კოვალაინენი: ცოტა ზედმეტი მომივიდა
Heikki Kovalainen
22 აგვისტო
საკვალიფიკაციო რბოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე ”მაკლარენის” ფინელმა პილოტმა ჰეიკი კოვალაინენმა განაცხადა, რომ სესიის ბოლო წრეზე დაშვებული შეცდომა პოულის დაკარგვად დაუჯდა.
”ყველაფერი შეიძლებოდა გაცილებით უკეთ დამთავრებულიყო, მაგრამ ცოტა ზედმეტი მომივიდა. კვალიფიკაციაზე რისკია საჭირო. ჰოდა, ზღვარზე რომ არ მევლო, სამ-ოთხ პოზიციას თავისუფლად დავკარგავდი. ასე კი, წინ მხოლოდ ერთი გავუშვი და ისიც ლუისი. ნებისმიერ შემთხვევაში, ხვალინდელი რბოლის დასაწყებად, მეორე ადგილი შესანიშნავი პოზიციაა. მთავარი ისაა, რომ შესამჩნევ პროგრესს მივაღწიეთ და ეს იმ ბიჭების დამსახურებაა, რომლებიც ბაზაზე თავდაუზოგავად მუშაობენ. თითებს გადავაჯვარედინებ და იმედს გამოვთქვამ, რომ მათი ძალისზმევა ხვალაც ნაყოფიერი იქნება”, - ამბობს კოვალაინენი და დასძენს:
”სეზონის დასაწყისი ძალიან ძნელი იყო. მაგრამ ჩვენ მანქანა გავაუმჯობესეთ და ახლა ისევ პოულისა და მოგებისთვის ვიბრძვით. ვალენსიაში ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა. ყველას ძალიან მჭიდრო შედეგები გვაქვს და ძალიან რომ მომენდომებინა, პოულსაც მივაღწევდი. მაგრამ ცოტა ზედმეტი მომივიდა, ბოლო მოსახვევში შევცდი, თორემ პოული ჩემი იქნებოდა. ვფიქრობ, რბოლაში კარგი შედეგის იმედი შეიძლება გვქონდეს. ამ ტრასაზე კერს-ს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოსახვევების სიმრავლე ამ სისტემის ეფექტურად გამოყენების საშუალებას გვაძლევს. ჩვენ ამ სისტემის ახალი კომპონენტები გამოვცადეთ, მაგრამ იმედები არ გაგვიმართლდა, რის გამოც ისევ ნაცად ვარიანტს დავუბრუნდით”.
No comments:
Post a Comment