ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, July 16, 2009

მარკ უებერის თავგადასავალი ლე მანზე

Mark Webber

16 ივლისი

ერთი კვირა არ გასულა მას შემდეგ, რაც ავსტრალიელმა მარკ უებერმა კარიერაში პირველად, ფორმულა 1-ის რბოლა მოიგო. ეს დიდი პრიზების არენაზე მისი 130- გამოსვლა იყო და როგორც ბევრი ამბობს, ამ გამარჯვებით მან ნავსი გატეხა,რის შემდეგაც, ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლთა ფერხულში ჩაება.

დღეს კი უებერის კარიერის ერთ, საკმაოდ რთულ მომენტს მოგიყვებით, რომელსაც არამარტო მისი სპორტული კარიერის, არამედ სიცოცხლის დასრულებაც შეეძლო. ეს მომენტი მას 1999 წლის ივნისის მეორე უიკ ენდზე, ლე მანის რბოლის დღეებში ორჯერ დაუდგა. ერთხელ თავისუფალი პრაქტიკის დროს, მისი გრან ტურიზმოს კლასის ”მერსედეს CLR”, როცა ინდიანაპოლისის აღმართიან სწორს გადიოდა, მოულოდნელად ჰაერში აიჭრა და მთელი ძალით დაენარცხა ასფალტს. უებერი უვნებელი გადარჩა, მისი მანქანა კი სასწრაფოდ გაარემონტეს და ორივე დაზარალებული მეორე დღეს, რბოლისწინა უორმ-აპზე ისევ გავიდა ტრასაზე. და, ინციდენტი ზუსტად განმეორდა, ოღონდ, ამჯერად ავარია მულსანის სწორზე მოხდა. ორივე შემთხვევის დროს, პილოტს შეცდომა არ დაუშვია. ამ შემთხვევაშიც, უებერი მხოლოდ შეშინდა, მანქანა კი ჩამოსაწერი გახდა.

სხვათა შორის, ანალოგიური ავარია მოგვიანებით, რბოლის დროს, ”მერსედესის” კიდევ ერთ პილოტს, შოტლანდიელ პიტერ დუმბრეკსაც, იმავე მულსანის სწორზე შეემთხვა. ოღონდ, თუ უებერის მანქანა ორივე შემთხვევაში გზაზევე დაეცა, დუმბრეკის ავარია გაცილებით მძიმე გამოდგა. ჰაერში მან რამდენიმე მარყუჟი მოხაზა და გზის მიღმა, ხეებს შორის ჩავარდა. საბედნიეროდ, პილოტი ამ შემთხვევაშიც სრულიად უვნებელი გადარჩა, ”მერსედეს-ბენცმა” კი თავისი დარჩენილი ერთადერთი ეკიპაჟი რბოლიდან მოხსნა.

სამივე შემთხვევაში, ავარიის მიზეზი ავტომობილის აეროდინამიკა იყო. იმ დროს ფორმულა 1-ში უკვე იყენებდნენ ბოლიდის აწეული ცხვირის ეფექტს, რომელიც გრაუნდ ეფექტის საპირისპირო პრინციპით მუშაობს, თუმცა შედეგი ისეთივე აქვს, როგორიც 70-იან წლებში, ”ლოტუსის” მიერ პირველად გამოყენებულ გრაუნდ ეფექტს.

”ლოტუსის” გრაუნდ ეფექტი იმაზე იყო დაფუძნებული, რომ სპეციალური აეროდინამიკური ”კაბებით”, ჰაერს მანქანის ქვეშ შესვლის საშუალება არ ეძლეოდა. შედეგად, ბოლიდის ქვედა ნაწილში იქმნებოდა გაუხშოებული ჰაერის არეალი (ერთგვარი ვაკუუმი), რაც ავტომობილის აეროდინამიკურ დატვირთვას აუმჯობესებდა და ის უკეთესად გადიოდა მოსახვევებს.

მაგრამ ასეთ გრაუნდ ეფექტს ერთი ძალიან ცუდი თვისება ჰქონდა - ჰაერის ნაკადი ჰუნდაც მყისიერად რომ შეპარულიყო გაუხშოების არეში, გრაუნდ ეფექტი საპირისპიროდ მუშაობდა და მანქანა მთლიანობაში თვითმფრინავის ფრთას ემსგავსებოდა. ავტომობილი უცებ კარგავდა გზასთან ჩაჭიდებას და უმართავი ხდებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც ბოლიდი მოულოდნელად ჰაერშიც აიჭრებოდა ხოლმე. ყოველივეს გამო, აეროდინამიკური ”კაბებით” გამოწვეული გრაუნდ ეფექტი ფორმულა 1-ში აიკრძალა.

მაგრამ მსგავს პრინციპს იმავე ფორმულაშიც და სხვა კლასის ავტომობილებშიც შემდეგშიც იყენებდნენ. ოღონდ, ამ შემთხვევაში, ეფექტი ბრტყელი და მაქსიმალურად გრძელი ძირით მიიღწეოდა. ამ შემთხვევაში, ავტომობილის ცხვირი ლამის გზის საფარის დონეზეა ჩამოწეული, რის გამოც, ის ჰაერის ნაკადს ავტომობილის ქვედა ნაწილში გავლის საშუალებას არ აძლევს. აქაც, ოღონდ უფრო ნაკლები ეფექტით, ავტომობილის ქვეშ გაუხშოებული არე იქმნება და ის ისევე მოქმედებს, როგორც პირველ შემთხვევაში.

სწორედ ასეთი ეფექტი იყო გამოყენებული უებერის ”მერსედეს CLR-ზე”. ინციდენტის დროს, მანქანამ გზის ოდნავ შემაღლებულ მონაკვეთზე (სურათებზე კარგად ჩანს ეს ადგილი) გაიარა და როდესაც დაღმართზე გადავიდა, მის ქვეშ ჰაერის ნაკადმა შეაღწია. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ უჩვეულოდ ბრტყელი ფორმის მქონე ავტომობილმა ანტი ფრთის კი არა, ჩვეულებრივი ფრთის მოვალეობა შეასრულა და ჰაერში აიჭრა. სამივე შემთხვევის მიზეზი სწორედ ეს გახდა.

დაბოლოს, ბარემ აწეული ცხვირის პრინციპსაც განვმარტავთ. ამ ტიპის გრაუნდ ეფექტი პირველად ”ტირელის” მთავარმა ინჟინერმა ჰარვი პოსტლტუეიტმა 1990 წლის ბოლიდზე გამოიყენა, რომლითაც ჩემპიონატის დებიუტანტმა, ფრანგმა ჟან ალეზიმ ორი მეორე ადგილი (ფინიქსსა და მონაკოში) დაიკავა. ეს პრინციპი შემდეგნაირად მოქმედებს - ჰაერის სწრაფი ნაკადი მანქანის ქვეშ გაივლის, სადაც მისი სიჩქარე კიდევ უფრო იზრდება. ეს კი ისეთსავე შედეგს იწვევს, როგორსაც გრაუნ ეფექტი. თანაც, ამ პრინციპს უარყოფითი გამოვლინებები პრაქტიკულად არ აქვს. სწორედ ალეზის ბრწყინვალე გამოსვლების შემდეგ, ფორმულა 1-ის უკლებლივ ყველა გუნდმა თავის მანქანას ცხვირი აუწია.

No comments:

Post a Comment