”ბეემვემ” შეიძლება გუნდი არც გაყიდოს
BMW Sauber
21 აგვისტო
არაა გამორიცხული, რომ ”ბეემვემ” აღარ გაყიდოს თავისი ფორმულა 1-ის გუნდი და მისი შვეიცარული ბაზა, რომელიც პატარა ქალაქ ჰინვილში მდებარეობს, საკუთარი საჭიროებისთვის გამოიყენოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდბა, თუ ბავარიულ კომპანიას გუნდში საკმარის თანხას არ გადაუხდიან. საკმარისი თანხა კი, გერმანულ ჟურნალ ”აუტო მოტორ უნდ შპორტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 65 000 000 ევროა.
ამგვარად, საშუალო შეძლების ინვესტორებს გერმანულ-შვეიცარული საჯინიბოს გამოსყიდვის სურვილი უმალ დაეკარგებათ. უფრო მეტიც, ასეთი თანხის გადახდის შემდეგ, გუნდის შენახვა მსხვილ ინვესტორებსაც კი გაუჭირდებათ, რადგან მომავალ სეზონში გუნდის ფინანსურ უზრუნველყოფას დაახლოებით ამდენივე დასჭირდება.
”ზაუბერის” გამოსყიდვა რომც მოხერხდეს, მერმის მის მდგომარეობას ის ფაქტი დაამძიმებს, რომ გუნდი მიმდინარე ჩემპიონატის სატელევიზიო შემოსავლების განაწილებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ის ახალ გუნდად ჩაითვლება/ ამის მიზეზი კი ისაა, რომ ”ბეემვე ზაუბერმა” თანხმობის ახალ ხელშეკრულებას ხელ არ მოაწერა.
სხვათა შორის, მეტწილად სწორედ გასული სეზონის სატელევიზიო ტრანსლაციებიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე არსებობს მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერი ”ბრაუნი”, რომელიც ”ჰონდამ” თავისი საჯინიბოს შეფ როს ბრაუნს სიმბოლურ ფასად - 1 გირვანქა სტერლინგად მიჰყიდა და ბიუჯეტში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარიც დაუტოვა.
”ბეემვე” კი არაფერს წააგებს, თუ ფორმულა 1-ის გუნდს ვერ გაჰყიდის. მის მიერ მოთხოვნილი თანხა თითქმის შეესაბამება იმ აღჭურვილობის ღირებულებას (დაახლოებით 500 მილიონი დოლარი), რომელიც ბავარიულმა კომპანიამ ჰინვილის ბაზის განვითარებას მოახმარა.
No comments:
Post a Comment