ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, July 31, 2009

შუმი ტესტებით კმაყოფილია

Michael Schumacher

31 ივლისი

ბიბისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არაა გამორიცხული, რომ მიხაელ შუმახერს ”ფერარი F60-ის” ერთი დღით ტესტირების უფლება მიეცეს. იმის გამო, რომ მოქმედი წესების მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, გუნდებს ტესტირების უფლება არ აქვთ, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ძველი და თანაც, დაქირავებული ბოლიდით გადის მზადებას.

როგორც ინგლისური სააგენტო იტყობინება, ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციამ (FOTA) თანხმობა განაცხადა იმაზე, რომ შუმახერს წლევანდელი ბოლიდის გამოცდის უფლება მიეცეს. მაგრამ ამისათვის FOTA-ს თანხმობა საკმარისი არაა, რადგან გამონაკლისის დასაშვებად, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) სანქციაა საჭირო.

მაგრამ სანამ ეს მოხდება, გერმანრლი პილოტი მუჯელოს ტრასაზე ინდივიდუალურ მზადებას დაქირავებული ”ფერარი F2007-ით” განარძობს. გუშინ მან 67 წრე გაიარა. პირველი სატესტო დღის განმავლობაში კი, მისი საუკეთესო შედეგი წუთი და 23.736 წამი იყო.

”ძალიან მიხარია, რომ ტრასას დავუბრუნდი. მართალია, ამ ეტაპზე მზადება ორი წლის წინანდელი და თანაც, დაქირავებული მანქანით დავიწყე, რომელიც GP2-ის სლიკებითაა აღჭურვილი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, ჩემს მიერ ნაჩვენები შედეგების შეფასებას აზრი არ აქვს. სამაგიეროდ, ორი-სამი წრის შემდეგ, სტაბილური დროები მქონდა და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. ორი-სამი ასეთი ტესტის შემდეგ ვნახავ, როგორი რეაქცია ექნება ამას ჩემს სხეულზე და კუნთებზე”, - ამბობს შუმახერი (სურათზე მუჯელოზე ტესტირებისას).

გუშინვე, ”ფერარიმ” დაადასტურა ბიბისის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შუმახერისთვის F60-ით ტესტირების უფლება ითხოვა. ისიც აღინიშნა, რომ FOTA-ს წევრებს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. სამაგიეროდ, უცნობია, რა რეაქცია ექნებათ ”უილიმსსა” და ”ფორს ინდიას”, რომლებსაც ასოციაციის წევრობა შეჩერებული აქვთ - მათი თანხმობის გარეშე შუმახერი F60-ით ტესტირების უფლებას ვერ მიიღებს.

შუმახერმა მზადება დაიწყო

Michael Schumacher

31 ივლისი

ფოტო არქივიდან (სან მარინო 2006)

.......................................................................

მიხაელ შუმახერმა ფორმულა 1-ში დაბრუნებისთვის მზადება დაიწყო - ის უკვე ეწვია კომპანიის მარანელოს შტაბ-ბინას, სადაც პირველ რიგში, სტატიკური სიმულატორის საჭეს მიუჯდა, რათა მართვის იმ სისტემებთან მუშაობას მიეჩვიოს, რომლებიც საჭის რგოლზეა გამოტანილი.

მერე კი, 2007 წლის ბოლიდი დაიქირავა და დღეს დილით მუჯელოს ტრასაზე დაიწყო ვარჯიში. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ამბობს, რომ ვარჯიშის დროს, რაც მეტი კილომეტრის გავლას შესძლებს, მით უკეთესი მისთვის.

წლევანდელი ბოლიდის გამოცდას ის იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ ახერხებს, რომ რეგლამენტით, გუნდებს თავიანთი იმ მანქანების ნებისმიერი სახის ტესტირება ეკრძალებათ, რომლებითაც მათი პილოტები ჩემპიონატში ასპარეზობენ.

”იმის გამო, რომ ფორმულა ერთში ტესტირება აკრძალულია, მე სავარჯიშოდ მანქანის დაქირავება მიწევს. მართალია, შარშანდელი და მითუმეტეს, წლევანდელი მანქანის დაქირავება შეუძლებელია, მაგრამ ჩემთვის ახლა მთავარი პრაქტიკაა. ვალენსიას ეტეპის წინა პერიოდს მე მთლიანად მზადებას დავუთმობ”, - ამბობს შუმახერი, ვინც სარბოლი ”ფერარი” იტალიური კომპანიის შვილობილი ფირმის, ”F1 კლიენტი-სგან” დაიქირავა. ეს კომპანია ცნობილია იმით, რომ კერძო პირებისთვის ფ1-ის ძველ ბოლიდებს აქირავებს. ამჯერად კი მისი კლიენტი თვით ფორმულა ერთის ყველაზე ტიტულოვანი პილოტია.

Thursday, July 30, 2009

”უილიამსი” კერს-ის უარყოფას არ აპირებს

Williams

30 ივლისი

”უილიამსში” არ გამორიცხავენ, რომ შესაძლებელია, მომავალ სეზონში კერს-ის (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) გამოყენება დაიწყონ. ეს იმ დროს, როდესაც ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციაში (FOTA) შემავალი საჯინიბოები კერს-ზე ნებაყოფლობით ამბობენ უარს.

კერს-ზე უარის თქმა, ფაქტობრივად, ჯენტლმენური შეთანხმებაა და არაა სავალდებულო. მომავალი სეზონის რეგლამენტი ამ სისტემის გამოყენებას არ კრძალავს.

მართალია, ”უილიამსს” ამ სეზონში ერთხელაც არ გამოუყენებია თავისი უნიკალური, მექანიკური კერს-ი, რომელშიც ენერგიის დამგროვებლად მქნევარა გამოიყენება, მაგრამ გუნდს მის დახვეწაზე მუშაობა წუთითაც არ შეუწყვეტია. პარალელურად, ”უილიამსს” FOTA-ს წევრობა შეწყვეტილი აქვს, რადგან გუნდებსა და საერთაშორისო საავტომობიო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტ მაქს მოსლის შორის ჭიდილის დროს, მეორეს მიმართ ლოიალურობა გამოიჩინა, რაც სხვა გუნდებმა კოლაბორაციონიზმში ჩაუთვალეს.

”უილიამსის” წარმომადგენელი აცხადებს, რომ მისი გუნდი, სხვა ასოციაციის წევრებს შორის არსებულ შეთანხმებაში არ მონაწილეობს და ამდენად, კერს-თან დაკავშირებით, არავითარი ვალდებულება არ გააჩნია. რეგლამენტის შესაცვლელად კი, ჩემპიონატში მონაწილე უკლებლივ ყველა გუნდის თანხმობაა აუცილებელი.

ყველაფრის მიუხედავად, ”უილიამსი” მაინც თანამშრომლობს დანარჩენ გუნდებთან, რათა ფ1-ის რეგლამენტთან დაკავშირებულ საკითხებში თანხმობა არსებობდეს. ამასთან, ცნობილია, რომ რეგლამენტში კერს-ის გამოყენების უფლების საწინააღმდეგო არც ”მაკლარენს” აქვს რამე, რომლის ლუის ჰამილტონმაც, ერთი კვირის წინ, სწორედ კერს-ის დახმარებით მოიგო (მ სეზონში) პირველი რბოლა.

ასე რომ, არაა გამორიცხული, ამ სისტემისადმი დამოკიდებულება, სეზონის ბოლომდე სხვა გუნდებმაც (მაგალითად, ფერარიმ) შეცვალონ.

რაიკონენი რალიზე გადასვლას აპირებს

Kimi Raikkonen

30 ივლისი

დღეს კიმი რაიკონენი ფინეთის რალიზე ჩაერთვება, რომელიც კლასიკური რალის მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპია. ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის ერთი ტიტულის მფლობელმა, რბოლისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფორმულაში გამოსვლების დასრულების შემდეგ, თავის ავტოსპორტულ კარიერას რალიში გააგრძელებს.

ფინეთის რალიზე რაიკონენი ”ფიატ აბარტ გრანდე პუნტო S2000-ით” იასპარეზებს, ავტომობილით, რომლითაც ამ სეზონში, ფინეთის ჩემპიონატის ორ ეტაპზე მიიღო მინაწილეობა. სხვათა შორის, სპეციალისტებმა აღიარეს, რომ ”აისმენს”, როგორც რაიკონენს ხშირად უწოდებენ, რალის პილოტის შესანიშნავი მონაცემები აქვს.

კითხვაზე, ხომ არ აპირებს კარიერის რალიში გაგრძელებას, რაიკონენმა უპასუხა: ”გარკვეულწილად ვაპირებ. ჯერჯერობით, ფორმულა 1-ში გამოვდივარ და მომდევნო სეზონისთვის კონტრაქტიც ხელმოწერილი მაქვს. მერე კი არ ვიცი, რას ვიზამ. ახლა არაფერს გამოვრიცხავ. რალი ყოველთვის მომწონდა და მიხარია, რომ ფინეთის რალიზე გამოვალ - სწავლას გავაგრძელებ. მეტისმეტად ახალგაზრდა ვარ იმისათვის, რომ ავტოსპორტიდან წავიდე. ამიტომ, თუ ფორმულა 1-ს დავტოვებ, მაშინ სხვაგან გადავალ. შესაძლოა, ისევ ფორმულა 1-ში დარჩენა გადავწყვიტო. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. საჩქარო კი არაფერი მაქვს - ერთი წელი საკმარისია იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მივიღო”, - ამბობს რაიკონენი.

რაც შეეხება შუმახერის დაბრუნებას, ამაზე კიმი შემდეგს ამბობს: ”ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ უზის მეორე ”ფერარის” საჭეს. ისე კი, დაჯერებით იმის თქმაც არ შემიძლია, რომ ის ვალენსიაში გამოვა. მან ჯერ ყველანაირი შემოწმება უნდა გაიაროს და საბოლოო გადაწყვეტილებას მერე მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ ჩემი მეწყვილე გახდება. ერთ გუნდში ყოფნის შანსი ადრეც გვქონდა, მაგრამ ეს არ მოხდა. ჰოდა, ვნახოთ, რა გველის ამჯერად”.

ჰამილტონს შუმახერის დაბრუნება უხარია

Lewis Hamilton

30 ივლისი

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონი, ბრიტანელი ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა მიხაელ შუმახერის წინააღმდეგ ასპარეზობა და იქვე დასძენს, რომ ახლა უფრო მეტს ფელიპე მასაზე ფიქრობს, რომელმაც უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციის დროს მომხდარი ინციდენტის შედეგად უმძიმესი ტრავმა მიიღო.

შუმახერი, ვინც ახლა 40 წლისაა, ფორმულა ერთიდან სამი წლის წინ წავიდა, მაგრამ ახლა დაბრუნებას აპირებს, რათა ევროპის დიდ პრიზზე, ”ფერარიში” დაშავებული მასას ადგილი დაიკავოს.

ჰამილტონი მხოლოდ ცხრა წლის იყო, როდესაც შუმახერმა პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული (1994 წელს). და როცა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი სპორტიდან წავიდა, ჰამილტონმა სწორედ მაშინ დაიწყო ფორმულა ერთში გამოსვლა.

”ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ შუმახერი ბრუნდება. მიხაელი ჩვენი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მრბოლი და ლეგენდაა. ძალიან მიხარია, რომ მასთან გვერდიგვერდ ასპარეზობის პატივი მექნება. ახლა კი ყველაზე ბევრს ფელიპეზე და მის ოჯახზე ვფიქრობ, რადგან მათ საშინელი განსაცდელი გადაიტანეს”, - ამბობს ჰამილტონი, ვინც ამ სეზონში პირველი გამარჯვება სწორედ უნგრეთში მოიპოვა.

”მის დაბრუნებას ვალენსიაში მთელი ავტოსპორტული სამყარო მოუთმენლად ელის. ყველას აინტერესებს, რამდენად კარგად მოემზადება ამ რბოლისთვის. მე კი ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ მის წინააღმდეგ ასპარეზობას შევძლებ. მინდა მას ყველაფერი კარგი ვუსურვო”, - დასძენს ჩემპიონი.

მასა ისევ რბოლებზე ფიქრობს

Felipe Massa

30 ივლისი

უნგრეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო სესიის დროს დაშავებული ბრაზილიელი ფელიპე მასას მდგომარეობა სწრაფად უმჯებესდება და მისი პირადი ექიმის, დინო ალტმანის თქმით, მან შეიძლება უფრო ადრეც კი დატოვოს ბუდაპეშტის სამხედრო ჰოსპიტალი, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ალტმანის თქმით, მასა უკვე რბოლებზე ფიქრობს და ხუმრობს კიდეც, რომ ბედნიერი იქნება, თუ ”ფერარის” საჭეს ვალენსიაშივე მიუჯდება. ფელიპე ნამდვილი მოკრივესავით გამოიყურებაო, - ჟურნლისტებთან შეხვედრისას იოხუნჯა ალტმანმა, რითაც მიანიშნა, რომ ბრაზილიელი თავს კარგად გრძნობს.

”ფელიპე უკვე საკმაოდ მომჯობინებულია. ის ჭამს, ოთახში დადის და ამ დილით, შხაპიც მიიღო. თვალებზეც პრობლემები არ აქვს. ის ჩვეულებრივ საკვებს ღებულობს და არა დიეტურს”, - ამბობს ალტმანი, ვინც ბრაზილიის დიდი პრიზის სამედიცინო სამსახურის უფროსია.

მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესში, მასას სპეციალური აღდგენითი კურსი არ დასჭირდება. ალტმანი არ აკონკრეტებს, თუ რა დროში შეძლებს ბრაზილიელი პილოტი რბოლებში დაბრუნებას, თუმცაღა დარწმუნებით თქვა, რომ ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდება.

”ის ახლა მხოლოდ რბოლებზე ფიქრობს. ეს მისთვის იდეა ფიქსია. არც არანაირი შიში არ აქვს. ის დარწმუნებულია, რომ ვალენსიაში რბოლასაც შეძლებს”, - დასძენს ალტმანი. როცა გაიგო, რომ მის არყოფნაში ”ფერარიში” მიხაელ შუმახერი ბრუნდება, მასას უხუმრია - ვნახოთ, ამის საშუალებას მივცემ, თუ არაო.

ალტმანის თქმით, მასას ყველაფერი ახსოვს გარდა იმისა, თუ როგორ შეემთხვა ავარია. მან იცის, რა დღეა დღეს, რომ ორი-სამი დღე უგონოდ იყო. ის იმითაც კი დაინტერესებულა, თუ ვინ მოიგო უნგრეთის რბოლა. ისიც ახსოვს, კვალიფიკაციაში რა პოზიცია ეკავა, სანამ ავარია მოუვიდოდა.

მოკლედ, ყველაფერი კარგადაა...

Wednesday, July 29, 2009

შუმახერი ბრუნდება !!!

Michael Schumacher

29 ივლისი

ამ საღამოს ”ფერარიმ” დაადასტურა, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, გერმანელი მიხაელ შუმახერი ფორმულა 1-ში დაბრუნებას აპირებს. მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ჩაივლის სავარჯიშო პროგრამა, რომლის გავლაც სამედიცინო შემოწმების გავლამდე მოუწევს. თუ ყველაფერი რიგზე იქნა, გერმანელ პილოტს საჭესთან კვლავ ვიხილავთ ევროპის დიდ პრიზზე, რომელსაც სამ კვირაში ესპანეთის ქალაქ ვალენსიას ქუჩები უმასპინძლებს.

შუმახერი ფორმულა 1-დან 2006 წელს წავიდა, მაგრამ ამ სამი წლის განმავლობაში ის კვლავ ”ფერარის” წევრად რჩება. ოღონდ, ამჯერად კონსულტანტად მუშაობს გუნდში, რომელთან ერთადაც, ხუთი ტიტული აქვს მოპოვებული, ამაში კი წლიურად 5 მილიონ ევროს იღებს.

ამ წლის დასაწყისში, მან მოტოციკლით ინავარდა, მაგრამ დაეცა და მცირე ტრავმები მიიღო. იმ ავარიის შემდეგ კი კისრის ტკივილი დასჩემდა. ამიტომ, ”ფერარის” სურს, რომ ჩემპიონმა სამედიცინო შემოწმება გაიაროს, რათა ყოველგვარი დაფარული პრობლემა გამოირიცხოს.

”ყველაზე მთავარი ისაა, რომ ღმერთის წყალობით, მასას მდგომარეობა უმჯობესდება. მას ყველაფერ კარგს ვუსურვებ. ამ საღამოს სტეფანო დომენიკალის და ლუკა დი მონტეძემოლოს შევხვდი და სამივემ მოვილაპარაკეთ, რომ ფელიპეს ადგილის დასაკავებლად უნდა მოვემზადო. გუნდთან განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო, მე მათი შემოთავაზების იგნორირება არ შემეძლო. როგორც სპორტსმენი, მოუთმენლად ველი ამ გამოწვევას”, - ამბობს შუმახერი.

თუ გერმანელი პილოტი მწვანე შუქს მიიღებს, ის და მისი ფინელი თანაგუნდელი კიმი რაიკონენი ”ფერარისთვის” კონსტრუქტორთა პირველობაზე მესამე ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. შუმი იმ დროს ბრუნდბა, როდესაც იტალიურ საჯინიბოს კრიზისის დაძლევის ნიშნები დაეტყო - რაიკონენმა უნგრეთში მეორე ადგილი დაიკავა და რომ არა სტარტზე მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც მას გერმანელ სებასტიან ფეტელთან მცირე კოლიზია ჰქონდა, შესაძლოა, გამარჯვებითვისაც ებრძოლა. ჭკუაზეა მოყვანილი სისტემა კერს-იც, რომელიც, სპეციალისტების მოსაზრებით, ”ფერარის” პილოტებს მომდევნო ეტაპებზე გარკვეულ უპირატესობასაც კი მიანიჭებს.

შუმახერს F60-ით არასდროს უვლია. შარშან, ბარსელონაში, მას F2008-ს ტესტირების საშუალება მიეცა, მაგრამ ახლანდელი მანქანა იმისგან სრულიად განსხვავებულია და კერს-ის გამოყენებასაც მიჩვევა სჭირდება. ბევრი ფიქრობდა, რომ ამის გამო, შუმი არ დაბრუნდბოდა. მათ შორის, მისი მენეჯერი ვილი ვებერიც.

”100 პროცენტით კი არა, 200 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ შუმახერი არ დაბრუნდბა. თუ დაბრუნდა, უზარმაზარი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცევა, რადგან მისგან ყველა ყოველთვის მოგებას ელის, მას კი ეს მანქანა არასდროს უტარებია. დაბრუნება მისთვის თამაში იქნება, ეს კი არ სჩვევია. მიზაელი ნაბიჯს მაშინ დგამს, როდესაც დარწმუნებულია, რომ საქმე გამოუვა და მოლოდინს გაამართლებს”, - ”დეილი მეილთან” საუბარში ამბობდა ვებერი.

როგორც ჩანს, დომენიკალიმ და დი მონტეძემოლომ შუმის ისეთი რამ შესთავაზეს, რისი გათვალისწინებაც მენეჯერს არ შეეძლო...

”ბეემვეს” გზა ფორმულა 1-ში

BMW to quit F1

29 ივლისი

”ბეემვეს” გადაწყვეტილებამ, დატოვოს დიდი პრიზების არენა, ფორმულა 1 შეძრა. მსოფლიო ჩემპიონატი ოდენ ოთხი ავტომწარმოებლის (ფერარი, მერსედესი, რენო და ტოიოტა) ამარა დარჩა და ეკონომიკური კრიზისის გამო, გამორიცხული არაა, რომ მათგან რომელიმემ თავისი ფ1-ის პროგრამის შეჩერება გადაწყვიტოს.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ფორმულა 1 გუნდების გარეშე მაინც არ დარჩება - ახალი სეზონიდან მის რიგებს სამი ახალი საჯინიბო შეავსებს, ”ბეემვეს” ადგილს კი ალბათ რომელიმე სხვა გუნდი (სავარაუდოდ, ზაუბერი) დაიკავებს, რომელიც ბავარიული კომპანიისგან ამ გუნდს ბოლომდე გამოისყიდის.

ბავარიული კომპანიის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება გუშინ მიიღო, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ფორმულა 1-ის გუნდები და საერთაშორისო საავტომობილო ფედეაცია თანხმობის ახალ ხელშეკრულებას გააფორმებდნენ. ამ ხელშეკრულების შესაბამისად, ავტომწარმოებლები ფ1-ში 2012 წლამდე დარჩენის ვალდებულებას იღებენ.

ამგვარად, ”ბეემვე” ფ1-ს ტიტულის გარეშე დატოვებს. 2005 წლის შემდეგ, რაც შვეიცარიული ”ზაუბერი” გამოისყიდა, ბავარიული გუნდი ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან ყველაზე ახლოს შარშან იდგა, როცა შუა სეზონში პოლონელი რობერტ კუბიცა მოწინავეთა შორის იმყოფებოდა. მანვე კანადაში გუნდს ერთადერთი გამარჯვება მოუპოვა. სამაგიეროდ, ამ სეზონში ჩატარებულ 10 ეტაპზე, გუნდს ჯერ მხოლოდ 8 ქულა აქვს აღებული.

”ბეემვე” თავის ძრავებს სხვა გუნდებს არ აწვდის და კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრ კლაუს დრეგერის განცხადებით, ამას არც მომავალში გააკეთებს. მისი თქმით, კომპანია ამ ეტაპზე თავისი გუნდის მომავლის რამდენიმე ვარიანტს ამზადებს და მათგან საუკეთესოს აირჩევს, რის შესახებაც, გუნდის თანამშრომლებს მოგვიანებით ეცნობებათ. არაა გამორიცხული, რომ ბავარიელებმა აწ უკვე შვეიცარული გუნდის ტექნოლოგიური მხარდაჭერა გააგრძელონ.

”ბეემვეს” მოკლე ისტორია ფ1-ში

1982 წელს ”ბეემვე” გუნდ ”ბრებჰემისთვის” ძრავების მიმწოდებელი გახდა. პირველ რბოლაში, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა, ბრაზილიელმა ნელსონ პიკემ სტარტი წინა რიგიდან აიღო, მაგრამ ფინიშს ვერ მიაღწია.

1983 წელს პიკემ ”ბეემვეს” ძრავით პირველი გამარჯვება მოიპოვა, იმავე სეზონში კი ჩემპიონი გახდა.

1987 წელს, ტურბო ერას დასრულებისთანავე, ”ბეემვემ” ფორმულა 1 დატოვა.

2000 წელს ბავარიული კომპანია დიდი პრიზების ცირკს ისევ ძრავების მიმწოდებლის სტატუსით დაუბრუნდა. ამჯერად მისი პარტნიორი ყოფილი ჩემპიონი ”უილიამსი” გახდა, რომელთან ერთადაც, 2001 წელს პირველი გამარჯვება იზეიმა, მომდევნო ორ სეზონში გუნდი ვიცე ჩემპიონი გახდა. 2002 წელს, პირად ჩათვლაში, კოლუმბიელმა ხუან პაბლო მონტოიამ მესამე ადგილი დაიკავა, ერთი წლის შემდეგ კი ვიცე ჩემპიონი გახდა. პარტნიორობის 6 სეზონის განმავლობაში, ”ულიამსმა” და ”ბეემვემ” 10 გამარჯვება და 17 პოული მოიპოვეს.

2005 წელს წელს ბავარიულმა კომპანიამ შვეიცარული გუნდი ”ზაუბერი” შეიძინა და მის ბაზაზე საკუთარი საჯინიბო ჩამოაყალიბა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა მომდევნო სეზონიდან დაიწყო. შარშან ”ბეემვე ზაუბერის” მანქანით, რობერტ კუბიცამ კანადის დიდ პრიზზე გამარჯვება მოიპოვა.

2007 წელს, მას შემდეგ, რაც ”მაკლარენი” დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ”ბეემვე ზაუბერმა” კონსტრუქტრთა პირველობა მეორე ადგილზე დაასრულა.

ამ სეზონში ჩატარებულ 10 რბოლაში, ”ბეემვე ზაუბერმა” მხოლოდ 8 ქულა დააგროვა და 10 გუნდს შორის მე-8 ადგილზე იმყოფება.

”ბეემვე” ფორმულა 1-ს ტოვებს

BMW to quit F1

29 ივლისი

დღეს დილით, ”ბეემვემ” სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია, რომელზეც გამოცხადდა, რომ ფორმულა ერთის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ბავარიული კომპანია მსოფლიო ჩემპიონატს დატოვებს. ამ ნაბიჯის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მიმდინარე ჩემპიონატში ბავარიულ-შვეიცარული გუნდის არადამაკმაყოფილებელი გამოსვლა გახდა.

”ბეემვეს” მთავარი აღმასრულებლის, ნორბერტ რაიტჰოფერის თქმით, ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში, იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ კომპანიამ განვითარების განვითარების ახალი სტრატეგია აირჩია. ”რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან ძნელად მისაღები გადაწყვეტილება იყო. მაგრამ ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს, რადგან კომპანია სტრატეგიულ რეორგანიზაციას ატარებს და ეს სტრატეგია ფორმულა 1-ის დატოვებას ითვალისწინებს”, - პრესკონფერენციაზე განაცხადა რაიტჰოფერმა.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ამიერიდან, ”ბეემვეს” მთავარი ამოცანა მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა და ეკოლოგიაზე ორიენტირებული ტექნოლოგიების დანერგვაა. ”ჩვენ გვინდა, რომ ამ სფეროში ლიდერებეად დავრჩეთ. ამიტომ, მუდმივად ყველა ჩვენი პროექტისა და ინიციატივის გადაფასებას ვახდნეთ. ამ პროცესში კი მთავარი კრიტერიუმი, მათი ეკონომიკური სარგებლიანობაა. სწორედ ამ ფაქტორების გამო, ფორმულა 1 ჩვენთვის ამ ამოცანების შესრულების ინსტრუმენტად ვეღარ გამოდგება”, - დასძენს რაიტჰოფერი, ვინც გაწეული სამუშაოსთვის, მადლობა გადაუხადა გუნდის ხლმძღვანელ მარიო თაისენსა და გუნდის ყველა წევრს.

თავის მხრივ, თაისენმა განცხადა, რომ კარგად ესმის კომპანიის მოტივები: ”რა თქმა უნდა, მიუნხენსა და ჰინვილში მომუშავე მთელ პერსონალს მუშაობის გაგრძელება და იმის დამტკიცება სურს, რომ ამ სეზონის ჩავარდნა შემთხვევითობა იყო, მას კი სამი წარმატებული სეზონი უძღოდა, რომელთა განმავლობაშიც გუნდი აღმავლობას განიცდიდა. მე კარგად მესმის, რომ ასეთი გადაწყვეტილება კომპანიის კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ჩვენ კი დარჩენილ რბოლებზეც ისე ვიმუშავებთ, როგორც აქამდე ვმუშაობდით. ჩვენ მებრძოლ სულისკვეთებას გამოვავლენთ და ფორმულა 1-თან განშორების წინ, კარგი შედეგებისთვის ვიბრძოლებთ”, - განაცხადა თაისენმა,

”ბეემვეს” დირექტორთა საბჭოს წევრი კლაუს დრეგერი ამბობს, რომ ფორმულა ერთში გატარებული 10 წელი კომპანიისთვია ძალიან პროდუქტიული იყო და მან იჟინრების პროფესიულ განვითარებაზე დადებითად იმოქმედა. ”ავტორბოლების მადლიერები ვართ, რადგან სპორტის წყალობით, კომპანიამ არაერთი ტექნიკური ინოვაცია შეიმუშავა, რომლებსაც სერიული ავტომობილების წარმოებისას ვიყენებთ”, - ამბობს დრეგერი.

Tuesday, July 28, 2009

მასას მდგომარეობა უმჯობესდება

Felipe Massa

28 ივლისი

უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციის დროს დაშავებული ბრაზილიელი ფელიპე მასას მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. ექიმებმა ის უკვე გამოიყვანეს ხელოვნური კომიდან და სასუნთქი აპარატიდანაც მოხსნეს. უფრო მეტიც, ის უკვე ექიმებთან და ოჯახის წევრებთან მინიმალურ ურთიერთობასაც ახერხებს.

”მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ის ახლა მთვლემარედაა, მაგრამ კითხვებზე რეაგირებს და კიდურებსაც ამოძრავებს. ის უკვე სასუნთქი აპარატიდან მოვხსენით და აღარც დასამშვიდებელ საშუალებებს ვაძლევთ”, - სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადა უნგრეთის თავდაცვის ძალების მთავარმა ექიმმა ლაიოშ ჟიროშმა.

ექიმები ასევე ამბობენ, რომ ახლა ყველაზე მეტად მასას ტრავმირებული თვალის მდგომარეობა აშფოთებთ, რომელზეც ნერვული დაბოლოებაა დაზიანებული, თუმცა მიაჩნიათ, რომ მისი სრულად განკურნბა შესაძლებელია. ლაპარაკია იმაზეც, რომ ამ კვირის ბოლოს შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ვიცე ჩემპიონის ბუდაპეშტიდან პარიზის პიტი-სალპეტრიერის კლინიკაში გადაყვანა. ამ კლინიკაში მასას გადაყვანას ”ფერარის” ყოფილი შეფი, ჟან ტოდტი მოითხოვს, ვინც წელს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს. სხვათა შორის, პიტი-სალპეტრიერის კლინიკას პროფესორი ჟერარ სელანი ხელმძღვანელობს, ვინც FIA-ს ინტიტუტის ვიცე პრეზიდენტია.

მასას პირადი ფიზიოთერაპევტის თქმით, ბრაზილიელი მრბოლი ხშირად ინტერესდება, თუ რა მოუვიდა. ის ამბობს, რომ პილოტის ოჯახის წევრები კმაყოფილნი არიან სამხედრო კლინიკის მომსახურების დონით. ამიტომ, სხვაგან მისი გადაყვანა საჭიროდ არ მიაჩნიათ.

ქირურგი რობერტ ვერეში, ვინც მასას ოპერაცია ჩაუტარა, ამბობს, რომ ჯერ ძნელია იმაზე საუბარი, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ტრავმირებულის სრული გამოჯანმრთელება. სამაგიეროდ, ის ვარაუდობს, რომ მასა ამ სეზონის დარჩენილ რბოლებში მონაწილეობას ვერ შეძლებს. პროგნოზისგან თავს ჟიროშიც იკავებს, თუმცა დასძენს, რომ ასეთი ტრავმისგან სრულად განკურნება თეორიულად შესაძლებელია.

ჟიროშის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად სერიოზულადაა დაზიანებული მასას მარცხენა თვალი. ის ამბობს, რომ დაახლოებით ათი დღის შემედეგ შესაძლებელი იქნება ტრავმის შედეგების შეფასება. სწორედ ამის შემდეგ დაისახება მიზნობრივი მკურნალობის და რეაბილიტაციის გეგმა.

დაშავებული პილოტი ბუდაპეშტის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა ”ფერარის” პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ, ვისი თქმითაც, მას ახლა პირველ რიგში, მასას გამოჯანმრთელება აინტერესებს, მის შემცვლელზე კი გუნდი მოგვიანებით იფიქრებს.

”ახლა მთავარი ისაა, რომ ფელიპე სრულად გამოჯანმრთელდეს. ის არამერტო ”ფერარის” გუნდის, არამედ მთლიანად ”ფერარის” ოჯახის მნიშვნელოვანი წევრია. ახლა მთავარი მისი ფეხზე დაყენებაა. შემდეგ კი მის დროებით შემცვლელზეც უფრო მშვიდ ვითარებაში ვიფიქრებთ”, - ამბობს დი მონტეძემოლო.

რაც შეეხება პილოტს, ვინც მასას ამ სეზონის ბოლომდე შეცვლის, ის შეიძლება მიხაელ შუმახერიც იყოს. ამაზე ავტოსპორტული მედია ბრაზილიელი პილოტის ავარიის მომენტიდან ლაპარაკობს. ”ფერარი” კი ჯერჯერობით, გარკვეული პასუხისგან თავს იკავებს. ”ამ ეტაპზე, არასწორი იქნებოდა, რომ შუმახერთან დაკავშირებით, დადებითი, ან უარყოფითი პასუხი გაგცეთ”, - განუცხადა გერმანულ გაზეთ ”დერ ტაგესშპიგელს” ”ფერარის” საჯინიბოს შეფმა სტეფანო დომენიკალიმ.

ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი დაბრუნებაზე ფიქრობს, თუმცა ამასთან დაკავშირებით, იტალიური გაზეთი ”კორიერე დელო სპორტი” აღნიშნავს, რომ მოტოავარიის შემდეგ, შუმი ჯერაც ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა.

მასას სხვა შესაძლო შემცვლელთა შორის ასევე განიხილებიან: ფერნანდო ალონსო, გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი, ფრანგი სებასტიან ბურდე, ბრაზილიელი ნესინიუ პიკე და ”ფერარის” ტესტ პილოტები - ესპანელი მარკ ჟენე და იტალიელი ლუკა ბადოერი.

Sunday, July 26, 2009

”რენოს” შემდეგ რბოლას გამოატოვებინებენ

Hungarian GP

26 ივლისი

უნგრეთის დიდი პრიზის სტიუარდებმა, ჰუნგარორინგზე მომხდარი რამდენიმე ინციდენტი განიხილეს და მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჩათვალეს საჭიროდ სანქციის შემოღება. კერძოდ, მათ მომდევნო ეტაპიდან ”რენო” მოხსნეს, რისი მიზეზიც ის გახდა, რომ გუნდის პილოტ ფერნანდო ალონსოს მანქანას პირველი პიტ სტოპის შემდეგ ბორბალი მოსძვრა.

აღნიშნული სიტუაცია საკმაოდ დიდხანს განიხილებოდა. ფრანგული გუნდის წარმომადგენლები ჩვენების მისაცემად ორჯერ გამოიძახეს, საბოლოოდ კი უცნაური დასკვნა გამოაქვეყნეს: ”გუნდ ”რენოს” მომსახურე პერსონალმა ტრასაზე შეგნებულად გამოუშვა მანქანა, რომელსაც ერთ-ერთ ბორბალზე ფიქსატორი უსაფრთხო მდგომარეობაში არ ჰქონდა დაყენებული. უფრო მეტიც, მრბოლს ამის შესახებ რადიოთი არ აცნობეს, არადა, ის მათ ეუბნებოდა, რომ საბურავის დაზიანებაზე ჰქონდა ეჭვი”.

უფრო კონკრეტულად, სტიუარდებმა გუნდს სპორტული რეგლამენტის 3.2 პარაგრაფის მიხედვით დასდეს ბრალი და შემდგომი ეტაპიდან მოხსნეს. ამასთან, ფრანგულ საჯინიბოს ამ დისკვალიფიკაციის გაპროტესტების უფლება მიეცა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ”რენომ” ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა. საფრანგეთის ავტოსპორტის ფედერაციასთან ერთად, გუნდმა უკვე მოამზადა ყველა საჭირო საბუთი, რომლებზეც ხელი მენეჯერმა სტივ ნილსენმა მოაწერა და სართაშორისო საავტომობილო ფედერაციის მთავარ სტიუარდ ალან დონელის გადასცა. საბუთებთან ერთად, გუნდმა ფედერაციაში უკვე წარადგინა საჭირო დეპოზიტი 6 000 ევროს ოდენობით.

სავარაუდოდ, ”რენოს” აპელაციის განხილვა საზაფხულო არდადეგების დროს მოხდება.

ლაუდა ”ფერარის” შუმახერს ურჩევს

Hungarian GP

26 ივლისი

შუმის სიზარმაცე ხომ არ მოერია?

...................................................................

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ავსტრიელი ნიკი ლაუდას აზრით, ”ფერარისთვის” მასას შემცვლელად, საუკეთესო კანდიდატი მიხაელ შუმახერია. ”ამ ეტაპზე ვინაა ყველაზე ხელმისაწვდომი? ვინც უნდა იყოს, მიხაელ შუმახერს ვერავინ შეედრება. ამაზე უკვე ვიფიქრე და უკეთესს ვერავის მივაგენი”, - უნგრეთის დიდი პრიზის დაწყებამდე განაცხადა ლაუდამ.

შუმახერი ახლა 40 წლისაა და უკვე სამი წელია, რაც თავისი შლემი ლურსმანზე აქვს დაკიდული, თუმცა შიგადაშიგ, სარბოლი ბაიკით გრიალით ერთობა. მაგრამ დიდი პრიზების ცირკში 91 რბოლის და შვიდი ტიტულის მომგები, ამ ცირკში დაბრუნების არანაირ ნიშანს არ ავლენს.

შუმახერის მენეჯერმა ვილი ვებერმაც განაცხადა, ვეჭვობ, მიხაელმა დაბრუნება ისურვოსო. ”ეს ვერ წარმომიდგენია. ”ფერარის” ორი შესანიშნავი ტესტ მრბოლი ჰყავს, რომლებიც მზად არიან, თავიანთი მოვალეობა შეასრულონ”, - ორაზროვნად განაცხადა ვებერმა, ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდება, თუ შუმი სარბოლი ავტომობილის საჭეს დაუბრუნდება.

რაც შეეხება მასას, 28 წლის ბრაზილიელი პილოტი ბუდაპეშტის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებს ჯერაც ხელოვნურ კომაში ჰყავთ. დღეს დილით, ის კომიდან გამოიყვანეს, ტომოგრაფიული სკანირება ჩაუტარეს და კვლავ კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, სკანირებამ აჩვენა, რომ მასას თავის ტვინზე ნერვოლოგიური დაზიანებები არ აღენიშნება. კომაში მას 48 საათს გააჩერებენ. სულ კი, რეაბილიტაციისთვის, მინიმუმ ორი თვე მაინც დასჭირდება. ასე რომ, შემდეგი ეტაპისთვის, რომელსაც ერთი თვის შემდეგ ესპანეთის ქალაქ ვალენსიას ტრასა უმასპინძლებს, იტალიურ გუნდს აუცილებლად დასჭირდება მასას შემცვლელის შერჩევა.

”მიხაელს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. თუ დაბრუნდა, ფორმულა ერთისთვის იქნება უკეთესი. სპორტს მაყურებელი მოაკლდა, შუმახერის დაბრუნება კი მაყურებლების რაოდენობას 20-30 პროცენტით გაზრდის”, - ამბობს ლაუდა და დასძენს, რომ ”ფერარის” პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოს ადგილზე, პირველ რიგში, სწორედ შუმახერს მიმართავდა, ვინც ამჟამად ”ფერარის” მრჩეველია და ამაში ყოველწლიურად 5 მილიონ ევროს ღებულობს.

ლაუდა ახლა 60 წლისაა და გერმანიის ტელეკომპანია ერტეელ-ის ფორმულა 1-ის რეპორტაჟების ერთ-ერთი წამყვანია. თავის დროზე, მას სამიდან ორი ტიტული ”ფერარის” ბოლიდებით აქვს მოპოვებული. ამასთან, 1976 წელს, კიდევ ერთ ტიტულამდე სულ რაღაც ერთი ქულა დააკლდა და ისიც იმიტომ, რომ ბოლო რბოლაზე არ იასპარეზა. არადა, სამიოდ თვით ადრე, ნურბურგრინგზე განცდილ ავარიას ლამის შეეწირა, მის შემდეგ კი იმ ტრავმების მოსაშუშებლად, რომელთა კვალიც სახეზე ახლაც კი ეტყობა, მხოლოდ ორი თვე გაუცდა.

ცნობისათვის, ამჟამად ”ფერარის” განკარგულებაში ორი ტესტ პილოტი ჰყავს - 38 წლის იტალიელი ლუკა ბადოერი და 35 წლის ესპანელი მარკ ჟენე.

ბოლოსდაბოლოს, ჩემპიონმაც გაიმარჯვა

Hungarian GP

26 ივლისი

ჩემპიონი ზეიმობს
ჩემპიონი ფინიშის ხაზზე
ჰამილტონი უებერს ასწრებს
.....................................................................................
ნელი ტრასა, გაუმჯობესებული მანქანა და გამარჯვების წურვილი - ეს ი სამი ინგრედიენტია, რომლებმაც დღეს ლუის ჰამილტონს ამ სეზონში პირველი გამარჯვება მაპოვებინა. ჩემპიონი და მისი საჩემპიონო გუნდი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურს დაუბრუნდნენ.

”მერსედესს” კი იმის რეალური შანსი გაუჩნდა, რომ მისი მეორე (კლიენტი) გუნდი ”ბრაუნი”, სეზონის პირველ ნახევარში მოპოვებული სოლიდური უპირატესობის შენარჩუნებას შეძლებს - იმ დროს, როდესაც ”ბრაუნის” ბოლიდი აშკარად გასაშუალოვდა, რისი მიზეზიც, ფინანსური სიდუხჭირის გამო შეფერხებული განვითარებაა, მოწინავეთა შორის ”მაკლარენის” და მასთან ერთად, ”ფერარის” დაბრუნება, ”რედ ბულს” ლიდერთან ჩამორჩენის შემცირებაში ძალიან შეუშლის ხელს. ყოველ შემთხვევაში, ბუდაპეშტური სცენარის ვალენსიაში განმეორების რეალური შანსი არსებობს. მერე კი ექვსი ეტაპი რჩება, რომელთაგან ორი - სიჰგაპურსა და აბუ დაბიში, არცთუ ისე სწრაფ ტრასებზე ტარდება...

მოკლედ, მთელი ბუდაპეშტური უქმეების განმავლობაში, ორივე ”მაკლარენი”, უფრო კი ჰამილტონისა, სისწრაფით გამოირჩეოდა. მართალია, ეს სისწრაფე კვალიფიკაციაზე სასურველ შედეგში არ აისახა, მაგრამ სტარტისთვის ჩემპიონს სისტემაკერს-ის იმედი ჰქონდა. თუმცა, მხედველობაში ის ფაქტორიც მისაღები იყო, რომ რბოლას ძალიან მსუბუქი მანქანით იწყებდა პოულზე მდგარი ფერნანდო ალონსო, ვისაც სამპიტსტოპიანი ტაქტიკა ჰქონდა არჩეული.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა მწვანე ნიშანზე საუკეთესო რეაქცია გამოავლინა და პირველ მოსახვევში მეტოქეებისგან გვარიანად დაწინაურებული შევიდა. ჰამილტონმაც თავისი კერს-ი კარგად გამოიყენა, სტარტზე ”ჩაძინებული” ფეტელი იოლად ჩამოიტოვა და უებერსაც შეუტია, მაგრამ მოულოდნელად, მასავით აწყვეტილ რაიკონენს სახიფათოდ მიუახლოვდა. ავარიის ასაცილებლად, ორივემ საჭეს მკვეთრად უცვალა მიმართულება, მაგრამ თუ ბრიტანელმა სახიფათო ზონას თავი დააღწია, ფინელს მეორე მხარეს ფეტელი დახვდა და ამჯერად შეჯახებას თავი ვერ დააღწია. მათი მანქანების ბორბლები ერთმანეთს ოდნავ შეეხო ერთმანეთს. ორივემ გზა განაგრძო, მაგრამ შუა რბოლაში, გერმანელი მაინც გაჩერდა. მის მანქანაზე მწყობრიდან სწორედ ის (მარცხენა) წინა საკიდარი გამოვიდა, რომელმაც რაიკონენის მანქანასთან შეჯახება განიცადა.

მოკლედ, როდესაც სასტარტო მღელვარება და ქაოსი ჩაცხრა, პილოტები შემდეგი თანმიმდევრობით განლაგდნენ: ალონსო, უებერი, ჰამილტონი, რაიკონენი, როსბერგი, კოვალაინენი, ფეტელი, ბატონი. ორიოდ წრის შემდეგ, ჰამილტონმა დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ ჰუნგარორინგზე გასწრება შეუძლებელია - ბრწყინვალე მანევრით მან გვერდი უებერს აუარა. ყველაფერი ასე მოხდა: მოსახვევის შესასვლელთან, უებერმა, იმისათვის, რომ მეტოქის შეტევა მოეგერიებინა, გზის შუა ნაწილი დაიკავა, ჰამილტონმა კი კიდეში გადაინაცვლა და შეტევისთვის ხელსაყრელი პოზიციიდან შევიდა მოსახვევში. ტრაექტორიის შეცვლა ოზ პილოტს სიჩქარის დაგდების ფასად დაუჯდა, რამაც მოსახვევიდან გამოსასვლელში მის სიჩქარეზეც იმოქმედა. ბრიტანელმა კი ამით კარგად ისარგებლა და მეტოქეს გვერდში ამოუდგა. თანაც, მომდევნო მოსახვევისთვის, ის უკვე ხელსაყრელ ტრაექტორიაზე იმყოფებოდა. უებერს ისღა დარჩენოდა, ბედს შეგუებოდა.

ჰამილტონმა მაშინვე დაიწყო ალონსოსთან ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ სანამ კუდზე დააჯდებოდა, ესპანელმა ბოქსებს მიაშურა. იქიდან გამოსულს კი წინა მარჯვენა საბურავი მოსძვრა და ბოქსში შებრუნება მოუხდა, მალე კი საერთოდაც გაჩერდა.

ავსტრალიელს პირველ პიტ სტოპზე რაიკონენმაც გაასწრო (ბოქსებში) და ამის შემდეგ, მოწინავეთა შორის ბევრი აღარაფერი შეცვლილა. რა თქმა უნდა, პიტ სტოპების დროს, პელოტონის განლაგებაში მციე ცვლილებები ხდებოდა, მაგრამ როგორც კი ბოქსებს ყველა მოივლიდა, მაშინვე ისინი თავთავიანთ ადგილებს უბრუნდებოდნენ. რა თქმა უნდა, საინტერესო იყო ლოკალური ბრძოლები, მაგრამ პელოტონის სათავეში აღარაფერი შეცვლილა.

გარდა იმისა, რომ ჰამილტონმა ამ სეზონში თავის გუნდს პირველი გამარჯვება მოუტანა, ”ფერარიმაც” პირველად შეძლო კვარცხლბეკის მეორე საფეხურის დაკავება და ეს რაიკონენმა შეძლო. უებერი კი ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა, რაც საკმარისი აღმჩნდა იმისათვის, რომ თანაგუნდელ ფეტელისთვის გაესწრო და პირად ჩათვლაში მეორე ადგილზე გადაენაცვლა.

”შესანიშნავია ბიჭებო. ეს მანქანა სასიამოვნო სამართავია. ფანტასტიკურია. ბიჭებო, თქვენმა შრომამ მე ისევ მომაგებინა”, - ჯერ კიდევ მანქანაში მჯდომი ჰამილტონი, რადიოთი ამ სიტყვებით ესალმებოდა თანაგუნდელებს.

მარტინ უიტმარში, როგორც ”მაკლარენის” შეფი, პირველად ავიდა კვარცხლბეკზე თავისი პილოტის გამარჯვების აღსანიშნავად. დაკიდევ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა სისტემა კერს-ით აღწურვილმა მანქანამ ფორმულა ერთის ეტაპის მოგება შეძლო.

უნგრული ეტაპის შემდეგ, ბატონი კვლავ სოლიდურ უპირატესობას ინარჩუნებს. მეორეზე გადასულ უებერს ის 18.5 ქულით უსწრებს. კონსტრუქტორთა პირველობაზე კი ლიდერი ისევ ”ბრაუნია”, რომელსაც ”რედ ბული” ახლა უკვე 15.5 ქულით ჩამორჩება...

უნგრეთის დიდი პრიზი

ჰუნგარორინგი. დისტანცია 306.663 კმ (4.381 კმ - 70 წრე)

პილოტი (გუნდი) დრო (ჩამორჩენა)

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი) 1:38:23.876

2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 11.529

3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო) 16.886

4. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 26.967

5. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი,მაკლარენ-მერსედესი) 34.392

6. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 35.237

7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ-მერსედესი) 55.088

8. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 01:08.172

9. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 01:08.774

10. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ-მერსედესი) 01:09.256

11. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 01:10.612

12. ნელსინიუ პიკე (ბრაზილია, რენო) 01:11.512

13. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 01:14.046

14. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია-მერსედესი) 1 წრე

15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი,ტორო როსო-ფერარი) 1 წრე

16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო-ფერარი) 1 წრე

გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 41 წრე

გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 55 წრე

გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია-მერსედესი) 69 წრე

(შენიშვნა: გ = გამოეთიშა)

უსწრაფესი წრე: მარკ უებერი - 21.931, 65-ე წრე

პირადი ჩათვლა: 1. ჯენსონ ბატონი 70 ქულა; 2. მარკ უებერი 51.5; 3. სებასტიან ფეტელი 47; 4. რუბენს ბარიკელო 44; 5. ნიკო როსბერგი 25.5; 6. იარნო ტრული 22.5; 7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 22; 8. ლუის ჰამილტონი 19; 9. კიმი რაიკონენი 18; 10. ტიმო გლოკი 16; 11. ფერნანდო ალონსო 13; 12. ჰეიკი კოვალაინენი 9; 13. ნიკ ჰაიდფელდი 6; 14. სებასტიან ბუემი 3; 15. რობერტ კუბიცა 2; 16. სებასტიან ბურდე (საფრანგეთი, ტორო როსო-ფერარი) 2; 17. ჯანკარლო ფიზიკელა 0; 18. კაზუკი ნაკაძიმა 0; 19. ადრიან სუტილი 0; 20. ნელსინიუ პიკე 0; 21. ხაიმე ალგერსუარი 0

კონსტრუქტორთა პირველობა: 1. ბრაუნ-მერსედესი 114 ქულა; 2. რედ ბულ-რენო 98.5; 3. ფერარი 40; 4. ტოიოტა 38.5; 5. მაკლარენ-მერსედესი 28; 6. უილიამს-ტოიოტა 25.5; 7. რენო 13; 8. BMW ზაუბერი 8; 9. ტორო როსო-ფერარი 5; 10. ფორს ინდია-მერსედესი 0

მასას მდგომარეობა სტაბილურია

Hungarian GP

26 ივლისი

დღეს დილით, ”ფერარიმ” გამოაქვეყნა რელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ ფელიპე მასას მდგომარეობა სტაბილურია. ექიმებს ის ხელოვნურ კომაში ჰყავთ, რათა სასიცოცხლო ენერგია მაქსიმალურად შეუნარჩუნონ. ღამით არანაირი გართულება არ მომხდარა. დღეს კი მას განმეორებითი ტომოგრაფიული სკანირება ჩაუტარდება, რომლის დროსაც, დადგინდება, თუ რა ხარისხის დაზიანება აქვს მიღებული.

გუშინ მასას ბუდაპეშტის სამხედრო ჰოსპიტალში თავის ტვინზე სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, რის შემდეგაც, უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრაზილიელი პილოტის მდგომარეობა მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თუმცა, ”ფერარიმ” უმალ უარყო ესოდენ მძიმე განსაზღვრება და თავისი პილოტის მდგომარეობის შესაფასებლად მხოლოდ სიტყვა ”სტაბილური” გამოიყენა.

ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა გამგებელი ბერნი ეკლსტოუნი ამბობს, რომ სპორტმა რეაგირება უნდა მოახდინოს იმ ფაქტზე, რომ მოკლე დროში, ზედიზედ ორი ისეთი ავარია მოხდა, რომელმაც პილოტის თავის ტრავმა გამოიწვია. ამასთან, პირველი შემთხვევა ფატალური გამოდგა - ერთი კვირის წინ, ფორმულა 2-ის რბოლაზე, რომელიც ბრიტანულ ავტოდრომ ბრენდს ჰეჩზე ჩატარდ, ასპარეზობისას თავში სხვა მანქანის მოგლეჯილი ბორბალი მოხვდა ჰენრი სარტიზს, რომელიც მიღებული ტრავმისგან ადგილზევე დაიღუპა.

”კარგა ხანია ვფიქრობდით, რომ უსაფრთხოების საკითხებში სრულყოფას მივაღწიეთ და ეს პრობლემა აღარასდროს შეგვაწუხებდა. მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა. ზედიზედ ორი მსგავსი ინციდენტი მოხდა. პროფესორი სიდ უოტკინსი საქმის კურსშია. მე მას ველაპარაკე. ის საქმეს შეისწავლის და რეკომენდაციებს მოგვცემს”, - ამბობს ბერნი, ვინც ნაოპერაციები ბრაზილიელი ჰოსპიტალში მოინახულა.

დღეს კი აქტუალობას ერთი საკითხი იძენს - ვინ შეცვლის მასას, რომელიც მინიმუმ რამდენიმე თვით გამოეთიშა საქმეს? ინტერნეტ გამოცემა ქრეშ.ნეტმა გამოაქვეყნა სენსაციური ვარაუდი იმის შესახებ, რომ სეზონის ბოლომდე, ”ფერარის” საჭეს მიხაელ შუმახერი მიუჯდება. თუმცა, ეს ვარაუდი გერმანელის მენეჯერმა ვილი ვებერმა უმალ უარყო.

წესით, მასას ადგილი გუნდის ტესტ პილოტმა, ესპანელმა მარკ ჟენემ უნდა დაიკავოს, ვინც მსგავს ამპლუაში 2004 წელსაც მოგვევლინა, როცა ”უილიამსში” ტრავმირებული რალფ შუმახერი შეცვალა. დღეს დანამდვილბით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება - უნგრეთში იტალიური გუნდის სახელით მხოლოდ ფინელი კიმი რაიკონენი იასპარეზებს. მერე კი, ვინ იცის...

კანდიდატურა ბევრია...

Saturday, July 25, 2009

ინტერვიუ ბარიკელოსთან

Hungarian GP

25 ივლისი

ჟურნალ ავტოსპორტიდან

კითხვა: შეგიძლიათ გვითხრათ, თქვენი მანქანის უკანა საკიდარს რა მოუვიდა?

რუბენს ბარიკელო: უკანა საკიდარის ცენტრალური ზამბარა მთლიანად დავკარგე. დილით, საწვავით სავსე მანქანა კარგად მუშაობდა. მერე კი რაღაც დაემართა, უცნაურად იქცეოდა. საკიდარი ვერტიკალურ რხევებს ვეღარ ახშობდა. ეს კვალიფიკაციის დასაწყისშივე შევნიშნე. იმ წრეზე კი საკიდარი საერთოდ გაფუჭდა. ტრეფიკში მოვყევი, რის გამოც, ტემპი დავაგდე, მერე კი, როცა ახალ წრეზე წავედი, პირველივე მოსახვევში ვიგრძენი, რომ მანქანის უკანა ნაწილი არ დგას. მესამე მოსახვევში მივხვდი, რომ ასე ვერ გავაგრძელებდი. უკანა საკიდარი უკონტროლო გახდა, მაშინვე რადიოთი ბოქსებს ვუთხარი, რომ შევდიოდი. ამ დროს ვიგრძენი, რომ მანქანას რაღაც მოსძვრა. ძირით ის ასფალტს შეეხო.

კითხვა: ის დეტალი გატყდა, თუ ცუდად იყო დამაგრებული?

ბარიკელო: არა, ის გატყდა.

კითხვა: როცა გაიგეთ, რაც მოხდა, მის სანახავად წახვედით?

ბარიკელო: ავარია მეც ვნახე და თითქოს, დიდი არაფერი. ვიფიქრე, ის კარგად იქნება-მეთქი. მაგრამ შემდეგ ”ფერარიში” ვიღაცას ვკითხე მასზე და მიპასუხეს, რომ ფელიპე არეულად ლაპარაკობსო. და მეც შევშინდი.

შემდეგ ვიღაცამ მითხრა, რაც მოხდა. და მე მისი მონახულება გადავწყვიტე. მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ. ჩვენ ბრაზილიელები ვართ და ხანდახან, ოჯახი თან გვახლავს, ხან კი - არა. როცა გაიღვიძებ, გინდა, რომ გვერდით ვინმე გყავდეს, ვისაც იცნობ. მინდოდა, მის გვერდით ვყოფილიყავი იმ შემთხვევისთვის, თუ მის გვერდით ოჯახიდან არავინ იქნებოდა.

ის გონზე იყო, მოძრაობდა და ძალიან ნერვიულობდა იმის გამო, რომ თავზე ჭრილობა ჰქონდა. ექიმებმა დასამშვიდებელი საშუალება მისცეს და ჰოსპიტალში წაიყვანეს.

კითხვა: ჭრილობა ნახეთ?

ბარიკელო: არ მინახავს, რადგან ამის სურვილი არ მქონდა. საერთოდ, სისხლის დანახვას ვერ ვიტან!

კითხვა: დაგელაპარაკათ?

ბარიკელო: არა.

კითხვა: მისი ჩაფხუტი ნახეთ?

ბარიკელო: არა.

კითხვა: ერთი კვირა გავიდა ჰენრი სარტიზის ფატალური ინციდენტიდან. ახლა კი მეორე შემთხვევა გვაქვს, როდესაც პილოტს თავში რაღაც ხვდება. დამთხვევას ხომ არ ხედავთ?

ბარიკელო: არა, დამთხვევების არ მჯერა. ყველაფერი რაღაც მიზეზის გამო ხდება. ვფიქრობ, რომ ამ ორი შემთხვევით, ჩვენ მესიჯი მივიღეთ. ასეთი მესიჯი 1994 წელსაც მივიღეთ და მაშინ მანქანების კონსტრუქცია შეიცვალა. სამწუხაროდ, ბიჭი დავკარგეთ და ამას დამთხვევას ვერ დავარქმევ. გუშინ მრბოლები სარტიზის შესახებ ბევრს ვლაპარაკობდით და ვაღიარეთ, რომ რაღაც შესაცველია.

კითხვა: მაგრამ რა? დავხუროთ კოკპიტები?

ბარიკელო: არ ვიცი. უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. ვფიქრობ, ადრინდელთან შედარებით, ახლანდელი მანქანები გაცილებით უსაფრთხოა. მაგრამ რაღაც ჯერაც საჭიროებს გაუმჯობესებას.

კითხვა: ხომ არ ფიქრობთ, რომ სისტემა ჰანს-ის (თავის და კისრის დამცავი სისტემა) გარეშე, ამ ავარიას გაცილებით მძიმე შედეგი ექნებოდა?

ბარიკელო: ჩემი აზრით, არაერთხელ დამტკიცდა, რომ ჰანს-ი მხოლოდ კარგია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. როდესაც თავში რაღაც გხვდება, პრობლემა ის კი არაა, რომ თავი წინ გივარდება. პრობლემა ისაა, როცა თავი უკუინერციით ოძრაობს. ამ დროს, ჰანს-ი თავის მოძრაობას ზღუდავს, რაც კისრის ტრავმას ამსუბუქებს. ეს სისტემა დარტყმისგან არ გვიცავს, ის ავარიის შედეგებს ამსუბუქებს.

კიდევ ერთი პრობლემა ხედვის არეა. მე რომ ისეთი ჩაფხუტი გამოვიყენო, როგორიც უსაფრთხოდ მიმაჩნია, მაშინ მექანიკოსები მე და ჯენსონს ვეღარ გაგვარჩევენ, რადგან ისედაც მანაქანში ჩაძირულები ვართ. არადა, დაცულობის მხრივ ეს უკეთესი იქნებოდა.

კითხვა: შეგიძლიათ გვითხრათ, ამ შემთხვევამდე რა განწყობაზე იყავით?

ბარიკელო: ძალიან თავდაჯერებული ვიყავი. არ ვიცოდი, ”რედ ბულთან” შედარებით რამდენად კარგად მუშაობდა ჩვენი მანქანა, მაგრამ მე რომ უფრო კმაყოფილი ვიყავი, ვიდრე ჯენსონი, ამის თქმა შემიძლია. დარწმუნებული ვარ, რომ სასტარტო რიგში ”რედ ბულებს” შორის ჩადგომა შემეძლო.

ვნახოთ, რა იქნება რბოლაზე.

ჰამილტონს კერს-ის იმედი აქვს

Hungarian GP

25 ივლისი

ლუის ჰამილტონი იმედოვნებს, რომ დღევანდელი რბოლის სტარტზე, კერს-ის (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) მეშვეობით შეძლებს დაწინაურებას. ბრიტანელი სტარტს მეოთხე პოზიციიდან აიღებს, თუმცა მის წინ ერთი მანქანაც არაა ისეთი, რომელსაც კერს-ი უყენია. ეს სისტემა კი, როდესაც ის დამუხტულია, (სტარტზე ყოველთვის დამუხტულია), დამატებით სიმძლავრეს გამოიმუშავებს და შედეგად, პილოტს უპირატესობას ანიჭებს.

იმედისმომცემი თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ, გუშინ მსოფლიოს ჩემპიონმა კვლავ განაცხადა, რომ მის მანქანას სიჩქარე აკლია, რაც ლიდერებთან თანასწორად პაექრობის საშუალებას არ აძლევს.

”ძალიან გამიჭირდა. შესაძლოა, ლიდერებთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი, ბოლო წრე რომ არ გამეფუჭებინა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მეოთხე ადგილი კარგი შედეგია და რბოლის დასაწყებადაც ნორმალური პოზიციაა. შანსი მაქვს იმისა, რომ პირველ მოსახვევში ყველას შევასწრო. იმედია, ამას შევძლებ და მოწინავე პოზიციებისთვის ვიბრძოლებ”, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც გერმანიის დიდი პრიზის სტარტზეც შესანიშნავი სტარტი აიღო, მაგრამ შემდეგ შეცდა და ბევრი პოზიცია დაკარგა.

მეექვსე სასტარტო პოზიციაზეა ჰამილტონის ფინელი თანაგუნდელი ჰეიკი კოვალაინენი, ვინც კვალიფიკახიის შემდეგ, ბორბლების გზასთან ჩაჭიდების დაბალ ხარისხს უჩიოდა.

”მანქანა ხშირად ცურავდა. როცა ავზი სავსე იყო, მანქანა უკეთ იდგა, მაგრამ საბურავების გახურება ძალიან გაძნელდა. ერთ მომენტში კი ზედმეტად დავამუხრუჭე და ლამის რეზინი დავწვი. მოკლედ, ოპტიმალური ბალანსის მოძებნა ძალიან გაჭირდა და ასეთ დროს მეექვსე შედეგით კმაყოფილი ვარ. სამაგიეროდ, ლიდერებს აშკარად წამოვეწიეთ და ეს გუნდში ყველას ახარებს. არ ვიცი, სხვა რომელ გუნდს აქვს ასეთი სოლიდური წინსვლა. მაგრამ ეს საკმარისი არაა. მეტი შრომაა საჭირო იმისათვის, რომ ლიდერთა შორის დავბრუნდეთ”, - ამბობს კოვალაინენი.

სამი პიტ სტოპი ალონსოსთვის

Hungarian GP

25 ივლისი

ფერნანდო ალონსოს სიტყვები დადასტურდა - კვალიფიკაცია მას იღბალმა და მსუბუქმა მანქანამ მოაგებინა. თუ ქვემოთ მოყვანილ ცხრილს გადახედავთ, რომელშიც დღევანდელი რბოლის მონაწილეთა მანქანების წონებია მოყვანილი, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მოწინავე ათეულში მყოფ მანქანებს შორის, ყველაზე ცოტა საწვავი ალონსოს ”რენოს” ავზში ასხია.

შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციის მესამე სექციაში მონაწილე პილოტებს, სესიის დასრულების შემდეგ, ავზებში საწვავის ჩამატების უფლება არ აქვთ. ამგვარად, დღეს სტარტზე ყველაზე ცოტა საწვავით ალონსო გავა და შესაბამისად, პიტ სტოპზე ყველაზე ადრე შესვლაც მას მოუწევს.

ამ ცხრილის გამოქვეყნებამდე, ალონსოს გამონათქვამების მიხედვით, ჟურნალისტებმა ივარაუდეს, რომ რბოლაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამპიტსტოპიან სტრატეგიას აირჩევდა. მოგვიანებით, მათთან საუბრისას, ეს ვარაუდი ”რენოს” შეფმა ფლავიო ბრიატორემ დაადასტურა. მერე კი ფედერაციამ მანქანების წონების ცხრილიც გამოაქვეყნა. ცნობისათვის, ამგვარმა (რისკიანმა) სტრატეგიამ, მიხაელ შუმახერს უნგრეთის დიდი პრიზი 1998 წელს მოაგებინა.

იმ პილოტებს შორის, რომლებმაც კვალიფიკაციის სამივე სექციაში იასპარეზეს, რბოლას ყველაზე მძიმე მანქანით ჩემპიონატის ლიდერი ჯენსონ ბატონი დაიწყებს. ალბათ ესაა იმის მიზეზი, რომ ბრიტანელი კვალიფიკაციაზე მხოლოდ მერვე შედეგს დასჯერდა. სხვათა შორის, როს ბრაუნმა ეს გარემოება იმით ახსნა, რომ ბატონმა კვალიფიკაციის მესამე სექციის დიდი ნაწილი ბოქსებში გაატარა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მასას ინციდენტის შემდეგ, გუნდმა ბატონის ბოლიდის უკანა საკიდარი ნაწილობრივ შეცვალა. ბატონმაც დაგეგმოლზე ოთხი წრით ნაკლები გაიარა და ამიტომ, მისი მანქანა ვეღარ შემსუბუქდა.

მანქანების წონები

პილოტი, ქვეყანა, გუნდი მანქანის წონა

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 637.5

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 655.0

3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო) 652.0

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი) 650.5

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 654.0

6. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი,მაკლარენ-მერსედესი) 655.5

7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 651.5

8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ-მერსედესი) 664.5

9. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 658.0

10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო-ფერარი) 671.5

11. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 671.3

12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ-მერსედესი) 689.0

13. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 679.2

14. ნელსინიუ პიკე (ბრაზილია, რენო) 667.7

15. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 658.0

16. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია-მერსედესი) 680.5

17. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია-მერსედესი) 683.5

18. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 666.0

19. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი,ტორო როსო-ფერარი) 675.5