ბადოერი ბელგიაშიც გამოვა
Luca Badoer
23 აგვისტო
”ფერარის” შეფ სტეფანო დომენიკალის თქმით, ვალენსიაში განცდილი კრახის მიუხედავად, ლუკა ბადოერი ალბათ ბელგიის დიდ პრიზზეც იასპარეზებს. ბადოერი (სურათზე) სტარტამდეც, ევროპულ დიდ პრიზს მისთვის სატესტო რბოლას უწოდებდა და მთავარ ამოცანად ფინიშამდე მიღწევას ისახავდა.
”ფერარის” გამოცდილმა ტესტ პილოტმა ეს ამოცანა შეასრულა - ფინიშის ხაზი კი გადაკვეთა, მაგრამ ტრასაზე დარჩენილთაგან ბოლომ. წრეზე მისი საუკეთესო შედეგი, თითქმის ორი წამით უარესი იყო რბოლის უსწრაფეს წრეზე, რომელიც გერმანელი ტიმო გლოკის ანგარიშზეა.
დომენიკალის სჯერა, რომ ვალენსიაში კრახის მიუხედავად, ბადოერი, ვისაც 1992 წელს ფორმულა 3000-ის ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული, დროთა განმავლობაში, თავის შედეგებს აუცილებლად გააუმჯობესებს.
”უპირველეს ყოვლისა, მისთვის მთავარი რბოლის დასრულება იყო. ალბათ გესმით, რამდენად ძნელი იყო მისთვის ათწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება. მართალია, დღეს მისგან ხეირიანი ვერაფერი ვიხილეთ, მაგრამ მას პოტენციალი გააჩნია. აქ კი მას ფსიქოლოგიური ბარიერი ჰქონდა გადასალახი”, - ამბობს დომენიკალი.
გუნდის შეფმა რაც უნდა თქვას, აშკარაა, რომ ევროპის დიდ პრიზზე გამოშვებით, ”ფერარიმ” ბადოერს მადლობა გადაუხადა იმ სამუშაოსთვის, რომელიც იტალიელმა პილოტმა მარანელოელთა საჯინიბოში ტესტ პილოტად მუშაობისას გასწია.
ამგვარად, თითქმის გარანტირებულად შეიძლება იმის თქმა, რომ მეორე ”ფერარის” საჭეს სპა ფრანკორშანზეც ბადოერი მიუჯდება. რა იქნება შემდეგ, ეს ყველაზე მეტად, ისევდაისევ, ბადოერზეა სამოკიდებული. ძნლი წარმოსადგენია, რომ ბელგიის რთულ და სწრაფ ტრასაზე, მან უკეთესი შედეგი აჩვენოს. მართალია, მარანელოელები საქყეყნოდ გაიძახიან, რომ გუნდში ფელიპე მასას დაბრუნებამდე, მისი მანქანით ბადოერი იასპარეზებს, მაგრამ ვალენსიაშივე დომენიკალიმ არაორაზროვნად განაცხადა, რომ ბელგიის შემდეგ შეიძლება რაღაც შეიცვალოს.
”ჩვენთვის ახლა მთავარი ისაა, რომ გავიგოთ, როდის დაბრუნდება მასა. რა თქმა უნდა, შემდგომი რბოლა ლუკასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისგან მკვეთრ გაუმჯობესებას ველით, მერე კი ვნახოთ. ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ ”ფერარი” ვერასდროს შეეგუება იმას, რომ მისი მანქანა რბოლას ბოლო ადგილზე ასრულებდეს”, - ამბობს დომენიკალი.
გუნდის შეფის ასეთი განცხადება მით უფრო გასაგებია, რომ ახლა ”ფერარი” მესამე ადგილისთვის თავის მთავარ მეტოქეს, ”მაკლარენს” ეპაექრება, რომელმაც მკვეთრად გააუმჯობესა შედეგები და ერთი თვის წინ, სეზონში პირველი გამარჯვებაც იზეიმა. ხოლო რა იქნბა იმ შემთხვევაში, თუ ბადოერი ვერც ბელგიაში ივარგებს (რაც მოსალოდნელიცაა), ამაზე დომენიკალი კონკრეტულს არაფერს ამბობს. შესაძლოა, იტალიის დიდ პრიზზე ბადოერის ნაცვლად საჭეს ”ფერარის” კიდევ ერთი ტესტ პილოტი, ესპანელი მარკ ჟენე ვიხილოთ. ან იქნებ, აქტუალური ისევ მიხაელ შუმახერის დაბრუნება გახდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ადრინდლზე გაცილებით ინტენსიურად ვარჯიშობს და გამორიცხული არაა, რომ იტალიაში მასას მანქანის საჭეს სწორედ ის მიუჯდეს.
იტალიამდ კი ის თავის ჩვეულ მისიას გააგრძელებს და გუნდს, რომელთან ერთადაც ხუთი ტიტული აქვს მოპოვებული და პილოტს, რომელთანაც ახლო მეგობრობა აკავშირებს, რჩევებით დაეხმარება.
No comments:
Post a Comment