ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, November 29, 2010

”ფერარი” საბრძოლო განწყობაზეა

Luca di Montezemolo

29 ნოემბერი

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ხელიდან ბოლო რბოლაში გაუშვა, ”ფერარის” პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო განვლილი სეზონით მაინც კმაყოფილია...

”ძალიან დიდი ხანია, რაც ფორმულა 1-ში ვმუშაობ და ფინალურ რბოლაში ჩემპიონატი პირველად არ წამიგია. 1974 წელს უოტკინს გლენში (აშშ) ვიყავი, როდესაც ბოლო რბოლაში კლეი რეგაცონიმ ემერსონ ფიტიპალდისთან წააგო. შემდეგ 1997 წელს ხერესის რბოლას ვესწრებოდი, სადაც ჟაკ ვილნევმა მიხაელ შუმახერს მოუგო, მომდევნო წელს კი შუმახერმა ტიტული ბოლო მომენტში გაუშვა ხელიდან. ყველაზე ძნელი კი 2008 წლის სეზონის ბოლო გამოდგა, როცა ინტერლაგუშზე ფელიპე მასამ ფინიშის ხაზი ჩემპიონის რანგში გადაკვეთა, მაგრამ ტიტული იმ მომენტში დაკარგა, როდესაც ჰამილტონმა გლოკს გაასწრო.

მაგრამ მთავარი ისაა, რომ 1997 წლიდან მოყოლებული, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ”ფერარი” ტიტულის პრეტენდენტთა შორის იყო. გამარჯვება და მარცხი სპორტის ორი განუყოფელი ნაწილია. და ისინი ერთდროულად, შესანიშნავიც შეიძლება იყოს და საშინელიც.

ძალიან მესიამოვნა, როცა აბუ დაბის რბოლის შემდეგ, ჩვენი გუნდის წევრებმა ყურები კი არ ჩამოყარეს, არამედ მათ სიბრაზე მოემატათ. ახლა ყველა იმაზე ოცნებობს, რომ მომავალ სეზონში ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ. ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ მანქანა, რომელიც სეზონის დასაყისიდანვე კონკურენტუნარიანი იქნება და თავიდანვე გამარჯვებებისთვის ბრძოლის საშუალებას მოგვცემს. მთავარია, მდევრის როლში ყოფნამ და შუა სეზონში ამოქაჩვამ არ მოგვიწიოს.

მომავალ სეზონში ბევრი ტექნიკური სიახლე გველის. ჯერ ერთი, ”პირელის” საბურავებზე გადავდივართ. მეორეც, კერს-ი (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) ბრუნდება და რეგულირებადი უკანა ფრთის გამოყენების უფლება გვეძლევა. ჩვენ ამისათვის მზად ვართ - წინა სეზონის ბოლოსთვის, ჩვენი კერს-ი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რაც შეეხება უკანა ფრთას, მთავარია, რომ ახალი სეზონი მკაფიოდ განსაზღვრული რეგლამენტით დავიწყოთ, რომელიც შუა სეზონში, ზოგიერთი გუნდის ფრთის ლეგალურობასთან დაკავშირებულ კითხვებს არ წარმოქმნის.

გასული სეზონის შემდგ, ”ფერარი” მისთვის მეტად მნიშვნელოვანი ახალი სეზონის ზღურბლზეა. ლაპარაკია სპორტზეც და ბიზნესზეც - ავტომობილების წარმოებაზე. ბევრ სიახლეს ვამზადეთ და მთავარი ისაა, რომ ფორმულა 1-ში მკაფიო მიზნები გვაქვს.

აბუ დაბის რბოლის შემდეგ, ჩვენი ბიჭები ტიროდნენ, მე კი მათ ვუთხარი, რომ ყურადღება მომავალ სეზონზე გადაეტანათ. ”ფერარის” ძალა ისაა, რომ ჩვენ არასდროს ვნებდებით. ცვლილებები გუნდში? ეს საქმისადმი ჩვენეული მიდგომა არაა. წლების განმავლობაში, ჩვენ გამოვიმუშავეთ პოლიტიკა, რომელიც დინამიურ სტაბილურობაზეა დაფუძნებული. მის მიხედვით, შესაძლებელია მცირე კორექტივები, მაგრამ არა რადიკალური რეფორმები.

სხვა თუ არაფერი, აბუ დაბის რბოლის სხვა შედეგის შემთხვევაში, ჩვენი საუბრის თემა სულ სხვა იქნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ალონსო შესანიშნავი იყო როგორც ტრასაზე, ისე მის მიღმაც. ის გუნდის ნამდვილი ლიდერია. მომავალ სეზონში ბევრს ველი ფელიპესგანაც. დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში ის ისეთივე ძლიერი მრბოლი იქნება, როგორიც 2008 წელს იყო”, - ამბობს დი მონტეძემოლო (ფოტოზე).

Sunday, November 28, 2010

გერმანიამ ეროვნებათა თასი ისევ მოიგო

Germany wins Nations' Cup again

28 ნოემბერი

შუმახერი (მარჯვნივ) და ფეტელი გამარჯვებას ზეიმობენ

..............................

გერმანიის ვარსკვლავურმა წყვილმა, რომელშიც ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი და ახალი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი შედის, ზედიზედ მეოთხედ მოიგო ჩემპიონთა რბოლის ეროვნებათა თასი, რომლის ფინალშიც, ისევე როგორც შარშან, მათ ბრიტანულ წყვილს აჯობეს.

ფინალური პაექრობა სამ რბოლად გაიმართა, რადგან პირველ ორში, მეტოქეებმა თითო გამარჯვება მოიპოვეს. შუმახერმა ბრიტანული ტურიზმის კლასის ჩემპიონი ჯეისონ პლატო დაამარცხა, ტურიზმის კლასში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ენდი პრიოლმა კი ფეტელს აჯობა. გადამწყვეტ რბოლაში, ბაგის ტიპის სარბოლი მანქანებით, ერთმანეთს შუმახერი და პრიოლი დაუპირისპირდნენ და ეს რბოლა გერმანელის გამარჯვებით დასრულდა. პირველი წრის შემდეგ, მეტოქეებს მხოლოდ 0.06 წამი აშორებდა, თუმცა შემდეგ შუმიმ ტემპს უმატა და საბოლოოდ, მეტოქეს 0.60 წამით აჯობა.

ორივე ფინალისტმა ნახევარფინალური ეტაპი საკმაოდ იოლად გაიარა, თუმცა მეტად ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგობა კი დაძლია. კერძოდ, პლატომ ალენ პროსტს (ისინი ფოლკსვაგენ სიროკოთი შეეჯიბრნენ ერთმანეთს) მოუგო, პრიოლმა კი ”პორშე 911-ით” სებასტიან ლოები დაამარცხა.

გერმანელებს კი საკმაოდ იოლი მეტოქეები ჰყავდათ ბენილუქსის გუნდის სახით. ამათ რიგებში შესანიშნავად იასპარეზა ინდიქარის ბელგიელმა პილოტმა ბერნარ ბაგეტემ, რომელმაც ნახევარფინალამდე წაუგებლად მიაღწია. შუმახერს ის ბაგის ტიპის მანქანით შეეჯიბრა და იმის გამო, რომ დასაწყისში მოცურდა, მეტოქეს წინააღმდეგობა ვერც გაუწია. მეორე რბოლაში კი, KTM X-ბოუთი, ფეტელმა იოლად დაამარცხა ჟერომ ბლეკემოლენი.

Thursday, November 25, 2010

ფიტიპალდი შუმახერს წარმატებულ სეზონს უწინასწარმეტყველებს

Fittipaldi Tips Schumacher for 2011 Success

25 ნოემბერი

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ბრაზილიელი ემერსონ ფიტიპალდი დარწმუნებულია, რომ მომავალ სეზონში, მიხაელ შუმახერი კვლავ შეძლებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ”ტაიმსთან” საუბრისას, ემომ განაცხადა, რომ ამ ამ აზრამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ”მერსედეს GP-ს” შეფ როს ბრაუნს ესაუბრა.

ბრაუნს ფიტიპალდისთვის უთქვამს, რომ ახალი მანქანა, რომლითაც შუმახერი მომავალ სეზონში იასპარეზებს, სწორედ მის სარბოლ სტილსაა მისადაგებული. შუმახერს უზარმაზარი გამოცდილება აქვს და როდესაც მანქანაში თავს კომფორტულად გრძნობს, ამ გამოცდილების გამოყენებაში ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის - დარწმუნებულია ფიტიპალდი.

”როს ბრაუნთან ერთად ვივახშმე და მასთან საუბრის შემდეგ გავიგე, რომ ახალი მანქანა მიხაელის სტილის შესაფერისია. ის თავს კომფორტულად გრძნობს, როდესაც მოსახვევებში მანქანა ჭარბი მოხვევადობისკენ მიდრეკილებას ავლენს. ახალი საბურავები იმის შანსია, რომ მიხაელი მათ უკეთ მოერგება. და თუ მანქანაც უკეთ დაბალანსებული იქნება, ის აუცილებლად იბრძოლებს ტიტულისთვის”, - ამბობს ფიტიპალდი.

”მას ყველა უნარი შენარჩუნებული აქვს, რაშიც სეზონის ბოლო რბოლისას დავრწმუნდი. როდესაც სარბოლი მანქანის საჭეს უზიხარ, ყოველი მილის გავლისას რაღაცას სწავლობ. მოკლედ, მომავალ სეზონში ძველ შუმახერს ვიხილავთ. როცა ბრაუნს ვესაუბრე, ის უკვე მომავალ სეზონზე ფიქრობდა”, - დასძენს ფიტიპალდი.

მომავალი სეზონი იმითაცაა გამორჩეული, რიმ მასში მსოფლიოს ხუთი ჩემპიონი (ფერნანდო ალონსო, ლუის ჰამილტონი, ჯენსონ ბატონი, სებასტიან ფეტელი და მიხაელ შჲმახერი) იასპარეზებს. ამდენ ჩემპიონს კი სხვა დროს არცერთ სეზონში არ უასპარეზია.

ჯერ არავინ იცის, რამდენად კონკურენტული მანქანები იქნება მათს განკარგულებაში. სავარაუდოდ, ტიტულის მოცილეთა რიგებს შტუტგარტული ავტოგიგანტის გუნდიც შეუერთდება და მაშინ კიდევ უფრო საინტერესო ჩემპიონატს ვიხილავთ, ვიდრე გასული ჩემპიონატი იყო.

სხვათა შორის, თანამედროვე ფორმულა 1-ის ყველაზე სრულყოფილ პილოტად ფიტი ალონსოს მიიჩნევს...

Wednesday, November 24, 2010

”ბეემვეს” მენეჯერი ფეტელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს

Vettel Could Dominate F1 for the Next 15 Years - BMW Manager

24 ნოემბერი

მარიო თაისენმა (მარჯვნივ) ფეტელს ფ1-ში გზა გაუკვალა

..............................

ყველამ ალბათ არ იცის, რომ სებასტიან ფეტელის დებიუტი ფორმულა 1-ში არა ”რედ ბულის”, არამედ ”ბეემვეს” საქარხნო გუნდის მანქანით შედგა. ეს 2007 წლის კანადის დიდ პრიზზე პოლონელი რობერტ კუბიცას დაშავების შემდეგ, აშშ-ის დიდ პრიზზე მოხდა.

გერმანელმა პილოტმა თავის პირველივე რბოლის კვალიფიკაციაზე მე-7 ადგილი დაიკავა, თავად რბოლა კი მერვეზე დაასრულა და ერთ ქულას დაეუფლა, რითაც გახდა ფ1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა (19 წლის და 349 დღის) პილოტი, ვინც ქულის აღება შეძლო.

დღეს კი ”ბეემვეს” მაშინდელი შეფი მარიო თაისენი, ვინც გერმანული კომპანიის მოტორსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი პოსტი ახლახანს დატოვა, ამბობს, რომ მომავალ 15 სეზონში, ფეტელი კიდევ არაერთ ტიტულს მოიპოვებს და მას ყველა შანსი აქვს იმისა, რომ მიხაელ შუმახერის ბევრი რეკორდი გააუმჯობესოს.

”ის ფორმულა 1-ში ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლია. არადა, ჯერ მხოლოდ 23 წლისაა. ვფიქრობ, თუ ყველაფერი კარგად იქნა, ის კიდევ არაერთხელ გახდება ჩემპიონი. ფ1-ში მას წინ 15 სეზონი აქვს და თუ კონკურენტული მანქანა ექნა, აუცილებლად პირველობისთვის იბრძოლებს”, - ამბობს თაისენი და დასძენს:

”მან მთელი სეზონი შესანიშნავად ჩაატარა. განსაკუთრებით კი დასკვნითი რბოლები, როცა ფსიქოლოგიური ზეწოლა განსაკუთრებით გაძლიერებული იყო. როცა არ უმართლებდა, სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ტიტულისთვის მებრძოლ ხუთეულში, ყველაზე რთულ მომენტში ის ერთადერთი იყო, ვინც შეცდომებს არ უშვებდა. ეს მართლა შესანიშნავი იყო”.

ბარიკელო მომავალ სეზონს ოპტიმიზმით ელის

Barrichello Confirms Aggressive Williams Car in 2011

24 ნოემბერი

რუბენს ბარიკელომ ”უილიამსში” ადგილი შეინარჩუნა და ახლა მთლიანად მომავალი სეზონისთვის მზადებაზეა გადართული. როგორც ბრაზილიელი პილოტი ამბობს, ახალ მანქანას აეროდინამიკურ მილში უკვე ჩაუტარდა ტესტები და ახლა მისი შექმნის დამამთავრებელი სამუშაოები ტარდება.

ბარიკელოს ახალი მანქანის ტესტირების საშუალება მომავალი წლის დასაწყისში მიეცემა, თუმცა ის უკვე არ მალავს თავის კმაყოფილებას და ამბობს, რომ ბოლიდი ”აგრესიული დიზაინით” გამოირჩევა. რუბინიო მოუთმენლად ელის ახალი სეზონის დაწყებას, რომლის დროსაც, გუნდებს კვლავ ექნებათ კერს-ის (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) გამოყენების უფლება. სამაგიეროდ, აიკრძალება ორმაგი დიფუზორები.

ახალი ბოლიდი - გასული სეზონის მანქანის (FW32) ევოლუციური ვერსიაა, თუმცა ბარიკელოს განმარტებით, ეს აგრესიული ევოლუციაა, რომელიც გუნდს წინსვლის იმედს აძლევს.

”საუცხოო განწყობაზე ვარ. ვგრძნობ, რომ გუნდი მომავალი სეზონისთვის კარგად მოემზადება. ევოლუცია აგრესიულ სტილში მიმდინარეობს და ეს კარგია. მე ეს მომწონს”, - ჟურნალ ”ავტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ფორმულა 1-ის ყველაზე გამოცდილმა პილოტმა.

სანამ ახალი მანქანის საჭეს მიუჯდებოდეს, ბარიკელო პროგნოზებისგან მაინც თავის შეკავებას ამჯობინებს. მართალია, ის იმედოვნებს, რომ ”უილიამსს” მომავალ სეზონში მნიშვნელოვანი პროგრესი ექნება, თუმცა იმასაც დასძენს, რომ ჩემპიონობაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია.

”ნებისმიერ გუნდთან საუბრისას გაიგონებთ, რომ ისინი ახალი სეზონისთვის რაღაც განსაკუთრებულს ამზადებენ. ზოგი მანქანა მართლა კარგი იქნება, ზოგი კი გაცილებით უკეთესი. მაგრამ ტრასაზე გამოსვლამდე, ამის შემოწმება შეუძლებელი იქნება. თუმცა, ჩვენს მანქანაზე შემიძლია ვთქვა, რომ აეროდინამიკურ მილში ტესტირებისას, მას კარგი მონაცემები აღმოაჩნდა”, - დასძენს ბარიკელო.

Monday, November 22, 2010

ფეტელი ”ფერარიზე” ოცნებობს

Red Bull Owner Admits Vettel Wants to Drive for Ferrari

22 ნოემბერი

ცნობილია, რომ ფორმულა 1-ის ახალ ჩემპიონ სებასტიან ფეტელს მენეჯერი არ ჰყავს და თავის საქმეებს თავადვე აგვარებს. საერთოდ, პილოტების კონტრაქტებზე და სხვადასხვა საკითხებზე მათი მენეჯერები ზრუნავენ, გერმანელი პილოტი თვლის, რომ ეს საქმე თავადაც ძალიან კარგად გამოსდის და სხვისი დახმარება არ სჭირდება.

მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ფეტელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ”ფერარიში” ან ”მაკლარენში” გადასვლა ამ ეტაპზე, მის გეგმებში არ შედის. თუმცა, ”რედ ბულის” საჯინიბოს მფლობელმა დიტრიხ მატეშიცმა და მისმა მარჯვენა ხელმა მოტორ სპორტის საქმეებში, ჰელმუტ მარკომ თქვეს, რომ ფეტელს დიდი სურვილი აქვს, ოდესმე ”ფერარიში” იასპარეზოს.

”სებს სურს, რომ ოდსმე ”ფერარის” მანქანით იასპარეზოს. რა თქმა უნდა, მის შენარჩუნებას ვეცდებით და ამ სურვილის შესრულებაში ხელს შევუშლით, მაგრამ საბოლოოდ ეს მაინც მისი გადასაწყვეტია”, - ამბობს მატეშიცი. მარკო კი დასძენს, რომ ფეტელისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ისეთ გუნდში იყოს, რომელიც ძნელბედობაში გვერდით დაუდგება.

”ყველამ კარგად ვიცით, რომ ”ფერარიში” პოლიტიკური დინებები ბევრ რამეს წყვეტს. ჩვენთან კი მისთვის კომფორტული გარემოა შექმნილი და ეს ფაქტორი ყოველთვის იქნება. მას ისეთი გუნდი ესაჭიროება, რომელიც გაჭირვებისას ზურგში დანას არ ჩაარტყამს”, - ამბობს მარკო.

ფეტელის კონტრაქტი ”რედ ბულ რეისინგთან” მომავალი სეზონის ბოლოს მთავრდება, თუმცა გუნდს მისი ერთი სეზონით გაგრძელების ოპცია ეკუთვნის. მარკო კი ამბობს, რომ ავსტრიულ საჯინიბოს თავისი ახალგაზრდა ჩემპიონის უფრო დიდი ხნით დატოვების სურვილი აქვს და მას მრავალწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

”გულახდილად ვიტყვი: ეს ვერ იქნება ათწლიანი კონტრაქტი, რადგან ჩვენ მას იმის გარანტიას ვერ მივცემთ, რომ ასე დიდხანს საჩემპიონო მანქანას მოვუმზადებთ. და ვერც იმას ვიტყვი, რომ ის ჩვენთან თავს ყოველთვის კომფორტულად იგრძნობს. თუმცა საშუალო ვადაში, ანუ უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში, ჩვენ მის შენარჩუნებას ვაპირებთ”, - დასძენს მარკო.

Saturday, November 20, 2010

”მაკლარენი” მორიგ ინოვაციებს გვპირდება

McLaren: Innovation key to 2011

21 ნოემბერი

”მაკლარენის” შეფი მარტინ უიტმარში ამბობს, რომ მის გუნდს მომავალი სეზონისთვის რამდენიმე საინჟინრო გამოგონება აქვს მომზადებული და იმედოვნებს, რომ მათი წყალობით, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვან უპირატესობას მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დასაწყისში, ”მაკლარენმა” პირველმა გამოიყენა აეროდინამიკური ჰაერსადინარი, რომელიც მის პილოტებს გრძელ სწორ მონაკვეთებზე სიჩქარეს უზრდიდა, რისი წყალობითაც, რბოლებისას ისინი მნიშვნელოვან უპირატესობას ღებულობდნენ.

თუმცა შემდეგ მათ ”რედ ბულმა” და ”ფერარიმ” აჯობეს, რომლებმაც თავიანთ მანქანებზე ეგრეთ წოდებული ჩასაბერი დიფუზორები გამოიყენეს. მსგავსი სიახლის დანერგვა ”მაკლარენმაც” სცადა, თუმცა შექმნილი კონსტრუქცია ნაკლებად ეფექტური გამოდგა.

”ჩვენ რამდენიმე საინტერესო იდეა გვაქვს მომზადებული, რომლებსაც საკუთარ მანქანაზე აუცილებლად დავნერგავთ. ჩვენი მიდგომა ოდნავ განსხვავებული იქნება და ვიმედოვნებ, ისინი უპირატესობის მოპოვებაში დაგვეხმარება. მაგრამ მთავარია, მანქანა იყოს კარგი და მან გაუმჯობესების და საინტერესო იდეების დანერგვის საშუალება მოგვცეს”, - ამბობს უიტმარში.

ის თვლის, რომ მომავალ სეზონში ”რედ ბულ რეისინგი” კვლავ ფავორიტი იქნება: ”მათ დიდი შესაძლებლობები გააჩნიათ. ისინი ამბობენ, რომ პატარა გუნდი აქვთ, მაგრამ მათი კომპანიის მონაცემები საპირისპიროს მეტყველებს. მათ სოლიდური ბიუჯეტი და თანამედროვე საწარმოები აქვთ. რაც მთავარია, ორი შესანიშნავი პილოტი ჰყავთ. მოკლედ, დღეისათვის ეს გუნდი დიდი ძალაა”.

”ასეთია ფორმულა 1. ათი სეზონის შემდეგ, ჩვენ და ”ფერარი” ისევ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ სად იქნება ”რედ ბული”? ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ისინი კვლავ ფავორიტებს შორის იქნებიან. მათ ჩვენი სპორტისთვის ბევრი სიახლე მოიტანეს, რბოლებს ინტერესი შემატეს. და შესანიშნავი სეზონი მივიღეთ”.

უიტმარში დასძენს, რომ მომავალი სეზონიდან, ფავორიტთა სიას ”მერსედესი” დაუბრუნდება და ჩემპიონატი კიდევ უფრო საინტერესო გახდება: ”დარწმუნბული ვარ, რომ ”ფერარი” მომავალ სეზონშიც პირველობისთვის იბრძოლებს. ჩვენც იმავეს ვაპირებთ. და ნუ დაივიწყებთ ”მერსედესს”. ისინი ამ სეზონის შედეგებით გაწბილებულები არიან და ყველაფერს იღონებენ, რომ კრიზისს თავი დააღწიონ. მჯერა, მომავალ სეზონში მათ ანგარიშგასაწევი ძალა ექნებათ”.

Thursday, November 18, 2010

ლოები ფორმულა 1-ში გადასვლას გამორიცხავს

Loeb Rules Out Career in Formula One

18 ნოემბერი

რალიში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები (სურათზე) ამბობს, რომ არ სურს თავისი კარიერის ფორმულა 1-ში გაგრძელება. მისი ეს განცხადება არავისთვის გასაკვირი არაა, რადგან ლოებს ადრეც არაერთხელ განუცხადებია, რომ ფ1-ში გადასვლა მისი საქმე არაა. თუმცა ერთხელ ის ამ ნაბიჯთან ახლოს იყო.

გასულ სეზონში, ფორმულა 1-ს მისი შვიდგზის ჩემპიონი, გერმანელი მიხაელ შუმახერი დაუბრუნდა, მაგრამ ეს დაბრუნება სრული ფიასკოთი დასრულდა, რაც ნაწილობრივ მისმა ასაკმა განაპირობა. როგორც ჩანს, ლოები ამ ფაქტორსაც ითვალისწინებს და აცხადებს, რომ მისი ამგვარი გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი ასაკია.

სიენენთან ინტერვიუში 36 წლის ლოები ამბობს, რომ მის ასაკში სპეციალობის შეცვლა და მითუმეტეს, ფორმულა ერთზე ხარისხიანად გადაკვალიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია. არადა, წლების განმავლობაში, ის სერიოზულად ფიქრობდა დიდი პრიზების ცირკში გადასვლაზე და რამდენჯერმე ტესტებშიც მიიღო მონაწილეობა.

ოღონდ, მისი ტესტები არ იყო ისეთი, როგორსაც პერიოდულად, მოტო გრანპრის იტალიელი სუპერ ვარსკვლავი ვალენტინო როსი გასართობად მართავს ხოლმე, შემდეგ კი ამ ტესტებს მორიგი მითქმა-მოთქმა მოსდევს. ფრანგ პილოტს შარშან ფ1-ში დებიუტის რეალური შანსი ჰქონდა...

მისმა სპონსორმა, ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელმა ”რედ ბულმა” ის თავის მეორე (იტალიურ) გუნდ ”სკუდერია ტორო როსოში” მიიწვია, რომლის მანქანითაც შარშანდელი სეზონის ბოლო ეტაპზე - აბუ დაბის დიდ პრიზზე უნდა ეასპარეზა. ლოებმა, ვისაც იმ მომენტისთვის, თავისი მეექვსე ტიტული უკვე მოპოვებული ჰქონდა, ფ1-ში თავისი პირველი რბოლისთვის მზადება დაიწყო და გრანპრი2-ის მანქანით ინტენსიური ტესტებიც გაიარა. მაგრამ სამწუხაროდ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) სუპერ ლიცენზია არ მისცა.

”ყველაფერი მზად იყო იმისათვის, რომ ფ1-ის ბოლო რბოლაში მონაწილეობა მიმეღო. მაგრამ FIA-მ ამის საშუალება არ მომცა. ახლა კი 36 წლის ვარ და როცა ვუყურებ ახალგაზრდა პილოტებს, რომლებიც ფ1-ში მოდიან, ვრწმუნდები, რომ ჩემი ადგილი იქ აღარაა. დამაგვიანდა. რა თქმა უნდა, თუ იმის შანსი მომეცემა, რომ ფორმულა 1-ის მანქანა ვმართო, ამ შანსს გამოვიყენებ, მაგრამ იქ ახალი კარიერის წამოწყებას არ ვაპირებ”, - ამბობს ლოები.

ფრანგ მრბოლს ”სიტროენთან” კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება და როგორც ცოტა ხნის წინ, სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მის გაგრძელებას არ აპირებს და არც სხვა გუნდში გადასვლა აქვს გეგმაში. მოკლედ, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას დაასრულებს.

”რალიდან წასვლის შემდეგ, გეგმები რა თქმა უნდა, მექნება, მაგრამ მათში ფორმულა 1 არ შედის”, - გადაჭრით ამბობს ლოები.

რის მილენმა ბრაზილიაში ახალი რეკორდი დაამყარა

Rhys Millen Sets Unprecedented Record in Brazil

18 ნოემბერი

დრიფტინგისა და აღმართის ჩქარსნული დაძლევის ახალზელანდიელმა სპეციალისტმა რის მილენმა, ბრაზილიის სანტა კატერინას მხარეში მდებარე რიუ დუ რაშტრუს აღმართი სარეკორდო მაჩვენებლებით დაძლია, რისთვისაც 750-ცხენისძალიანი ”ჰიუნდაი ჯენეზისი” გამოიყენა, ავტომობილი, რომლითაც შარშან ლეგენდარული პაიკს პიკის (შტატი კოლორადო) სამთო გზის რეკორდი დაამყარა.

750 ცხენის ძალა ის სიმძლავრეა, რომლითაც ”რედ ბულ რეისინგმა” ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ორივე ტიტული - მრბოლებისა და კონსტრუქტორებისა მოიპოვა. მაგრამ ერთია, როცა ასეთი მძლავრი მანქანით სწორ გზაზე ასპარეზობ და სულ სხვაა, როცა ამ მონსტრით მთის მწვერვალისკენ მიმავალ დაკლაკნილ გზაზე მისრიალებ და თან ღრმა უფსკრულებს ჩასცქერი.

38 წლის მილენმა რიუ დუ რაშტრუს 9.4-კილომეტრი სიგრძის აღმართზე სამი დღე დაჰყო. პირველ დღეს, მრბოლმა დისტანცია ოთხ ნაწილად დაჰყო და აქცენტი თავის ძირითად სპეციალობაზე - დრიფტინგზე გააკეთა. ცნობისათვის, ის 2008 წელს, დრიფტინგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ეს სესია მან ტრასის 156 მოსახვევის დასამახსოვრებლად გამოიყენა.


”აბსოლუტური დამთხვევაა, რომ აქაურ ტრასასაც და პაიკს პიკსაც 156 მოსახვევი აქვს. მაგრამ პაიკს პიკის ტრასის სიგრძე 20 კილომეტრზე მეტია. ასე რომ, რიუ დუ რაშტრუ თითქმის ორჯერ უფრო დაკლაკნილი და შესაბამისად, ძნელი გასავლელია. რა ტქმა უნდა, ეს საქმეს ძალიან ართულებს, თუმცა ტრასა ძალიან სასიამოვნოდ გასავლელია”, - ყვება მილენი.

მეორე დღიდან, მილენს ტრასაზე სარბოლ რეჟიმში უნდა ეასპარეზა, მაგრამ სქელმა ნისლმა ამის საშუალება არ მისცა. ისეთი შთაბეჭდლება იქმნებოდა, თითქოს დრიფტინგის დროს, ”ჰიუნდაი ჯენეზისის” მიერ დატოვებული თეთრი კვამლი მთის ფერდობებზე დარჩა, რათა თავზეხელაღებული ახალზელანდიელის რბოლა ენახა. მოკლედ, ნესტიან გზაზე, სადაც ნისლის გამო, ხედვის არეც შეზღუდული იყო, მილენმა მაინც სცადა ბედ და ტრასა 8 წუთსა და 33.867 წამში გაიარა. როგორც ამბობენ, ესეც არ იყო ცუდი, თუმცა მილენი ბრაზილიაში ამისათვის არ ჩასულა...

მესამე დღეს, როგორც იქნა, მზემ გამოანათა, ნისლიც გაიფანტა და მილენსაც თავის გამოჩენის საშუალება მიეცა. მანაც ეს შანსი შესანიშნავად გამოიყენა: ორი ცდაც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ დისტანცია 7 წუთსა და 17.898 წამში დაეფარა. მოსახვევებით გაჯერებულ, ვიწრო გზაზე, რომლის ზოგი მოსახვევიც ქარაფებს გადასცქერის, ”ჰიუნდაი ჯენეზისის” სიჩქარე ზოგ ადგილას 220 კმ/სთ-ზე მეტი იყო.

”დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი რეკორდის წყალობით, მალე საფუძველი ჩაეყრება ახალ სამთო რბოლას - ბრაზილიურ პაიკს პიკს. ყოველ შემტხვევაში, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ტრასის სახით, ბრაზილიელებს შესანიშნავი ასპარეზი აქვთ. კოლორადოს პაიკს პიკი ყოველთვის ძალიან მომწონდა, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ახალი ფავორიტი სამთო ტრასა გამომიჩნდა”, - განაცხადა მილენმა.

Wednesday, November 17, 2010

ჰაკინენი შუმახერს ტრაგიკულ ექს-გმირს უწოდებს

Mika Hakkinen Says Schumacher Is a "Tragic Ex-Hero"

17 ნოემბერი

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ფინელი მიკა ჰაკინენი მათ რიგებს შეუერთდა, ვინც მიხაელ შუმახერს ფორმულა 1-ში დაბრუნების გამო აკრიტიკებს. თავის დროზე, ეს ორი პილოტი, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, ერთმანეთს ბოლომდე დახარჯვას აიძულებდა. ამ ბრძოლებში ჰაკინენი ორჯერ გახდა ჩემპიონი, შუმახერიც ორჯერ შემდგ კი ფინელი ფ1-დან წავიდა.

დღეს მიკა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის კრიტიკოსებს შეუერთდა. ის თვლის, რომ გერმანელი პილოტი შეცდა, როდესაც სამწლიანი პაუზის შემდეგ, დიდი პრიზების ცირკს დაუბრუნდა და თან, მერვე ტიტულის მოპოვების ამბიციით. ჰაკინენის თქმით, შუმახერი ”ექს-გმირია, რომელიც ახლა სპორტიდან მეორედ წასვლაზე უნდა ფიქრობდეს”.

”ამიერიდან, მიხაელი ჩემთვის ტრაგიკული ყოფილი გმირია. საკუთარ თავს ვეკითხები ხოლმე - რატომ დაუბრუნდა კოკპიტს. მისი სახით, პულოტონის შუაგულში, ავტოსპორტის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მრბოლი გამოჩნდა. მანვე აბუ დაბის რბოლაში იდიოტური შეცდომა დაუშვა, რომელიც ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა”, - მიუნხენურ გამოცემა TZ-ის სვეტში წერს ჰაკინენი.

შეგახსენბთ, რომ გასული სეზონის ბოლო ეტაპზე, რომელსაც აბუ დაბიმ უმასპინძლა, შუმახერმა პირველივე წრეზე შეცდომა დაუშვა და თანაგუნდელ ნიკო როსბერგს დაეჯახა, რის შემდეგაც მისი მანქანა დატრიალდა და ტრასის შუაგულში გაჩერდა. რამდნიმე პილოტმა გაჩერებულ ბოლიდს გვერდი აუარა, მაგრამ იტალიელმა ვიტანტონიო ლიუციმ ის გვიან შენიშნა და პირდაპირ დაეჯახა. დარტყმის ძალამ მისი ”ფორს ინდია” შუმახერის ”მერსედესზე” შეაგდო და პილოტის თავამდე ცოტა დააკლდა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შუმახერმა თავის კარიერაში პირველად დაასრულა (სრული) სეზონი ისე, რომ კვარცხლბეკზე ერთხელაც არ ასულა. საბოლოოდ კი მან ჩემპიონატი მეცხრე ადგილზე დაასრულა, რასაც ალბათ ყველაზე გამოუსწორებელი სკეპტიკოსებიც კი არ ელოდნნე.

”ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული, კიდევ რისი დამტკიცება შეიძლება სურდეს?” - საკუთარ თავს ეკითხება ჰაკინენი და ტავადვე პასუხობს: ”ჩემი აზრით, ასე ის საკუთარ მიღწევებს თავადვე აუფერულებს. და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ამის მიზეზი ტექნიკაა, თუ ის, რომ მას ახალგაზრდებთან თანაბრად ჭიდილი აღარ შეუძლია”.

სხვათა შორის, ფ1-დან წასვლის შემდეგ, ავტოსპორტს ჰაკინენიც დაუბრუნდა. დდ პრიზების ცირკში კი არა, გერმანიის ტურიზმის კლასის ჩემპიონaტში (DTM) ასპარეზობდა, სადაც ასაკს და უვარჯიშებლობას იმდენი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც ფ1-ში.

”სამი წლის შემდეგ, მეც დავბრუნდი, მაგრამ მალე გავაცნობიერე, რომ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონებს არსად არავინ არაფერს ჩუქნის. იქ სულ სამჯერ მოვიგე და მივხვდი, რომ დროის ბორბალს უკან ვერ დააბრუნებ. ჩვენ მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, რადგან ყოველთვის მეტოქეობა გვიწევდა. თანაც, ჩემდამი ის ყოველთვის ქედმაღალი იყო”, - დასძენს ჰაკინენი.

Tuesday, November 16, 2010

უებერი - დავისვენებ და უფრო ძლიერი დავბრუნდები

I need a break but will be back stronger - Webber

16 ნოემბერი

”რედ ბულ რეისინგის” ავსტრალიელი მარკ უებერი ამბობს, რომ მომავალ სეზონში უფრო უკეთეს მრბოლად დაბრუნდება და კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. მანამდე კი დასვენება სჭირდება, რათა ყველაფერი კარგად გაიაზროს და ის შეცდომები გაითვალისწინოს, რომლებიც ტიტულის დაკარგვად დაუჯდა.

უებერი ჩემპიონი გახდებოდა, აბუ დაბის დიდი პრიზი რომ მოეგო. მაგრამ რბოლა მხოლოდ მერვემ დაამთავრა, ჩემპიონატში კი მესამე ადგილს დასჯერდა. სამაგიეროდ, მისმა გერმანელმა თანაგუნდელმა სებასტიან ფეტელმა, რბოლაც მოიგო და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.

”აბუ დაბის რბოლის შედეგით ძალიან გაწბილებული ვარ. მოტორ სპორტის უდიდესი მიზნის მისაღწევად ვიბრძოდი, მაგრამ ხელცარიელი დავრჩი. თუმცა, მე მახსოვს დიდებული გამონათქვამი - რაც არ გკლავს, უფრო გაძლიერებს. ჰოდა, ჯერაც ცოცხალი ვარ და მჯერა, მომავალ სეზონში უფრო ძლიერ მრბოლად დავბრუნდები”, - ამბობს 34 წლის ავსტრალიელი.

”ახლა კი, კარგი დასვენება მჭირდება. იანვრის მესამე კვირიდან მოყოლებული, პრაქტიკულად არ დამისვენია. ამ პერიოდში ძალიან ბევრი მოგზაურობა მიწევდა და ბევრ რბოლაში გამოვედი. და ახლა დასვენების დროა”, - დასძენს უბერი, ვისაც წლევანდელ სეზონამდე, კარგ პილოტად კი მიიჩნევდნენ, მაგრამ არავის ეგონა, თუ ის ჩემპიონობისთვის რეალურ ბრძოლას შესძლებდა.

შარშან მან შესანიშნავად იასპარეზა, თუმცა მაინც ბევრს მიაჩნდა, რომ ამ სეზონში, მას ფეტელის საჩემპიონო კამპანიაში დამხმარე როლი უნდა შეესრულებინა. მაგრამ ოზმა პილოტმა ყველას დაუმტკიცა, რომ ის არავისზე ნაკლები არაა და რომ მეორე პილოტის რანგი მისთვის მიუღებელია.

კორეამდე მან ოთხი რბოლა მოიგო და ლიდერობაც ხელთ ეპყრა, თუმცა კორეაში ავარია მოუვიდა, რის შემდეგაც ბოლო ორ ეტაპზე, მდევრის როლში ყოფნამ მოუწია. ბრაზილიაში დაკავებულმა მეორე ადგილმა ლიდერ ფერნანდო ალონსოსთან ჩამორჩენა შეამცირებინა, თუმცა აბუ დაბიში ორივეს ფეტელმა გადაასწრო.

ყოველივეს მიუხედავად, უებერი ჩემპიონი თანაგუნდელის მისამართით, საქებარ სიტყვებს არ იშურებს: ”ჩვენ ჩავარდნებიც გვქონდა და აღმასვლებიც. მთავარი კი ისაა, რომ ერთმანეთს ვახელებდით, რაც მეტოქეებთან ბრძოლაში გვეხმარებოდა. საოცარია, ამ სეზონში ის ლიდერი მხოლოდ ბოლო რბოლის შემდეგ გახდა, თუმცა ყველაზე ღირებული ლიდერობაც ხომ ესაა. და მან ეს ტიტული სრულებით დაიმსახურა”.

ბოლო რბოლაში მარცხს უებერი კვალიფიკაციაში ნაჩვენებ ცუდ შედეგს აბრალებს. და მაინც: ”ჩემს მარცხს ერთ რბოლაში წარუმატებლობას ვერ დავაბრალებ. ამის მიზეზის დასადგენად, მთელ სეზონს უნდა გადავხედო. ფეტელთან კვალიფიკაციას ხშირად ვაგებდი. მართალია, განსხვავება ხშირად მხოლოდ წამის მეათასედები იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ განსხვავებებმა ასეთი შედეგი მოგვცა”.

ბევრი, მათ შორის, უებერის სახელოვანი თანამემამულე, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჯეკ ბრებჰემი თვლის, რომ მარკმა ჩემპიონობის საუკეთესო შანსი ვერ გამოიყენა. თუმცა თავად უებერი ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს და გასული სეზონის პოზიტივებს გვახსენებს:

”როგორი გაწბილებულიც უნდა ვიყო, გასულმა სეზონმა მაინც ბევრი სიხარული მომიტანა. ”რედ ბულ რეისინგმა” ორი ტიტული მოიპოვა და ეს ფენომენური შედეგია. მე კი ხუთი პოულ პოზიცია მოვიპოვე და ოთხი რბოლა მოვიგე. გარდა ამისა, რამდენიმე მეორე ადგილითაც ვამაყობ, რადგან ისინი დაძაბულ ბრძოლაში დავიკავე. ამიტომ, ამ სეზონს ვერაფრით ვუწოდებ წარუმატებელს”.

Monday, November 15, 2010

ჰამილტონი არსად გადასვლას არ აპირებს

Hamilton Not Tempted by Red Bull Switch

15 ნოემბერი

”რედ ბული” და მისი გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-ის ახალი ჩემპიონები არიან და რა თქმა უნდა, დიდი პრიზების ცირკის ყურადღება ახლა მათზეა მიმართული. ალბათ, პილოტების ნახევარი მაინც ოცნებობს ტრიუმფატორ საჯინიბოში გადასვლაზე, სადაც თავის გამოჩენის საშუალება ექნებათ. თუმცა, დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ მათ შორის არ არის მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი, ბრიტანელი ლუის ჰამილტონი.

ჰამილტონი ამბობს, რომ ”მაკლარენი” ბავშვობიდან მისი ოცნების გუნდია და მის დატოვებას კარიერის ბოლომდე არ აპირებს. ამ გუნდში ყოფნაზე ბავშვობიდანვე ვოცნებობდი, როდესაც აქ ჩემი კერპი აირტონ სენა ასპარეზობდაო. ამიტომ, ”რედ ბულის” სწრაფი მანქანის გამო, აქედან გადასვლაზე არც კი ვიფიქრებო.

”ჩემში ერთი მცირე უჯრედიც არაა ისეთი, რომელსაც ”მაკლარენის” დატოვება და ”რედ ბულში” გადასვლა სურს. ამ გუნდს არც დიდი წარსული აქვს და არც ის თვისებები, როგორებიც ”მაკლარენში” მხიბლავს. ასე რომ, არსად გადასვლას არ ვაპირებ”, - ამბობს ჰამილტონი, ვისაც ”მაკლარენის” შეფი რონ დენისი ბავშვობიდან მფარველობდა და ფორმულა 1-მდე მიიყვანა.

ორი წლი წინ, ის ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა, მაგრამ ახლახანს ეს არაოფიციალური ტიტული მას ფეტელმა ჩამოართვა. სხვათა შორის, ფეტელისთვის ეს ფ1-ში გატარებული მესამე სეზონია, როცა ჰამილტონმა ტიტული დებიუტიდან მეორე სეზონშივე მოიპოვა. ჩემპიონი რომ გახდა, ჰამილტონმა მაშინაც განაცხადა, რომ სამუდამოდ ”მაკლარენში” დარჩენას აპირებდა. თუმცა, მაშინ ეს ბევრმა ცხელ გულზე ნათქვამად მიიჩნია.

”აირტონ სენ ჩემი გმირი იყო. ის ამ გუნდში გამოდიოდა და მეც ყოველთვის მსურდა, რომ ამავე გუნდში ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, ”რედ ბულმა” ეს სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და გამარჯვებაც დაიმსახურა. მინდა, მათ ეს გამარჯვება მივულოცო. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ ჩემი მანქანაც ისეთივე სწრაფი იყოს, როგორიც მათია. მაგრამ მე აქედან ათი წელი არსად წასვლას არ ვაპირებ. და მჯერა, რომ ჩვენს გუნდს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს”, - ამბობს ჰამილტონი, ვინც ჩემპიონს 16 ქულით ჩამორჩა და სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

”უილიამსმა” ჰულკენბერგი დაითხოვა

Hulkenberg loses drive with Williams

15 ნოემბერი

ფორმულა 1-ის გერმანელი ახალბედა ნიკო ჰულკენბერგი გუნდის გარეშე დარჩა - აბუ დაბის რბოლის მეორე დღეს, ამის შესახებ ”უილიამსმა” მედიას ამცნო. 23 წლის პილოტმა ბრაზილიის ეტაპზე კვალიფიკაცია მოიგო, თუმცა სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულა. ინგლისურმა გუნდმა ადგილი შეუნარჩუნა ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოს, ჰულკენბერგის შემცვლელის ვინაობა კი ჯერ არ გამოცხადებულა. თუმცა, ამ ადგილს ალბათ მალე ვენესუელელი პასტორ მალდონადო დაიკავებს, ვინც ამ სეზონში სერია გრანპრი2-ის ჩემპიონი გახდა.

”უპირველესად მინდა, გაწეული სამუშაოსთვის, ნიკოს მადლობა გადავუხადო. ძალიან ვამაყობთ იმით, რომ მან ჩვენი მფარველობის ქვეშ შეძლო ფორმულა 3-ის და გრანპრი2-ის ტიტულების მოპოვება და ჩვენთან ერთად, ფორმულა 1-ში პირველი სეზონი ჩაატარა. დიდი ხანია, ”უილიამსი” ახალი ტალანტების აღმოჩენას ცდილობს და ვფიქრობთ, ნიკოს დიდი მიღწევები ექნება. ჩვენ მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ ოდესმე, ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება”, - განაცხადა ”უილიამსის” შეფმა ფრენკ უილიამსმა.

ბარიკელო თანამედროვე ფორმულა 1-ის ყველაზე გამოცდილი პილოტია - მსოფლიო ჩემპიონატზე მას 18 სეზონი აქვს გატარებული. გასულ სეზონში 10 რბოლაში შეძლო ქულის აღება, 47 ქულა დააგროვა და მეათე ადგილზე გავიდა.

”რუბენსი ჩვენს გუნდში იმის გამო გადმოვიყვანეთ, რომ მას უზარმაზარი ცოდნა და გამოცდილება აქვს. მისგან იმაზე მეტი მივიღეთ, ვიდრე ვიმედოვნებდით და მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ მომავალ სეზონშიც ჩვენთან იქნება”, - ამბობს უილიამსი.

რაც შეეხება მალდონადოს, მისით ინგლისური გუნდი იმ მარტივი მიზეზით დაინტერესდა, რომ მხარს ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA უჭერს და მისი აყვანის სანაცვლოდ, 15 მილიონ ევროს პირდება. ეს კი მისწრებაა იმ დროს, როდესაც ამ სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდი რამდენიმე სოლიდურმა სპონსორმა მიატოვა. ”უილიამსის” ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ მომავალ სეზონში აუცილებლად ეყოლება ეგრეთ წოდებული პაი პილოტი, ანუ გადამხდელი პილოტი.

Sunday, November 14, 2010

ფორმულა ერთის ჩემპიონები

1950 - ჯუზეპე ფარინა (იტალია, ალფა რომეო)

1951 - ხუან მანუელ ფანხიო (არგენტინა, ალფა რომეო)

1952 - ალბერტო ასკარი (იტალია, ფერარი)

1953 - ალბერტო ასკარი (იტალია, ფერარი)

1954 - ხუან მანუელ ფანხიო (არგენტინა, მერსედესი/მაზერატი)

1955 - ხუან მანუელ ფანხიო (არგენტინა, მერსედესი)

1956 - ხუან მანუელ ფანხიო (არგენტინა, ლანჩა/ფერარი)

1957 - ხუან მანუელ ფანხიო (არგენტინა, მაზერატი)

1958 - მაიკ ჰოტორნი (ბრიტანეთი, ფერარი)

1959 - ჯეკ ბრებჰემი (ავსტრალია, კუპერი)

1960 - ჯეკ ბრებჰემი (ავსტრალია, კუპერი)

1961 - ფილ ჰილი (აშშ, ფერარი)

1962 - გრემ ჰილი (ბრიტანეთი, BRM)

1963 - ჯიმ კლარკი (ბრიტანეთი, ლოტუსი)

1964 - ჯონ სარტიზი (ბრიტანეთი, ფერარი)

1965 - ჯიმ კლარკი (ბრიტანეთი, ლოტუსი)

1966 - ჯეკ ბრებჰემი (ავსტრალია, ბრებჰემი)

1967 - დენი ჰიუმი (ახ.ზელანდია, ბრებჰემი)

1968 - გრემ ჰილი (ბრიტანეთი, ლოტუსი)

1969 - ჯეკი სტიუარტი (ბრიტანეთი, მატრა)

1970 - იოხენ რინდტი (ავსტრია, ლოტუსი) სიკვდილის შემდეგ

1971 - ჯეკი სტიუარტი (ბრიტანეთი, ტირელი)

1972 - ემერსონ ფიტიპალდი (ბრაზილია, ლოტუსი)

1973 - ჯეკი სტიუარტი (ბრიტანეთი, ტირელი)

1974 - ემერსონ ფიტიპალდი (ბრაზილია, მაკლარენი)

1975 - ნიკი ლაუდა (ავსტრია, ფერარი)

1976 - ჯეიმს ჰანტი (ბრიტანეთი, მაკლარენი)

1977 - ნიკი ლაუდა (ავსტრია, ფერარი)

1978 - მარიო ანდრეტი (აშშ, ლოტუსი)

1979 - ჯოდი შექტერი (სამხრეთ აფრიკა, ფერარი)

1980 - ალან ჯონსი (ავსტრალია, უილიამსი)

1981 - ნელსონ პიკე (ბრაზილია, ბრებჰემი)

1982 - კეკე როსბერგი (ფინეთი, უილიამსი)

1983 - ნელსონ პიკე (ბრაზილია, ბრებჰემი)

1984 - ნიკი ლაუდა (ავსტრია, მაკლარენი)

1985 - ალენ პროსტი (საფრანგეთი, მაკლარენი)

1986 - ალენ პროსტი (საფრანგეთი, მაკლარენი)

1987 - ნელსონ პიკე (ბრაზილია, უილიამსი)

1988 - აირტონ სენა (ბრაზილია, მაკლარენი)

1989 - ალენ პროსტი (საფრანგეთი, მაკლარენი)

1990 - აირტონ სენა (ბრაზილია, მაკლარენი)

1991 - აირტონ სენა (ბრაზილია, მაკლარენი)

1992 - ნაიჯელ მენსელი (ბრიტანეთი, უილიამსი)

1993 - ალენ პროსტი (საფრანგეთი,უილიამსი)

1994 - მიხაელ შუმახერი (გერმანია, ბენეტონი)

1995 - მიხაელ შუმახერი (გერმანია, ბენეტონი)

1996 - დეიმონ ჰილი (ბრიტანეთი, უილიამსი)

1997 - ჟაკ ვილნევი (კანადა, უილიამსი)

1998 - მიკა ჰაკინენი (ფინეთი, მაკლარენი)

1999 - მიკა ჰაკინენი (ფინეთი, მაკლარენი)

2000 - მიხაელ შუმახერი (გერმანია, ფერარი)

2001 - მიხაელ შუმახერი (გერმანია, ფერარი)

2002 - მიხაელ შუმახერი (გერმანია, ფერარი)

2003 - მიხაელ შუმახერი (გერმანია, ფერარი)

2004 - მიხაელ შუმახერი (გერმანია, ფერარი)

2005 - ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო)

2006 - ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო)

2007 - კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)

2008 - ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)

2009 - ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნი)

2010 - სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)

მრავალგზის ჩემპიონები

მიხაელ შუმახერი - 7

ხუან მანუელ ფანხიო - 5

ალენ პროსტი - 4

ჯეკ ბრებჰემი, ჯეკი სტიუარტი, ნიკი ლაუდა, ნელსონ პიკე და აირტონ სენა - 3

ალბერტო ასკარი, გრემ ჰილი, ჯიმ კლარკი, ემერსონ ფიტიპალდი, მიკა ჰაკინენი და ფერნანდო ალონსო - 2
სებასტიან ფეტელი ჩემპიონია !

Sobbing Vettel is F1's youngest champion

14 ნოემბერი

ესეც პირველი ტიტული (დანარჩენებიც იქნება)...
..............................

დასრულდა ფორმულა 1-ის მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი. დიდი პრიზების ცირკს ახალი ჩემპიონი ჰყავს და მისი სახელი სებასტიან ფეტელია! გერმანელმა პილოტმა ბრწყინვალედ ჩაატარა ჩემპიონატის დასკვნითი რბოლა, აბუ დაბის დიდი პრიზი და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. გამარჯვების პარალელურად, მას გაუმართლა კიდეც - ფერნანდო ალონსომ რბოლა მეშვიდე ადგილზე დაასრულა, რის გამოც, ფეტელთან 15-ქულიანი უპირატესობა, რაც ბოლო ეტაპის წინ ჰქონდა, ქარს გაატანა. ყველაფერი კი იმის ბრალი იყო, რომ თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში, მან ვერაფრით გაასწრო რუს ვიტალი პეტროვს, რომელმაც თავის კარიერაში საუკეთესო რბოლა ჩაატარა.

ფეტელი თავისი კარიერის ყველაზე გამორჩეულ გამარჯვებას ზეიმობს
..............................

მაშ ასე, ფორმულა 1-ს 32-ე ჩემპიონი შეეძინა და უნდა ითქვას, რომ ფეტელმა ეს ტიტული სრულებით დაიმსახურა. სეზონის 19 რბოლიდან მან 5 მოიგო და 10 პოულ პოზიციიდან დაიწყო. და ფორმულა 1-ის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა (23 წლის და 135 დღისაა) ჩემპიონი გახდა.

სეზონი ბოლო ეტაპამდე ისე მივიდა, ფეტელი ერთპიროვნული ლიდერი არ ყოფილა. თუმცა, ყოველთვის ფავორიტთა შორის მოიხსენიებდნენ. აბუ დაბიმდე ერთი კვირით ადრე, მან ბრაზილიის დიდი პრიზი მოიგო, თუმცა მაინც ჩემპიონობის ნაკლებ შანსს ინარჩუნებდა, ვიდრე მისი თანაგუნდელი მარკ უებერი. ამის გამო, აბუ დაბიში გამგზავრებამდე, ”რედ ბულ რეისინგის” ხელმძღვანელობა მას დაელაპარაკა, რათა გადამწყვეტ მომენტში, ანუ იმ შემთხვევაში, თუ უებერს დასჭირდებოდა, გუნდის ინტერესები გაეთვალისწინებინა. მაგრამ მას არავის ინტერესების გათვალისწინება არ დასჭირდა!

შუმახერის და ლიუცის ავარია
..............................

”წარმოუდგენელია. მე ჩემპიონთა სიაში ამ ბიჭების - სენას და შუმახერის გვერდით ვარ. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა”, - პრესკონფერენციაზე სიტყვებს ეძებდა აცრემლებული ჩემპიონი.

სხვათა შორის, მის მიერ ნახსენები გრანდებიდან ერთი - მიხაელ შუმახერი ძლივს გადაურჩა განსაცდელს. პირველივე წრეზე ის თავის თანაგუნდელ ნიკო როსბერგს დაეჯახა და დატრიალდა. უკნიდან კი მის ”მერსედესს” იტალიელი ვიტანტონიო ლიუცის ”ფორს ინდია” შეეჯახა. ლიუცის მანქანა შუმახერისაზე ავარდა და ცოტა დააკლდა, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის თავზე დაცემულიყო. საბედნიეროდ, გერმანელი პილოტი უმნიშვნელო ტრავმასაც კი გადაურჩა.

პელოტონი რამდენიმე წრე უსაფრთხოების მანქანამ ატარა, შემდეგ კი უებერის შეცდომის ჯერი დადგა - ერთ-ერთი მოსახვევიდან ის მეტისმეტად ფართედ გამოვიდა და მისი მანქანის მარჯვენა უკანა ბორბალი კედელს შეასკდა. მანქანა არ დაზიანებულა, თუმცა ავსტრალიელს მალე რეზინის შესაცვლელად, ბოქსში შესვლა დასჭირდა. ორი წრის შემდეგ, მისი გზა ალონსომაც გაიარა.

ადრეული პიტ სტოპის გამო, ორივე პილოტი პელოტონის შუაგულში აღმოჩნდა. ალონსო მალე კუდზე დააჯდა პეტროვს, რომელმაც მისი გატარება არ ინება და ასე განსაჯეთ, ფინიშამდე თავისი ძრავის გამონაბოლქვი ასუნთქა ჩემპიონატის ლიდერს. ალონსოს კი კვალში უებერი ედგა. ესპანელი, ვისაც სტარტამდე გზა მეფე ხუან კარლოსმა დაულოცა, ამაოდ ცდილობდა პეტროვის გასწრებას.

ნარბოლევს მან განაცხადა, რომ თავიდან, მისი ორიენტირი უებერი იყო და მხოლოდ იმას ცდილობდა, რომ ის უკან ჰყოლოდა. უებერს თავისი პრობლემები ჰქონდა - მან რბოლამდე აღიარა, რომ აბუ დაბის ტრასა მის სტილს ნაკლებად შეეფერება და ამით მიანიშნა, რომ ჩემპიონობის ნაკლები შანსი ჰქონდა. მოკლედ, ალონსო საბოლოოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა, უებერმა კი ფინიშს მერვემ მიაღწია.

”მის გასწრებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიცი, ამისთვის ყველაფერს აკეთებ და ეცადე, რომ გაასწრო”, - რბოლის დროს ალონსოს ამ სიტყვებით ”ფერარის” შეფმა სტეფანო დომენიკალიმ მიმართა. შემდეგ ლამის მუდარის ხმით, ესპანელს გუნდის სარბოლო ინჟინერმა ანდრეა სტელამაც მიმართა: ”ეცადე, შენი ნიჭი ბოლომდე გამოიყენო. ჩვენ ხომ ვიცით, რამდენად ნიჭიერი ხარ. ჰოდა, გამოიყენე ეს ნიჭი”. მაგრამ არაფეტმა გაჭრა...

”ეს სპორტია, ეს ავტო რბოლაა. ხან მოიგებ, ხან წააგებ. რბოლის შემდეგ ყოველთვის უფრო ადვილია აღმოაჩინო, თუ რომელი იქნებოდა უკეთესი სტრატეგია. პეტროვი ძალიან აგრესიული იყო. სხვა დროს კიდევ ვცდი”, - განაცხადა გაოგნებულმა ალონსომ, ვინც პეტროვზე შეტევების დროს, არც სიფრთხილეს ივიწყებდა, რადგან მცირე შეცდომასაც კი შეეძლო ყველაფრის წყალში ჩაყრა, ასე კი მას რაღაცის შანსი მაინც რჩებოდა.

პრესკონფერენციაზე ფეტელს ხუმრობით ჰკითხეს, ხომ არ აპირებს მომავალ სეზონში პეტროვის სპონსორობას, რათა მან ”რენოში” ადგილი შეინარჩუნოს, რაზეც ახალმა ჩემპიონმა იმედი გამოთქვა, რომ რუსი პილოტი მერმისსაც პელოტონში იქნება.

შეანიშნავად იასპარეზეს ”მაკლარენის” პილოტებმა. ჰამილტონმა სტარტზევე შეუტია ფეტელს და მართალია, ვერ გაასწრო, მაგრამ კარგა ხანს, შორს არ გაუშვია. ჯენსონ ბატონმა კი მწვანე შუქნიშანზე შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და პირველ მოსახვევამდე გაუარა ალონსოს. გვიანი პიტსტოპის წყალობით კი ერთხანს რბოლის სათავეშიც მოექცა. თუმცა, საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა.

იას მარინა. ტრასის სიგრძე 5.554 კმ, 55 წრე, დისტანცია 305.355 კმ

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:39:36.837

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:10.162

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:11.047

4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:30.747

5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 00:39.026

6. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 00:43.520

7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:43.797

8. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:44.243

9. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 00:50.201

10. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:50.868

11. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 00:51.551

12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 00:57.686

13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 00:58.325

14. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 00:59.558

15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 01:03.178

16. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 01:04.763

17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1 წრე

18. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 2 წრე

19. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 2 წრე

20. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 2 წრე

21გ. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 4 წრე

გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 12 წრე

გ. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 54 წრე

გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 54 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:41.274, 47-ე წრე

პილოტების საბოლოო კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 256 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 252; 3. მარკ უებერი - 242; 4. ლუის ჰამილტონი - 240; 5. ჯენსონ ბატონი - 214; 6. ფელიპე მასა - 144; 7. ნიკო როსბერგი - 142; 8. რობერტ კუბიცა - 136; 9. მიხაელ შუმახერი - 72; 10. რუბენს ბარიკელო - 47; 11. ადრიან სუტილი - 47; 12. კამუი კობაიაში - 32; 13. ვიტალი პეტროვი - 27; 14. ნიკო ჰულკენბერგი - 22; 15. ვიტანტონიო ლიუცი - 21; 16. სებასტიან ბუემი - 8; 17. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) - 6; 18. ნიკ ჰაიდფელდი - 6; 19. ხაიმე ალგერსუარი - 5; 20. ჰეიკი კოვალაინენი - 0; 21. იარნო ტრული - 0; 22. კარუნ ჩანდჰოკი (ინდთი, ისპანია) - 0; 23. ბრუნო სენა - 0; 24. ლუკას დი გრასი - 0; 25. ტიმო გლოკი - 0; 26. სკაონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) -0; 27. კრისტიან კლინი -

კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 498 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 454; 3. ფერარი - 396; 4. მერსედესი - 214; 5. რენო - 163; 6. უილიამს-კოსუორტი - 69; 7. ფორს ინდი-მერსედესი - 68; 8. ზაუბერ-ფერარი - 44; 9. ტორო როსო-ფერარი - 13; 10. ლოტუს-კოსუორტი - 0; 11. ისპანია-კოსუორტი - 0; 12. ვირჯინ--კოსუორტი - 0

Saturday, November 13, 2010

ფეტელმა მეათე პოული მოიპოვა

Vettel on pole for Abu Dhabi title decider

12 ნოემბერი

ერთი დღეც და ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონის ვინაობას გავიგებთ. ტიტულისთვის არნახულად ბევრი - ოთხი პილოტი იბრძვის სამი გუნდიდან, რომელთაგან ტრიუმფის ყველაზე ნაკლები შანსი ”მაკლარენის” ლუის ჰამილტონს აქვს, ყველაზე უკეთესი კი ”ფერარის” ფერნანდო ალონსოს. თუმცა, თუ წლევანდელი სეზონის რბოლებს გავიხსენებთ, გამორიცხული არაფერია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

კვალიფიკაციაში კი საუკეთესოები ისევ სებასტიან ფეტელი და ჰამილტონი არიან. 23 წლის ფეტელისთვის, ეს მიმდინარე სეზონში მოპოვებული მეათე პოულ პოზიციაა, მისმა თანაგუნდელმა მარკ უებერმა კი სულ ხუთჯერ შეძლო კვალიფიკაციაში გამარჯვება. სხვათა შორის, ფეტელმა აბუ დაბის რბოლა შარშან მოიგო და თუ ეს შედეგი ახლაც გაიმეორა, მაშინ დიდი შანსი აქვს, გახდეს ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი. თუმცა, მას მარტო გამარჯვება არ ჰყოფნის. ჩემპიონბისთვის ალონსოს და უებერის უიღბლობაც სჭირდება...

ალონსომ, ვინც 8 ქულით უსწრებს უებერს, მესამე შედეგი კვალიფიკაციის მიწურულს დააფიქსირა და თუ რბოლაში ავსტრალიელს წინ არ გაუშვებს და ერთ პოზიციაზე მეტს არ დაკარგავს, მაშინ ჩემპიონობა გარანტირებული აქვს. სტარტზე მეორე რიგში დადგება ჯერაც მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა ალონსო ფრთხილად უნდა იყოს, რომ ბრიტანელი პილოტის სასტარტო აგრესია მოიგერიოს. მხოლოდ მეხუთეა უებერი, რომელსაც დიდი ბრძოლა დასჭირდება იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონის თასი ისევ ავსტრალიაში ჩაიტანოს.

ალონსომ კი, რბოლა მეორე ადგილზე თუ დაამთავრა, ფორმულა 1-ის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა სამგზის ჩემპიონი გახდება. ”ერთი დღეც და ყველაფერი გაირკვევა. მესამე ადგილი ჩვენთვის ძალიან კარგია. ჩვენ ვიცით სიტუაცია, ვიცით ოთხი პრეტენდენტი. ამ რბოლაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს”, - ამბობს ალონსო, ვის საქომაგოდაც აბუ დაბიში ესპანთის მეფე ხუან კარლოსი და ”ფერარის” პრეზიდნტი ლუკა კორდერო დი მონტეძემოლო ჩავიდნენ.

ჰამილტონი პირველ სასტარტო რიგში, ბელგიის დიდი პრიზის შემდეგ პირველად დადგება. ”დასაკარგი არაფერი გვაქვს. ასე რომ, საბრძოლველად ვარ განწყობილი. თუმცა, მთავარი ისაა, რომ რბოლით სიამოვნბის მიღებას ვაპირებ”, - ამბობს მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი.

აბუ დაბის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:39.394

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:39.425

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:39.792

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:39.823

5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:39.925

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:40.202

7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:40.203

8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:40.516

9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:40.589

10. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:40.901

- - - - - - - - - -

11. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:40.780

12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:40.783

13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:40.914

14. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:41.113

15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:41.418

16. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:41.642

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:41.738

- - - - - - - - - -

18. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:41.824

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:43.516

20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:43.712

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:44.095

22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:44.510

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:45.085

24. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) 1:45.296