ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, January 31, 2010

”ბეემვე ზაუბერმა” ახალი C29 გვიჩვენა

BMW Sauber launches new C29 car

31 იანვარი

მარცხნიდან: პეტერ ზაუბერი, პედრო დე ლა როსა და კამუი კობაიაში
.................................................

მართალია, ”ბეემვე” ფორმულა ერთიდან შარშან წავიდა, მაგრამ შვეიცარულმა გუნდმა ”ზაუბერმა” თავის სახელწოდებაში გერმანული კომპანიის სახელი მაინც დატოვა და გუშინ თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი წარმოადგინა, რომელიც ”ფერარის” ძრავითა და გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.

იმის მიუხედავად, რომ თეთრად შეღებილ მანქანაზე თითქმის ვერ ნახავთ სპონსორების წარწერებს, გუნდის შეფი პეტერ ზაუბერი, ვინც ბავარიელებისგან საკუთარი გუნდი უკან დაიბრუნა, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, მას ფინანსური პრობლემები არ აწუხებს და იმედი გამოთქვა, რომ სეზონის დაწყებამდე, მისი გუნდის მანქანებზე რამდენიმე წარწერა და ლოგოტიპი გამოჩნდება.

”ამ სეზონში ფინანსურად გარანტირებულები ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა, სპონსორების მოზიდვას ვცდილობთ, რათა მომავალშიც არ შეგვექმნას პრობლემები. დარწმუნებული ვარ, ბაჰრეინში ჩვენს მანქანებზე სპონსორების წარწერებს ნახავთ. ან ეს ევროპული ეტაპებისთვის მაინც მოხდება. სამწუხაროდ, სპონსორების მოსაზიდად საკმაოდ მცირე დრო გვქონდა. ამ საკითხზე მუშაობა საშობაოდ დავიწყეთ, ამ დროს კი სპონსორების მოზიდვა ძალიან ძნელია”, - მანქანის პრეზენტაციაზე განაცხადა 66 წლის ზაუბერმა, ვინც თავისი გუნდი ფორმულა 1-ში პირველად 1993 წელს გამოიყვანა და მაშინ მისი ბიუჯეტი სულ რაღაც 30 მილიონი დოლარი იყო.

სხვათა შორის, გასული სეზონის ბოლოს, ”ბეემვე” თავისი გუნდის მიყიდვას შვეიცარულ საინვესტიციო ჯგუფ ”ქადბაკისთვის” აპირებდა, რომელსაც ახლო აღმოსავლეთელი მხარდამჭერი ჰყავდა, მაგრამ შემდეგ გარიგება ჩაიშალა და გუნდის 80 პროცენტი ზაუბერმა დაიბრუნა. ეს ის წილია, რომელიც მანვე 2005 წელს გერმანულ კომპანიას მიჰყიდა.

”ბეემვე ზაუბერმა” გასულ სეზონში მეექვსე ადგილი დაიკავა. პეტერ ზაუბერი აცხადებს, რომ მისი გუნდი იმავე ადგილისთვის იბრძოლებს. მანვე დასძინა, რომ გუნდს შარშანდელზე 40 პროცენტით შემცირებული ბიუჯეტი ექნება. ამასთან, პერსონალი 388-დან 260-მდე შემცირდა.

პეტერ ზაუბერი ამბობს, რომ პირადად ფ1-ში დიდხანს დარჩენას არ აპირებს, თუმცა მომავალ სეზონში, ის გუნდთან ერთად იქნება და ყველა რბოლას დაესწრება. შემდეგ კი გამოჩნდება, თუ რა გზას დაადგება. მან არ გამორიცხა, რომ გუნდი შეიძლება კვლავ გაყიდოს.

ახალ სეზონში, ”ბეემვე ზაუბერის” მანქანების საჭესთან ორ ახალ პილოტს - 38 წლის ესპანელ პედრო დე ლა როსას და 23 წლის იაპონელ კამუი კობაიაშის ვიხილავთ. ბევრს გაუკვირდა, რომ ზაუბერმა დე ლა როსა ისეთ პილოტს ამჯობინა, როგორიც უგუნდოდ დარჩენილი გერმანელი ნიკ ჰაიდფელდია. გუნდის შეფმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანელი სპონსორების მოსაზიდად არ მიუწვევია.

”პედროს ჩვენთან სპონსორი არ მოუყვანია, თუმცა იმედი მაქვს, რომ გუნდში მისი ყოფნა ესპანურ კომპანიებს დააინტერესებს. ჩვენ ცვლილება გვჭირდებოდა. ნიკი რამდენიმე სეზონის განმავლობაში, ჩვენი პილოტი იყო. ახლა კი ახალი სტარტი გვჭირდება და ჩვენი არჩევანიც ამან გამოიწვია”, - განაცხადა ზაუბერმა.

დიფუზორების დავა 2010 წლის სეზონშიც აქტუალური იქნება

Diffuser row could hit 2010 season

31 იანვარი

”მაკლარენი” თავის დიფუზორს ჯერჯერობით არავის უჩვენებს

......................................................

ფორმულა ერთის ახალი სეზონი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა დიდია ალბათობა იმისა, რომ მის სტარტზევე, ზოგიერთი გუნდის მანქანის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ეს ვარაუდი მაშინვე გამოითქვა, როგორც კი ”მაკლარენმა” თავისი ახალი სარბოლი მანქანის, MP4-25-ის პრეზენტაცია ჩაატარა.

არადა, დიფუზორების შარშანდელი დავის შემდეგ, როცა საერთაშორისო საავრომობილო ფედერაციის (FIA) სააპელაციო სასამართლომ ორმაგი დიფუზორები ლეგალურად მიიჩნია, მოსალოდნელი იყო, რომ ამ თემაზე კამათი აღარ გაგრძელდებოდა. მაგრამ როგორც ჩანს, ”მაკლარენის” ინჟინერთა საზრიანობამ ტექნიკურ რეგლამენტში კიდევ ერთი ნაპრალი იპოვა, რომელსაც თავის სასარგებლოდ იყენებს.

ამის დასტურად, ”მაკლარენის” საინჟინრო დეპარტამენტის შეფი პადი ლოუ აცხადებს, რომ ახალი მანქანის შექმნის პროცესში, გუნდმა მაქსიმალურად გამოიყენა ის შესაძლებლობები, რომლებსაც ტექნიკური რეგლამენტი იძლევა.

”ეს პირველი მანქანაა, რომელზეც ჩვენ მაქსიმალურად შევძელით ორმაგი დიფუზორების პოტენციალის ათვისება. მისი კონსტრუქცია ჩვენ სუფთა ფურცლიდან შევიმუშავეთ. ძველი კონფიგურაციის ადაპტირება რომ დაგვეწყო, შედეგი სულ სხვა იქნებოდა. იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენი კონსტრუქცია ტექნიკური რეგლამენტით ნებადართულის ზღვარზეა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რადიკალური კონსტრუქცია სხვებსაც ექნებათ”, - ამბობს ლოუ.

მაგრამ ”ფერარიში” ამ საკითხს სხვა კუთხით აფასებენ და მიაჩნიათ, რომ ”მაკლარენის” დიფუზორის კონსტრუქცია რეგლამენტს არ შეესაბამება. ის დარწმუნებულია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საქმეში FIA-ს ჩარევა საჭიროც არ გახდება.

”ვფიქრობ, რეგლამენტის ორმაგად აღქმას ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. დიფუზორის კონსტრუქციის შემუშავების პროცესში, ჩვენ FIA-ს მივმართეთ, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ რეგლამენტს არ ვარღვევთ. მათგან კი დადებითი პასუხები მივიღეთ. იმედი გვაქვს, რომ სეზონის დასაწყისში, შარშანდელის მსგავსი გარჩევები არ გველის”, - დასძენს ლოუ.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორმაგი დიფუზორის იდეა რეგლამენტს არ შეესაბამება. ალბათ, რეგლამენტში რჩება პუნქტები, რომლებიც ზოგიერთი გუნდის ინჟინერს, მათი სხვაგვარად აღქმის საშუალებას აძლევს. ამ საკითხის გადაჭრა FIA-ს კომპეტენციაა, თუმცა ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ”, - ”გაძეტა დელო სპორტთან” საუბრისას განაცხადა ”ფერარის” ტექნიკურმა დირექტორმა ალდო კოსტამ.

”ვფიქრობ, ჩვენ გუნდს ტიტულების მოპოვების უნარი შესწევს, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში ხელს არ შეგვიშლის ის გარემოება, რომ მეტოქე გუნდები მანქანებს რეგლამენტის შესაბამისად შექმნიან”, - ამბობს ”ფერარის” ვიცე პრეზიდენტი პიერო ფერარი.

Saturday, January 30, 2010

ვილი ვებერი - ჰულკენბერგი ”ფერარიში” მალე გადავა

Weber plans Ferrari future for Hulkenberg

30 იანვარი

სერია GP2-ის მოქმედ ჩემპიონს, გერმანელ ნიკო ჰულკენბერგს ჯერ ფორმულა 1-ის არცერთ რბოლაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მისი მენეჯერი ვილი ვებერი დარწმუნებულია, რომ უახლოეს სამ წელიწადში მას აუცილებლად ვიხილავთ ”ფერარიში”.

ვებერი, ვინც სახელი იმით გაითქვა, რომ მიხაელ შუმახერის მენეჯერია და მისგან, გაწეული სამსახურისთვის, ჰონორარების 20 პროცენტს იღებდა, რისთვისაც მეტსახელად მისტერ ოცი პროცენტი შეარქვეს, აცხადებს, რომ ჰულკენბერგს ”ფერარიში” მოხვედრის რეალური შანსი შარშანვე მიეცა, როდესაც იტალიური გუნდი, უნგრეთის დიდი პრიზის დროს მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ფელიპე მასას დროებით შემცვლელს ეძებდა.

”მაშინ ჩვენ ბევრი ვარიანტი განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ მთელ ყურადღებას GP2-ის კამპანიაზე გადავიტანდით და მისი ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლას გავაგრძელებდით. ახლა კი ფორმულა 1-სთვის დებიუტის დრო დადგა და მე ამისათვის კარგად მომზადებული ვარ. ალბათ, კარგად მოვიქეცით, რომ შარშან არ ავჩქარდით”, - ამბობს 22 წლის გერმანელი პილოტი, ვინც მომავალ სეზონს ”უილიამსში”, ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოსთან ერთად გაატარებს.

ვებერი კი დარწმუნებულია, რომ მისი ახალი აღმოჩენა, რომელსაც სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მალე გამოიჩენს თავს და დიდი გუნდების ყურადღებას მიიქცევს, რაც მას, საბოლოოდ მარანელოში მიიყვანს.

”სამ წელიწადში ნიკო აუცილებლად ”ფერარიში” გადავა”, - ფინურ გამოცემა ”ტურუნ სანომატთან” საუბრისას განაცხადა ვებერმა, ვინც თავის დროზე, დიდი როლი ითამაშა შუმახერის ”ფერარიში” გადასვლაში.

Friday, January 29, 2010

”მაკლარენი” ახალ სეზონს საუკეთესოდ მომზადებული ხვდება

McLaren declaring themselves better prepared than ever

29 იანვარი

”მაკლარენმა” საზოგადოებას თავისი ახალი ბოლიდი, MP4-25 წარუდგინა, რომლითაც ბრიტანელები - ჯენსონ ბატონი და ლუის ჰამილტონი, ახალ სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

მანქანის აგება პრეზენტაციის წინა ღამით დასრულდა და როცა საჩვენებლად დარბაზში გადმოჰქონდათ, სპეციალურ ლიფტზე მისი დამაგრება გაჭირდა - ახალი რეგლამენტის გამო, ის საგრძნობლად გრძელია და სამაგრებზე მისი მიბმა ვერ მოხერხდა. ამიტომ, გუნდი იძულებული გახდა, ახალი ბოლიდი დანიშნულების ადგილამდე მეორე გასასვლელიდან, შემოვლითი გზით მიეტანა.

ახალი სარბოლი მანქანა შარშანდელზე გრძელია, რაც იმის შედეგია, რომ რბოლისას საწვავის შევსება იკრძალება და შესაბამისად, სტარტზე პილოტებს შარშანდელთან შედარებით, ორჯერ მეტი საწვავით გასვლა მოუწევთ. რა თქმა უნდა, შეიცვალა აეროდინამიკური პაკეტი. პრეზენტაციაზეც კი, გუნდმა არავის უჩვენა MP4-25-ის უკანა დიფუზორი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სეზონის დასაწყისში ალბათ მეტოქე გუნდების მხრიდან დავის საგანი გახდება. ინგლისური გუნდი კი ირწმუნება, რომ დიფუზორი ტექნიკურ რეგლამენტს შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დასაწყისში, სწორედ დიფუზორის გამო ატყდა დავა, მაგრამ მაშინ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის სააპელაციო სასამართლომ, სამი გუნდის (ბრაუნი, უილიამსი და ტოიოტა) მიერ გამოყენებული აეროდინამიკური ელემენტი ლეგალურად სცნო.

გასულ სეზონსაც ”მაკლარენი” ოპტიმისტურად ხვდებოდა, მაგრამ პირველივე ტესტებმა აჩვენა, რომ მანქანა არაკონკურენტუნარიანი და შედარებით ნელი იყო. გუნდის საინჟინრო პერსონალს ნახევარი სეზონი დასჭირდა იმისათვის, რომ ჰამილტონს გამარჯვებისთვის ბრძოლა შესძლებოდა. თუმცა ჩემპიონობისთვის ბრძოლა ვეღარ მოხერხდა.

ისევე როგორც შარშან, ახალ სეზონშიც, პირველი ნომერი ”მაკლარენს” ეკუთვნის და ის გუნდს ჩემპიონმა ბატონმა მოუტანა, რომელიც აქ ”ბრაუნიდან” (ახლანდელი მერსედესიდან) გადმოვიდა. ”მაკლარენში” იმედოვნებენ, რომ ამჯერად მაინც შეძლებენ ამ ნომრის შენარჩუნებას.

”მანქანა შარშანდელისგან ძლიერ განსხვავდება და მე მეამაყება, რომ მის შექმნაში მონაწილეობას ვღებულობდი. დარწმუნებული ვარ, ის გაცილებით დამჯერი და სწრაფი იქნება. MP4-25-ზე მუშაობა ჩვეულებრივზე ადრე დავიწყეთ. ფაბრიკაში ბიჭები თავაუღებლად მუშაობდნენ, რათა მისი აეროდინამიკა დაეხვეწათ და ბორბლების გზასთან ჩაჭიდულობა გაეუმჯობესებინათ”, - განაცხადა ჰამილტონმა.

”მაკლარენის” შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, რომ MP4-25-ს ბევრი ისეთი ნაწილი აქვს, რომლის მსგავსიც, ფორმულა 1-ში ადრე არავის გამოუყენებია: ”მაგრამ სიახლეები სხვებსაც ექნებათ. გაიხსენეთ შარშანდელი ორმაგი დიფუზორების ისტორია. ვინ იფიქრებდა, რომ ამ ელემენტს ამხელა მნიშვნელობა ექნებოდა. ასე რომ, წინასწარ რაიმეს დაბეჯითებით თქმა შეუძლებელია. ერთს კი ვიმედოვნებ, რომ ჩემპიონის ვინაობა ტესტებზე და პირველივე რბოლებზე არ გაირკვევა”.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, უიტმარში ამ სიტყვებში იმას გულისხმობდა, რომ ბატონი შარშან ჩემპიონი სწორედ იმის წყალობით გახდა, რომ სეზონის დასაწყისში, მისი მანქანა სხვებისაზე კონკურენტუნარიანი ორმაგი დისუზორის წყალობით იყო.

”ფერარი” F10-ის მოდერნიზებას ახლავე იწყებს

Ferrari working on 'B' version of new F10

29 იანვარი

ფორმულა 1-ის გუნდებს შორის ”ფერარი” პირველია, რომელმაც ახალი მანქანა - F10 წარმოადგინა. მარანელოელები იმედოვნებენ, რომ ამ მანქანით, მათი გუნდი ახალ სეზონში კვლავ შეძლებს გამარჯვებებოსთვის ბრძოლას. რამდენად რეალურია მათი იმედები, ამას წინასასეზონო ტესტები და პირველი რბოლები გვიჩვენებს.

”სკუდერიას” ტექნიკური დირექტორი ალდო კოსტა აცხადებს, რომ ბაჰრეინამდე, მანქანა არაერთ მოდიფიკაციას გაივლის და სეზონის სტარტისთვის, ის საკმაოდ განსხვავებული იქნება იმ ვერსიისგან, რომელიც საზოგადოებამ მის პრეზენტაციაზე იხილა:

”ახალი მანქანა ტესტების დროს კიდევ უფრო დაიხვეწება და ნუ გაგიკვირდებათ, თუ მას ბაჰრეინში სრულიად სხვანაირს იხილავთ. დარწმუნებულნი ვართ, რომ უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ, თმცა F10-ის რეალური კონკურენტუნარიანობა მხოლოდ სეზონის პირველ რბოლებში გამოჩნდება”.

ამასობაში, იტალიურ პრესაში გაჩნდა ცნობები იმის თაობაზე, რომ მანქანა არც ისე სწრაფია, როგორც მისი შემქმნელები იმედოვნებდნენ და არაა გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში, გუნდმა მის ”მოდიფიკაცია B-ზე” მუშაობა დაიწყოს.

და მაინც, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალოსნო, ვინც ახალ სეზონში ”ფერარის” მანქანით იასპარეზებს, ოპტიმისტურადაა განწყობილი: ”აბსოლუტურად დამშვიდებული ვარ, რადგან ვიცი, როვ ჩვენს გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ინჟინრები მუშაობენ და გვჯერა, რომ წინ წარმატებული სეზონი გველის”.

Thursday, January 28, 2010

”ფერარიმ” 2010 წლის მანქანა გაგვაცნო

Ferrari unveils 2010 challenger

28 იანვარი

ფორმულა 1-ის გუნდებს შორის ”ფერარი” პირველია, რომელმაც ახალი სეზონის მანქანა - F10 წარმოადგინა. ბოლიდით, რომლის შესაქმნელადაც გუნდის საინჟინრო შტაბმა შვიდი თვე დაუღალავად იმუშავა, მარანელოელები იმედოვნებენ, რომ ისევ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი მოთამაშეები გახდებიან.

შარშანდელი წარუმატებელი სეზონის მიწურულს, როდესაც აშკარა გახდა, რომ პირველობისთვის ბრძოლა შეუძლებელი იყო, ”სკუდერიამ” გადაწყვიტა, რომ ახალ მანქანაზე ჩვეულებრივზე ადრე დაეწყო მუშაობა. ამასთან, პროექტირების პროცესში, გათვალისწინებულ იქნა ყველა ის შეცდომა, რომელთა გამოც, გუნდმა შარშანდელი სეზონი ჩააგდო. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ”ფერარის” ერთადერთი გამარჯვება კიმი რაიკონენმა მოუპოვა და ეს გამარჯვება მხოლოდ იმისთვის გამოდგა საკმარისი, რომ გუნდს კონსტრუქტორთა პირველობაზე მეოთხე ადგილი დაეკავებინა. ეს კი კრახის ტოლფასი იყო.

მაგრამ ახალ სეზონს მარანელოელები ოპტიმისტურად ხვდებიან და აცხადებენ, რომ წელს მათ კვლავ ლიდერთა შორის ვიხილავთ. ახალი მანქანის გარდა, მათ ამის იმედს ის ფაქტიც აძლევს, რომ გუნდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო მივიდა, რომელმაც რაიკონენი შეცვალა.

”ეს ჩემპიონატი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სხვადასხვა მიზეზის გამო, შარშან ჩავარდნა გვქონდა, რაც აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ ორი ახალი პილოტი გვყავს. რატომ ორი? პირველი ფერნანდო ალონსოა, რომელიც ორგზის მსოფლიო ჩემპიონია და შემიძლია ვთქვა, რომ მესამე ტიტულსაც მოიპოვებს. ის უკვე შეგვიძლია მოვიხსენიოთ დიდ ჩემპიონებს შორის. ის ჩვენთან კარგ დროს გადმოვიდა, გამარჯვებები სწყურია და ჩვენც გვინდა, რომ წარმატებები გავიმეოროთ”.

”რაც შეეხება ფელიპე მასას, ის ჩვენთან ახალი არაა, მაგრამ შარშანდელი ავარიის შემდეგ, ძველი ფელიპეს უკეთესი ვერსიაა. შარშან მან ფანტასტიურად იასპარეზა და მჯერა, ახალ სეზონში კიდევ უფრო უკეთესი იქნება. მინდა, ორივეს წარმატებები ვუსურვო”, - განაცხადა ”ფერარის” შეფმა სტეფანო დომანიკალიმ.

ახალი მანქანა შარშანდელზე გრძელია, რაც იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ახალი სეზონიდან, რბოლისას საწვავის მარაგის შევსება იკრძალება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მანქანებს ორჯერ დიდი ავზები ექნება. შედეგად, გაიზარდა ბორბლებს შორის ბაზა. შეცვლილია სამუხრუჭე სისტემებიც, რომლებსაც, რბოლების დასაწყისში, გაცილებით მძიმე მანქანის შეჩერება მოუწევთ და შესაბამისად, უფრო დატვირთულ რეჟიმში იმუშავებენ. დავიწროვდა წინა ბორბლები, რამაც მანქანის ცხვირსა და ბორბლებს შორის სივრცის გაზრდა გამოიწვია და აეროდინამიკური მაჩვენებლებიც შეცვალა. წინა მანქანასთან შედარებით, F10-ს დიფუზორიც გაცილებით დიდი ზომის აქვს.

მანქანის ძირითადი ფერი ისევ წითელია, თუმცა ახალ სეზონში, მას თეთრი ანტიფრთები ექნება, სადაც გუნდის პარტნიორის, ესპანურ ბანკ ”სანტანდერის” სარეკლამო წარწერები განთავსდა.

Wednesday, January 27, 2010

შუმახერი შეიძლება უფრო დიდი ხნითაც დარჩეს

Schumacher could race beyond 2012

27 იანვარი

მიხაელ შუმახერი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ფორმულა 1-ში მას შემდეგაც გააგრძელოს გამოსვლა, როცა 2012 წელს, ”მერსედესთან” გაფორმებული სამწლიანი კონტრაქტი ამოიწურება.მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი იმ დროისთვის 43 წლის იქნება, თუმცა თავად აღიარებს, გარანტია იმისა, რომ მაშინვე დაანებებს სპორტს თავს, არ არსებობს.

”კარგი ისაა, რომ ”მერსედესში” ჩემი სჯერათ. ისინი სამ წელს მაძლევენ წარმატების მისაღწევად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამის შემდეგ გავჩერდები”, - ამბობს შუმახერი და დასძენს, რომ ფ1-ში თავისი დაბრუნებით იმდენადაა აღტაცებული, რომ ადვილად წარმოუდგენია, რომ უფრო დიდი ხნითაც დარჩება.

”ახლა ყველაფერს ფრთხილად ვაფასებ. შესაძლოა, ეს აღტაცებული ადამიანის ფიქრებია და ვინ იცის, ეს ენთუზიაზმი როდემდე გამყვება. მაგრამ ამ სიტუაციაში, შემიძლია ვთქვა, რომ უფრო დიდხანსაც სიამოვნებით დავრჩები”.

”მერსედეს GP-ს” შეფმა როს ბრაუნმა განაცხადა, რომ კარგად ესმის - ვეტერანი პილოტი დიდხანს სპორტში არ გაჩერდება და სწორედ ამიტომ აიყვანეს გუნდში ახალგაზრდა, ამბიციური პილოტი, გერმანელი ნიკო როსბერგი, რომელსაც უყურებენ, როგორც მომავალ ჩემპიონს.

”მიხაელი დაბრუნდა, მაგრამ ადრე თუ გვიან, დადგება დრო, როდესაც ისევ შეწყვეტს თავის კარიერას. და როცა ის წავა, ჩვენ ნიკო დაგვრჩება, რომელიც იმ დროისთვის ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს”, - ამბობს ბრაუნი.

”მერსედესის” ფ1-ის მანქანის ტესტირებას შუმახერიც და როსბერგიც ორშაბათიდან შეუდგებიან.

”მერსედესს” პირველი პილოტი არ ეყოლება

No number one driver at Mercedes

27 იანვარი

”მერსედეს GP-ს” შეფი როს ბრაუნი აცხადებს, რომ მომავალ სეზონში მის გუნდს პირველი პილოტი არ ეყოლება. ბევრი ელოდა, რომ ფორმულა 1-ში მიხაელ შუმახერის დაბრუნების შემდეგ, პირველი პილოტის როლი მას გარანტირებული ექნებოდა, მაგრამ ბრაუნმა ეს მოლოდინი უარყო. ყოველ შემთხვევაში, სიტყვიერად მაინც.

შეგახსენებთ, რომ რამდენჯერაც შუმახერი ჩემპიონი გახდა, ბრაუნი ყოველტვის მისი გუნდის (ორჯერ ბენეტონის, ხუთჯერ კი - ფერარის) შეფი იყო და ყოველთვის, გერმანელი პილოტი პირველი ნომრის სტატუსით ჰყავდა. თუმცა ახლა ირწმუნება, რომ გუნდი შუმახერსაც და მის გერმანელ თანაგუნდელ ნიკო როსბერგსაც, თანაბარ დონეზე მომზადებული მანქანებით უზრუნველყოფს.

ცერემონიაზე, რომელზეც ”მერსედეს GP-მ” თავისი მანქანის ფერების პრეზენტაცია მოაწყო, ბრაუნმა განაცხადა, რომ რომელიმე პილოტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოარჩევს, თუ მას ჩემპიონობის შანსი გაუჩნდება. ბუნებრივია, ასეთი პირველ რიგში, შეიძლება შუმახერი იყოს.

”პირველი ნომრის სტატუსს ის მიიღებს, ვინც ტრასაზე უფრო სწრაფი იქნება. ვინც მეტ რბოლას მოიგებს და ვისაც ჩემპიონობის მეტი შანსი ექნება, პირველ ნომრადაც მას განვამწესებთ. ისე კი, ორივეს თანაბრად მომზადებულ მანქანას მივცემთ. მერე კი გამოჩნდება, ჩემპიონობის მეტი შანსი რომელსაც ექნება. პრიორიტეტსაც მას მივანიჭებთ. ვფიქრობ, შარშან დავამტკიცეთ, რომ ორივე პილოტს - ჯენსონ ბატონსაც და რუბენს ბარიკელოსაც, გუნდისგან თანაბარი მხარდაჭერა ჰქონდა და ეს მიდგომა არც ახალ სეზონში შეიცვლება. ორივე პილოტს მოუწევს ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ეს ისე უნდა ხდებოდეს, რომ გუნდის ინტერესები არ დაზარალდეს. ჩვენ არ გვყავს პირველი პილოტი და არც გვეყოლება”, - ირწმუნება ბრაუნი.

ბრაუნი ასევე დასძენს, რომ პილოტებმა თავიანთი სარბოლო ინჟინრები თავად აირჩიეს. მისი თქმით, როსბერგთან ჯოკ კლია (ერთ დროს ჟაკ ვილნევის სარბოლო ინჟინერი იყო) იმუშავებს, შუმახერთან კი - ენდრიუ შოვლინი.

გუნდს ჯერ არ დაუსახელებია მესამე პილოტი, თუმცა ამის გაკეთებას უახლოეს მომავალში აპირებს. სავარაუდოდ, სათადარიგო და ტესტ პილოტის ადგილს გერმანელ ნიკ ჰაიდფელდს ჩააბარებენ.

ქულათა სისტემა ისევ შეიცვალა

Teams agree to points system tweak

27 იანვარი

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე თვენახევრით ადრე, ფორმულა 1-ში ქულების დარიცხვის სისტემა ისევ შეიცვალა. ახალი სისტემით, ქულები ისევ ათ მოწინავე პილოტს დაერიცხება, თუმცა გამარჯვებულს მეორეადგილოსანთან და დანარჩენებთან მეტი უპირატესობა ექნება.

ახალი წესითაც, პირველ ადგილზე გასული პილოტი 25 ქულას მიიღებს. სამაგიეროდ, მეორეზე გასულს, 20-ის ნაცვლად, 18 ქულა დაეწერება. დანაჩენი კი იგივე რჩება. ანუ: 25-18-15-12-10-8-6-4-2-1. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული დიდ უპირატესობას მიიღებს.

ქულების სისტემაში შესწორება ფორმულა 1-ის სპორტულმა სამუშაო ჯგუფმა შეიტანა. ახლა შესწორება ჯერ ფორმულა 1-ის კომისიამ უნდა მოიწონოს, რის შემდეგაც, დასამტკიცებლად, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ავტოსპორტის მსოფლიო საბჭოს გადაეცემა. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს უბრალო ფორმალობა იქნება.

აღსანიშნავია, რომ სპორტულმა სამუშაო ჯგუფმა პოულისა და უსწრაფესი წრისთვის საბონუსო ქულების დარიცხვის შესაძლებლობაც განიხილა, მაგრამ მისი შემოღებისგან თავი შეიკავა. არადა, ეს თემა უკვე დიდი ხანია, განიხილება.

”რედ ბულის” შეფმა ქრისტიან ჰორნერმა ”ჟურნალ ”ავტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა, რომ რამდენად კარგია ახალი სისტემა, ამას დრო გვაჩვენებს. ამიტომ, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა მზად უნდა იყოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ისევ შეიტანოს მასში ცვლილება.

”სიახლეებს არ უნდა შევუშინდეთ. ჯერჯერობით, მათ ხეირი მოაქვთ. ქულები იმისთვისაა, რომ მოწინავე ათეულს დამსახურებები შევუფასოთ. ისე კი, ჩემი აზრით, ბერნი ეკლსტოუნი ცდილობს, რომ გამარჯვებულებს მეტი ქულა აშორებდეთ. ასე პილოტებს შორის გამარჯვებისთვის უფრო დაძაბული პაექრობაა მოსალოდნელი. საქმე ის არაა, რომ პილოტებს ბრძოლა და გარისკვა არ უნდათ. ამის მიზეზი ისაა, რომ როცა პირველ და მეორე ადგილს მხოლოდ ორი ქულა აშორებს, მეორეზე გასული ბევრს არაფერს კარგავს. მაგრამ თუ ქულებს შორის სხვაობა გაიზრდება, მაშინ პილოტებსაც დამატებითი სტიმული გაუჩნდებათ და ისინიც უფრო ხშირად შეუტევენ”, - ამბობს ჰორნერი.

სხვათა შორის, სამუშაო ჰგუფი სხვა საკითხებსაც განიხილავდა. მაგალითად, რბოლის დროს ორი სავალდებულო პიტ სტოპის შემოღების შესაძლებლობას, მაგრამ ეს ვარიანტი უარყოფილ იქნა. ესე იგი, პილოტებს მინიმუმ ერთხელ მაინც მოუწევთ ბოქსში შესვლა, რათა რბოლისას ორივე ტიპის საბურავი გამოიყენონ, რაც სავალდებულოა. რაც შეეხება რბოლებს წვიმაში, ამ დროს, რეზინის გამოცვლა სავალდებულო არაა.

Saturday, January 23, 2010

როსი შეიძლება ფორმულა 1-ში გადასვლაზე დაფიქრდეს

Rossi might consider F1 again

23 იანვარი

”იამაჰას” მოტო გრანპრის გუნდის შეფი დავიდე ბრივიო აცხადებს, რომ გასულ კვირაში, ”ფერარის” სარბოლი ავტომობილით ჩატარებული წარმატებული ტესტების შემდეგ, არ გაუკვირდება, თუ ვალენტინო როსი კვლავ დაინტერესდება ფორმულა 1-ში გადასვლით.

როსი ადრე ხშირად გამოხატავდა ფორმულა 1-სადმი თავის ინტერესს და შიგადაშიგ, დიდი პრიზების ცირკში თავის შესაძლო გადასვლაზეც ლაპარაკობდა, თუმცა ბოლო ხანს მან აზრი შეიცვალა და ახლა აცხადებს, რომ ფ1-ში გადასვლისთვის საუკეთესო დრო ხელიდან გაუშვა.

ამასთან, ”ფერარის” არაოფიციალურ ტესტებში, წელიწადში ერთხელ მაინც მონაწილეობს და ამას იმით ხსნის, რომ დიდ სიამოვნებას ღებულობს. მაგრამ რამდენიმე დღის წინ, მორიგი ტესტების დროს, რომელიც ბარსელონაში ჩატარდა, როსიმ შესანიშნავი შედეგები აჩვენა და ბრივიოს ვარაუდებიც ამან გამოიწვია.

”ტესტებზე ვალენტინომ შესანიშნავი შედეგები აჩვენა და მე ეს მაშფოთებს, რადგან არაა გამორიცხული, რომ კვლავ დაინტერესდეს ფორმულა 1-ში გადასვლით”, - ”გაძეტა დელო სპორტთან” საუბრისას განაცხადა ბრივიომ.

როსის ”იამაჰასთან” კონტრაქტი წელს უმთავრდება. ბევრი ვარაუდობს, რომ ამის შემდეგ, იტალიელი მრბოლი ”დუკატიში” გადავა. თუმცა ბრივიოს აზრით, იტალიური გუნდი როსისთვის კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტი არაა. უფრო მეტიც, ის შიშობს, რომ შესაძლოა, დიდი ჩემპიონი ”ფერარიში” გადავიდეს.

სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც მიხაელ შუმახერი ”მერსედესში” გადავიდა, ”ფერარის” შეფი სტეფანო დომენიკალი ამბობს, რომ მისი გუნდისთვის როსი შესანიშნავი კანდიდატია იმ შემთხვევაში, თუ გუნდებს მესამე მანქანის გამოყვანის უფლება მიეცემათ...

2011 წლიდან ორმაგი დიფუზორები აიკრძალება

Double diffusers banned from 2011

22 იანვარი

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდი შეთანხმდა, რომ 2011 წლიდან ორმაგი დიფუზორების გამოყენება აიკრძალება. სწორედ ორმაგი დიფუზორი იყო ის მთავარი ფაქტორი, რომელმაც შარშან ჩემპიონის ტიტულები ჯენსონ ბატონს და მის გუნდს მოუტანა.

ჯურნალ ”ავტოსპორტის” ინფორმაციით, დიფუზორის საკითხზე, ფორმულა 1-ის ტექნიკურმა სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა და ამ მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ორმაგი დიფუზორების გამოყენება აიკრძალება. მიღებული გადაწყვეტილებით, ასეთი დიფუზორები პირდაპირ არ აიკრძალება, თუმცა ტექნიკურ რეგლამენტში გაჩნდება პუნქტი, რომელიც ამგვარი აეროდინამიკურ ელემენტის გამოყენებას არაკანონიერს გახდის.

ახალ რეგლამენტში გაჩნდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მთელ თავის სიგრძეზე, დიფუზორი უწყვეტი უნდა იყოს. ორმაგი დიფუზორი კი ფაქტიურად ორი, დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგება და ორდონიან სტრუქტურას წარმოადგენს, რაც რეგლამენტის ახალი ფორმულირებით, დაუშვებელი იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ რეგლამენტში ცვლილების შესატანად, საჭიროა, რომ ცვლილება ფორმულა 1-ის კომისიამ და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ავტოსპორტის მსოფლიო საბჭომ დაამტკიცონ. თუმცა მოსალოდნელია, ამ ორ სტრუქტურას, აღნიშნული ცვლილების საწინააღმდეგო არაფერი ექნება.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დასაწყისში, ორმაგი დიფუზორები მხოლოდ სამმა გუნდმა - ”ბრაუნმა”, ”ტოიოტამ” და ”უილიამსმა” გამოიყენეს. სხვა გუნდებმა ეს გააპროტესტეს, თუმცა FIA-ს საერთაშორისო სააპელაციო სასამართლომ ეს ელემენტი კანონიეროდ ჩათვალა. ამის შემდეგ კი ორმაგი დიფუზორის შექმნაზე მუშაობა ყველა დანარჩენმა გუნდმა დაიწყო, თუმცა ამან მანქანის უკანა ნაწილის საფუძვლიანი გადაკეთება მოითხოვა.

ორმაგი დიფუზორის აკრძალვის ერთადერთი მიზეზი უსაფრთხოებაა - ამ ელემენტის მეშვეობით, ფორმულა 1-ის ახლანდელ მანქანებს უფრო ეფექტური აეროდინამიკა აქვთ, ვიდრე 2008 წლის ბოლოს. არადა, იმ სეზონის შემდეგ, ახალმა რეგლამენტმა აეროდინამიკური ელემენტების ეფექტურობა ხელოვნურად იმისთვის შეზღუდა, რომ ჩქარ მოსახვევებში, ავტომობილების სიჩქარე შეზღუდულიყო. მაგრამ რეალურად, ორმაგი დიფუზორების გამო, პირიქით მოხდა. დიფუზორს კი საკმაოდ მყიფე სტრუქტურა გააჩნია და ჩქარ მოსახვევში მისი დაზიანება შეიძლება იმით დასრულდეს, რომ პილოტმა მანქანაზე კონროლი დაკარგოს. სწორედ ეს გახდა ასეთი დიფუზორების აკრძალვის მიზეზი.

მოსალოდნელია, რომ ახალი რეჰლამენტის ამოქმედების შემდეგ, წრის გავლის საშუალო დრო 2 წამით გაიზრდება. თუმცა ”რედ ბულის” შეფი ქრისტიან ჰორნერი თვლის, რომ რეგლამენტის ცვლილებას უფრო ზუსტი ფორმულირება უნდა ჰქონდეს, რაღა წინასწარ გამოირიცხოს მისი სხვაგვარად აღქმის საშუალება. სხვათა შორის, სწორედ ორმაგი დიფუზორია ის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც, ”რედ ბული” საჩემპიონო მარათონში ”ბრაუნთან” დამარცხდაა.

”ვფიქრობ, ყველაზე მთავარია, დავისახოთ მთავარი მიზნები. კერძოდ, როგორი უნდათ იხილონ ფორმულა 1 მის ჩემპიონატში მონაწილე გუნდებმა? როგორი უნდა იყოს ფორმულა 1-ის მანქანები? წვრილმანებზე საუბარი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ამით რბოლების სანახაობრიობას ვერ გავაუმჯობესებთ, გასწრებათა რაოდენობა არ გაიზრდება და მანქანები ერთმანეთს მინიმალურ მანძილზე ვერ მიუახლოვდებიან, როგორც ეს 80-იან წლებში ხდებოდა. ცალკეული ელემენტების აკრძალვა ზოგჯერ ძალიან საშიშია. ამიტომ ვთვლი, რომ უნდა შევიმუშაოთ ზოგადი მიზნები, რომლებზეც სხვადასხვა ტექნიკური ჯგუფები იმუშავებენ”, - ამბობს ჰორნერი.

რედ ბული” ”ფერარისთან” და ”მაკლარენთან” კონკურენციას გეგმავს

Red Bull sure to push Ferrari, McLaren

22 იანვარი

ქრისტიან ჰორნერი (მარცხნივ) და სებასტიან ფეტელი (მარჯვნივ)
...................................................................................

”რედ ბულის” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ შარშანდელ სეზონში მიღებულ გამოცდილებას და დაშვებულ შეცდომებს იმისთვის გამოიყენებს, რომ მომავალ სეზონში, სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ფორმულა 1-ის გრანდებს - ”ფერარის” და ”მაკლარენს”.

შარშანდელ სეზონში, ”რედ ბული” ჩემპიონობისთვის იბრძოდა, მაგრამ ”ბრაუნ GP-თან” იმის გამო დამარცხდა, რომ მისი მანქანა არასაკმარსოდ საიმედო და გამძლე გამოდგა. ბევრი თვლის, რომ ავსტრიული გუნდისთვის, ეს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების ერთადერთი შანსი იყო, რადგან დიდი პრიზების ცირკის ორ გრანდს პრობლემური სეზონი ჰქონდა და რომ, მომავალი სეზონიდან, ისევ მათი დომინაცია გაგრძელდება. მაგრამ ”რედ ბულის” შეფი ქრისტიან ჰორნერი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და მომავალს ოპტიმიზმით განმსჭვალული უყურებს.

”გასულ სეზონში ბევრი რამ ვისწავლეთ და ახლა გუნდი უფრო სრულყოფილი, ჩამოყალიბებულია. ექვსი დიდი პრიზი მოვიგეთ და ორივე კლასიფიკაციაში მეორე ადგილი დავიკავეთ. ექვსი რბოლა დუბლით დავასრულეთ, ხუთჯერ კი პოულ პოზიციაზე ვიდექით. რაც მთავარია, მანქანის მოდერნიზაციის სტაბილურ ტემპს ვინარჩუნებდით, რამაც ასევე სტაბილური წინსვლა განაპირობა”.

”ახლა მორიგი წინსვლის დროა და დარწმუნებული ვარ, რომ ”მაკლარენს” და ”ფერარის” მეტოქეობას გავუწევთ. ეს ძალიან ძლიერი გუნდებია, რომლებსაც უძლიერესი პილოტები ჰყავთ - ”მაკლარენს” ორი ჩემპიონი, ”ფერარის” კი - ალონსო. ჩემი აზრით, ფორმულა 1-ს შესანიშნავი სეზონი ელის”.

”მოკლედ, ჩემპიონატის ორივე მთავარი ჯილდოსთვის ბრძოლას ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ბაჰრეინიდან მოყოლებული, კონკურენტუნარიანები ვიქნებით. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა ისაა, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ. ახალ სეზონში, ჩვენს სტრატეგიას სწორედ ეს ამოცანა განსაზღვრავს. შარშან მიღებული გამოცდილების გამოყენებას ბოლო თვეების განმავლობაში, ახალი მანქანის შექმნისას ვცდილობთ. რა რეალურ შედეგს მივიღებთ, ამას მხოლოდ ბაჰრეინში დავინახავთ”.

”გასულ სეზონში სებასტიან ფეტელმა უზარმაზარი გამოცდილება მიიღო. ის მთელი სეზონის განმავლობაში სულ უფრო ვითარდებოდა. ის ძალიან ნიჭიერი პილოტია და ჩვენს თვალწინ, ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდა. რა თქმა უნდა, ახალი სეზონისგან ის ბევრ რამეს მოელის და ამისათვის მონდომებით ემზადება. და რამდენადაც ის ახალგაზრდაა, აუცილებლად გააგრძელებს განვითარებას”, - ინგლისურ ჟურნალ ”ავტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ჰორნერმა.

Friday, January 22, 2010

რაიკონენი გადაწყვეტილებას წლის შუაში მიიღებს

Raikkonen to decide future mid-season

21 იანვარი

ფორმულა 1-ის 2008 წლის ჩემპიონი კიმი რაიკონენი წლის შუაში გადაწყვეტს, გააგრძელოს რალის მრბოლის კარიერა, თუ ფორმულა 1-ის დაუბრუნდეს. ამ სეზონში რალის მსოფლიო ჩემპიონატზე, მისი დებიუტი ”სიტროენის” ახალგაზრდულ გუნდში შედგება და არაა გამორიცხული, რომ ის დიდი პრიზების ცირკს აღარც დაუბრუნდეს.

თუმცა, იტალიურ ჟურნალ ”ავტოსპრინტთან” საუბრისას, რაიკონენმა განაცხადა, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და ამას სეზონის შუაში გააკეთებს, როდესაც მეტნაკლებად ეცოდინება, თუ რა პერსპექტივა აქვს რალიში. ამასთან, ხაზი იმასაც გაუსვა, რომ ფორმულა 1 მისი ცხოვრებაა და მასთან შელევა ძალიან გაუჭირდება.

”რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ყოველთვის მაინტერესებდა. ”რედ ბულის” დახმარებით, ამ ინტერესის დაკმაყოფილების საშუალება მომეცა და ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა გამომეყენებინა ეს შანსი. ამასთან, ფორმულა 1-ის კარი ღიაა. ჩემი ცხოვრების ცხრა წელი ამ ჩემპიონატს მივუძღვენი და ამ დროის განმავლობაში, უამრავი სასიამოვნო მოსაგონარი დამიგროვდა. დავბრუნდე ფორმულა 1-ში, თუ გავაგრძელო რალის ჩემპიონატზე გამოსვლა, ამას შუა სეზონში გადავწყვეტ”, - ამბობს რაიკონენი.

Wednesday, January 20, 2010

დე ლა როსა ”ზაუბერში” გადავიდა

De la Rosa to race for Sauber

21 იანვარი

ესპანელი პედრო დე ლა როსა ფორმულა 1-ს უბრუნდება - ”მაკლარენის” აწ უკვე ყოფილმა ტესტ და სარეზერვი პილოტმა შვეიზარულ ”ზაუბერთან” გააფორმა კონტრაქტი. 38 წლის ეაპსნელი პილოტი შვიდი წელი ”მაკლარენის” წევრი იყო, მომავალ სეზონში კი ”ზაუბერში” იაპონელ კამუი კობაიაშის თანაგუნდელი იქნება.

”პედრომ არაერთი წელი გაატარა ტოპ გუნდში და საუკეთესო დონის ტექნიკასთან ჰქონდა საქმე და მისი გამოცდილება ჩვენს გუნდს დიდად გამოადგება. მისი გამოცდილებით ახალგაზრდა კამუი კობაიაშიც ისარგებლებს და ეს მას უმაღლესი დონის პილოტად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. პილოტების ასეთი კომბინაცია ხშირად ამართლებს და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ კარგი მანქანა მოვუმზადოთ. ამჟამად, მასზე ინტენსიურად ვმუშაობთ. ეს მუშაობა არც მაშინ შეწყვეტილა, როცა გუნდის ბედი გაურკვეველი იყო”, - განაცხადა ”ზაუბერის” შეფმა პეტერ ზაუბერმა.

დიდი პრიზების არენაზე დაბრუნებით ძლიერ გახარებულია დე ლა როსა, რომელმაც ბოლოს რბოლაში მონაწილეობა 2006 წელს მიიღო, როცა ბრაზილიის დიდ პრიზზე კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოია შეცვალა.

”ყოველთვის მჯეროდა, რომ ფორმულა 1-ში დაბრუნებას შევძლებდი. მას შემდეგ, რაც სატესტო დღეების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ რომელიმე გუნდის საპრიზო პილოტის ადგილი მომეპოვებინა და დღეს ეს მცდელობა წარმატებით დასრულდა”, - განაცხადა დე ლა როსამ.

Sunday, January 17, 2010

”მერსედესი”: პილოტების სტატუსი ბრაუნის გადასაწყვეტია

Mercedes: Driver status is Brawn's call

17 იანვარი

”მერსედეს ბენცის” შეფი დიტერ ცეტშე ამბობს, რომ გუნდის შეფის, როს ბრაუნის გადასაწყვეტია, მიხაელ შუმახერი პირველი პილოტის სტატუსით ისარგებლებს, თუ არა.

როგორც ცნობილია, თავისი კარიერის განმავლობაში, შუმახერს თავის თანაგუნდელებთან, სტატუსის უპირატესობა ყოველთვის ჰქონდა. თანაც, მისი გუნდის შეფი ყოველთვის როს ბრაუნი იყო. ამჯერად, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს თანაგუნდელად ამბიციური გერმანელი, ნიკო როსბერგი ეყოლება.

”გაძეტა დელო სპორტის” კითხვაზე, შუმახერი გუნდის პირველი ნომერი ხომ არ იქნება, ცეტშემ უპასუხა: ”ამ საკითხების მოსაგვარებლად, გუნდს მენეჯერი ჰყავს. როს ბრაუნი ამ საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასე რომ არ იყოს, მისი გუნდი შარშან ორივე ტიტულს ვერ მოიგებდა. არადა, ფაქტობრივად, ისინი დებიუტანტები იყვნენ. გადაწყვეტილებებს ის მიიღებს და ეს კარგი იქნება როგორც პილოტების, ასევე გუნდისთვისაც”.

ის დასძენს, რომ სრულებით არ აღელვებს ის ფაქტი, რომ შუმახერს სამი წელი რბოლებში მონაწილეობა არ მიუღია. უფრო მეტიც, მისი თქმით, შუმახერი ახლა ისეთივე მონდომებას ამჟღავნებს, ახალბედა გეგონებათო.

”დარწმუნებულები ვართ, მიხაელი კარგად იასპარეზებს და გამარჯვებისთვისაც იბრძოლებს. შესაძლოა, ეს სეზონის დასაწყისშივე არ მოხდეს, ცოტა ხანში ტრასაზე ისევ იმ შუმახერს ვიხილავთ, რომელმაც შვიდი ტიტული მოიპოვა. მე მისმა ენთუზიაზმმა გამაკვირვა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დაბრუნებისთვის კი არა, დბიუტისთვის ემზადება”, - ამბობს ცეტშე.

კითხვაზე, რა იქნება, თუ შუმახერი მოლოდინს ვერ გაამართლებს, ცეტშე პასუხობს: ”ამ ჰიპოთეზას დიდ ყურადღებას არც ვაქცევ. როს ბრაუნს არაერთხელ უთქვამს მიხაელის ბრძოლისუნარიანობაზე. როს ბრაუნი მას წლებია, იცნობს. თუ როსი ამბობს, რომ შუმახერს მოგებისთვის ბრძოლა შეუძლია, ესე იგი, ასეა. იმის მიზეზი არ მაქვს, რომ სხვანაირად ვიფიქრო”.

”მაკლარენში” ბატონის დებიუტი 3 თებერვალს შედგება

Button McLaren debut set for February 3

17 იანვარი

მსოფლიოს ჩემპიონმა ჯენსონ ბატონმა გამოაცხადა, რომ პირველად თავისი ახალი გუნდის მანქანის საჭეს 3 თებერვალს, ვალენსიაში ტესტების მესამე დღეს მიუჯდება.

წინასასეზონო ტესტები 1 თებერვალს გაიხსნება და ამ დღეს, ”მაკლარენ MP4-25-ს” პირველ ტესტებს ”მაკლარენის” ესპანელი ტესტ პილოტი პედრო დე ლა როსა ჩაატარებს. მეორე დღეს მას ლუის ჰამილტონი შეცვლის, სამში კი ჩემპიონის ჯერიც დადგება.

”ტესტებს 3 თებერვალს დავიწყებ. მოუთმენლად ველი ამ დღეს. პირველ ტესტებზე გამოჩნდება, რომელი გუნდი რამდენად კარგადაა მომზადებული, ვინ იბრძოლებს ტიტულისთვის”, - ჯურნალ ავტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ბატონმა.

აქამდე გადაწყვეტილი არ იყო ”მაკლარენში” დე ლა როსას დარჩენის საკითხი. თუმცა, რამდენადაც ტესტებს ის იწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის გუნდში რჩება. არადა, ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად აპარაკობდნენ იმაზე, რომ დე ლა როსას”ზაუბერთან” აქვს მოლაპარაკება. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ”მაკლარენმა” მას სხვა გუნდში ასპარეზობის უფლებაც მისცეს...

Thursday, January 14, 2010

ალონსო კარიერას ”ფერარიში” დაასრულებს

Alonso sure Ferrari will be his last team

14 იანვარი

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო აცხადებს, რომ ფორმულა 1-ში თავის კარიერას ”ფერარიში” დაასრულებს. ესპანელი პილოტი მარანელოელთა ბანაკში გასული სეზონის შემდეგ გადაბარგდა და იქ ფინელი კიმი რაიკონენი შეცვალა. იტალიურ გუნდთან მას სამწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და გამორიცხული არაა, რომ სამი წლის შემდეგ, ის კიდევ რამდენიმე წლით გააგრძელოს.

ჯერჯერობით, ალონსოს თავისი ახალი გუნდის ახალი მანქანის ტესტირების საშუალება არ მისცემია, თუმცა ის გუნდთან ერთად უკვე მუშაობს და ამბობს, რომ ტექნიკურ პერსონალთან უკვე კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და მარანელოში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

”ჩემს სარბოლ ინჟინერთან და ტექნიკურ პერსონალთან უკვე კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. როცა ფაბრიკაში არ ვარ, ჩვენ ერთმანეთს ტელეფონით და ინტერნეტით ვეკონტაქტებით და ინფორმაციას ვცვლით. ამგვარად, მუდმივად საქმის კურსში ვარ, თუ როგორ მიმდინარეობს ჩემი მანქანის მზადება. ასე რომ, ტესტების დაწყებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები. პირველივე დღიდან, გუნდში ისე მიმიღეს, რომ თავს შინ ვგრძნობდი. მარანელოში რომ ჩავედი, იქ სამუშაო განწყობა დამხვდა. ყველა თავის საქმეს მონდომებით აკეთებს. სხვაგან საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება არ მინახავს”, - ამბობს ალონსო.

კითხვაზე, აპირებს თუ არა თავისი კარიერის ”ფერარიში” დასრულებას, ალონსომ უპასუხა: ”ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. ნებისმიერი პილოტისთვის, ”ფერარიში” მოხვედრა კარიერის მწვერვალია. ”ფერარიში” ყოფნის შემდეგ, თითქმის წარმოუდგენელია, მოძებნო იმის მოტივაცია, რომ სხვა გუნდში ასპარეზობა ისურვო. ამ გუნდს უნიკალური ისტორია აქვს და ძნელია სხვაგან ისეთი გარემოს პოვნა, როგორიც აქაა. ეს ლეგენდარული გუნდია თავისი ყალყზე შემდგარი კვიცით (ემბლემით). ახლა ძალიან დამშვიდებულად ვგრძნობ თავს, რადგან ჩემს ერთ-ერთ მიზანს უკვე მივაღწიე - ამ გუნდის წევრი ვარ”.

ალონსომ, ვინც თავისი ორი ტიტული 2005 და 2006 წლებში მოიპოვა, როდესაც ”რენოში” ასპარეზობდა, განაცხადა, რომ პირველივე სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა ძალიან ძნელი იქნება და დასძინა, რამდენიმე რბოლა დასჭირდება იმისათვის, რომ გუნდის განუყოფელ ნაწილად იგრძნოს თავი.

”რა თქმა უნდა, პირველი სეზონი ძალიან ძნელი იქნება. მანქანასთან შესაგუებლად, მხოლოდ რვა სატესტო დღე მექნება. ვიცი, რომ სამი-ოთხი რბოლა დამჭირდება იმისათვის, რომ რომ მანქანას ბოლომდე შევეგუო. მაგრამ მეოთხე რბოლიდან, თქვენ ალონსოს და ”ფერარის” საუკეთესო ტანდემის ხილვის საშუალება გექნრბათ”, - პირობას დებს ესპანელი და დასძენს, რომ მისი ერთ-ერთი მიზანი, მიხაელ შუმახერის მიღწევის გამეორებაა, თუმცა ეს თითქმის შეუძლებლად მიაჩნია.

”გამარჯვება ყოველთვის ჩემი მიზანია, თუმცა თანამედროვე ფორმულა 1-ში შვიდი ტიტულის მოპოვება თითქმის შეუძლებელია. დღეს ჩემპიონატში ბევრი თანაბარი შესაძლებლობის გუნდი მონაწილეობს, რომლებს შორის განსხვავებაც წამის ორი-სამი მეათედია. ასე რომ, მიხაელის მიღწევის გამეორება და ზედიზედ ხუთი, ან ოთხი ტიტულის მოგება წარმოუდგენელია”.

ალონსომ თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, შეედარებინა თავსი შესაძლებლობები რაიკონენისასთან: ”წარმოდგენა არ მაქვს, რა მისცა გუნდს კიმიმ. მე კი აქ იმისთვის ვარ, რომ საქმეს პროფესიულად მივუდგე, მთელი ჩემი შესაძლებლობები გამოვიყენო მიზნის მისაღწევად. გუნდში ყოფნა მარტო მანქანის ზღვარზე მართვას არ ნიშნავს. ჩემპიონატი მაშინაც გრძელდება, როდესაც რბოლა დასრულდება და ინჟინრებს მრბოლის მოსაზრებები აინტერესებთ. მანქანას ყოველდღიურად სჭირდება სრულყოფა და მე თავის დაზოგვას არ ვაპირებ, რომ ამ საქმეში მაქსიმალურად ჩართული ვიყო. დიდი მნიშვნელობა აქვს ფანებთან და მედიასთან ურთიერთობასაც. ვფიქრობ, ამ მხრივ გაცილებით უკეთ ვარ მომზადებული, ვიდრე ”რენოსა” და ”მაკლარენში” ყოფნისას. ახლა ჩემგან ყველა მაქსიმუმს მოელის და ვგრძნობ, რომ ამ გამოწვევისთვის მზად ვარ. იაპონიაში, ევროპასა, თუ ინდოეთში, ”ფერარისგან” და მისი პილოტებისგან ყველა გამარჯვებას მოელის და იმედი მაქვს, რომ ამ მოლოდინს გავამართლებთ”.

Wednesday, January 13, 2010

სენა შეიძლება ”ტორო როსოში” გადავიდეს

Bruno Senna

13 იანვარი

ფორმულა 1-ის ახალი სეზონი არ დაწყებულა, თუმცა გამორიცხული არაა, რომ გუნდებს შორის პილოტების გადაადგილება პირველ ეტაპამდე მოხდეს. კერძოდ, ინტერნეტში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ბრაზილიელმა ბრუნო სენამ ”კამპოს მეტადან” ”ტორო როსოში გადაინაცვლოს.

ფორმულა 1-ის დებიუტანტმა ესპანურმა გუნდმა სენასთან კონტრაქტი ჯერ კიდევ ოქტომბერში გააფორმა და იმედოვნებდა, რომ ამით სპონსორების მოზიდვას შეძლებდა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ”კამპოსი” ფინანსურ უკმარისობას განიცდის და გუნდიდან სენას წასვლის მიზეზიც შეიძლება ეს გარემოება გახდეს.

იტალიურ გამოცემა ”კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, სენას და ”ტორო როსოს” შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც, თუ ”კამპოს მეტა” ჩემპიონატზე გამოსვლას ვერ შეძლებს, ბრაზილიელი პილოტი იტალიურ-ავსტრიულ გუნდში გადავა. იტალიური გაზეთის ცნობით, ”ტორო როსო” სწორედ ამიტომ არ ჩქარობსმეორე პილოტის აყვანას.

იმავე გაზეთის ვერსიით, სენას სპონსორებსაც სურს, რომ ის ”ტორო როსოში” გადავიდეს. მაგრამ სენასა და ესპანურ გუნდს შორის კონტრაქტი, ჩემპიონატამდე მის გაწყვეტას არ ითვალისწინებს.

პარალელურად, ”კამპოსთან” მოლაპარაკებას აწარმოებს ფორმულა 2-ის ესპანელი ჩემპიონი ენდი სოუჩეკი, ვინც არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ამ გუნდში სწორედ სენას ადგილი დაიკავოს.

”ფოლკსვაგენი”: ფორმულა 1-ს ცვლილება სჭირდება

Volkswagen: F1 needs to change

13 იანვარი

”ფოლკსვაგენ მოტორშპორტის” დირექტორი კრის ნისენი აცხადებს, რომ ფორმულა 1 ძირეულად უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ მისმა კომპანიამ მსოფლიო ჩემპიონატში ჩართვა გადაწყვიტოს.

გასული წლის ბოლოს, გერმანულმა ავტომწარმოებელმა გამოაცხადა, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ის საკითხი განიხილება, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მას დიდი პრიზების ცირკში ასპარეზობამ. ეს კი მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როდესაც ფორმულა 1-ში ძრავების ახალი წესი ამოქმედდება.

მიმდინარე ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2012 წლის სეზონის ბოლომდე იქნება. შემდეგ კი, ახალი რეგლამენტი ამოქმედდება, რაც გუნდებს თავიანთი ტექნიკის ძირეულ შეცვლას აიძულებს. ეს ის მომენტია, როდესაც ახალი გუნდისთვის, მსოფლიო ჩემპიონატში ჩართვა მეტნაკლებად ხელსაყრელი იქნება, რადგან ყველა გუნდი, მეტნაკლებად, თანაბარ პირობებში აღმოჩნდება.

”ფორმულა 1-ს, ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ძნელი პერიოდის გავლა უწევს. მათ ამას უნდა გაუძლონ. მჯერამ რომ FIA-ს პრეზიდენტსა და გუნდებს ეს ხელეწიფებათ. ჩემი აზრით, ავტომწარმოებლების დასაინტერესებლად, სტაბილურობაა საჭირო. საჭიროა, სპორტს განსხვავებული იმიჯი ჰქონდეს. მთავარი კი ისაა, რომ ჩემპიონატში მონაწილეობის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდეს. ეს უკვე არაერთხელ ითქვა და დარწმუნებული ვარ, ხალხი, რომლებსაც ეს საქმე ევალება, ამაზე ზრუნავს”, - ამბობს ნისენი.

ისვე დასძენს, რომ თუ მისი კომპანია ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მაინც გადაწყვეტს, მისი გუნდი ”ფოლკსვაგენის” სახელით მაინც არ იასპარეზებს. ამგვარად, იზრდება შანსი იმისა, რომ მალე დიდი პრიზების ცირკში, ახალი გუნდი ”აუდის”, ”ბენტლის”, ”ბუგატის”, ან ”აუტო უნიონის” სახელით გამოჩნდეს.

”დიდი განსხვავებაა მარკა ”ფოლკსვაგენისა” და ”ფოლკსვაგენის” ჯგუფს შორის. ჩვენს ჯგუფში რამდენიმე ბრენდი შედის. თუ ჩვენ ჩემპიონატში ჩართვას გადავწყვეტთ, უნდა ავარჩიოთ, ამას რომელი ბრენდით გავაკეთებთ. ვფიქრობ, არჩევანი ბრენდ ”ფოლკსვაგენზე” არ შეჩერდება. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სანამ ფორმულა 1-ში გვიხილავთ, დაკარის რამდენიმე რბოლაში გამოსვლას მოვასწრებთ”, - დასძენს ნისენი.

რედ ბული” პირველ ტესტს გამოტოვებს

Red Bull to skip opening pre-season test

13 იანვარი

ინგლისური გამოცემა ”ავტოსპორტი” გვამცნობს, რომ ”რედ ბული” პირველ წინასასეზონო ტესტს გამოტოვებს. პირველი სატესტო სესიები ვალენსიაში 1-3 თებერვალს გაიმართება. ძველ გუნდებს შორის, მილტონ კეინსში ბაზირებული გუნდი ერთადერთია, რომელსაც პირველი ტესტებისთვის მანქანა მზად არ ექნება.

”რედ ბულში” გადაწყვირეს, რომ უმჯობესი იქნება, თუ მეორე ტესტამდე მოიცდიან, რომელიც თებერვლის მეორე კვირაში გაიმართება. იმ დროისთვის მანქანა გამოსაცდელად სრულ მზადყოფნაში იქნება. ამგვარად, მანქანის სრულყოფისთვის გუნდს მხოლოდ 12 სატესტო დღე დარჩება. ცნობისათვის, ჩემპიონატი 14 მარტს, ბაჰრეინში აიღებს სტარტს.

ტესტების დაწყების გადადების მიზეზი ისაა, რომ გუნდს სურს, ახალმა მანქანამ აეროდინამიკურ მილში გამოცდები ბოლომდე გაიაროს. სხვათა შორის,იმავე მიზეზით, გუნდმა გასული სეზონის პირველი სატესტო დღეც გამოტოვა, თუმცა ამის მიუხედავად, ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

”ისევე როგორც შარშან, გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნება, თუ მანქანა აეროდინამიკურ მილში გამოცდებს ბოლომდე გაივლის და აქედან გამომდინარე, პირველ ტესტებს გამოვტოვებთ. სამაგიეროდ, მეორე სატესტო სესიისთვის კარგად მომზადებულები ვიქნებით”, - ”ავტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ”რედ ბულის” შეფმა კრისტიან ჰორნერმა.

მისივე თქმით, პირველ და მეორე სატესტო სესიებს შორის არსებული ცხრადღიანი შუალედი გუნდის ტექნიკურ დირექტორ ედრიან ნიუის მანქანის სრულყოფისთვის დამატებით დროს მისცემს, რაც მანქანის კონკურენტუნარიანობას სასიკეთოდ წაადგება.

”ახალი მანქანა შარშანდელის ევოლუციური ვერსიაა, თუმცა ვთვლით, რომ კარგი იქნება, თუ ის აეროდინამიკურ მილში ოპტიმიზაციის სრულ პროცესს ტესტებამდე გაივლის. ახალი წესებით, რბოლის დროს საწვავით გაწყობა არ შეიძლება და გვინდა, გუნდის ინჟინრებმა ამ საკითხზე, რაც შეიძლება მეტი იმუშაონ”, - დასძენს ჰორნერი და დასძენს, რომ აზრი არ აქვს, პირველ ტესტებზე მხოლოდ იმისთვის გამოსვლას, რომ პილოტებმა კარგად შესწავლილი შარშანდელი მანქანით იასპარეზონ.

Tuesday, January 5, 2010

ფეტელი - ყოველთვის შენი გზით უნდა იარო

Sebastian Vettel

3 იანვარი

გასული სეზონი მეტად წარმატებული გამოდგა გერმანელი სებასტიან ფეტელისთვის, რომელმაც ბევრისთვის მოულოდნელად, ჩემპიონობისთვისაც კი იბრძოლა. ბუნებრივია, მომავალ სეზონში მას ყველა ჩემპიონობის პრეტენდენტად განიხილავს.

ახალი წლის წინ, ბრიტანულმა ჟურნალმა ”F1 რეისინგმა” ფეტელთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა იყოს:

F1 რეისინგი: რა არის წვიმაში თქვენი ასეთი კარგი გამოსვლების საიდუმლო?

სებასტიან ფეტელი: არ ვიცი, მაგრამ მე ყოველთვის მომწონდა წვიმაში რბოლა. პატარაობისას, როდესაც კარტინგში გამოვდიოდი, ყოველთვის ვუფრთხილდებოდი საწვიმარ საბურავებს, რადგან ისინი ძალიან ძვირი ღირდა. ჩვეულებრივ, სველ ტრასაზე სლიკებით ვვარჯიშობდი. წვიმის საბურავებს კი მაშინ ვიყენებდი, როდესაც ისინი ყველაზე მეტად მჭირდებოდა. შესაძლოა, პასუხიც ესაა. ისე კი, ჩვენი მანქანა წვიმაში კარგად მუშაობს. და საერთოდ, ”რედ ბული” ფრთებს მასხამს!

F1 რეისინგი: რაზე ფიქრობთ სტარტზე დგომისას, როდესაც წითელი შუქის ჩაქრობას წამი-წამზე ელით?

სებასტიან ფეტელი: ამ დროს, იმისათვის, რომ სტარტი არ ჩავაგდო, ერთდროულად ბევრი ამოცანის გადაჭრა მიწევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია: უყურებ სასტარტო შუქნიშანს, ელი, როდის ჩაქვრება წითელი შუქი, მერე კი რიგი მანიპულაციები იდეალური კოორდინაციით უნდა შეასრულო. ამ დროს, ერთდროულად შეტევაზეც და თავდაცვაზეც გიწევს ზრუნვა. მთავარი კი პირველ მოსახვევში სწორი ტრაექტორიით შესვლაა. რბოლის დროს შეცდომას არაერთხელ ვუშვებთ, მაგრამ სტარტზე ეს დაუშვებელია. ეს უმაღლესი კონცენტრაციის მომენტია.

F1 რეისინგი: რას იზამთ, თუ 300 კმ/სთ სიჩქარეზე ცხვირის დაცემინება გიწევთ?

სებასტიან ფეტელი: საბედნიეროდ, მე ასეთი შემთხვევა არ მქონია. საერთოდ, ფორმულა 1-ის ბოლიდის საჭესთან დამიცემინებია, მაგრამ ეს შედარებით დაბალ სიჩქარეზე მომხდარა. ამ დროს ისეთივე შეგრძნება გეუფლება, როგორც ჩვეულებრივი მანქანის მართვისას - დაცემინება ყურადღებას გიფანტავს. მხოლოდ იმის იმედი შეიძლება გქონდეს, რომ ეს სწორ მონაკვეთზე მოხდება და არა მოსახვევში.

F1 რეისინგი: რა უფრო მოგწონთ - თანაგუნდელთან თანაბარ მდგომარეობაში ყოფნა როგორც შარშან მარკ უებერთან გქონდათ, თუ სიტუაცია, როდესაც გუნდი ერთ პილოტზეა მომართული?

სებასტიან ფეტელი: გუნდი ორივე პილოტზე თანაბრად მომართული უნდა იყოს. ბრძოლა ყოველთვის გვიწევს, თანაგუნდელი კი ნიმერ პირველი მეტოქეა. გასულ სეზონში, მე და მარკს სამართლიანი მეტოქეობა გვქონდა: ერთნაირად მომზადებული ტექნიკით ვასპარეზობდით და გამარჯვების შანსიც ერთნაირი გვქონდა. ასეთი კონკურენცია ძალიან სასარგებლოა გუნდისთვის. იმასაც მნიშვნელობა აქვს, თუ ვინაა თანაგუნდელი. დღევანდელ ფორმულა 1-ში მარკი ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი და პირდაპირი ადამიანია. ასე რომ, გამიმართლა.

F1 რეისინგი: ვინაა თქვენი საყვარელი კომიკოსი? პილოტებს შორის ვინაა მთავარი იუმორისტი?

სებასტიან ფეტელი: მონტი პეიტონი მომწონს, თანამედროვეებში კი - ჯიმ კერი. გერმანიაშიც არიან კარგი კომიკოსები, თუმცა საზღვარგარეთ მათ არ იცნობენ - ისე, გერმანელებს ოხუნჯობა ნაკლებად ეხერხებათ, მაგრამ მე ასეთი არ ვარ!

რაც შეეხება პილოტებს, რუბენსი ძალიან მხიარული ბიჭია. ერთხელ მან ბრიფინგზე ბალიში მოიტანა, რომელიც უხამს ხმებს გამოსცემდა. მერე რომელიღაც პილოტს სკამზე დაუდო, დისტანციური პულტი ჩართო და... ყველას ეგონა, რომ ვიღაცამ ხმაურით წაბილწა ჰაერი! მას ანცობა უყვარს.

F1 რეისინგი: თქვენი ასარჩევი რომ იყოს, ფორმულა 1-ის ეპოქები, რომელში გამოსვლას ისურვებდით?

სებასტიან ფეტელი: თანამედროვე მანქანები ძალიან მომწონს. მათი მართვა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მაგრამ ფორმულა 1-ში ყველაზე საინტერესო პერიოდად ტურბო ერა მიმაჩნია. მაშინ მანქანებს კი არა, ნამდვილ მონსტრებს მართავდნენ. ასეთ მანქანებს მოთვინიერება სჭირდებოდა. კარგი იქნებოდა, ერთ-ერთი ასეთი მანქანის საჭესთან დაჯდომა.

F1 რეისინგი: კომპიუტერულ თამაშებში საკუთარ თავს თამაშობთ?

სებასტიან ფეტელი: ბავშვობაში ამაზე ვოცნბობდი, მაგრამ უკვე ორი წელია, კომპიუტერი არ მითამაშია. ადრე კი მიხაელს და ”ფერარის” ან ”მაკლარენს” ვირჩევდი.

F1 რეისინგი: პოულიდან ადვილად იგებთ, მაგრამ სხვა პოზიციებიდან - ვერა. რატომ?

სებასტიან ფეტელი: რბოლების მოგების არცთუ ბევრი შესაძლებლობა მქონდა. რა თქმა უნდა, გამარჯვება ყველაზე იოლი მაშინაა, როდესაც რბოლას პოულიდან იწყებ. თუ მოწინავე პოზიციაზე სხვა დგას, ეს ნიშნავს, რომ კვალიფიკაციაზე სიჩქარე გაკლდა. გასულ სეზონში, რბოლების სხვა პოზიციებიდან დაწყების შემთხვევაში გამარჯვების შანსებიც გვქონდა, მაგრამ ყოველთვის ჩვენთვის არახელსაყრელი სიტუაციები გვექმნებოდა. გამარჯვება ფაქტების თანხვედრას მოაქვს. იმედი მაქვს, ამ კანონზომიერებას მალე შევცვლით.

F1 რეისინგი: მიხაელის გამონათქვამებიდან ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?

სებასტიან ფეტელი: იყავი ის, ვინც ხარ და ყოველთვის საკუთარი გზით იარე. ადრე თუ გვიან, ყველა საკუთარ ხელწერას გამოიმუშავებს. ძველი პილოტებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, მაგრამ მათი სტილის კოპირება უაზრობაა. ყოველთვის შენი გზით უნდა იარო.

F1 რეისინგი: ფორმულა 1-ში ვის შეუძლია ყველაზე მეტის დალევა?

სებასტიან ფეტელი: კიმის! მას კონკურენტი არ ჰყავს!

F1 რეისინგი: რა უფრო მოგწონთ: დაძაბულ ბრძოლაში კვარცხლბეკზე ადგილის მოპოვება, როგორც თურქეთსა და ბელგიაში, თუ იოლი გამარჯვება, როგორც ეს იაპონიაში მოხდა?

სებასტიან ფეტელი: იაპონიაში იოლად არ გამიმარჯვია. სიტუაციას კი ვაკონტროლებდი, მაგრამ რბოლა იოლი სულაც არ ყოფილა. თურქეთსა და ბელგიაში კვარცხლბეკზე ასვლა შევძელი, თუმცა უკეთესი იქნებოდა, ორივე რბოლა მომეგო. რა თქმა უნდა, გამარჯვება უფრო მომწონს. ფორმულა 1-ში სწორედ ამისთვის ვარ. მეორე მხრივ, თუ რბოლის შემდეგ ფიქრობ, რომ ყველაფერი გაიღე, მაგრამ ფინიშთან მხოლოდ მეშვიდე მიხვედი, ვერაფერს იზამ, თუმცა სიამოვნება ამასაც მოაქვს.

F1 რეისინგი: რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც 2007-ის იაპონიის დიდ პრიზზე უებერს დაეჯახეთ?

სებასტიან ფეტელი: საშინელი განწყობა მქონდა. ჯერ ერთი, ის ჩემი ერთ-ერთი პირველი რბოლა იყო. მეორეც, ავარია რომ არა, რბოლას ალბათ ორივენი კვარცხლბეკზე დავამთავრებდით. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ის ავარია ჩემი ბრალი იყო.

F1 რეისინგი: საკუთარ სარბოლ მანქანებს სახელებს ყოველთვის არქმევთ?

სებასტიან ფეტელი: ეს ტრადიცია შემთხვევით დაიწყო: ერთხელ გადავწყვიტე, საკუთარი მანქანისთვის სახელი შემერქმია. ბევრი სახელი აღარც მახსოვს. შარშანდელს კი ჯულია ერქვა. სახელი აუცილებლად ლამაზი და ქალისა, იმავდროულად კი ხისტი უნდა იყოს - სარბოლი მანქანები წყნარი მართვისთვის ხომ არ იქმნება, მათ შესაძლებლობათა ზღვარზე ვმართავთ.

F1 რეისინგი: რომელი მანქანა უფრო მოგწონთ - კეიტი, თუ კეიტის საძაგელი დაიკო?

სებასტიან ფეტელი: გასულ სეზონში ოთხი რბოლა მოვიგე - ერთი კეიტით და სამი - კეიტის საძაგელი დაიკოთი. ასე რომ საძაგელი დაიკო უფრო მომწონს.

F1 რეისინგი: ბერნი ეკლსტოუნთან მეგობრობთ?

სებასტიან ფეტელი: ბერნი ძალიან კარგი და მხიარული ადამიანია. ვფიქრობ, გულით ის ისევ ახალგაზრდაა. და თან, ბევრი რამ აქვს მოსაყოლი. ამ ისტორიებს ვერ მოგიყვებით, რადგან ისინი საკმაოდ უხამსებია. გულის სიღრმეში, ის ერთ-ერთი ჩვენგანია, ჩვენსავით ახალგაზრდა. ესეც რომ არა, მისი მადლიერი ვარ იმის გამო, რომ ფორმულა 1-ში მოსვლის პირველივე დღეებიდან, მასთან მშვიდად საუბრის საშუალება მქონდა. ბერნი ჩემთვის დროს ყოველთვის ნახულობს. მე რომ ახალბედა ვიყავი, მისგან შეუფასებელ რჩევებს მაშინაც ვღებულობდი.

F1 რეისინგი: ახალი გუნდების კონკურენტუნარიანობისა თუ გჯერათ?

სებასტიან ფეტელი: ნაკლებად, რადგან გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დებიუტისთანავე წარმატების იმედი არავის უნდა ჰქონდეს. წესები ოდნავ შეიცვალა და ეს მათ შეიძლება დაეხმაროს. თუმცა მე ეჭვი მეპარება, რომ ისინი კონკურენტუნარიანები იქნებიან.

F1 რეისინგი: ფორმულა 1-ის პილოტებიდან ვის ჰყავს ყველაზე ლამაზი გოგონა?

სებასტიან ფეტელი: რა თქმა უნდა, მე! ისე კი, ეს გემოვნების ამბავია. ასე არაა?