ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, August 17, 2009

”რენოს” ვალენსიაში ასპარეზობის უფლება მისცეს

Renault

17 აგვისტო

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) სააპელაციო საბჭომ გადაწყვიტა, ჯარიმით შეცვალოს ”რენოს” დისკვალიფიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგულ გუნდსა და მის ლიდერს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს ვალენსიაში, ევროპის დიდ პრიზზე გამოსვლის უფლება მიეცათ. სამაგიეროდ, უნგრეთის დიდი პრიზის დროს ტრასაზე პოტენციურად სახიფათო მდგომარეობის შექმნისთვის, ”რენოს” 50 000 დოლარის გადახდა მოუწევს.

დისკვალიფიკაციის მიზეზი შემდეგი იყო: პირველ პიტსროპზე ალონსოს ბოლიდის ერთ-ერთ ბორბალზე ფიქსატორის დაყენება ვერ მოხერხდა, მაგრამ გუნდმა ესპანელი ტრასაზე მაინც გაუშვა. გუნდს მომხდარის შესახებ პილოტი არ გაუფრთხილებია და მისთვის შექმნილი გარემოების შესაბამისად მოქცევის რეკომენდაციაც არ მიუცუა. ამის შედეგი კი ის იყო, რომ მეხუთე მოსახვევში ბორბალს მცირე დეტალი მოსძვრა, მეცხრე მოსახვევში კი მანქანა სამი ბორბლის ამარა დარჩა, რაც პოტენციურად, სხვა პილოტებისთვის დიდი საფრთხის შემცველი იყო.

რბოლის შემდეგ, მსაჯთა საბჭომ მომხდარი ინციდენტი განიხილა და ფრანგული გუნდი ერთი ეტაპის გამოტოვებით დასაჯა. იმავე დღეს კი, საფრანგეთის ავტოსპორტის ფედერაციამ, ”რენოს” სახელით, დისკვალიფიკაცია FIA-ს სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა.

საჩივრის განხილვისას, ”რენომ” აღიარა, რომ სპორტული რეგლამენტი დაარღვია და სასჯელის შემსუბუქება ითხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო, გუნდს კი გაუფრთხილებელი საქციელის სანცვლოდ, ფულადი ჯარიმა დააკისრა.

ერთ-ერთი არგუმენტი იმისათვის, რომ საბჭომ აპელაცია დააკმაყოფილა, ის გარემოებაა, რომ ვალენსიელები მოუთმენლად ელიან მათი ქალაქის ქუჩებში ალონსოს გამოსვლას. ესპანელების უმეტესობამ რბოლაზე ბილეთები სწორედ ალონსოს გამო შეიძინა.

სარჩელის განხილვისას, ფრანგული საჯინიბოს ვექილმა ალი მალეკმა ასევე დაამტკიცა, რომ ინციდენტი გუნდის ხელმძღვანელობის მხრიდან გაუცნობიერებლად მოხდა და აქედან გამომდინარე, მათ ალონსოსთვის მომხდარის შესახებ რაიმეს თქმა არ შეეძლოთ.

”ყველაფერი წუთებში მოხდა და მის შესახებ მხოლოდ ორმა მექანიკოსმა თუ იცოდა, გუნდის ხელმძღვანლებმა და თვითონ ალონსომ ვერაფერი გაიგეს და შესაბამისად, არც გადაწყვეტილების მიღება შეეძლოთ. რა თქმა უნდა, წესები დაირღვა, მაგრამ ყველაფერი გაუცნობიერებლად მოხდა”, - ამტკიცებს მალეკი.

სანამ მექანიკოსები მომხდარის შესახებ ხელმძღვანელობას აცნობებდნენ, ალონსოს მანქანა სამი ბორბლის ამარა დარჩა და ისევ ბოქსებს მიაშურა...

რამდენადაც ვალენსიაში გამოსვლაზე მწვანე შუქი აუნთეს, ”რენო” ხვალ ალბათ მეორე პილოტის ვინაობასაც გამოაცხადებს. სავარაუდოდ, ბრაზილიელ ნელსინიუ პიკეს შვეიცარიული წარმოშობის ფრანგი რომან გროჟანი შეცვლის.

No comments:

Post a Comment