ფორმულა 1 შეიძლება ”ტოიოტამაც” დატოვოს
Toyota's F1 future in doubt
26 აგვისტო
არაა გამორიცხული, რომ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატს მომავალ სეზონში კიდევ ერთი ავტომწარმოებელი - ”ტოიოტა” გამოაკლდეს. ეს თემა იაპონური კომპანიის ფორმულა 1-ის გუნდის შეფმა ჯონ ჰაუეტმა წამოჭრა, რომელმაც ვალენსიაში განაცხადა, რომ მომავალი სეზონისთვის გუნდის ბიუჯეტი ჯერაც დაუმტკიცებელია.
ჰაუეტის თქმით, გუნდმა კომპანიის ხელმძღვანელობას ბიუჯეტის მოთხოვნა უკვე გაუგზავნა, მაგრამ ტოკიოდან კიოლნში (სადაც იაპონური კომპანიის გუნდია ბაზირებული) პასუხი ჯერ არ მოსულა. არადა, უკვე დასაწყებია მუშაობა მომავალი სეზონის მანქანაზე.
”ვფიქრობ, ბიუჯეტის მკვეთრ შემცირებას მოგვთხოვენ. ჩვენ ის უკვე შედგენილი გვაქვს და ტოკიოშიც გავგზავნეთ, მაგრამ იქ ჯერაც ფიქრობენ. ჩემი აზრით, ფინანსური წლის პირველი ნახევრის შედეგებს ელიან”, - ამბობს ჰაუეტი, რომელმაც თავისი გუნდის სახელით, ფორმულა ერთის გუნდებსა და საერთაშორისო საავტომობილი ფედერაციას შორის ცოტა ხნის წინ გაფორმებულ თანხმმობის ახალ ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელ. ამ დოკუმენტის მიხედვით, ”ტოიოტამ” ფორმალურად დაადასტურა, რომ ჩემპიონატში 2012 წლის სეზონის ბოლომდე დარჩება, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვალოს.
პირველი ეჭვი იმისა, რომ ”ტოიოტამ” შეიძლება ჩემპიონატი დატოვოს, გუნდის იტალიელმა პილოტმა იარნო ტრულიმ გამოთქვა:
”ამ ეკონომიკური კრიზისის დროს, გამორიცხული არაფერია. ჩემპიონატი უკვე ”ჰონდამ” და ”ბეემვემ” დატოვეს და ვფიქრობ, მათ მიმდევრებიც მალე გამოუჩნდებიან. მოკლედ, ყველაფერია მოსალოდნელი. სიტუაცია ძალიან მალე იცვლება და რა მოხდება ხვალ, ამის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია”, - ფილოსოფოსობს ტრული, ვინც მომავალი სეზონისთვის იაპონურ გუნდთან კონტრაქტი აღარ გააფორმა და როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი ხელფასის მოსალოდნელი შემცირება სულაც არ ყოფილა.
მეორე ეჭვს ის გარემოება ბადებს, რომ ”ტოიოტას” ძრავებზე უარს ამბობს ”უილიამსი”, რომლისგანაც ასეთი ნაბიჯი საკმაოდ მოულოდნელია. გუნდის ხელმძღვანელობა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზს არ ასახელებს, თუმცა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ გამოცდილი სერ ფრენკ უილიამსი თავს იზღვევს, რათა მოულოდნელად არასასიამოვნო ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდეს. არადა, მის გუნდსა და ”ტოიოტას” შორის კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს მთავრდება და იაპონურ კომპანიას თავისუფლად შეუძლია ამ კონტრაქტის შესრულების მოთხოვნა. ამას კი არ აკეთებს...
No comments:
Post a Comment