FIA-მ ახალი რეგლამენტი გამოაქვეყნა
FIA's new sporting and technical regulations
20 აგვისტო
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) თავის საიტზე მომავალი სეზონისთვის ფორმულა 1-ის სპორტული და ტექნიკური რეგლამენტი გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად საკვალიფიკაციო ფორმატს ეხება და მასში ის ფაქტია გათვალისწინებული, რომ მერმის ჩემპიონატში 13 გუნდის 26 მანქანა იასპარეზებს.
ერთსაათიანი საკვალიფიკაციო რბოლა ისევ სამ ნაწილადაა დაყოფილი. პირველ და მეორე სესიაზე ყველაზე ნელი 8-8 მანქანა ასპარეზობას ეტაპობრივად გამოაკლდება, ფინალურ სესიაში კი ისევ 10 მანქანა იასპარეზებს. პირველი სესია ისევ 20 წუთი გაგრძელდება, მეორე - 15 წუთი, მესამე კი - 10 წუთი.
ფანებისთვის საინტერესო უნდა იყოს ის ფაქტი, რომ მომავალი სეზონიდან, კვალიფიკაციის ათ ყველაზე სწრაფ მონაწილეს რბოლის წინ საწვავის შევსების უფლება მიეცემა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკვალიფიკაციო რბოლის ბოლო სესიაზე ისინი მაქსიმალურად შემსუბუქებული მანქანებით გამოვლენ და ამგვარად, მათი შედეგი სარბოლო ტაქტიკურ მონახაზზე დამოკიდბული აღარ იქნება და ყველა მაქსიმალურად სწრაფ დროს აჩვენებს.
სამაგიეროდ, საწვავის შევსება რბოლის დროს იკრძალება. ამიერიდან, რბოლისას პილოტებს ბოქსში შესვლა მხოლოდ საბურავების შესაცვლელად დასჭირდებათ. ყოველივეს გამო, სტარტზე ყველა მაქსიმალურად სავსე ავზებით გამოვა. ამიერიდან, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად მოკრძალებული აპეტიტი აქვს ძრავებს. ნაკლებად ხარჯიანი ძრავები (ტოიოტა?) პილოტებს სოლიდურ უპირატესობას მიანიჭებს.
სამაგიეროდ, კვლავ შეიცვლება შასის კონსტრუქცია. სავარაუდოდ, უფრო დიდი ავზის გამო, დაგრძელდება ავტომობილების ბაზა, რაც თავის მხრივ, საკიდარის და აეროდინამიკური პაკეტის ცვლილებას გამოიწვევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდების უმეტსობას მომავალი სეზონი მანქანების სუფთა ფურცლიდან დაპროექტება მოუწევს.
კვლავ შეზღუდულია ტესტები. სეზონის განმავლობაში, თითო გუნდს ავტომობილების გამოსაცდელად 15 000 კილომეტრის (მანქანების რაოდენობაზე არაფერია ნათქვამი) გავლის უფლება ეძლევა. ტესტები იკრძალება სეზონის პირველი ეტაპისწინა კვირის ორშაბათიდან 31 დეკემბრამდე.
სეზონის განმავლობაში, დაშვებულია რვადღიანი გამონაკლისი, რომელთა დროსაც, გუნდებს მხოლოდ აეროდინამიკის გამოცდების უფლება და ისიც, მხოლოდ სწორ მონაკვეთზე ეძლევათ. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ტესტებისთვის სამი დღე ეძლევათ იმ გამოუცდელ პილოტებს, რომლებსაც არაუმეტეს ორ დიდ პრიზზე მიუღიათ მონაწილეობა.
ავტომობილების მინიმალური წონა 620 კილოგრამამდე იზრდება. ამაში შედის კერს-ის წონაც, რომელიც კვლავ დაშვებულია, თუმცა FOTA-ს (ფორმულა ერთის გუნდების ასოციაცია) გუნდები შეთანხმებულნი არიან, რომ მას არ გამოიყენებენ. კვლავ დაშვებულია საბურავების სტატიკურად გასახურებელი თერმოშალითების გამოყენება.
FIA უარს ამბობს ორდონიან ფორმულა 1-ზე, რომელიც სხვადასხვა რეგლამენტებს აწესებდა გუნდებისთვის, რომლებიც საბიუჯეტო ჭერში ჩატევას დასთანხმდებოდნენ და იმ გუნდებისთვის, რომლებიც ამ შეზღუდვაზე უარს იტყოდნენ. ეს თემა ფედერაციასა და FOTA-ს შორის განხეთქილების ძირითადი საბაბი იყო, რომლის გამოც, ასოციაციაში შემავალი გუნდები ალტერნატიული ჩემპიონატის ორგანიზებით იმუქრებოდნენ.
No comments:
Post a Comment