ლაუდა: შუმახერი ფ1-დან წასვლას ნანობს
Lauda: Schumacher regretted quitting F1
7 აგვისტო
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ავსტრიელი ნიკი ლაუდა დარწმუნებულია, რომ მიხაელ შუმახერი ახლა უკვე ნანობს იმას, რომ სამი წლის წინ ფორმულა 1 დატოვა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციის დროს მომხდარ ავარიაში ტრავმირებულ ბრაზილიელ ფელიპე მასას ევროპის დიდ პრიზზე შეცვლის და ალბათ, სეზონის ბოლომდე დაიცავს ”ფერარის” ღირსებას.
შუმახერს ვალენსიას ტრასაზე არასდროს უასპარეზია და არც ”ფერარი F60-ის” პილოტირების საშუალება ჰქონია. უფრო მეტიც, ფ1-ის წესების შესაბამისად, მას ტესტების უფლება არ აქვს და დიდი ავტორიტეტის მიუხედავად, ამის საშუალება არც მიეცემა.
ლაუდა ამბობს, რომ შუმახერი ჯერაც რბოლის ვირუსითაა დაავადებული. უფრო მეტიც, ამ ვირუსის მოშორება არც მაშინ უცდია, როდესაც თავისი სარბოლო ჩაფხუტი ლურსმანზე დაკიდა.
”მას ამ ვირუსის მოშორება არ შეუძლია. ამას ისიც ადასტურებს, რომ მოტორბოლაში აქტიურობდა. ვფიქრობ, სამი წლის წინ ფორმულა 1-დან მხოლოდ იმიტომ წავიდა, რომ რეალურ გამოწვევას ვერ ხედავდა. და სავარაუდოდ, იმ ნაბიჯს ნანობს. ახლა კი მას თავისი ყოფილი გუნდის დახმარების შესაძლებლობა აქვს და მოტივაციაც ესაა. ამასთან, ნახავს, რამდენად შეინარჩუნა კონკურენტუნარიანობა. მართალი გითხრათ, ეს მეც ძალიან მაინტერესებს, რადგან ბრძოლის ეს ჟინი, რომელიც ადრენალინის მოზღვავებას იწვევს, არასდროს ცხრება. ეს ჩვენს გენშია.
ახლა ყველას აინტერესებს, შეუძლია თუ არა ”ფერარის”, მისცეს მას მანქანა, რომლითაც მიხაელი ტოპ პილოტებთან გაჯიბრებას შეძლებს. ეს ის კითხვაა, რომელიც მისი დონის პილოტებს ყოველთვის აინტერესებთ”, - ამბობს ლაუდა, ვინც 80-იანი წლების დასაწყისში, ასევე რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ფორმულა 1-ში და 1984 წელს მესამე ტიტულიც მოიპოვა.
1975 და 1977 წლებში ტიტულების (ფერარისთან ერთად) მოგების შემდეგ, ლაუდა ”ბრებჰემში” გადავიდა, რომლის ხელმძღვანელიც ბერნი ეკლსტოუნი იყო. მაგრამ 1979 წელს ავსტრიელმა კანადური ეტაპის შემდეგ, სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა. გავიდა სამი წელი და ბიზნესში წარუმტებლობამ (ფული შემოაკლდა), ლაუდას სპორტში დაბრუნება აიძულა. ამჯერად ის ”მაკლარენ-პორშეს” ბოლიდის საჭეს მიუჯდა და ორი წლის შემდეგ, ალენ პროსტთან უშეღავათო ბრძოლაში, ნახევარქულიანმა უპირატესობამ მესამე ტიტული მოაპოვებინა. ჰო, მართლა, ლაუდამ დაბრუნებიდან მეორე რბოლაშივე გაიმარჯვა. ის ამბობს, რომ გასამარჯვებლად დაბრუნდა, მიხაელი კი ერთგვარ ექსპერიმენტს ატარებს.
”დაბრუნებიდან მეორე რბოლაშივე გავიმარჯვე, მიხაელი კი ჩემპიონბისთვის ბრძოლას არ აპირებს. მე იმისთვის დავბრუნდი, რომ გამარჯვება მწყუროდა. მიხაელისთვის კი ეს დაბრუნება მხოლოდ ექსპერიმენტია და მეტი არაფერი”, - ჟურნალ ”აუტოსპორტთან” საუბრისას ამბობს ლაუდა და დასძენს, რომ შუმახერს დაბრუნებაში არც კისრის ტკივილი შეუშლის ხელს.
”დაივიწყეთ ასაკი. ის ფორმაშია, მძიმე დატვირთვით ვარჯიშობს და ბრძოლისთვისაც განწყობილია. რა თქმა უნდა, არის გარემოებები, რომელთა გადალახვაც მოუწევს. მაგალითად, რბოლას გადაჩვეულია და ახალი მანქანის გამოცდის საშუალება არ აქვს. მაგრამ ეს იმ გამოწვევის ნაწილია, რომლიც მის დაბრუნებას თან ახლავს. სწორედ ამიტომ, მის დაბრუნებას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის”.
No comments:
Post a Comment