტრასა თანდათან შეშრა. წვიმა მხოლოდ მესამე სესიის მიწურულს წამოვიდა და გზის საფარის რიგიანად დასველება ვერც მოასწრო, თუმცაღა, პილოტებს საუკეთესო შედეგების ჩვენებაში ხელიკი შეუშალა. და მაინც, ჰამილტონმა სწორედ დასველებულ ტრასაზე შეძლო კუბიცას ჯობნა.

პარასკევს უებერი 34 წლის გახდა და კვალიფიკაციის მოგებით, საკუთარ თავს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა. თუმცა, ეს ჯერ საქმის მესამედიც არაა, რადგან პოულისთვის ქულებს არ იძლევიან და ამდენად, მთავარი საქმე მასაც და მის მეტოქეებსაც რბოლაში ელით. ებოლა კი ძნელი და არაპროგნოზირებადი იქნება, რადგან სინოპტიკოსები ცვალებად ამინდს ვარაუდობენ. თანაც, ბელგიის ბოლო ხუთი დიდი პრიზიდან, პოულის მფლობელს რბოლა მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული. ეს კარგად ესმის ოზ პილოტსაც.

”ეს შესაანიშნავი ადგილია და ორმაგად სასიხარულოა, რომ პოულს დავეუფლე, მაგრამ ამ სეზონში რამდენჯერმე ვნახეთ, რომ პოული რბოლაში ბევრს არაფერს გვაძლევს. აქაური ამინდის პროგნოზირება შეუძლებელია. თან, წვიმა შეიძლება ალაგ-ალაგ მოდიოდეს. ასე რომ, რბოლა ლატარეას ემსგავსება ხოლმე. თუმცა, ამჯერად დღეს პოულის მოგება არ გამჭირვებია”, - ნარბოლევს განაცხადა უებერმა.

ცნობისათვის, ჩემპიონატის ლიდერს ამ სეზონში ოთხი გამარჯვება აქვს მოპოვებული და ოთხი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ჰამილტონს. რაც შეეხება იმას, რომ ამ სეზონში პოულის მომგებ პილოტებს არ უმართლებთ, ამის დასტურად, ”რედ ბულის” გერმანელი სებასტიან ფეტელის სტატისტიკას მოგიყვანთ: ფეტელის ანგარიშზე უკვე შვიდი პოული და მხოლოდ ორი გამარჯვებაა. ამ ორიდანაც, პოულიდან მხოლოდ ერთი დაიწყო.

ხელი მოეცარა ”ფერარის” ესპანელ ფერნანდო ალონსოს, რომელიც თავისუფალ პრაქტიკებზე კი ვარგოდა, მაგრამ კვალიფიკაციაზე თავი ვერაფრით გამოიჩინა. ეს მაშინ, როდესაც მისი ბრაზილიელი თანაგუნდელი ფელიპე მასა რბოლას მეექვსე ადგილიდან დაიწყებს.

მეშვიდე ადგილი დაიკავა ”უილიამსის” ბრაზილიელმა რუბენს ბარიკელო, რომლისთვისაც ეს მე-300 რბოლაა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ათეულში მისი გერმანელი თანაგუნდელი ნიკო ჰულკენბერგიც გავიდა, ვინც რბოლას ალონსოს გვერდით, მე-9 პოზიციიდან დაიწყებს.

ბელგიის დიდი პრიზი

კვალიფიკაციის შედეგები

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:45.778

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:45.863

3. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:46.100

4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:46.127

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:46.206

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:46.314

7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:46.602

8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:46.659

9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:47.053

10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:47.441

- - - - - - - - - -

11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:47.874

12. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:47.885

13. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:48.267

14. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:48.680

15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:49.209

16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:50.980

17. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:52.049

- - - - - - - - - -

18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 2:01.491

19. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 2:02.284

20. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 2:03.612

21. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 2:03.941

22. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 2:05.294

23. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 2:18.754

24. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) დროის გარეშე

Friday, August 27, 2010

ალონსო თავისუფალ პრაქტიკებზე უსწრაფესია

Alonso fastest in first Belgian GP practice

27 აგვისტო

ალონსო მოსახვევ ო რუჟში

..............................

განახლდა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი. მორიგ, მე-13 ეტაპს, ბელგიის სპა ფრანკორშანი მასპინძლობს, რომლის პირველ თავისუფალ პრაქტიკაზეც, საუკეთესო შედეგი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ”ფერარის” ესპანელ ფერნანდო ალონსოს ჰქონდა.

მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე გრძელ ტრასაზე, რომლის სიგრძეც დაახლოებით 7 კილომეტრია, ალონსოს 0.770 წამით ჩამორჩა ”მაკლარენის” ბრიტანელი ლუის ჰამილტონი, მესამე შედეგი კი პოლონელმა რობერტ კუბიცამ აჩვენა, რომლის ”რენოზეც” ”ჯადოსნური” ჰაერსადინარის ახალი ვერსია დგას.

მხოლოდ მეოთხე შედეგი ჰქონდა ”რედ ბულის” გერმანელ სებასტიან ფეტელს, მისი ავსტრალიელი თანაგუნდელი მარკ უებერი კი, ვისაც გუნდმა 34-ე დაბადების დღე ტორტით მიულოცა, მხოლოდ მეშვიდე შედეგს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის კლასიფიკაციაში, ფეტელი 4 ქულით სჯობნის ჰამილტონს, მესამე კი ფეტელია, რომელიც ლიდერს 10 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ალონსოს, ლიდერთან მას 20 ქულა აშორებს.

პირველი პრაქტიკის შედეგებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სესია ძლიერი წვიმის გამო კარგა ხნით შეწყდა და მის მიწურულსღა განახლდა, როდესაც მზემ გამოანათა. სწორედ ამის შემდეგ დაფიქსირდა ალონსოს საუკეთესო დრო. ისე კი, წვიმის გამ, არცერთ 18 წრეზე მეტი არ გაუვლია.

”ბოლო სამი ეტაპია, მანქანა მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ის კონკურენტუნარიანია და შეგვიძლია მისი იმედი ვიქონიოთ. ვიცით, რომ ”რედ ბული” ნებისმიერ ტრასაზე ძლიერია, ვიცით, რომ ზოგიერთ ტრასაზე, მაგალითად მონცაზე, ”მაკლარენიც” კონკურენტუნარიანი იქნება. ასე რომ, წინ დაძაბული პაექრობები გველის”, - რბოლის შემდეგ განაცხადა ალონსომ.

საჭის მექანიზმის გამოცვლა გახდა საჭირო ბრაზილიელი რუბენს ბარიკელოს ”უილიამსზე”. შეგახსენებთ, რომ ბელგიური რბოლა მესამასეა მის 18-წლიან კარიერაში. საბოლოოდ, ის მეცხრე შედეგს დასჯერდა და მეორე პრაქტიკაზეც მეცხრე იყო. ცხრილის სათავეში კი ისევ ალონსო დარჩა, რომელმაც წინა პრაქტიკაზე მის მიერვე ნაჩვენები შედეგი თითქმის 12 წამით გააუმჯობესა.

წვიმამ მეორე სესიაც რამდენჯერმე შეწყვიტა, მეორე სესიის მიწურულს კი რბოლა რამდენიმე წუთით იმის გამო შეწყდა, რომ რამდენიმე მაყურებელმა მათთვის სახიფათო ზონაში შეაღწია. ბოლო წუთამდე, ცხრილის სათავეში ”ფორს ინდიას” გერმანლი ადრიან სუტილი იმყოფებოდა, რომლის ყოფილმა თანაგუნდელმა, იტალიელმა ჯანკარლო ფიზიკელამაც, ინდურ გუნდს პირველი პოული და საკვარცხლბეკო ფინიში შარშან სწორედ ბელგიაში მოუპოვა და ახლა სუტილი იმედოვნებს, რომ იმ წარმატების გამეორებას შეძლებს.

მეორე სესიაზე თითო საფეხურით დაქვეითდნენ ჰამილტონი და კუბიცა. უფრო საინტერესო კი ისაა, რომ ალონსოს ისინი ამჯერად მხოლოდ 0.3 წამზე ნაკლებით ჩამორჩნენ. სამაგიეროდ, მეორე სესიაზე ვერ ივარგა უებერმა, რომელიც ამჯერად მე-18 შედეგს დასჯერდა.

ბელგიის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 2:00.797

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 2:01.567

3. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 2:02.081

4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 2:02.450

5. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 2:02.646

6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 2:02.913

7. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 2:02.926

8. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 2:03.401

9. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 2:03.424

10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 2:03.489

11. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 2:03.601

12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 2:03.649

13. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 2:03.654

14. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 2:03.851

15. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 2:04.145

16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 2:04.250

17. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 2:04.690

18. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 2:05.680

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 2:05.697

20. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 2:06.695

21. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 2:07.189

22. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 2:07.737

23. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 2:07.955

24. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 2:10.507

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:49.032

2. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:49.157

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:49.248

4. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:49.282

5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:49.588

6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:49.689

7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:49.755

8. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) 1:50.081

9. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:50.128

10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:50.200

11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:50.251

12. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:50.341

13. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:50.382

14. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:50.682

15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:50.831

16. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:51.520

17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:51.523

18. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:51.636

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:53.480

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:53.639

21. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:54.325

22. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:55.751

23. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:56.039

24. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 2:03.179

სპას ერთი წრე ფეტელთან ერთად

Belgian GP

26 აგვისტო

სებასტიან ფეტელი ბელგიის შარშანდელ დიდ პრიზზე ასპარეზობისას

..............................

ფორმულა 1-ში ერთთვიანი საზაფხულო არდადეგები დასრულდა. დიდი პრიზების ქარავანი ამჯერად ბელგიის საკურორტო დაბა სპასთან დაბანაკდა, სადაც პილოტები მსოფლიო ჩემპიონატის მე-13 ეტაპზე, ბელგიის დიდ პრიზზე მიიღებენ მონაწილეობას. ტრადიციულად, ყოველ მომდევნო ტრასას, ”რედ ბულ რეისინგის” ავსტრალიელი პილოტი მარკ უებერი გვაცნობდა ხოლმე. მაგრამ ამჯერად მას გერმანელი თანაგუნდელი სებასტიან ფეტელი შეენაცვლება.

სებასტიან ფეტელი: ”სპა ფრანკორშანი ლეგენდარული ტრასაა თავისი ჩქაროსნული მოსახვევებით და არაპროგნოზირებადი ამინდით. ტრასის სიგრძე 7 კილომეტრია და მისი გავლა 44-ჯერ მოგვიწევს, რაც ჯამში დაახლოებით 308 კილომეტრი იქნება. სპაზე 5 სწორი მონაკვეთი, 3 ნელი მოსახვევი და გასწრებისთვის ორი იდეალური ადგილია. მაქსიმალური სიჩქარე კი 310 კმ/სთ-ს აღწევს.

ვიწყებთ წრეს და პირველ მოსახვევს ვუახლოვდებით, რომელიც ამ ტრასაზე ერთ-ერთი ყველაზე ნელია. აქედან გამოსვლისას, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დროულად დავიწყოთ აჩქარება. ასეც ვაკეთებთ, ავდივართ მე-7 საფეხურამდე და ცნობილ მოსახვევ ო რუჟს (წითელი წყალი) ვუახლოვდბით. აქ ცუდი მხედველობაა, თუმცა ყოველთვის სრული სიჩქარით გავდივართ. სამაგიეროდ, მისი გავლისას, ყოველთვის ძლიერი ემოციები გვეუფლება.

კემელის სწორი მონაკვეთის ბოლოში ვამუხრუჭებთ, მე-4 საფეხურზე გადავდივართ და მოსახვევების ძალიან სწრაფ ბმულს გავდივართ. ჯერ გასავლელი მარცხენა მოსახვევია, შემდეგ მარჯვენა და მის მერეც მარჯვენა, რომელსაც მე-5 საფეხურით გავდივართ. შემდეგ ვუახლოვდებით რივაჟს (მოსახვევია), რომლის წინაც ვამუხრუჭებთ. ეს ძალიან ფაქიზად უნდა გავაკეთოთ, რათა შიდა რადიუსზე მყოფი ბორბლების ბლოკირება არ გამოვიწვიოთ. აქედან გამოსვლისას, მანქანა ჭარბი მოხვევადობისკენ მიდრეკილებას ავლენს.

გავდივართ ამ მოსახვევსაც და ვუახლოვდებით პუიონს. ეს ჩემი საყვარელი მონაკვეთია. ეს ორმაგი მოსახვევი ძალიან სწრაფია. მისი გავლისას, სიჩქარე 270-280 კმ/სთ-ს აღწევს. შემდეგ, ერთი საფეხურით დაბლა ვრთავთ და სანამ აჩქარებას დავიწყებთ, ოდნავ ფეხს ვიღებთ პედლიდან.

შემდეგ შიკეინს მეოთხე საფეხურით გავდივართ. ჯერ მარჯვენა მოსახვევია, შემდეგ კი - მარცხენა. ამას ისევ ორმაგი მოსახვევი მოსდევს, რომლისთვისაც მე-3 საფეხურია საჭირო. აქედან გამოსვლისას, მაქსიმალურად ვიყენებ ბორდიურებს. ამას სწორი მონაკვეთი მოსდევს, რომელსაც სტარტ/ფინიშის მონაკვეთისკენ მივყავართ.

მოსახვევ ბლანშიმოს სრული სიჩქარით პრობლემის გარეშე გავივლით და ბოლო შიკეინს ვუახლოვდებით. ეს ადგილი ახლახანს გადააკეთეს, თუმცა ის ისევ საკმაოდ ეშმაკურია და ნელი. აქ დიდი სიფრთხილე და მოზომილი მოქმედებაა საჭირო, რათა ოპტიმალურად გამოვიყენოთ ბორდიურები. აქ მანქანა მოცურებისკენ მიდრეკილებას ავლენს და მოსახვევიდან გამოსვლისას, ძალიან ძნელია ასფალტთან უკანა ბორბლების ოპტიმალური ჩაჭიდულობის შენარჩუნება.

აქედან სტარტ/ფინიშის სწორზე გავალთ და ახალ წრეს დავიწყებთ...