რაიკონენი ”ფერარიდან” წასვლაზე ლაპარაკობს
Kimi Raikkonen
29 აგვისტო
კიმი რაიკონენმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე (სურათზე) პირველად ილაპარაკა ”ფერარიდან” მისი შესაძლო წასვლის შესახებ. თუმცა, იქვე დასძინა,ა რომ საკმაოდ ახალგაზრდაა იმისათვის, რომ სპორტიდან წასვლაზე იფიქროს. მითუმეტეს, მისით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული და ”ფერარიში” თუ არა, მას მერმის რომელიმე სხვა ძლიერ გუნდში ვიხილავთ. ამასთან, იმასაც ხაზი გაუსვა, რომ თავის კარიერას მხოლოდ ფ1-ში გააგრძელებს და არა რალიში.
”თუ რაღაც მიზეზის გამო, მერმის ”ფერარიში” არ ვიქნები, დარწმუნებული ვარ, რომ სხვა გუნდში ჩემი ადგილი მოიძებნება. ეს პრობლემა არაა, რადგან სხვა გუნდებს ჩემი აყვანა სურთ. სპორტიდან წასვლისთვის მეტისმეტად ახალგაზრდაა ვარ. ”ფერარისთან” მომავალ სეზონზე კონტრაქტი მაქვს. ფ1-ში ყოფნა რომ არ მინდოდეს, ეს კონტრაქტიც არ იქნებოდა”, ამბობს კიმი და ამით, ფაქტობრივად ადასტურებს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ მერმის იტალიურ გუნდში მას მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო შეცვლის.
”ფერარისთან” არსებული კონტრაქტით, მომავალ სეზონში ფინელი პილოტის ხელფასი 45 მილიონი დოლარი უნდა იყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იტალიურ საჯინიბოს ამ კონტრაქტის გამოსყიდვა ათეულობით მილიონი დოლარი დაუჯდება. ამას დაუმატეთ ალონსოს ხელფასი, რომელიც რაიკონენისაზე ბევრად ნაკლები არ უნდა იყოს და ის კომპენსაცია, რომელიც ესპანელისა და ”რენოს” კონტრაქტის გამოსყიდვას დასჭირდება. გამოდის, რომ მარანელოელებს ალონსოს გადაბირება ას მილიონამდე დაუჯდებათ.
კიმის გადაყვანით დღეს რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. იგივე ”რენო” მას დიდი სიამოვნებით მიიწვევს. თუმცა, სანამ ალონსოს ”ფერარიში” გადასვლა ოფიციალურად არ დადასტურებულა, ფლავიო ბრიატორე ამ თემაზე ლაპარაკისგან თავს იკავებს. თუ ”რენო” არა, მაშინ ”მაკლარენი”, რომელიც რაიკონენმა სამი წლის წინ დატოვა. სავარაუდოდ, კიმის პრიორიტეტი სწორედ ”მაკლარენი” იქნება. სწორედ ამიტომაა, რომ ინგლისური გუნდი არ ჩქარობს გერმანელ ნიკ როსბერგთან კონტრაქტის გაფორმებას...
No comments:
Post a Comment