ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, August 28, 2011

ფეტელმა ბელგიაში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა


Vettel wins Belgian Grand Prix
28 აგვისტო

სებასტიან ფეტელმა მიმდინარე სეზონში მეშვიდე გამარჯვება ბელგიაში იზეიმა და ამით, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ზედიზედ მეორე ტიტულისკენ. ახლა ის უკვე 92 ქულას უგებს უახლოეს მდევარს, საკუთარ თანაგუნდელ მარკ უებერს და საეჭვოა, ავსტრალიელმა, რომელსაც ჯერ ამ სეზონში ერთი მოგებაც არ აქვს, ესოდენ სოლიდური ჰანდიკაპის აღმოფხვრა შეძლოს.

სეზონის დასრულებამდე 7 რბოლა დარჩა, რომლებშიც მაქსიმუმ 175 ქულის აღება შეიძლება. ეს კი ნიშნავს, რომ ჩემპიონობის მოსაპოვებლად, ფეტელს 89 ქულაც ეყოფა. თუმცა, ტიტულისთვის ალბათ უფრო ნაკლებიც საკმარისი იქნება. და მაინც, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დარჩენილი რბოლები საინტერესო არ იქნება.
ალგერსუარი გაოცებულია...
მართალია, ფეტელმა პოულიდან მოიგო და ერთი შეხედვით, საკმაოდ ადვილადაც, მაგრამ რეალობაში, ასე არ ყოფილა. მართალია, მან პოულის მოპოვება შეძლო, მაგრამ კვალიფიკაციის მესამე ნაწილში მასაც და უებერსაც საბურავები იმდენად დაუზიანდათ, რომ ორივემ რბოლაში ადრეული პიტსტოპი დაგეგმა. ბოქსებში ვიზიტამდე კი ორივეს საკმაო პრობლემები ჰქონდა.
უებერმა სტარტზე ტემპის აკრეფა დააგვიანა, ფეტელს კი პირველ მოსახვევში ნიკო როსბერგმა შეასწრო. სხვათა შორის, ამან სტარტი მეხუთე პოზიციიდან აიღო, თუმცა უებერს და ფერნანდო ალონსოს მაშინვე გაასწრო, მერე ლუის ჰამილტონიც ზედ მიაყოლა და პირველ მოსახვევში, პირველობისთვის მოცილე ფეტელსა და ფელიპე მასასაც გაუარა.
თუმცა, ფეტელმა მალევე დაიბრუნა ლიდერობა. მასას ჰამილტონმაც გაასწრო, თუმცა ბრაზილიელმა მალევე დაიბრუნა მესამე პოზიცია. ამასობაში, პელოტონის შუაში მცირე შეჯახება მოხდა - ბრუნო სენამ და ალონსომ პირველ მოსახვევში შესვლისას, ხაიმე ალგერსუარი სენდვიჩში მოაქციეს. ესპანელისთვის რბოლა იქვე დასრულდა. ტიტულოვანმა ესპანელმა მანქანის დაუზიანებლად განაგრძო გზა, ბრაზილიელს კი ბოქსებში შესვლა და მცირე რემონტი დასჭირდა. ალონსო რომ დაზიანებას გადაურჩა, მალევე ჰამილტონს გაასწრო.
ჰამილტონის ავარია

მე-5 წრეზე, ალონსომ დაძაბულ ბრძოლაში მასაც უკან მოიტოვა. ბრაზილიელმა გაბრძოლება სცადა, რის გამოც, ორივემ ტემპი დაკარგა და მათ ჰამილტონმაც შეუტია. საბოლოოდ, ალონს დაწინაურდა, მასას კი ბრიტანელმაც გაუარა. ამ ბატალიებამდე ცოტა ხნით ადრე, უებერი და ჯენსონ ბატონი ბოქსებში შევიდნენ (რეზინი გამოცვალეს), მალე კი მათ ფეტელმაც მიბაძა.
ამგვარად, მე-6 წრეზე ლიდერობა ისევ როსბერგმა იგდო ხელთ, თუმცა მას მალე ალონსო დაეწია და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა მალე გაასწრო კიდეც. მაგრამ მალე ისიც ბოქსში შევიდა. იქიდან დაბრუნებულმა კი ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიტოვა ადრიან სუტილი უებერი.
მე-13 წრეზე რბოლას ჰამილტონი გამოეთიშა. მოსახვევ ლეს კომბსის წინ ის იაპონელ კამუი კობაიაშის შეეჯახა. ბრიტანელმა, ვინც შარშან მოიგო სპას რბოლა, მოსახვევამდე გაიარა კობაიაშის, მაგრამ როცა მოსახვევის წინ, სწორი ტრაექტორიის დაკავებას ცდილობდა, მეტოქეს სწორედ მაშინ შეეჯახა. ”ზაუბერი” წინა მარჯვენა ბორბლით, ”მაკლარენის” უკანა მარცხენას შეეჯახა. კობაიაშიმ გზა განაგრძო, ჰამილტონი კი კედელს დაეჯახა და მისთვის რბოლა იქვე დასრულდა.
შუმახერმა ბოლოდან დაიწყო
და მეხუთემ დაამთავრა

ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რომელმაც ორი წრე ატარა პელოტონი. როცა ის პიტლეინს დაუბრუნდა, მოწინავეთა განლაგება ასე გამოიყურებოდა: ალონსო, უებერი, ფეტელი, მასა, როსბერგი... მალე როსბერგმა მასას გაასწრო, ფეტელმა კი ჯერ თანაგუნდელი ჩამოიტოვა, ო რუჟის შემდეგ კი - ალონსოც და ისევ ლიდერი გახდა.
ამის შემდეგ, ყველაზე საინტერესო ბატონის წინსვლა იყო, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით, მასა და როსბერგი ჩამოიტოვა და კვალში უებერს ჩაუდგა. მაგრამ სანამ დაეწეოდა, მის წინ მყოფი ყველა პილოტი ბოქსში შევიდა რეზინის გამოსაცვლელად. ბატონმა ცოტა ხანს ლიდერობა გადაიბარა, თუმცა ტრასაზე დაბრუნებული ფეტელი მას მალე დაეწია და 32-ე წრეზე გაასწრო კიდეც, რის შემდეგაც ბატონმა ბოქსებისკენ გადაუხვია. ტრასაზე დაბრუნებული, მეოტხე ადგილზე აღმოჩნდა, თუმცა ფინიშამდე სამიოდ წრით ადრე, ალონსოს გაასწრო და მესამეზე გადაინაცვლა. მალე შუმახერმაც როსბერგს გაუარა და მეხუთე ადგილით აღნიშნა ფ1-ში თავისი დებიუტის 20-წლიანი იუბილე.

ბელგიის დიდი პრიზი
სპა ფრანკორშანი. დისტანცია 308.052 კმ (7.004 კმ, 44 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:26:44.893
2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    00:03.741
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               00:09.669
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 00:13.022
5. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               00:47.464
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   00:48.674
7. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              00:59.713
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            01:06.076
9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                           01:11.917
10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    01:17.615
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          01:23.994
12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       01:31.976
13. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                01:32.985
14. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1 წრე
15. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1 წრე
16. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1 წრე
17. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1 წრე
18. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1 წრე
19. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1 წრე
გ. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           17 წრე
გ. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)              31 წრე
გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         32 წრე
გ. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)             38 წრე
გ. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)          43 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: მარკ უებერი - 1:49.883, 33-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 259 ქულა; 2. მარკ უებერი - 167; 3. ფერნანდო ალონსო - 157; 4. ჯენსონ ბატონი - 149; 5. ლუის ჰამილტონი - 146; 6. ფელიპე მასა - 74; 7. ნიკო როსბერგი - 56; 8. მიხაელ შუმახერი - 42; 9. ვიტალი პეტროვი - 34; 10. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) - 34; 11. კამუი კობაიაში - 27; 12. ადრიან სუტილი - 24; 13. სებასტიან ბუემი - 12; 14. ხაიმე ალგერსუარი - 10; 15. სერხიო პერესი - 8; 16. პოლ დი რესტა - 8; 17. რუბენს ბარიკელო - 4; 18. პასტორ მალდონადო - 1

კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 426 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 295; 3. ფერარი - 231; 4. მერსედესი - 98; 5. რენო - 68; 6. ზაუბერ-ფერარი - 35; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 32; 8. ტორო როსო-ფერარი - 22; 9. უილიამს-კოსუორტი - 5

No comments:

Post a Comment