ვალენსიაში ”მაკლარენი” ახალი აეროდინამიკით გამოვა
McLaren
19 აგვისტო
უნგრეთში მოპოვებულმა გამარჯვებამ ”მაკლარენი” მადაზე მოიყვანა და ახლა, ინგლისური გუნდი არ მალავს, რომ ვალენსიაშიც მოსაგებად ჩადის, ამ მიზნის მიღწევაში კი მას ახალი აეროდინამიკური ელემენტები უნდა დაეხმაროს, რომლების გამოყენებასაც გუნდი თავისუფალი პრაქტიკებიდანვე შეუდგება.
გუნდის შეფი მარტინ უიტმარში ამბობს, რომ პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე ლუის ჰამილტონისა და ჰეიკი კოვალაინენის მანქანებზე სხვადასხვა აეროდინამიკურ პაკეტს დააყენებენ, შემდეგ მოხდება მანქანების მოქმედებაზე მათი გავლენის შეფასება, მეორე პრაქტიკაზე კი ორივე მანქანა ტრასაზე ერთნირი პაკეტით გავა.
”პირველ პრაქტიკაზე ჩვენ ჰამილტონის მანქანას ახალ წინა ფრთას დავუყენებთ, კოვალაინენისას კი მანქანის ძირის შეცვლილი უკანა ნაწილი ექნება. მეორე სესიაზე, ამ სიახლეებს ორივე მანქანაზე გამოვცდით”, - გვიამბობს უიტმარში და დასძენს, რომ მისი გუნდის პილოტებისთვის ყველაზე მომგებიანი კერს-ის სისტემა იქნება, რომელსაც, იმ დროს, როდესაც ”მაკლარენის” ბოლიდები სხვა პარამეტრებით ლიდერებს მიუახლოვდნენ, მათთან ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
”დღეს უკვე აშკარაა, რომ კერს-ი უპირატესობას გვანიჭებს. ამ სისტემის წყალობით, წრეზე დროს ვაუმჯობესებთ, ასევე მეტოქეებთან მცირე უპირატესობა გვაქვს შეტევის და თავდაცვის დროსაც. ასე რომ, თუ შევძლებთ ლიდერებთან ახლოს ყოფნას, კერს-ის მეშვეობით, მცირე უპირატესობას მივიღებთ”, - ამბობს უიტმარში და დასძენს:
”სეზონის დასაწყისში, ჩვენ მოწინავეებს მეტისმეტად ჩამოვრჩებოდით და ამიტომ, კერს-ის ეფექტი არც ისე შესამჩნევი იყო. მაგრამ ახლა, როცა ჩამორჩენა შევამცირეთ, ამ სისტემის უპირატესობა აშკარად საგრძნობია. ის სტარტზევე დაწინაურების საშუალებას გვაძლევს, რაც სოლიდური უპირატესობაა და გუნდსაც და პილოტებსაც მოტივაციას უძლიერებს”.
No comments:
Post a Comment