ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, August 27, 2009

”ბრაუნმა” სპონსორი იშოვნა

Brawn finds backing

27 აგვისტო

მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერმა ”ბრაუნ GP-მ”, როგორც იქნა, ფინანსურ მხარდამჭერებს მიაგნო, რომლებთანაც სამწლიანი კონტრაქტები გააფორმა. პარალელურად, გუნდმა პირველად დაადასტურა, რომ მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის ჰოლდინგ ”ვირჯინთან” პარტნიორულ ურთიერთობას ამ სეზონის დასრულებისთანავე შეწყვეტს.

გუნდს ფორმულა 1-დან წასულმა ”ჰონდამ” საკმარისი ფინანსური რესურსი დაუტოვა იმისათვის, რომ ”ბრაუნმა” ეს სეზონიც დაასრულოს და მომავალი სეზონისთვისაც მოემზადოს. მაგრამ შემდეგ, რესურსი იწურებოდა. ამიტომ, სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, გუნდის შეფი როს ბრაუნი სულ იმის მცდელობაში იყო, რომ როგორმე ძლიერი მხარდამჭერი მოეძებნა.

სეზონის დასაწყისშივე, ასეთად თითქოს, ”ვირჯინი” გამოჩნდა, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ბრენსონს გუნდის ხელში ჩაგდბა სურდა. ჰოდა, როცა მიხვდა, რომ არაფერი გამოსდიოდა, მოკლევადიანი სპონსორობით შემოიფარგლა. პარალელურად, ”მეინორის” ხელმძღვანელობას მოელაპარაკა და როგორც ამბობენ, ამ ინგლისური გუნდის თანამფლობელი გახდა. შეგახსენებთ, რომ ”მეინორი” ფ1-ის იმ სამ ახალ გუნდთაგანია, რომლებიც ჩემპიონატში მერმის ჩაერთვებიან. სავარაუდოდ, ბრენსონი ”მეინორს” სახელს შეუცვლის და ”ვირჯინს” დაარქმევს.

”ბრაუნ GP-ს” მთავარმა აღმასრულებელმა ნიკ ფრაიმ განაცხადა, რომ გუნდს მოლაპარაკება ბევრ კომპანიასთან აქვს, რომელთა უმეტესობაც მომავალ სეზონში, მისი სპონსორი გახდება. თუმცა, დასძენს, რომ ”ბრაუნი” თავისი პარტნიორების ვინაობას მაშინ გამოაცხადებს, როდესაც საზოგადოებას მომავალი სეზონის მანქანას წარუდგენს.

ინტერნეტში გავრცელებული ხმების მიხედვით, მომავალ სეზონში ”ბრაუნის” მანქანებზე ავიაკომპანია ”ემირატსის”, ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ ”მონსტერის”, ასევე ტოტალიზატორების და სათამაშო კომპლექსების ჯგუფ ”ბვინის” და მექსიკურ სატელეკომუნიკაციო გიგანტ ”ტელმექსის” რეკლამები გაჩნდება.

”ამ სეზონისთვის, მომავალი სეზონისთვის, იმის შემდეგი და შემდეგის შემდეგი სეზონისთვის, ფინანსურად სრულიად გარანტირებულნი ვართ. ვიღიმი, როდესაც ხალხი ფულზე საუბრობს, რადგან ჩვენ ფული ამ სეზონისთვის თავიდანვე გვქონდა. ამის გარანტია რომ არ გვქონოდა, არც მე და არც როსი საქმეს ხელს არ მოვკიდებდით. ჩვენ რამდენიმე კონტრაქტი უკვე გავაფორმეთ და მათ შესახებ მაშინ გამცნობთ, როდესაც მომავალი სეზონის მანქანის პრეზენტაციას ჩავატარებთ”, - ამბობს ფრაი.

”ბრაუნმა” მომავალ სპონსორებთან მოლაპარაკებები მას შემდეგ გაააქტიურა, რაც ფ1-ის გუნდებსა და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას შორის თანხმობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რითაც ფორმულა 1 ორ კონკურენტ ჩემპიონატად გახლეჩას გადაურჩა.

”კომპანიებს, რომლებიც ჩვენთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, სურდათ სცოდნოდათ, რა ბედი ელოდა ჩვენს სპორტს. ხელშეკრულება გაფორმდა და თუ პიტლაინზე გაივლით, მიხვდებით, რომ იქ დაძაბულობა საერთოდ აღარ იგრძნობა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ყველამ ვიცით - მომავლისთვის კომერციული ბაზისი გარანტირებულია. ჩვენ კი უკვე შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი მომდვნო სამი სეზონისთვის უზრუნველყოფილია. ვიმედოვნებ, რომ ალტერნატიულ ჩემპიონატზე ლაპარაკი აღარ მოგვიწევს”, - ამბობს ”ბრაუნის” შეფი როს ბრაუნი.

No comments:

Post a Comment