”მერსედესი”: პილოტების სტატუსი ბრაუნის გადასაწყვეტია
Mercedes: Driver status is Brawn's call
17 იანვარი
”მერსედეს ბენცის” შეფი დიტერ ცეტშე ამბობს, რომ გუნდის შეფის, როს ბრაუნის გადასაწყვეტია, მიხაელ შუმახერი პირველი პილოტის სტატუსით ისარგებლებს, თუ არა.
როგორც ცნობილია, თავისი კარიერის განმავლობაში, შუმახერს თავის თანაგუნდელებთან, სტატუსის უპირატესობა ყოველთვის ჰქონდა. თანაც, მისი გუნდის შეფი ყოველთვის როს ბრაუნი იყო. ამჯერად, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს თანაგუნდელად ამბიციური გერმანელი, ნიკო როსბერგი ეყოლება.
”გაძეტა დელო სპორტის” კითხვაზე, შუმახერი გუნდის პირველი ნომერი ხომ არ იქნება, ცეტშემ უპასუხა: ”ამ საკითხების მოსაგვარებლად, გუნდს მენეჯერი ჰყავს. როს ბრაუნი ამ საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასე რომ არ იყოს, მისი გუნდი შარშან ორივე ტიტულს ვერ მოიგებდა. არადა, ფაქტობრივად, ისინი დებიუტანტები იყვნენ. გადაწყვეტილებებს ის მიიღებს და ეს კარგი იქნება როგორც პილოტების, ასევე გუნდისთვისაც”.
ის დასძენს, რომ სრულებით არ აღელვებს ის ფაქტი, რომ შუმახერს სამი წელი რბოლებში მონაწილეობა არ მიუღია. უფრო მეტიც, მისი თქმით, შუმახერი ახლა ისეთივე მონდომებას ამჟღავნებს, ახალბედა გეგონებათო.
”დარწმუნებულები ვართ, მიხაელი კარგად იასპარეზებს და გამარჯვებისთვისაც იბრძოლებს. შესაძლოა, ეს სეზონის დასაწყისშივე არ მოხდეს, ცოტა ხანში ტრასაზე ისევ იმ შუმახერს ვიხილავთ, რომელმაც შვიდი ტიტული მოიპოვა. მე მისმა ენთუზიაზმმა გამაკვირვა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დაბრუნებისთვის კი არა, დბიუტისთვის ემზადება”, - ამბობს ცეტშე.
კითხვაზე, რა იქნება, თუ შუმახერი მოლოდინს ვერ გაამართლებს, ცეტშე პასუხობს: ”ამ ჰიპოთეზას დიდ ყურადღებას არც ვაქცევ. როს ბრაუნს არაერთხელ უთქვამს მიხაელის ბრძოლისუნარიანობაზე. როს ბრაუნი მას წლებია, იცნობს. თუ როსი ამბობს, რომ შუმახერს მოგებისთვის ბრძოლა შეუძლია, ესე იგი, ასეა. იმის მიზეზი არ მაქვს, რომ სხვანაირად ვიფიქრო”.
No comments:
Post a Comment