ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Saturday, October 31, 2009

აბუ დაბის დიდი პრიზი (წარდგენა)

Abu Dhabi Grand Prix

31 ოქტომბერი

რაც ახალი საუკუნე დაიწყო, ფორმულა 1-ის კალენდარში, თითქმის ყოველ წელს, ერთი ახალი ეტაპი მაინც ჩნდება. ამ წლებში მსოფლიო ჩემპიონატს ჩინეთის, ბაჰრეინის, თურქეთის, სინგაპურის დიდი პრიზები დაემატა, რბოლა პირველად ჩატარდა ვალენსიაში, წელს კი, კალენდარს კიდევ ერთი ახალი რბოლა - აბუ დაბის დიდი პრიზი დაემატა.

არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავარ ქალაქ აბუ დაბიში (რომელიც დუბაის მახლობლად მდებარეობს) საკმაოდ მოკრძალებული პარამეტრების მქონე ტრასის მშენებლობა 2006 წლის იანვარში გადაწყდა. რა თქმა უნდა, კონტრაქტი ამ საქმის ყველაზე გამორჩეულ სპეციალისტთან, გერმანელ ჰერმან ტილკესთან გაფორმდა, რომელსაც ფ1-ის არაერთი ტრასა დაუპროექტებია.

პირვანდელი პროექტით, ტრასის სიგრძე სულ რაღაც 3 კილომეტრი უნდა ყოფილიყო. ჩანაფიქრით, იქ მხოლოდ ადგილობრივი და რეგიონული მნიშვნელობის რბოლები უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ მალე, შემკვეთებმა ტილკეს ფორმულა 1-ის სტანდარტების შესაფერისი ტრასის აგება შეუკვეთეს.

ტრასის ასაგებად, ხელოვნური კუნძული იასი გამოიყო, რომელიც კერძო იახტების ნავმისადგომად გამოიყენება და რომელზეც, უფრო ადრე, ”ფერარის” და ადგილობრივი ინვესტორების მცდელობით, იტალიური საჯინიბოს გასართობი კომპლექსი აშენდა.

2007 წელს ტრასის მაკეტის პრეზენტაცია ჩატარდა, რომელზეც ბერნი ეკლსტოუნთან, აბუ დაბის დიდი პრიზის ჩატარებაზე კონტრაქტი გაფორმდა. იმავე პრეზენტაციაზე, რბოლას ტიტულოვანი სპონსორი გამოუჩნდა ემირატული ავიაკომპანია ”ეტიჰად ეარუეიზის” სახით, რომელიც ფ1-ში ”ფერარის” პარტნიორიცაა.

მას შემდეგ, რაც სინგაპურის ღამის რბოლამ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, გადაწყდა, რომ აბუ დაბის სარბოლი ტრასის პერიმეტრზე ხელოვნური განათების ბოძების დაემონტაჟებინათ. თანაც, თუ სინგაპურში მთელი რბოლა ხელოვნური განათების შუქზე ტარდება, აბუ დაბიში სტარტი დღის სინათლეზე უნდა იყოს, ფინიში კი - ხელოვნურად განათებულ ტრასაზე.

იას მარინა ცირკვიტი საკმაოდ ჩქაროსნულია, თუმცა მასზე ერთმანეთს ნელი და საშუალოდ სწრაფი მოსახვევებიც ენაცვლება. სწრაფი მონაკვეთებით ტრასის პირველი სექტორი გამოირჩევა. მეორე და მესამე კი შედარებით ნელია. სწრაფი მონაკვეთების გამო, ამ ტრასაზე მნიშვნელოვნად იზრდება იმ მანქანების უპირატესობა, რომლებიც სისტემა კერს-ითაა აღჭურვილი.

იას მარინა ცირკვიტს ბევრი საინტერესო რამ ახასიათებს. მაგალითად, მას ”ფერარის” გასართობი ცენტრი ესაზღვრება, მის პერიმეტრში კი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მდებარეობს, რომელიც იმავდროულად, მასში მცხოვრებთათვის, ტრიბუნის დანიშნულებასაც ასრულებს.

ტრასის კიდევ ერთი საინტერესო ნაწილი მისი პიტლეინია. უფრო სწორედ, იქიდან გამოსასვლელი. ეს მონაკვეთი მიწის ქვეშ, ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. ის ტრასის ქვეშ გადის და რა თქმა უნდა, იქ პილოტებს ხელოვნური განათებით სარგებლობა უწევთ. ოღონდ, მონაკოს სწრაფი გვირაბისგან განსხვავებით, იას მარინა ცირკვიტის გვირაბს მანქანები სწრაფად ვერ გაივლიან.

ტრასის ყველაზე გრძელი სწორის სიგრძე 1.2 კილომეტრია. ეს ჩემპიონატის კალენდარში არსებულ ტრასებს შორის ყველაზე გრძელი სწორია. მის ბოლოს მდებარეობს უსაფრთხოების ზონა, რომლის ნაწილიც ტრიბუნის ქვეშ შედის. ამგვარად, თუ აქ რომელიმე პილოტი გზას ასცდა, ის სწორედ ტრიბუნის ქვეშ შევარდება და იქ მყოფ მაყურებელს უჩვეულო განცდას მოჰგვრის.

ვის რამდენი უსხია

Abu Dhabi Grand Prix

31 ოქტომბერი

”რედ ბულის” პილოტებს იმედი ჰქონდათ, რომ ჰამილტონის მოულოდნელი სისწრაფე მისი სარბოლი ტაქტიკის შედეგი იყო - მათი ვარაუდით, ”მაკლარენის” პილოტმა კვალიფიკაციაზე მათზე მნიშვნელოვნად მსუბუქი მანქანით იასპარეზა.

მაგრამ, როგორც ამ ცხრილიდან ჩანს, ასე სულაც არაა - ჰამილტონისა და მარკ უებერის მანქანების წონებს შორის სხვაობა მხოლოდ 1.5 კილოგრამია, ჰამილტონისა და ფეტელისას შორის კი - 4.5 კგ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კვალიფიკაციაზე თავის მდევრებს ალბიონელი წრეზე ნახევარ წამზე მეტს უგებდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირველ პიტ სტოპამდე ის მდევრების შორ მანძილზე ჩამოტოვებასაც შეძლებს. ეს კი გამარჯვების საწინდარია.

მოწინავე ათეულში, ყველაზე მსუბუქი მანქანით, ისევე როგორც ბრაზილიაში, რბოლას რუბენს ბარიკელო (სურათზე) დაიწყებს, ვინც ალბათ პირველი გადაუხვევს ბოქსისკენ. იქ ჰამილტონზე ადრე შევა ჯენსონ ბატონიც. ათეულში ყველაზე მძიმე მანქანით კი ნიკო როსბერგია.

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 658.5

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 663.0

3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო) 660.0

4. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 655.0

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 657.0

6. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 661.0

7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 654.5

8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 664.0

9. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 665.0

10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 661.5

11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 692.0

12. კამუი კობაიაში (იაპონია, ტოიოტა) 694.3

13. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 697.0

14. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 704.0

15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 696.5

16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 708.3

17. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 695.0

18. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 696.0

19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 710.8

20. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 692.5

”რედ ბულში” ”მაკლარენის” სიჩქარე უკვირთ

Red Bull

31 ოქტომბერი

სურათზე მარცხნიდან: ფეტელი, ჰამილტონი და უებერი

....................................................................................................

აბუ დაბიში ”მაკლარენი” ჯერჯერობით ყველაზე სწრაფია და მიუხედავად იმისა, რომ სამივე თავისუფალ პრაქტიკაზე ცხრილის სათავეში ამ გუნდის პილოტები ექცეოდნენ, ”რედ ბულში” მაინც გაოცებულნი არიან სეზონის მიწურულს მეტოქეთა ასეთი გამოცოცხლებით. ხუმრობა ხომ არ არის - ჰამილტონმა მეორეზე გასულ ფეტელს 0.6 წამზე მეტით აჯობა.

”ჰამილტონის წონით გაოცებულნი ვართ. ის ჯერჯერობით, ყველაზე სწრაფი იყო. მათ შორის, კვალიფიკაციის პირველ ორ ნაწილშიც. საინტერესოა, რა ტაქტიკით აპირებს გამოსვლას. ჩვენი მანქანა აქ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მისგან მაქსიმუმი გამოვწურეთ. მაგრამ მას კერს-ი არ აქვს და ვფიქრობ, ”მაკლარენის” უპირატესობაც ესაა. და მაინც, ჩემი სიჩქარით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, საინტერესო რბოლა გველის”, - განაცხადა ფეტელმა.

”ეჭვიც არაა - ”მაკლარენი” ძალიან სწრაფია. თუმცა მე მაინც გაოცებული ვარ ჰამილტონის შედეგით. დღევანდელი კვალიფიკაციის შედეგები სეზონის მეორე ნაწილში ძალთა განლაგებას ასახავს. ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავა. მე ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლო რბოლას ღირსეულად ჩავატარებთ”, - განაცხადა უებერმა.

მიუხედავად იმის, რომ ტრასა ორ გრძელ სწორ მონაკვეთს შეიცავს, ავსტრალიელი პილოტი მაინც ფიქრობს, რომ მასზე გასწრება მაინც ძნელი იქნება. ”აქაური რბოლა უდაოდ უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე ბარსელონაში, მაგრამ ეს ინტერლაგოსი მაინც არაა”, - დასძენს უებერი.

ჰამილტონი აბუ დაბის პოულზე

Abu Dhabi Grand Prix

31 ოქტომბერი

აბუ დაბის პირველი დიდი პრიზის პირველი პოულ პოზიცია მსოფლიოს აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონმა, ლუის ჰამილტონმა (სურათზე) მოიპოვა. ის მთელის რბოლის განმავლობაში, ყველაზე სწრაფი იყო და მესამე, გადამწყვეტ სესიაზეც წინ არავინ გაუშვია. მან წამის ექვს მეათედზე მეტით აჯობა ”რედ ბულის” სებასტიან ფეტელს, რომელმაც უკან თავისი თანაგუნდელი მარკ უებერი მოიტოვა.

ამჯერად მხოლოდ მეხუთე შედეგს დასჯერდა მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი, ვინც თავისუფალ პრაქტიკებზე ჰამილტონის ერთადერთ რეალურ მეტოქედ ჩანდა. ბატონს მცირედით აჯობა მისმა თანაგუნდელმა რუბენს ბარიკელომ.

ჰამილტონმა თავისი კარიერის 52-ე რბოლის კვალიფიკაციაზე მე-17 პოული მოიპოვა. ბატონს რომ რბოლა მეორეზე (ან პოულზე) დაესრულებინა, ხვალინდელი რბოლის მოწინავე სასტარტო რიგს ბრიტანელი პილოტები დაიკავებდნენ, რაც 1995 წლის შემდეგ არ მომხდარა.

დღევანდელი კვალიფიკაცია იმით იყო გამორჩეული, რომ მის ფინალურ სესიაში მონაწილეობის უფლება ვერცერთმა ”ფერარიმ” ვერ მოიპოვა. უფრო მეტიც, ჯანკარლო ფიზიკელა ისევ ბოლო ადგილზე ჩარჩა (რაც ფერარიშია, ამას მიგვაჩვია). სამაგიეროდ, ათეულში ”ტორო როსოს” შვეიცარიელი სებასტიან ბუემი შევიდა.

ნარბოლევს ფიზიკელამ დაიჩივლა - პირველი ორი სექტორის შემდეგ რაიკონენთან მხოლოდ მეათედ წამს ვაგებდი, მაგრამ ბოლოზე მანქანა საჭეს გაჭირვებით ემორჩილებოდაო. ასეა თუ ისე, მის მსგავსად, ამჯერად კიმიც ჩაფლავდა, თუმცა ამან მეორე სესიაზე მაინც იასპარეზა.

სამაგიეროდ, მეორე სესიაზე გამოსვლის უფლება ვერ მოიპოვა ფერნანდო ალონსომ, ვინც მერმის ”სკუდერიაში” რაიკონენს შეცვლის. მან მე-16 დრო აჩვენა, რაც ამ სეზონში მისთვის ყველაზე უარესი შედეგია. დაბოლოს, იმის გამო, რომ გადაცემათა კოლოფი დაუზიანდა, მხოლოდ მე-13 დროს დასჯერდა კოვალაინენი, ვინც შაბათის თავისუფალ პრაქტიკაზე უსწრაფესი იყო. ახლა კი, კოლოფის გამოცვლის გამო, კიდევ 5 ადგილს დაკარგავს.

პილოტი, ქვეყანა, გუნდი 1 სესია 2 სესია 3 სესია

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:39.873 1:39.695 1:40.948

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:40.666 1:39.984 1:41.615

3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო) 1:40.667 1:40.272 1:41.726

4. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:40.574 1:40.421 1:41.786

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:40.378 1:40.148 1:41.892

6. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:40.517 1:40.373 1:41.897

7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:40.520 1:40.545 1:41.992

8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:40.558 1:40.635 1:42.343

9. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:40.842 1:40.661 1:42.583

10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:40.908 1:40.430 1:42.713

11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:41.100 1:40.726

12. კამუი კობაიაში (იაპონია, ტოიოტა) 1:41.035 1:40.777

13. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 1:40.808 1:40.983

14. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:41.096 1:41.148

15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:41.503 1:41.689

16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:41.667

17. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:41.701

18. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:41.863

19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:41.950

20. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:42.184

Friday, October 30, 2009

აბუ დაბიში ”მაკლარენი” ბრწყინავს

Abu Dhabi Grand Prix

30 ოქტომბერი

აბუ დაბის დიდი პრიზის პარასკევის ორივე თავისუფალი პრაქტიკა ”მაკლარენის” პილოტების დომინირებით ჩატარდა. ამასთან, პირველ პრაქტიკაზე თუ ყველაზე სწრაფი ლუის ჰამილტონი იყო, მეორეზე საუკეთესო დრო ჰეიკი კოვალაინენმა (ფოტოზე) აჩვენა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მეორე სესია საღამოს, ხელოვნური განათების შუქზე ჩატარდა, თავისი თანაგუნდელის მიერ წინა სესიაზე დაფიქსირებული საუკეთესო შედეგი ორწამნახევარზე მეტით გააუმჯობესა.

მსოფლიოს ახალმა ჩემპიონმა ჯენსონ ბატონმა მეორე და მესამე შედეგები დააფიქსირა. შესაბამისად, მესამე და მეოთხე შედეგები ჰქონდა ჩემპიონატში მეორე ადგილზე მყოფ სებასტიან ფეტელს.

პირველი სესიის მიწურულს, ბატონსა და ჰამილტონს შორის ისეთი ბრძოლა გაჩაღდა, გეგონებოდათ, კვალიფიკაციაზე ასპარეზობენო. საბოლოოდ, შარშანდელმა ჩემპიონმა წლევანდელს თითქმის წამის მეათედით აჯობა. მეორე სესიაზეც თითქმის იგივე განმეორდა, თუმცა მის დასრულებამდე, ორი ბრიტანელის პაექრობაში კოვალაინენი ჩაერია, რომელმაც ორივეს აჯობა და ცხრილსაც სათავეში მოექცა. ჰამილტონი კი ამჯერადაც ბატონზე სწრაფი გამოდგა.

შებინდებულზე რბოლა თითქმის ყველა პილოტმა მოიწონა. განსაკუთრებით კმაყოფილი კი ჰამილტონი დარჩა: ”ძალიან საინტერესო იყო შწბინდებისას რბოლა. განსხვავება მანამ ვერ ვიგრძენი, სანამ ხელოვნური განათება ჩაირთვებოდა. ტრასა ძალიან მომწონს. ეტყობა, რომ ჩვენი მანქანა აქ კონკურენტუნარიანი იქნება”.

მეორე სესიაზე, ყველასათვის მოულოდნელად, მეხუთე შედეგი ”ტოიოტას” იაპონელმა კამუი კობაიაშიმ აჩვენა, ვინც ტრავმირებულ ტიმო გლოკს ცვლის. სამაგიეროდ, მეორე პრაქტიკის წინ ძრავი დაეწვა რობერტ კუბიცას, რის გამოც, მან სულ რამდენიმე წრის გავლა მოასწრო და ყველაზე ცუდი შედეგიც დარჩა.

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:43.939

2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:44.035

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:44.153

4. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:44.207

5. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:44.667

6. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:44.687

7. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:44.688

8. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო) 1:44.805

9. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:44.955

10. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:44.958

11. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:44.988

12. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 1:45.123

13. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:45.649

14. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:45.679

15. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:45.704

16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:45.865

17. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:46.239

18. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:46.267

19. კამუი კობაიაში (იაპონია, ტოიოტა) 1:46.364

20. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:46.411

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 1:41.307

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:41.504

3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:41.541

4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:41.591

5. კამუი კობაიაში (იაპონია, ტოიოტა) 1:41.636

6. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:41.683

7. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო) 1:41.684

8. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:41.831

9. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:41.931

10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:41.987

11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:42.180

12. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:42.245

13. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:42.278

14. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:42.409

15. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია,ფორს ინდია) 1:42.530

16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:42.782

17. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფერარი) 1:42.932

18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:43.021

19. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:43.022

20. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:43.708

Monday, October 26, 2009

ნიუი სეზონს აფასებს

Adrian Newey

26 ოქტომბერი

ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ”რედ ბულის” ტექნიკური დეპარტამენტის შეფი ედრიან ნიუი უკვე აჯამებს მის შედეგებს და თვლის, რომ მისმა გუნდმა დიდი ნაბიჯით წაიწია წინ.

”ჩვენთვის ეს სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგა. როგორც იქნა, გამარჯვებას გემო გავუსინჯეთ და კვარცხლბეკზეც ხშირად ავდივართ. გუნდისთვის ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. რეგლამენტში შეტანილმა ცვლილებებმა ჩვენს სასარგებლოდ იმუშავა. სმ დროს მნიშვნელობა ჰქონდა, თუ რამდენად ვისარგებლებდით ამ ცვლილებით. ჩვენ ეს შევძელით.

სეზონი ორმაგი დიფუზორის გარეშე დავიწყეთ, რადგან მის ლეგალობაში არ ვიყავით დარწმუნებული. თითქმის ნახევარი სეზონი დაგვჭირდა იმისათვის, რომ ასეთი დიფუზორი მანქანის კონსტრუქციის განუყოფელ ნაწილად გვექცია. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატი ამ დროს რომ დაწყებულიყო, ჩვენ მის მოგებას შევძლებდით. თუმცა, ორმაგი დიფუზორის გარეშეც, მანქანა ძალიან კარგი იყო.

მიმაჩნია, რომ 1983 წლის შემდეგ, ტექნიკური რეგლამენტი ასე რადიკალურად პირველად შეიცვალა. მანქანის პროექტირება ცარიელი ფურცლიდან დავიწყეთ. ბევრი რამ იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რამდენად გვქონდა სრულიად ახალი ტექნიკის შექმნის უნარი. ეს სულ სხვაა, ვიდრე მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალების სრულყოფის მოსაწყენი პროცესი.

აეროდინამიკაში ჩვენ ინტენსიურად ვიყენებთ კომპიუტერული მოდელირების პროცესს. მე პროგრამისტი არ ვარ, თუმცა ამ პროცესს სრულად ვაკონტროლებ. კომპიუტერული მოდელირების დროს მიღებულ შედეგების გაანალიზება კი ჩემი პრეროგატივაა, რის შემდეგაც ჩანაფიქრი ფურცელზე გადამაქვს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შესანიშნავი ინჟინრების გუნდი გვყავს, რომლის ერთი წევრი მეც ვარ.

რეგლამენტი მომავალი სეზონისთვისაც იცვლება, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვნად არა, როგორც ამ სეზონის წინ. იკრძალება რბოლის დროს საწვავის შევსება, ქინა საბურავები კი ოდნავ შევიწროვდება. სულ ეს არის. ამჯერად იმდენი სამუშაო აღარ გველის. მანქანას თავიდანვე ორმაგი დიფუზორის გათვალისწინებით ვქმნით. უკვე არსებული კონსტრუქციის გადაკეთება აღარ მოგვიწეგვს. საერთო ჯამში, ახალი მანქანა წლევანდელის ევოლუციური ვერსია იქნება.

მაგრამ მისი შექმნის პროცესში გარკვეული პრობლემების გადაწყვეტა მოგვიწევს. მთავარი ისაა, რომ საწვავის შევსების აკრძალვის გამო, მნიშვნელოვნად გაიზრდება ავზების მოცულობა. ის უფრო გრძელი და განიერი გახდება. ამას კი შედეგადბაზის დაგრძელება მოჰყვება. შემცირდება ადგილი რადიატორებისთვისაც. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს არცთუ ისეთ სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის, როგორებსაც ამ სეზონის წინ წავაწყდით.

ახალ სეზონში, რბოლების დასაწყისში, სავსე ავზების გამო, მანქანები მნიშვნელოვნად დამძიმებულები იქნება. ამიტომ, გაიზრდდება დატვირთვები საბურავებსა და მუხრუჭებზე. საბურავების მუშაობას ჩვენ ყველაზე ნაკლებად ვაკონტროლებთ. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ გარე მიმწოდებლისგან ვღებულობთ და მათ შესახებ ინფორმაციაც ნაკლები გვაქვს. ვფიქრობ, ამ მხრივ, უკეთეს მდგომარეობაში არც სხვა გუნდები არიან.

რა თქმა უნდა, ძალიან გვინდოდა ამ ჩემპიონატის მოგება. ეს თითქმის გამოგვივიდა კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, დაწევა მაინც ვერ შევძელით. და მაინც, ხუთი გამარჯვება სერიოზული წინსვლაა”.

ჰამილტონი სეზონის გამარჯვებით დასრულებას აპირებს

Hamilton aims to finish season with win

26 ოქტომბერი

ლუის ჰამილტონი თვლის, რომ აბუ დაბის ახალთახალი ტრასა ”მაკლარენის” მანქანის მახასიათებლებს საუკეთესოდ მიესადაგება და იმედოვნებს, რომ მიმდინარე სეზონს გამარჯვებით დაასრულებს.

”სეზონის მეორე ნაწილი ფანტასტიკურად ჩავატარეთ და კარგი იქნება, თუ სეზონს მოგებით დავასრულებთ. ამით, ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში, უფრო მოტივირებულები ვიქნებით”, - ამბობს ჰამილტონი, ვინც ბოლო შვიდ რბოლაში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა.

”ყველა ნიშანია იმისა, რომ აბუ დაბის ტრასა ჩვენს მანქანას შეეფერება. მასზე რამდენიმე ნელი მოსახვევია, რომლებსაც გრძელი სწორი მოსდევს. ამიტომ, სისტემა კერს-ი ეფექტურად იმუშავებს და სხვებთან უპირატესობას მოგვანიჭებს. ისე ჩანს, რომ ამ სისტემას მომავალში აღარ გამოვიყენებთ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მისთვის ბოლო რბოლას გამარჯვებით აღვნიშნავთ”, - დასძენს ჰამილტონი.

ბოლო ეტაპის წინ, კონსტრუქტორთა პირველობაზე, ”მაკლარენი” მესამე ადგილზეა და მხოლოდ ერთ ქულას უგებს თავის ძველ მეტოქე ”ფერარის”. რაც მთავარია, ინგლისურ გუნდს რამდენიმე უპირატესობა აქვს: ჯერ ერთი, მისი პირველი პილოტი (ჰამილტონი) ძლიერ მოტივირებულია, რასაც ალბათ ვერ ვიტყვით ”ფერარის” კიმი რაიკონენზე, რომელსაც ამ სეზონის ბოლოს ”სკუდერიას” დატოვება უწევს. მეორე პილოტების დონეზეც უპირატესობა ინგლისურ გუნდს აქვს - მის ჰეიკი კოვალაინენს ქულებითვის ბრძოლის მეტი შანსი აქვს, ვიდრე იტალიელ ჯანკარლო ფიზიკელას, ვინც ”ფერარიში” გადასვლის შემდეგ, მაჩანჩალათა შორისაა. და რაც მთავარია, დღეისათვის ”მაკლარენის” მანქანა ”ფერარისას” სჯობს...

კოვალაინენსაც ალბათ ამ სეზონის ბოლოს ”მაკლარენის” დატოვება მოუწევს, თუმცა ის აცხადებს, რომ გუნდს მესამე ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარება:

”ბრაზილიაში კარგად ვიასპარეზე, აბუ დაბიში კი ქულების აღებას ვაპირებ და ვფიქრობ, ჩვენი გუნდი მესამე ადგილის შენარჩუნებას შეძლებს. ტრასის შესახებ ის ვიცი, რომ დაინტერესოა - სტარტის ზოლის წინ, მასზე რამდენიმე სწრაფი მოსახვევია, შემდეგ კი ნელი, ტექნიკური სეგმენტი იწყება. ტრასას იმასაც ვატყობ, რომ მასზე გასწრება იოლი არ იქნება. მთლიანობაში კი ტრასა შესანიშნავ გარემოშია და იქ რბოლა ძალიან სასიამოვნო უნდა იყოს”.

Sunday, October 25, 2009

ლოები მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი

Rally of Great Britain

25 ოქტომბერი

ფრანგი სებასტიან ლოების ტრიმფით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპი - ბრიტანეთის რალი, რისი წყალობითაც, მან მეექვსედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

სამხრეთ უელსის ტყეებში ასპარეზობის წინ, ჩემპიონატს ფინელი მიკო ჰირვონენი ლიდერობდა, ვინც ლოებს ერთადერთი ქულით უგებდა. იმისათვის, რომ მეექვსედაც გამხდარიყო ჩემპიონი, ლოებს ისიც ჰყოფნიდა, რომ რბოლა ჰირვონენზე წინ, ქულებში დაესრულებინა - ქულების თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში, ლოები ჩემპიონი ხდებოდა, რადგან მას მეტი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

საბოლოოდ კი ლოებს ქულების და გამარჯვებების ანგარიში აღარ დასჭირდა - სამი დღის ჯამში, თავის მთავარ მეტოქეს წუთზე მეტი მოუგო და ჩემპიონიც გახდა. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ჩემპიონის რანგში იასპარეზა ლოების გუნდმა ”სიტროენმა”, რომელმაც კონსტრუქტორთა თასი ჯერ კიდევ წინა ეტაპზე - ესპანეთში გაინაღდა.

”ეს მეექვსე ტიტულია, მაგრამ მისი მოპოვებითაც ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორც პირველი გამარჯვების შემდეგ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მიკო ძალიან ძლიერი იყო და ამჯერად ჩემპიონი დიდი ბრძოლის შემდეგ გავხდი. მთელი სეზონის განმავლობაში, სულის მოთქმის საშუალება არ მქონია”, - განაცხადა ლოებმა, ვინც კარიერაში 54-ე გამარჯვება მოიპოვა.

რბოლის მესამე დღეს სულ სამი სპეცმონაკვეთი იყო გასავლლი. პირველი ორის შემდეგ, ჰირვონენმა ლიდერთან 30-წამიანი ჩამორჩენა 12 წამით შეამცირა და ისე ჩანდა, რომ ბოლო ორ სპეცზე მეტოქეს დიდ ბრძოლას გაუმართავდა, მაგრამ მესამეზე მის ”ფორდს” კაპოტის სამაგრი დაუზიანდა, რაზეც მან თითქმის ერთი წუთი დაკარგა და ჩემპიონობის შანსიც ხელიდან გაუშვა.

”ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ მომავალი სეზონისთვის უკეთ მოვემზადო. ეს ჩემთვის საუკეთესო სეზონი იყო, მაგრამ ბოლოს გაწბილებული დავრჩი. რაც შემიძლია, ყველაფერს ვეცდები, რომ მერმის ერთი საფეხურით წინ წავიწიო”, - განაცხადა ჰირვონენმა.

თავის მხრივ, მერმის კვლავ ჩემპიონობას უმიზნებს ლოებიც, ვისაც ძალიან უნდა, რომ მიხაელ შუმახერივით, მსოფლიოს ჩემპიონი შვიდჯერ გახდეს. სხვათა შორის, იყო შანსი იმისა, რომ ლოებს ფორმულა ერთის მიმდინარე სეზონის ბოლო ეტაპზე - აბუ დაბის დიდ პრიზზე ეასპარეზა, მაგრამ გაუგებარი მიზეზების გამო, მან სუპერლიცენზიის მიღება ვერ შეძლო...

ბრიტანეთის რალის საბოლოო შედეგები

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3:16:25.400

2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) +01:06.100

3. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 01:07.100

4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 01:28.100

5. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 06:28.000

6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 07:46.000

7. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 12:11.900

8. კონრად რაუტენბახი (ზიმბაბვე, სიტროენი) 14:27.800

9. ეივინდ ბრინილდსენი (ნორვეგია, შკოდა) 22:22.700

10. არმინდო არაუჟო (პორტუგალია, მიცუბიში) 24:18.800

საბოლოო კლასიფიკაცია

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი) - 93 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი) - 92; 3. დანიელ სორდო (ესპანეთი) - 64; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი) - 41; 5. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი) - 35; 6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია) - 33; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი) - 28; 8. სებასტიან ოჟიერი (საფრანგეთი) - 24; 9. ფედფერიკო ვილაგრა (არგენტინა) - 16; 10. კონრად რაუტენბახი (ზიმბაბვე) - 9; 11. მადს ოსტბერგი (ნორვეგია) - 7; 12. ხალიდ ალ ყასამი (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) - 6; 13. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი) - 4; 14. კრის ატკინსონი (ავსტრალია) - 4; 15. მატი რანტანენი (ფინეთი) - 4; 16. კრჟიშტოფ ჰოლოვჩიკი (პოლონეთი) - 3; 17. იარი კეტომაა (ფინეთი) - 2; 18. ურმო აავა (ესტონეთი) - 1; 19. ნასერ ალ-ატია (ყატარი) - 1; 20. ლამბროს ათანასულასი (საბერძნეთი) - 1

კონსტრუქტორთა პირველობა

1. სიტროენ ტოტალ WRT - 167 ქულა; 2. BP-ფორდ აბუ დაბი WRT - 140; 3. შტობარტ VK M-სპორტ ფორდ WRT - 80; 4. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 47; 5. მუნჩი'ს ფორდ WRT - 23

”მაკლარენი” მტაცებლობას არ აპირებს

McLaren

25 ოქტომბერი

ბრიტანულმა გამოცემა ”დეილი მეილმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ”მაკლარენი” მსოფლიოს ახალი ჩემპიონის, ბრიტანელი ჯენსონ ბატონის გადაბირებას ცდილობს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ბატონით დაინტერესებას ინგლისური გუნდის ტიტულოვანი სპონსორი - სატელეკომუნიკაციო გიგანტი ”ვოდაფონი” ავლენს, რომელსაც თითქოს, ”მაკლარენში” ერთბაშად ორი ბრიტანელი ჩემპიონის ხილვა სურს.

”დეილი მეილი” ირწმუნებოდა, რომ ბატონსა და ”ბრაუნს” შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ ხერხდება, რადგან ჩემპიონმა იმაზე მეტი ხელფასი მოითხოვა, რისი გაღებაც კონსტრუქტორთა პირველობის გამარჯვებულს შეუძლია.

გავრცელებულ ინფორმაციას ”ვოდაფონის” ერთ-ერთი ხელმძღვანელის გამონათქვამიც ამტკიცებდა - ”ნებისმიერი გუნდი ისურვებდა ორი ჩემპიონის ყოლას”. მაგრამ კიმი რაიკონენიც ხომ ჩემპიონია?

მოკლედ, მალე გაირკვა, რომ ”დეილი მეილის” ინფორმაცია უსაფუძვლოა და მისი მიზანი, ხმაურიანი სათაურით მკითხველის ყურადღების მიქცევა იყო - ”მერსედეს-ბენც მოტორშპორტის” შეფმა ნორბერტ ჰაუგმა განაცხადა, რომ ”მაკლარენი” მეტოქე გუნდებისთვის პილოტების აწაპვნას არ აპირებს.

რა თქმა უნდა, ინგლისური გუნდის სახელით, მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი უნდა ლაპარაკობდეს. ჰაუგი კი სწორედ ”მაკლარენის” ერთ-ერთი ხელმძღვანელია, რადგან გერმანულ კომპანიას ინგლისური გუნდის აქციების 40 პროცენტი ეკუთვნის. პარალელურად, ”სამქიმიანები” ”ბრაუნის” პარტნიორებიც ხდებიან და ბუნებრივია, მათთვის ჩემპიონის წართმევა მათს ინტერესებში არ შედის.

ჰაუგი ასევე აღიარებს, რომ ”მაკლარენი” კიმი რაიკონენის გადაბირებითაცაა დაინტერესებული. თუმცა დასძენს კიდეც, რომ არსებობენ სხვა ტოპ პილოტებიც, რომლებსაც გუნდი სიამოვნებით მიიღებდა. პილოტების არჩევისას კი, მთავარი კრიტერიუმი ის იქნება, თუ რა მიზანი ამოძრავებს მრბოლს - ფული, თუ წარმატების მოტივაცია.

”კიმი კარგი ვარიანტია, მაგრამ ჩვენ სხვა ვარიანტებიც გაგვაჩნია. ერთ რამეში დარწმუნებულნი ვართ - ბიჭები, რომლებსაც პირველ რიგში ფული აინტერესებთ, ჩვენ არ გვჭირდებიან. ამ შემთხვევაში, სახელს მნიშვნელობა არ აქვს. ამჟამად ვინაობის დასახელება არ მინდა, მაგრამ დარწმუნებით მაინც ვიტყვი, რომ ჩვენ მხოლოდ კარგ შედეგებზე ორიენტირებული პილოტი გვჭირდება და არა ის, ვინც მოვა და გვეტყვის - მე სახელოვანი ვარ და თუ სოლიდურ თანხას გადამიხდით, თქვენთვის გავირჯები. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად მოტივირებულია პილოტი”, - ამბობს ჰაუგი და დასძენს, რომ ამ სეზონის მეორე ნაწილში ”მაკლარენის” კარგი გამოსვლა იმის იმდს იძლევა, რომ მერმის გუნდი კვლავ პირველობისთვის იბრძოლებს.

”ჩვენ დავამტკიცეთ, რომ კონკურენტუნარიანები ვართ - ლუისმა რბოლები მოიგო და ის ბიჭები დაამარცხა, რომლებიც ტიტულისთვის იბრძოდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდება”, - ამბობს ჰაუგი.

Saturday, October 24, 2009

ლოებმა ლიდერობა გაზარდა

Rally of Great Britain

24 ოქტომბერი

მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპის - ბრიტანეთის რალის მეორე დღის შემდეგ, ფრანგი სებასტიან ლოები მეექვსე ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. იგი თავის მთავარ მეტოქეს, ჩემპიონატის ფინელ ლიდერ მიკო ჰირვონენს 30 წამს უგებს.

მეორე დღის პირველი სპეცმონაკვეთის შემდეგ, ჰირვონენმა ლოებთან ჩამორჩენა, რომელიც პირველი დღის შემდეგ 5 წამს შეადგენდა, 2.9 წამამდე შეამცირა, მაგრამ აქედან მოყოლებული, ფრანგმა სამხრეთ უელსის ტალახიანსა და ნისლით დაფარულ გზებზე სრული ჰეგემონია დაამყარა.

მესამე დღის ოთხ სპეცმონაკვეთზე ჰირვონენს ძალიან გაუჭირდება ჩამორჩენის აღმოფხვრა, რადგან ტალახიან გზაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ლობი, როგორც ლიდერი, ტრასაზე პირველი გადის. ამ დროს გზა შედარებით გასწორებულია, ყოველი ეკიპაჟის გავლის შემდეგ კი მისი კონდიცია უარესდება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატს ჰირვონენი ერთქულიანი უპირატესობით ლიდერობს. მაგრამ ლოებისთვის ნებისმიერი შედეგი მისაღებია, თუ ის რბოლას ფინელზე წინ დაასრულებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ფრანგს თავის მეტოქეზე მეტი გამარჯვება აქვს მოპოვებული და თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, სწორედ ამ ფაქტორის გამო, უპირატესობა მას მიენიჭება.

”ამ დილით მოსულმა წვიმამ საქმე გამიადვილა. მე უკეთეს გზაზე მიწევს გამოსვლა, ვიდრე დანარჩენებს და ეს სერიოზული უპირატესობაა”, - განაცხადა ლოებმა.

მისგან განსხვავებით, მეტოქის მიერ გაკვალული გზით უკმაყოფილო დარჩა ჰირვონენი, ვინც შიშობს, რომ მის მანქანასაც შეიძლება ისეთივე პრობლემები შეექმნას, როგორიც მის ზოგიერთ თანაგუნდელს ჰქონდა. ეს პრობლემები კი საჭის მექანიზმში წარმოიქმნა.

”გარკვეული მიზეზების გამო, სასურველ შედეგებს ვერ ვაღწევ. რა თქმა უნდა ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამოდის. ზოგ ადგილზე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მანქანას მოხვევა არ სურს. შესაძლოა, ეს საჭის მექანიზმის ბრალია. არ ვიცი. საქმე გამირთულდა. ფაქტია, რომ ხვალ თავის გამოდება მომიწევს”, - განაცხადა ჰირვონენმა.

ბრიტანეთის რალის ორი დღის შემდეგ

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 2:21.400

2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) +00:30.200

3. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 01:20.100

4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 01:44.100

5. სებასტიან ოჟირი (საფრანგეთი, სიტროენი) 04:21.600

6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 05:22.800

7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 06:30.000

8. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 08:02.500

9. კონრად რაუტენბახი (ზიმბაბვე, სიტროენი) 12:00.100

10. აარონ ბურკარტი (გერმანია, სიტროენი) 16:28.200

Friday, October 23, 2009

ჯერჯერობით, ლოები ლიდერობს

Rally of Great Britain

23 ოქტომბერი

ბრიტანეთის, კერძოდ კი სამხრეთ უელსის გრუნტიანი გზები რალის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპს - ბრიტანეთის რალის მასპინძლობს, რომელზეც მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა უნდა გაირკვეს.

რბოლის პირველი დღის სპეცმონაკვეთების შემდეგ, ცხრილს სათავეში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები (სიტროენი) ჩაუდგა, რომელიც ჩემპიონატის ფინელ ლიდერ მიკო ჰირვონენს (ფორდი) სულ ხუთი წამით სჯობნის.

ჩემპიონატის ჩათვლაში, ჰირვონენს ლოებზე ერთი ქულით მეტი აქვს, მაგრამ თუ ისინი სეზონს თანაბარი ქულებით დაასრულებენ, უპირატესობა ფრანგს მიენიჭება, ვისაც მეტი მოგება აქვს.

ტიტულის მოცილეებმა პირველი დღე დანარჩენ მეტოქეებთან 35 წამის უპირატესობით დაასრულეს და როგორც ჩანს, მათს საჩემპიონო დავაში ვერც ვერავინ ჩაერევა.

დღის პირველი სამი სპეცმონაკვეთი ლოებმა მოიგო, თუმცა წვიმით დასველებულ და ნისლით დაბურულ გზებზე, საღამოს სპეცმონაკვეთებზე ჰირვონენმა ჩამორჩენის შემცირება შეძლო.

”საღამოს ძალიან გამიჭირდა. წარმოდგენაც არ მაქვს, რატომ ვიყავი ასეთი ნელი. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ხვალაც ტრასაზე პირველი გავალ. მიკო ძალიან სწრაფია და მასთან პაექრობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს”, - განაცხადა ლოებმა (სურათზე ასპარეზობისას).

ჰირვონენი, რომელიც კარიერაში პირველი ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის, პირველ სამ სპეცმონაკვეთზე მეორე დრო უჩვენა, თუმცა მეოთხესა და მეექვსეზე ყველაზე სწრაფი იყო და ამის წყალობით, ლიდერთან ჩამორჩენა მაქსიმალურად შეამცირა.

”შესანიშნავი ბრძოლა გვაქვს. საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, რბოლა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. კარგით, ამ დილით საუკეთესოდ არ მირბოლია, მაგრამ საღამოს უფრო სწრაფი ვიყავი. ჰოდა, იმედი მაქვს, რომ ხვალაც ასევე გავაგრძელებ”, - განაცხადა ჰირვონენმა.

ბრიტანეთის რალის შედეგები პირველი დღის შემდეგ

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 1:15:22.100

2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) +00:05.300

3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 00:40.500

4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 00:41.600

5. სებასტიან ოჟირი (საფრანგეთი, სიტროენი) 02:41.300

6. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 02:50.100

7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 03:23.000

8. კონრად რაუტენბახი (ზიმბაბვე, სიტროენი) 04:54.600

9. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 06:50.100

10. ეივინდ ბრინილდსენი (ნორვეგია, შკოდა) 07:52.000

FIA-ს პრეზიდენტი ჟან ტოდტი გახდა

Todt elected FIA president

23 ოქტომბერი

”ფერარის” ყოფოლი დირექტორი, ფრანგი მენეჯერი ჟან ტოდტი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ახალი პრეზიდენტია. პრეზიდენტის არჩევნებში, ტოდტმა დიდი უპიტარესობით დაამარცხა თავისი ერთადერთი კონკურენტი - რალიში მსოფლიოს ერთგზის ჩემპიონი, ფინელი არი ვატანენი.

კენჭისყრაზე ტოდტმა, ვისაც მხარს ყოფილი პრეზიდენტი, ბრიტანელი მაქს მოსლი უჭერდა, 135 ხმას მოუყარა თავი, მისმა კონკურენტმა კი მხოლოდ 49 ხმა მიიღო. 12 ბიულეტენი გაბათილდა, რადგან მათში კენჭისყრის წესები იყო დარღვეული.

ტოდტის პრეზიდენტად არჩევა ”ძალიან პოზიტიურ მოვლენად” შეაფასა ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, გერმანელმა მიხაელ შუმახერმა, ვინც თავისი ტიტულებიდან ხუთი სწორედ ტოდტთან ერთად ”ფერარიში” ყოფნისას მოიპოვა.

საარჩევნო კამპანიის დასაწყისშივე, ტოდტს მხარი მოსლიმ დაუჭირა. მას ასევე გვერდში დაუდგნენ შუმახერი, FIA-ს ფუნქციონერთა უმეტესობა და ფორმულა 1-ის კომერციულ უფლებათა მეპატრონე ბერნი ეკლსტოუნი.

ვატანენმა, ვინც ყოფილი ევროპარლამენტარია, თავისი პროგრამის მთავარ პრინციპად FIA-ში ძირეული რეფორმების გატარების აუცილებლობა დაასახელა და როგორც ჩანს, მისი მარცხი ამ გარემოებამაც მნიშვნელოვნად განაპირობა. მას სურდა, რომ ფედერაცია მოსლის ხანისგან სრულიად განსხვავებულ ორგანიზაციად გარდაექმნა.

შეგახსენებთ, რომ მოსლი FIA-ს პრეზიდენტის სათავეში 1993 წლიდან იმყოფებოდა.

Thursday, October 22, 2009

უებერი ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებს

Mark Webber

22 ოქტომბერი

”რედ ბულის” ავსტრალიელი პილოტი მარკ უებერი დარწმუნებულია, რომ მერმის გაცილებით კონკურენტუნარიანი იქნება და ჩემპიონობისთვის ბრძოლას შესძლებს.

ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს მას წლევანდელი სეზონი აძლევს, რომელიც მისთვის ყველაზე წარმატებულია. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დაწყებამდე, ველოსიპედით ვარჯიშისას დაეცა და სერიოზული ტრავმები მიიღო, მან მაინც შეძლო ჩემპიონატისთვის მომზადება და ორი რბოლაც (გერმანიასა და ბრაზილიაში) მოიგო. არადა, გერმანიაში გამარჯვების შემდეგ გაირკვა, რომ უებერს ტრავმირებული ფეხის ტკივილები ჯერაც ძლიერ აწუხებდა.

გერმანიაში ტრიუმფის შემდეგ, უებერი ჩემპიონის ტიტულის მაძიებელთა ოთხკაციან სიაში შევიდა და მართალია, მალე ჩემპიონობის შანსებს გამოემშვიდობა, მაგრამ დღეს მეოთხე ადგილზეა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

”იმედი მაქვს, მომავალ სეზონში ჩვენი გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ტიტულამდე ერთი საფეხურით წინ წაწევაღა გვჭირდება. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი. ოღონდ, იმ პირობით, რომ ჩვენ პროგრესს გავაგრძელებთ. სინგაპურამდე მე და სებასტიანს ორიოდე ქულა გვაშორებდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს წინაღობა, რომელიც მერმის ტიტულისთვის ბრძოლაში ხელს შემიშლის.

რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ტიტულისთვის ბრძოლას ადრე გამოვეთიშე, მაგრამ ეს მთავარი არაა. თუ მთლიანად სეზონს გადავხედავთ, საწუწუნო არაფერი მაქვს. ეს ჩემი ბრალი არ არის. მელბურნში ქულა ვერ ავიღე, ვალენსიასა და სპაში პიტლეინზე საჯარიმო შესვლა მომიხდა. წვრილმანებისგან დიდი პრობლემები იქმნება, რის გამოც ჩემპიონატს აგებ.

მაგრამ მეორე მხრივ, ეს გაკვეთილია, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა: რბოლებში წვრილმანები არ არსებობს. ყველაფერი მხედველობაშია მისაღები. ყოველ ქულას, ყოველი რბოლის თითოეულ წრეს დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ მათზე ბოლომდე არ დაიხარჯები, ბოლოს ჩემპიონატს წააგებ. მე 21 წლის აღარ ვარ, მაგრამ ორმოცამდეც ბევრი მიკლია. ასე რომ, მომდევნო სეზონში გაცილებით მეტის მიღწევას ვაპირებ”, - ამბობს უებერი.