ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, February 27, 2011

ტორო როსო“ სიურპრიზს გვიმზადებს

Toro Rosso to Produce 2011 F1 Surprise?

27 თებერვალი

დღეს ახლა პადოკში ყველა იმაზე ლაპარაკობს, თუ რომელ გუნდებს შორის გაიმართება ბრძოლა ჩემპიონობისთვის. ტიტულის მთავარ პრეტენდენტებად „ფერარი“, „რედ ბული“ და „მაკლარენი“ მიიჩნევიან. ლიდერების დაწევას კი „ლოტუს რენოს“, „მერსედესსა“ და „უილიამსს“ უწინასწარმეტყველებენ. ახალბედები კი იმედოვნებენ, რომ სუსტ ძველ გუნდებთან პაექრობას შეძლებენ. მათგან ყველაზე სუსტად კი ძირითადად „ტორო როსოს“ თვლიან...

ფორმულა 1-ის მოყვარულებს ალბათ ეხსომებათ ამ გუნდის ძველი სახელი - „მინარდი“. როცა ეს სახელი ერქვა, ის მართლაც უიმედო აუტსაიდერი იყო, მაგრამ შემდეგ „რედ ბულმა“ შეიძინა და სამი წლის წინ, სებასტიან ფეტელთან ერთად, იტალიის დიდ პრიზზე, ნამდვილი სენსაცია მოახდინა - წვიმიან რბოლაში ყველა უკან მოიტოვა.

რა თქმა უნდა, ამას მათგან არავინ ელოდა. თუმცა მაინც ყველამ პირველ რიგში ის ფაქტი გაიხსენა, რომ რბოლა წვიმაში ჩატარდა და რაც მთავარია, „ტორო როსო“ „რედ ბულის“ შასის იყენებდა, რომელიც „ფერარის“ ძრავით და ტრანსმისიით იყო აღჭურვილი. მაგრამ უკვე ორი წელია, ფაენცელები საკუთარი შასის თავადვე ქმნიან, ძრავს და ტრანსმისიას ისევ მარანელოდან ღებულობენ.

და აი, შვეიცარულ გამოცემა „ბლიკის“ ინფორმაციით, განვლილმა წინასასეზონო ტესტებმა გამოავლინა, რომ „ტორო როსო STR6-ს“ იმაზე გაცილებით მეტი პოტენციალი გააჩნია, ვიდრე მისგან ელოდნენ. და, როგორც მინიმუმ, გუნდი ძველებს შორის აუტსაიდერი არ უნდა იყოს. კერძოდ, ბარსელონას ტესტების ბოლო დღეს, „ტორო როსოს“ ესპანელი ხაიმე ალგერსუარი ყველაზე სწრაფ ფეტელს 0.2 წამით ჩამორჩა.

„კარგად ვიცი ჩემი მანქანის მდგომარეობა, როდესაც ეს დრო ვაჩვენე. დამიჯერეთ, ძალიან კმაყოფილი ვარ“, - „ბლიკთან“ საუბრისას განაცხადა ალგერსუარიმ, ვინც უარყოფს გავრცელებულ ხმებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ეს შედეგი მან მაშინ დააფიქსირა, როდესაც თავისი გუნდის სპონსორების წინაშე „თავს იწონებდა“. ანუ, ცდილობდა, რომ თავი კარგად წარმოედგინა.

სხვათა შორის, ტესტების დაწყებამდე, „სკუდერია ტორო როსო“ თავის მიზანში ამოღებული ჰყავდათ ფ1-ის შარშანდლ დებიუტანტებს - „ტიმ ლოტუსს“ და „ვირჯი-მარუსიას“. ისინი აცხადებდნენ, რომ პირველი გუნდი, რომელსაც რეალურ მეტოქეობას გაუწევენ, სწორედ „ტორო როსოა“.

გარდა იმისა, რომ შარშანდელზე გაცილებით კონკურენტუნარიანი მანქანა მოამზადეს, „ტორო როსოში“ იმედოვნებენ, რომ ალგერსუარისა და მის შვეიცარელ თანაგუნდელ სებასტიან ბუემის შორის მეტოქეობა, გუნდს კარგი შედეგების ჩვენებაში დაეხმარება. პირველ რიგში, მათი მიზანი, იტალიურ გუნდში ადგილის შენარჩუნება იქნება. მეორეც, ორივე იმედოვნებს, რომ „რედ ბულის“ ყურადღებას მიიქცევენ. ასე განსაჯეთ, ესპანელმა პილოტმა ისიც კი განაცხადა, რომ ახალ სეზონში თანაგუნდელთან „ომი ექნება“...

Thursday, February 24, 2011

ფეტელს შეუძლია, „რედ ბული“ ლეგენდარულად აქციოს

Red Bull Trust Vettel to Make Them Legendary

24 თებერვალი

სულ ექვსი წელი დასჭირდა „რედ ბულს“ იმისათვის, რომ ფორმულა 1-ის ტიტულებს დაუფლებოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ ავსტრიულ გუნდს ჯერ მაინც ვერავინ უწოდებს ლეგენდარულს. ამას გაცილებით მეტი რამ სჭირდება, ვიდრე ერთ სეზონში ორი ტიტულის მოპოვებაა. ეს „რედ ბულშიც“ იციან და ახლა მიზნად სწორედ იმას ისახავენ, რომ სტატუსი „ლეგენდარული“ დაიმსახურონ.

ერთი რამ ფაქტია - დიტერ მატეშიცის საჯინიბო ფ1-ში დიდი ხნით დარჩენას აპირებს შარშან მიღწეული გამარჯვებას არ დასჯერდება. ამის თაობაზე, გუნდის შეფმა ქრისტიან ჰორნერმა გერმანულ პრესასთან საუბრისას განაცხადა. და ხაზი გაუსვა, რომ ლეგენდარული გუნდის სტატუსის მოპოვებაში, „რედ ბულს“ გერმანელი სებასტიან ფეტელი დაეხმარება.

ჰორნერმა ისიც აღნიშნა, რომ ფეტელი „ფერარიში“ გადასვლაზე ოცნებობს, თუმცა სანამ მას გარანტია ექნება იმისა, რომ „რედ ბული“ საჩემპიონო მანქანით უზრუნველყოფს, სხვაგან გადასვლისთვის ნაკლები საბაბი ექნება. უფრო მეტიც, ჰორნერი დარწმუნებულია, რომ თუ ფეტელი დარჩება, მაშინ მას „რედ ბულის“ ისტორიაში შეყვანა შეუძლია.

„მისი რომანტიკოსობა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ერთი ხელის მოსმით დათმობს ყველაფერს, რაც ერთობლივად შეგვიქმნია. სანამ მისი კონკურენტუნარიანი მანქანით უზრუნველყოფას შევძლებთ, ის ჩვენთან დარჩება. ამჟამად ჩვენი გუნდი ბევრს მოსწონს, მაგრამ ვინ იცის, ოდესმე შეიძლება ლეგენდარულადაც მოგვიხსენიონ და თუ ასეც მოხდა, ეს სებასტიანის დამსახურება იქნება“, - ამბობს ჰორნერი და დასძენს, რომ „ფერარის“ სახელი პილოტების უმეტესობას მხოლოდ იმის გამო ხიბლავს, რომ ეს ლეგენდარული გუნდია და დიდი წარსული აქვს.

სხვათა შორის, ფერნანდო ალონსოს „გაძეტა დლო სპორტთან“ საუბრისას ნათქვამი აქვს, პადოკში არ მეგულება პილოტი, ვინც „ფერარის“ მანქანით ასპარეზობაზე არ ოცნებობდესო, თუმცა ისიც დასძინა, რომ ამას ხმამაღლა ყველა არ ამბობს.

მასამ აღიარა, რომ „ფერარის“ გუნდურმა მითითებებმა რეპუტაცია შეულახა

Massa Admits Ferrari Team Orders Changed His Reputation

24 თებერვალი

ბრაზილიურ გაზეთ „ო ესტადო დე სან პაულუსთან“ საუბრისას, „ფერარის“ ბრაზილიელმა მრბოლმა ფელიპე მასამ განაცხადა, რომ გასულ სეზონში, „ფერარის“ გუნდური მითითებების გამო, მას რეპუტაცია შეელახა, რისი აღდგენაც ძალიან ძნელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის დიდი პრიზის მიწურულს, „ფერარის“ პილოტმა ბოქსებიდან მიიღო მითითება, რომელიც მას ავალდებულებდა, რომ წინ გაეშვა ესპანელი თანაგუნდელი ფერნანდო ალონსო. ამ შემთხვევას უარყოფითი გამოხმაურება და იტალიური გუნდის დაჯარიმება მოჰყვა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც მასა დაზარალდა, ვინც ამბობს, რომ მას ბრაზილიაშიც კი უკვე სხვა თვალით უყურებენ და ამის გამოსწორება თითქმის შეუძლებელია.

„ხალხს ასეთი რამ ძალიან ძნელად ავიწყდება. გამარჯვება უფრო ადვილად დასავიწყებელია. მაგრამ მე ვცდილობ, რომ ამაზე არ ვიფიქრო. ყოველ შემთხვევაში, ეს ფიქრები ხელს არ შემიშლის იმაში, რომ ახალ სეზონში გამარჯვებებისთვის და ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლო“, - ამბობს 29 წლის მასა და დასძენს, რომ ჰოკენჰაიმის რბოლისას შელახულ რეპუტაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიდგენს, თუ ახალ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლას და იქნებ, გამარჯვებასაც შეძლებს. თუმცა იმასაც აღიარებს, რომ ყოველივეს მიუხედავად, მას ბრაზილიაში მაინც ბევრი პატივისცემით ეპყრობა.

„კარგი შედეგები ის წამალია, რომელმაც შეიძლება ადამიანს აზრი შეაცვლევინოს და თუ ადრე გისტვენდა, გამარჯვების შემდეგ, შენი ქომაგი გახდება. ყველაფრის შემდეგაც კი, რაც მოხდა, მაინც ვგრძნობ, რომ ბევრი ქომაგი მყავს, განსაკუთრებით, ჩემს ქვეყანაში. ბრაზილიაში, როდესაც რესტორანში შევდივარ, რა თქმა უნდა, არავინ მილოცავს, მაგრამ უამრავ გასამხნევებელ სიტყვებს მეუბნებიან, რაც ძალიან მეხმარება“, - დასძენს მასა.

„ფერარი F150th იტალია“ - ყველაზე გამძლე მანქანაა

Ferrari F150th Italia - Most Reliable Car in 2011 Testing

24 თებერვალი

ფორმულა 1-ის გუნდებმა წინასასეზონო ჯგუფური ტესტების სამი სერია უკვე ჩაატარეს, რომლებსაც ესპანეთის ვალენსიამ, ხერესმა და ბარსელონამ უმასპინძლეს. მათ სულ 11 დღის განმავლობაში ივარჯიშეს, რაც გარკვეული ანალიზის გაკეთების საშუალებას უკვე იძლევა. ამ ანალიზის შედეგად კი შესაძლებელია იმის თქმა, თუ ვისი მანქანაა ყველაზე გამძლე და კონკურენტუნარიანი და რომელი გუნდები შეძლებენ პირველობისთვის ბრძოლას.

ერთ-ერთი ასეთი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სწორ მონაკვეთებზე, ყველაზე სწრაფი მანქანა „მერსედესისაა“. გერმანულმა გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტმა“ კი ყველაზე გამძლე მანქანის სტატუსი „ფერარის“ ახალ ბოლიდს - „F150th იტალიას“ მიანიჭა.

იტალიური გუნდის ორივე მანქანამ საერთო ჯამში, 5 200 კილომეტრი გაიარა, დაახლოებით 800 კილომეტრით მეტი, ვიდრე ამ მაჩვენებლით უახლოესმა „რედ ბულ რეისინგმა“. სხვათა შორის, ეს ორი გუნდი ჯერჯერობით საუკეთესოდ მომზადებულია და სავარაუდოდ, ჩემპიონატის პირველ რბოლებში, პირველობისთვის სწორედ მათი პილოტები იბრძოლებენ.

გამძლეობის მხრივ, მესამე საუკეთესო „მერსედესია“, რომელმაც სატესტო პროგრამა ტექნიკური პრობლემებით დაიწყო. სამქიმიანებს ავსტრიულ გუნდზე 100 კილომეტრით ნაკლები აქვთ გავლილი. მას კი „ზაუბერი“ და „უილიამსი“ მოჰყვება. მხოლოდ 3 700 კილომეტრია „ლოტუს რენოს“ პილოტების ანგარიშზე. თუმცა, გუნდში ახლახანს მოყვანილი გერმანელი ნიკ ჰაიდფელდი მანქანით ძალიან კმაყოფილია. ყველაზე მეტად, მას გუნდის მიერ შემუვებული კერს-ი (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) მოსწონს.

მხოლოდ მერვე ადგილზეა „მაკლარენი“, რომელსაც „ტორო როსო“ უსწრებს. სხვათა შორის, ბევრი „რედ ბულის“ იტალიური შვილობილისგან ამ სეზონში სიურპრიზებს ელის. რაც შეეხება „მაკლარენს“, გუნდს ბევრი ტექნიკური სიახლე კი აქვს, მაგრამ მისი მანქანა აშკარად ვერაა გამძლე და ბაჰრეინის დიდი პრიზის გაუქმებით (თუ გადადებით) ყველაზე მეტად სწორედ ის იზეირებს.

მეცხრე ადგილზე „ვირჯინია“, რომელსაც „ფორს ინდი“ მოსდევს. ბოლო ორი ადგილი კი „ტიმ ლოტუსს“ და „ისპანია რეისინგს“ უკავია, რომელსაც ტავისი ახალი სარბოლი მანქანა ჯერ არ გამოუცდია.

Tuesday, February 22, 2011

ბაჰრეინი კალენდარში შეიძლება წელსვე დაბრუნდეს

FIA Hints at Bahrain GP Reschedule in 2011

22 თებერვალი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) გაგებით მოეკიდა ბაჰრეინის დიდი პრიზის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში მიმდინარე არეულობათა გამო, არ ჩაატარონ ფორმულა 1-ის 2011 წლის ჩემპიონატის პირველი ეტაპი. თუმცა FIA ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყენებს სიტყვა გაუქმებას და რბოლას გადადებულად აცხადებს.

ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ბაჰრეინული რბოლის მოგვიანებით ჩატარების პერსპექტივა არსებობს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, გამორიცხულია, რომ რბოლა შემოდგომამდე ჩატარდეს, რადგან ზაფხულის ხვატში იქ ეს შეუძლებელი იქნება.

სხვათა შორის, FIA-მ ბრიტანული მედიის მხრიდან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. ამის მიზეზი კი, ბაჰრეინში მიმდინარე პროცესების ფონზე, ფედერაციის უმოქმედობა იყო. მისმა ხელმძღვანელობამ განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც რბოლის ჩატარებაზე უარი თავად ბაჰრეინის დიდი პრიზის ორგანიზატორებმა განაცხადეს. ამასთან, ფედერაციამ პრაქტიკულად შეასრულა ფ1-ის კომერციულ უფლებათა გამგებელ ბერნი ეკლსტოუნის სურვილი - ბაჰრეინული ეტაპი გადადებულად გამოაცხადა. არადა, სწორედ FIA არის ის ორგანიზაცია, რომელმაც მსგავსი შემთხვევების დროს, ყველაზე მეტი აქტიურობა უნდა გამოიჩინოს და სიტუაციაც თავად მართოს.

რაც შეეხება ეკლსტოუნს, ის უკვე ფიქრობს იმაზე, რომ კალენდრის ახალი ვარიანტი მოამზადოს, რომლის ბოლოშიც გარკვეული გადაადგილებები მოხდბა. ეს ვარიანტი კი იმ შემთხვევისთვის ამოქმედდება, თუ ბაჰრეინში პოლიტიკური სიტუაცია მოგვარდება და იქ რბოლის ჩატარება შესაძლებელი გახდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი სეზონი სტარტს 27 მარტს მელბურნის ალბერტ პარკზე, ავსტრალიის დიდი პრიზის რბოლით აიღებს.

Monday, February 21, 2011

ბაჰრეინის დიდი პრიზი გაუქმებულია

Bahrain Grand Prix Canceled from 2011 F1 Calendar

21 თებერვალი

ფორმულა 1-ის 2011 წლის სეზონის პირველი ეტაპი - ბაჰრეინის დიდი პრიზი აღარ ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება, რბოლის ორგანიზატორებმა მიიღეს და მის შესახებ, ქვეყნის პრინცმა სალმან ბინ ჰამად ბინ ისა ალ-ხაიფამ, ბერნი ეკლსტოუნს თავად, სატელეფონო საუბრისას აცნობა.

პრინცის განცხადებით, ამ ეტაპზე, მისი ქვეყნისთვის ფორმულა 1-ზე გაცილებით მნიშვნელოვანი იმ არეულობის მოგვარებაა, რომელსაც უკვე რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. „ბერნი ეკლსტოუნმა გვაცნობა, რომ რბოლის გამართვის გადაწყვეტილება მხოლოდ ჩვენი მისაღები იყო და პასუხი აქამდე არც მოუთხოვია. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე სჯობს, თუ ყურადღებას მთლიანად ეროვნულ ინტერესებზე გადავიტანთ, ბაჰრეინის დიდ პრიზს კი მოგვიანებით ჩავატარებთ“, - ამბობს პრინცი.

რა თქმა უნდა, ეკლსტოუნი ამ ცნობამ დაამწუხრა. ის ბოლო მომენტამდე იმედოვნებდა, რომ რბოლა მაინც ჩატარდებოდა. ახლა კი ისიც არ იცის, რა მოიმოქმედოს - ბაჰრეინული ეტაპი კალენდარში დატოვოს და უფრო გვიან დანიშნოს, თუ სულ გააუქმოს. ყოველივე კი იმას ნიშნავს, რომ სეზონს ავსტრალიის დიდი პრიზი გახსნის, რომელსაც 27 მარტს მელბურნის ალბერტ პარკი უმასპინძლებს.

ბაჰრეინის საერთაშორისო ავტოდრომის აღმასრულებელი ზაიედ ალზაიანი იმედოვნებს, რომ ფ1 ბაჰრეინს მალე დაუბრუნდება. იგივეს იმედი აქვს „ფერარის“ ბრაზილიელ ფელიპე მასას, ვისაც ბაჰრეინული რბოლა ორჯერ აქვს მოგებული, რის გამოც, ეს ადგილი მისთვის განსაკუთრებულია. ის იმედოვნებს, რომ ბაჰრეინული ეტაპი კალენდარს ამ სეზონშივე დაუბრუნდება, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ ამ ქვეყნისთვის, ამ ეტაპზე, გაცილებით მნიშვნელოვანი, სიმშვიდის შენარჩუნებაა.

შეიცვალა წინასასეზონო ტესტების განრიგიც. კერძოდ, ბოლო სატესტო სერიას, ბაჰრეინის ნაცვლად, ბარსელონა უმასპინძლებს.

როსბერგი კმაყოფილია

Rosberg Pleased with Mercedes Direction

21 თებერვალი

როგორც იქნა, ნიკო როსბერგიც (ფოტოზე) კმაყოფილია თავისი მანქანით - „მერსედესის“ W02 იმდენად კარგია, რომ გერმანელი პილოტისგან ქებაც კი დაიმსახურა. აბა რა იქნებოდა - ბარსელონას ტესტების მესამე დღეს, ცხრილის სათავეში სწორედ მისი გვარი ეწერა. ჰოდა, როსბერგიც იმედოვნებს, რომ ახალ სეზონ წინებზე გაცილებით უკეთ ჩაატარებს.

ხერესის ტესტების შემდეგ, ის მანქანისადმი კრიტიკულად იყო განწყობილი, თუმცა ბარსელონაში სიტუაცია შეიცვალა და როსბერგი ამბობს, რომ მისი გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდება. უფრო მეტიც, დასძენს, რომ ლიდერებთან ჩამორჩენა თანდათან მცირდება.

„ჯერჯერობით, გარკვეული პრობლემები ისევ გვაქვს, მაგრამ როგორც ჩანს, სწორი გეზი გვაქვს აღებული. ბარსელონაში ჩვენ მანქანაზე ზოგი რამ შევცვალეთ, რამაც კარგი შედეგი მოგვცა. თავიდანვე ვიცოდით, რომ სეზონის წინა ტესტებზე პრობლემები გვექნებოდა, რადგან მანქანა გამძლეობის ტესტებს გადის და ამ დროს, ჩვენს მიზანს სისწრაფე არ წარმოადგენს. ამ ფაქტორს ყურადღებას შემდეგ ტესტებზე მივაქცევთ და მერე გამოჩნდება, თუ რა დონეზე ვართ მომზადებული“, - ამბობს როსბერგი.

ხერესის ტესტების შემდეგ, გერმანელი პილოტი ამბობდა, რომ „მერსედესი“ მანქანისთვის რამდენიმე აეროდინამიკურ სიახლეს ამზადებდა, რასაც მისი შესაძლებლობები უნდა გაეუმჯობესებინა. როგორც ჩანს, სიახლეების წყალობით, მანქანა უფრო სწრაფი გახდა. სხვათა შორის, ვალენსიასა და ხერესში ტესტირებისას, W02-ს გამძლეობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ბარსელონაში ისინი არ განმეორებულა.

ბატონის აზრით, „ფერარის“ საუკეთესო მანქანა აქვს

Button Says Ferrari Has Best Car Right Now

21 თებერვალი

ფორმულა 1-ის პილოტების უმეტესობა თვლის, რომ ახალ სეზონშიც, ყველაზე სწრაფი მანქანა „რედ ბულს“ ექნება. თუმცა სულ სხვანაირად ფიქროს მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი, ბრიტანელი ჯენსონ ბატონი, ვინც ბარსელონაში ჩატარებული ტესტების შემდეგ თვლის, რომ საუკეთესო მანქანა „ფერარის“ აქვს.

რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტესტებისას მანქანებში სხვადასხვა რაოდენობით საწვავი ასხია, ისინი სხვადასხვა სიმყარის საბურავებს იყენებენ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ტესტების დროს, სხვადასხვა მიზანი აქვთ. ზოგისთვის (აუტსაიდერებისთვის) ყველაზე მნიშცველოვანი პოტენციური სპონსორებისთვის თავის მოწონებაა. ზოგი (მოწინავეები) კი მხოლოდ მანქანის სრულყოფაზე მუშაობს და მათ წრის სწრაფად გავლა ჯერ არ აინტერესებთ.

ბატონი კი თავის განსხვავებულ მოსაზრებას იმით ამართლებს, რომ მისი აზრით, ტესტების დროს, ტრასაზე ხანგრძლივად ყოფნისას, ყველაზე სტაბილური და უკეთესი დროები „ფერარის“ პილოტებს აქვთ. ამას კი რბოლების დროს დიდი მნიშვნელობა ექნება.

„ვინმეს სჯერა, რომ „ფერარი“ „რედ ბულზე“ ექვსი მეათედ წამით ნელია? სამაგიერომ, ხანგრძლივ გარბენებზე „ფერარის“ მანქანები სხვებზე ორი წამით სწრაფები იყო. და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - ბარსელონაში, შაბათის ტესტების შემდეგ, ბიბისისთან საუბრისას განაცხადა ბატონმა. ამ ტესტების ბოლოს, „ფერარის“ ესპანელი ფერნანდო ალონსო (ფოტოზე, ვარჯიშისას) „რედ ბულის“ გერმანელ სებასტიან ფეტელს სწორედ 0.6 წამით ჩამორჩა.

თავად ალონსო და ფეტელი თვლიან, რომ სეზონის წინა ტესტებზე ნაჩვენები შედეგებისადმი ყურადღების მიქცევა არ ღირს და რომ მანქანების რეალური შესაძლებლობა მხოლოდ პირველი ეტაპის რბოლებისას გამოჩნდება. თუმცა, საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად, ბატონს თავისი არგუმენტები აქვს:

„რა თქმა უნდა, ახლა იმაზე ლაპარაკი ძნელია, თუ ვინ რითაა დაკავებული და რა დონეზე მოემზადა სეზონისთვის. მაგრამ ინტერესს მრბოლების სტაბილურობა იწვევს. სწორედ ამ შემთხვევაში ჩანს, რამდენად კარგია მანქანა. „ფერარი“ ძალიან სტაბილურია, მაგრამ ამ მხრივ, სხვა გუნდებიც ქებას იმსახურებენ. რედ ბულის“ მქანანაც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა არა იმდენად კარგს, როგორც „ფერარი“.

Saturday, February 19, 2011

„ფერარის“ „რენოს“ გამოსაბოლქვი სისტემის კოპირება გაუჭირდება

Ferrari Admit Copying Renault Exhausts Is Hard

19 თებერვალი

ლოტუს რენოს გამოსაბოლქვს გვერდთა ელერონი ფარავს
..............................

„მაკლარენი“ ერთადერთი გუნდი არაა, რომელმაც ახალი სეზონისთვის, რადიკალური სიახლის დანერგვა გადაწყვიტა. კიდევ ერთი სიახლე, რომელმაც სპეციალისტების და რა თქმა უნდა, გუნდების ტექნიკური შტაბების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, „ლოტუს რენოს“ გამოსაბოლქვი“ სისტემაა, რომლის მილებიც რადიატორების სექციების წინაა გამოტანილი.

ამგვარი უცნაური გადაწყვეტის მიზანი ისაა, რომ ძრავიდან მაღალი წნევით გამოტყორცნილმა ნამწვმა აირმა ავტომობილის ქვეშ გაიაროს და ამით, გრაუნტ ეფექტის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი. ამას კი ავტომობილზე დინამიკური დატვირთვის გაზრდა და მდგრადობის გაუმჯობესება მოჰყვება.

რა თქმა უნდა, ბევრი გუნდი ეცდბა, რომ ასეთი კონსტრუქცია თავის სარბოლ მანქანზე გამოიყენოს, თუმცა ეს იოლი არ იქნება, რადგან ამისათვის ავტომობილის შეთანწყობის ძირეული შეცვლა იქნება აუცილებელი, რაც ძალიან ძნელი გასაკეთებელია - ფ1-ის ბოლიდის ძარის ქვეშ სივრცე შეზღუდულია და იქ ყოველ კვადრატულ სანტიმეტრს ავტომობილის სხვადასხვა სისტემა და ელემენტი იკავებს.

სხვათა შორის, მალე მსგავს გამოსაბოლქვს ალბათ „მაკლარენიც“ შექმნის, მაგრამ ბრიტანულ გუნდთან შედარებით, კონსერვატიულობას ავლენს „ფერარი“, რომლის ახალი მანქანაც, ისედაც არ გამოირჩევა გარეგნული სპეცეფექტებით. მისი ტექნიკური დირექტორი ალდო კოსტა აცხადებს, რომ ახალ სეზონში, იტალიური გუნდი მსგავს სისტემას ვერ გამოიყენებს. ჯერ ერთი, ის თვლის, რომ ასეთი სისტემის ეფექტურობა ჯერ დადასტურებული არაა. მეორეც, მსგავსი გამოსაბოლქვის გაკეთება, ბოლიდის დიდი ნაწილის გადაკეთებას მოითხოვს, რაც ამ ეტაპზე, პრაქტიკულად შეუძლებელია.

კითხვაზე, ძნელი იქნება, თუ არა „ფერარის“ მანქანაზე მსგავსი კონსტრუქციის გამოყენება, კოსტა პასუხობს: „მე ვიტყოდი, კი. „რენოს“ მიერ შემუშავებული გამოსაბოლქვის მსგავსი სისტემის ჩვენს მანქანაზე დასაყენებლად, მისი შასი ძირეულად გადასაკეთებელი იქნება. ამ შემთხვევაში, გაძნელდება ძრავის გაგრილების ეფექტურობის შენარჩუნება და მანქანის ამ სეგმენტში მოთავსებული ელექტრონული მოწყობილობებისთვის სხვა ადგილის გამონახვა“.

კოსტა დასძენს, რომ იმის მიზეზი, რაც გუნდებს მსგავსი კონსტრუქციების შემუშავებისკენ უბიძგებს, ტექნიკური რეგლამენტის ხშირი ცვლაა: „როცა რეგლამენტი ასე ხშირად იცვლება, გუნდები სიახლეების დანერგვას ცდლობენ. და თუ წესები რამდენიმე სეზონის განმავლობაში არ შეიცვლება, მაშინ ფორმულა ერთში ოპტიმიზაციის პერიოდი დადგება“.

Thursday, February 17, 2011

ფერნანდესი სახელ „ლოტუსში“ 60 მილიონ დოლარს მოითხოვს

Fernandes Demands $60 Million to End Lotus Name Dispute - Proton

17 თებერვალი

„ტიმ ლოტუსის“ მალაიზიელი შეფი ტონი ფერნანდესი თანახმაა, სახელი „ლოტუსი“ მალაიზიურ კომპანია „პროტონს“ დაუთმოს, ოღონდ მისგან სანაცვლოდ, არც მეტი, არც ნაკლები, 60 მილიონ დოლარს მოითხოვს. ამ შემთხვევაში, საჭირო აღარ იქნება ორ მხარეს შორის სასამართლო დავა, რომლის განხილვაც ლონდონის უმაღლეს სასამართლოს 21 მარტს აქვს დანიშნული.

რამდენიმე კვირის წინ, „პროტონმა“ და მის ჯგუფში შემავალმა კომპანია „ლოტუსმა“ ფერნანდესს 10 მილიონი დოლარი შესთავაზეს იმისათვის, რომ მას სახელი „ლოტუსი“ ყოფილი „რენოსთვის“ დაეთმო, რომელმაც სახელი შეიცვალა და ახალი სეზონისთვის „ლოტუს რენო“ დაირქვა. ფერნანდესმა შეთავაზება არ მიიღო და საქმე სასამართლომდე მივიდა.

ახლახანს კი „პროტონმა“ გამოაცხადა, რომ ფერნანდესი, ვისდაც მალაიზიური ავიაგადამყვანი კომპანია „ეარეიჟა“ ეკუთვნის, კვლავ დაუბრუნდა მოლაპარაკების მაგიდას და თავისი პირობები წამოაყენა. მალაიზიური საავტომობილო კომპანიის ცნობით, ავიამაგნატი სახელ „ლოტუსის“ დათმობის სანაცვლოდ, 35-60 მილიონ დოლარს მოითხოვს.

ცნობისათვის, „ტიმ ლოტუსი“ ადრე „1მალაიზიას“ სახელით იყო ცნობილი, ოღონდ მაშინ ის ფ1-ში არ ასპარეზობდა. გუნდი აცხადებს, რომ სახელ „ლოტუსში“ ასეთ დიდ თანხას იმის გამო კი მოითხოვს, რომ ამ სახელს ესოდენ ძვირად აფასებს, არამედ იმიტომ, რომ მისი გაყიდვის შემდეგ, ახალი ბრენდის ჩამოყალიბება და მის იმიჯზე ზრუნვაც მოუწევს, რაც ძალიან ძვირი დაჯდება. ამასთან, გუნდი იმ შემოსავლებს დაკარგავს, რომლებიც სუვენირების გაყიდვით უნდა მიეღო.

მაგრამ „პროტონმა“ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არ აპირებს სხვისი შეცდომის კომპენსირებას და ამაში ათეულობით დოლარის გადახდას. და, ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ მას კონკურენტი გუნდისგან მხოლოდ სახელ „ლოტუსის“ დათმობა სურს და არა მისი ბიზნესის დაუფლება. მაგრამ, „პროტონი“ მაინც მიანიშნბს, რომ დავა შეიძლება მაინც სასამართლოს გარეშე გადაწყდეს, რადგან ესმის ფერნანდესის მოთხოვნები და მათ საფუძვლიანდ მოიხსენიებს.

Wednesday, February 16, 2011

კუბიცას ჰაიდფელდი შეცვლის

Heidfeld confirmed at Renault

16 თებერვალი

„ლოტუს რენოს“ ტრავმირებულ პოლონელ რობერტ კუბიცას ადგილს გერმანელი ნიკ ჰაიდფელდი დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია ინგლისურ-ფრანგულ-შვეიცარულმა გუნდმა გაავრცელა. გუნდის ხელძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება ხერესის ტესტების შემდეგ მიიღო, სადაც ჰაიდფელდს კარგი შედეგები ჰქონდა. 33 წლის ჰაიდფელდი „ლოტუს რენოს“ ოფიციალური წევრის სტატუსით დაიწყებს მორიგ სატესტო სესიას, რომელსაც ბარსელონა უმასპინძლებს.

„ძალიან მიხარია, რომ ფორმულა 1-ში დაბრუნების საშუალება მეძლევა. რა ტქმა უნდა, მერჩივნა, რომ ეს სხვა გარემოებაში მომხდარიყო, მაგრამ ვამაყობ, რომ მე ვარ ის პილოტი, რომელზეც გუნდმა არჩევანი შეაჩერა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. გუნდის ბაზა ენსტოუნში უკვე მოვინახულე და კმაყოფილი დავრჩი. ყველანი დიდი მონდომებით მუშაობენ, რამაც თავისი შედეგი უნდა გამოიღოს. ხერესის ტესტებმა დიდი სიამოვნება მომანიჭა. გუნდს კარგად შევეწყე, მანქანითაც კმაყოფილი ვარ. ის საკმაოდ ინოვაციურია. მეც ძალიან მონდომებული ვარ და ერთი სული მაქვს, სეზონი როდის დაიწყება“, - ამბობს ჰაიდფელდი.

გერმანელი პილოტის თანაგუნდელი რუსი ვიტალი პეტროვი იქნება, სარეზერვო პილოტებამ კი გუნდს ბრაზილიელი ბრუნო სენა და ფრანგი რომენ გროჟანი არიან გამწესებულნი.

„ჩვენს გუნდს ძალიან ძნელი დრო დაუდგა და ჩვენ სწრაფად უნდა გვემოქმედა. ხერესში ჩვენ ნიკს შანსი მივეცით და მანაც აღტაცებული დაგვტოვა. ის სწრაფი, გამოცდილი და ტექნიკურად გაწაფული მრბოლია, ვისაც ინჟინრებთან ურთიერთობა შეუძლია და თავადაც მანქანა კარგად იცის. ჩვენ ისედაც ვამბობდით, რომ გამოცდილი პილოტი გვჭირდებოდა და ვფიქრობ, ამ საქმისთვის იდეალური კაცი ვიპოვნეთ. იმედია, ბაჰრეინში მასთან და ერთად, კარგ სტარტს ავიღებთ“, - ამბობს გუნდის შეფი ერიკ ბუიე.

რედ ბული“ თავისი პილოტების თანაბარ მხარდაჭერას გვპირდება

Red Bull Owner Promises Same Rivalry Between Vettel and Webber

16 თებერვალი

მარკ უებერი (მარცხნივ) და სებასტიან ფეტელი

..............................

„რედ ბულის“ მფლობელი დიტრიხ მატეშიცი ირწმუნება, რომ თავის გუნდში პილოტებს - სებასტიან ფეტელსა და მარკ უებერს შორის ფავორიტიზმს კვლავაც არ დაუშვებს და მათ თანაბარ პირობებში პაექრობის საშუალებას მისცემს.

ფორმულა 1-ის ფანებს კარგად ახსოვთ, რომ პილოტებს შორის უშეღავათო ბრძოლამ, გასულ სეზონში „რედ ბულს“ ლამის ორივე ტიტული დააკარგვინა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი თურქეთის დიდ პრიზზე, მათ შორის ლიდერობისთვის ბრძოლისას მომხდარი შეჯახება იყო, რომლის შემდეგაც, ურთიერთობა დაეძაბათ.

თუმცა, სეზონის ბოლომდე, გუნდის ხელმძღვანლობამ ამ დაძაბულობის განმუხტვა შეძლო და საბოლოოდაც ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მატეშიცი ისურვებდა - პილოტებს შორის ჩემპიონი ფეტელი გახდა, კონსტრუქტორებში კი „რედ ბულ რეისინგმა“ გაიმარჯვა.

მოკლედ, ყველაფერი კარგად მაშინაა, როცა ყველაფერი კარგად მთავრდება და მატეშიცი სწორედ ასე ფიქრობს. გასული სეზონის გამოცდილება მას კარნახობს, რომ ფავორიტიზმზე უარის თქმით მიზნის მიღწევა შესაძლებელია. მითუმეტეს, შარშანდელი სეზონის დასრულების შემდეგ, პილოტებს შორის ურთიერთობა გამოსწორდა. თუმცა, არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მათი მეტოქეობა ახალ სეზონშიც უშეღავათო იქნება.

და ამაში თავად მატეშიციც დარწმუნებულია: „ისინი ერთმანეთს საჩუქრებს ვერ მიუძღვნიან. ვფიქრობ, მათი ურთიერთობა ისევ ისეთი იქნება, როგორიც შარშან იყო. და ორივე ისევ თანაბარ მხარდაჭერას მიიღებს. ჩვენ სტრატეგიის შეცვლას არ ვაპირებთ“.

მანვე უარყო მოარული ხმები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ამ სეზონის შემდეგ, უებერი „რედ ბულ რეისინგთან“ კონტრაქტს აღარ გააგრძელებს და კარიერას დაასრულებს: „ის ფოლადივით მაგარია და ფსიქოლოგიურადაც კარგადაა მომზადებული. რატომ უნდა წავიდეს? თუ ჩვენთან არ დარჩება, მაშინ კონტრაქტს სხვა შესთავაზებს. ის ტოპ მრბოლია და ისეთივე დონეზეა, რომელზეც ფეტელი. ეს ორი განსაკუთრებული ადამიანია, რაც მათს ხასიათზეც ითქმის“.

ეკლსტოუნი შიშობს, რომ ბაჰრეინის დიდი პრიზის გაუქმება მოუწევს

Ecclestone Fears He Might Call Off the 2011 Bahrain GP

16 თებერვალი

არაბული სამყაროს კრიზისი, ისეთ განვითარებულსა და ერთი შეხედვით უზრუნველ სახელმწიფოსაც კი შეეხო, როგორიც ბაჰრეინია. იქ დაწყებულმა არეულობამ კი ფორმულა 1-ის კომერციულ უფლებათა გამგებელი ბერნი ეკლსტოუნიც კი შეაშფოთა. უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ ბაჰრეინის დიდი პრიზის ჩატარების საკითხი ჯერაც გაურკვეველია.

„დეილი ტელეგრაფის“ კითხვაზე, რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ბაჰრეინში მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები გაგრძელდება, ბერნიმ დაბნეულმა უპასუხა: „წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთოთ. ამ ეტაპზე, რაიმე გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებთ. ჯერჯერობით, მოვლენებს დავაკვირდებით და დრო გვიჩვენებს, როგორ უნდა მოვიქცეთ“.

ბერნიმ განაცხადა, რომ მან ბაჰრეინის პრინც სალმან იბნ ჰამად იბნ ისა ალ ხალიფასთან დაკავშირება სცადა, რათა შექმნილი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია პირადად მისგან მიეღო, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია.

„ის ახლა ძალიან დაკავებულია. ეს არ მიკვირს, მაგრამ მთავარია, რომ წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება. საფრთხე აშკარაა. ამაში დამერწმუნებით. თუ ამ ხალხს რამის შეცვლა უნდა, ეს შეიძლება სავალალოდ დასრულდეს. ასე არ არის? ეს ჩვენს რბოლას დიდ პრობლემას შეუქმნის და ამას მსოფლიო გამოხმაურება მოჰყვება. მოკლედ, მოგვიანებით პრინცს დავუკავშირდები. მოვლენებს ვაკვირდებით და ახლავე შემიძლია განვაცხადო, რომ მის მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ“, - ამბობს ეკლსტოუნი.

ცნობისათვის, ფორმულა ერთის სეზონის გახსნამდე, სახირის ტრასამ გრანპრი2-ის აზიური ჩემპიონატის ეტაპს უნდა უმასპინძლოს...

Monday, February 14, 2011

ალონსო - ახალი ფრთა გასწრებას არ გააადვილებს

New Wing Will Not Boost Overtaking - Alonso

14 თებერვალი

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო თვლის, რომ რეგლამენტით რეგულირებადი უკანა ანტიფრთის დაშვება, რბოლების დროს გასწრების რაოდენობის გაზრდაზე მაინც არ იმოქმედებს. ამასთან, „ფერარის“ პილოტი თვლის, რომ ფორმულა 1 სპორტი კი არა, სრულფასოვანი ბიზნესია.

უკვე დიდი ხანია, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) ცდილობს, რომ რბოლებისას გასწრებათა რიცხვი გაიზარდოს და ამგვარად, რბოლების სანახაობრივი მხარე გაუმჯობესდეს. უკანა რეგულირებადი ანტი ფრთის გამოყენების დაშვება კი სწორედ ამ მიზნისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება.

მაგრამ მალევე, FIA-მ ამ ფრთების გამოყენებისთვის, სპეციალური, 600-მეტრიანი ზონების შემოღებაც გადაწყვიტა, რომლებიც ტრასის ყველაზე გრძელ სწორ მონაკვეთებზე მოიზომება. ამასთან, ფრთის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დასაშვები, თუ გამსწრები პილოტი გასასწრებს წამზე ნაკლებით ჩამორჩება.

„თუ შენს წინ მიმავალი მანქანა შენზე მხოლოდ წამის მეათედით ნელია, მაშინ რეგულირებადი ფრთა საკმარისი არ იქნება იმისათვის, რომ გასწრება შეძლო. ასეთი ფრთა მხოლოდ მაშინ დაგვეხმარება, თუ სიჩქარეებს შორის განსხვავება უფრო დიდი იქნება - წრეზე წამი, ან მეტი. მაგრამ ამავე ფრთის მეშვეობით, წინ მიმავალ მანქანასაც შეუძლია სიჩქარის გაზრდა და მაშინ, უფრო სწრაფ მანქანასაც გაუჭირდება მისი გასწრება. რა ტქმა უნდა, გაძნელდება იმ მანქანებს შორის გასწრებები, რომლებსაც დაახლოებით ერთი სიჩქარე აქვთ“, - იტალიურ გაზეთ „გაძეტა დელო სპორტთან“ საუბრისას ამბობს ალონსო (ფოტოზე, ვალენსიაში ტესტების დროს).

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, 600-მეტრიანი ზონების შემოღება, FIA-მ ფორმულა 1-ის გუნდების ასოციაციასთან შეთანხმებით შემოიღო და ამ შემთხვევაში, მისი მიზანი ის იყო, რომ გასწრება მეტისმეტად არ გაადვილებულიყო...

Sunday, February 13, 2011

ხერესის ბოლო ტესტებზე უსწრაფესი ბარიკელო იყო

Barrichello puts Williams on top in testing

13 თებერვალი

ხერესის ტესტებიც დასრულდა, რომელტა მესამე დღესაც, ყველაზე სწრაფი „უილიამსის“ ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო იყო. რუბინიომ ხერეს დელა ფრონტერაზე 103 წრის გავლა მოასწრო, რომელთაგან საუკეთესო წუთსა და 19.832 წამში გაიარა.

„შესანიშნავი დღე გვქონდა. 100-ზე მეტი წრის გავლაში, ხელი არაფერს შეუშლია. შუადღეზე ჰიდრავლიკურ სისტემაში სითხემ ოდნავ გაჟონა, თუმცა მტავარი ისაა, რომ სერიოზული პრობლემები არ შეგვქმნია. საერთოდაც, აქამდე ჩატარებული ტესტების დროს, სერიოზული სირთულეები არ გვქონია. მთლიანობაში მანქანა კარგად მუშაობს, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს“, - განაცხადა „უილიამსის“ ტექნიკურმა დირექტორმა სემ მაიკლმა.

მეორე უსწრაფესი „ზაუბერის“ იაპონელი კამუი კობაიაში იყო, მესამე შედეგი კი 115 წრის გავლის შემდეგ, „ფერარის“ ესპანელმა ფერნანდო ალონსომ აჩვენა. „ლოტუს რენოს“ ბოლიდით ტრასაზე პირველად გამოვიდა ბრაზილიელი ბრუნო სენა, რომელმაც მეხუთე შედეგით ისახელა თავი. საინტერესოა, რომ წინა დღით საუკეთესო შედეგი გერმანელმა ნიკ ჰაიდფელდმა დააფიქსირა, რომელმაც ამ გუნდში შეიძლება ტრავმირებული პოლონელი რობერტ კუბიცა შეცვალოს.

„ჩემი შედეგებით კმაყოფილი ვარ. ეს ჩემთვის ჯერ მხოლოდ მანქანასთან გაცნობა იყო. აქამდე რეგულირებადი ფრთით და სისტემა კერს-ით არასდროს მისარგებლია. ასე რომ, ახლა ამ სიახლეებთან ადაპტირება მიწევს. ამ ორი სისტემის გამოყენება არც ისე ადვილია - ისინი მანქანის ბალანსს ძლიერ ცვლიან, მაგრამ ამაზე შეჩვევა პრობლემა არ იქნება“, - ამბობს ლეგენდარული აირტონ სენას დისშვილი.

სამაგიეროდ, წარუმატებელი დღე ჰქონდა „მაკლარენს“, რომლის ბრიტანელმა პილოტმა ჯენსონ ბატონმაც მანქანის კარგი ბალანსის შერჩევა ვერ მოახერხა. შემდეგ კი მანქანას რაღაც დაუზიანდა (გუნდს არ დაუკონკრეტებია, რა) და ტესტებიც შეწყვიტა.

ჰივონენმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

Hirvonen holds off Ostberg to win in Sweden

13 თებერვალი

მიკო ჰირვონენი და მისი თანა-პილოტი იარმო ლეჰტინენი გამარჯვებას ზეიმობენ

..............................

ფინელი მიკო ჰირვონენის გამარჯვებით დაიწყო რალის მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის პირველ ეტაპსაც შვედეთის თოვლიანმა გზებმა უმასპინძლა. ჰირვონენთან ერთად, ახალი სეზონი ტრიუმფით დაიწყო „ფორდმა“ რომლის „ფიესტათი“ მოასპარეზე სამმა ეკიპაჟმაც კვარცხლბეკის სამივე საფეხური დაიკავა. ჰირვონენმა დაძაბულ პაექრობაში აჯობა ნორვეგიელ მადს ოსტბერგს, რომელიც გამარჯვებულს სულ რაღაც 6.5 წამით ჩამორჩა.

„ბოლო სპეცმონაკვეთის წინ ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა. სეზონი შესანიშნავად დავიწყეთ - ახალი მანქანით, პირველსავე ეტაპზე შევძელით გამარჯვება. ეს მანქანა მართლა ძალიან სწრაფია და ოპტიმიზმის რეალურ საფუძველს მაძლევს“, - განაცხადა ჰირვონენმა, რომელმაც კარლსტადის რბოლა ზედიზედ მეორედ მოიგო. ფინელი პილოტისთვის, ეს მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული მე-13 გამარჯვებაა.

რაც შეეხება ოსტბერგს, ის კვარცხლბეკზე პირველად ავიდა, მესამე ადგილი კი ჰირვონენის თანამემამულემ და თანაგუნდელმა, იარი-მატი ლატვალამ დაიკავა. მხოლოდ ამის შემდეგ არიან „სიტროენის“ ეკიპაჟები, რომელთა შორისაც ყველაზე სწრაფი ფრანგი სებასტიან ოჟიე გამოდგა. ამან პირველივე სუპერ სპეცმონაკვეთი მოიგო, თუმცა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. თუმცა, სუპერ სპეცმონაკვეთის მოგებისთვის, სამი ქულა მაინც მოიპოვა.

სხვათა შორის, ბოლოსწინა სპეცმონაკვეთზე, ოჟიე თოვლის გროვას შეეჯახა, რამაც მისი მანქანის საჰაერო ფილტრი თოვლით გაჭედა. ამან ოჟიეს დრო დააკარგვინა, რის გამოც, მან მეხუთეზე გადაინაცვლა. თუმცა ფორტუნამ „თავისი“ მეოთხე ადგილი მაინც დააბრუნებინა. საქმე ისაა, რომ პარასკევს, სპეცმონაკვეთებს შორის მოძრაობისას, სიჩქარის გადაჭარბების გამო, პოლიციამ ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი დააჯარიმა. მაგრამ მართვის ლიცენზია მხოლოდ ორი დღის შემდეგ შეუჩერეს. ამიტომ, ბოლო სპეცმონაკვეთზე საჭეს მისი თანა-პილოტი (ნავიგატორი) კრის პატერსონი მიუჯდა, რომელმაც მეოთხე ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო. ნაფინიშევს პატერსონმა აღიარა, რომ სარბოლი ავტომობილის საჭეს რბოლაში პირველად მიუჯდა და გასაკვირი არაა, რომ ბევრი დრო დაკარგა.

რბოლა მხოლოდ მეექვსე ადგილზე დაასრულა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ლოებმა, რომელმაც სუპერ სპეცმონაკვეთზე მეორე შედეგი აჩვენა და ამით ორი ბონუს ქულა დაიმსახურა, თუმცა ამის შემდეგ, რამდენჯერმე ბორბალი დაუზიანა, რამაც ბევრი დრო დააკარგვინა. მერვე ადგილს დასჯერდა ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი.

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპი 3-6 მარტს, მექსიკაში ჩატარდება.

შვედეთის რალის შედეგები

1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდ აბუ დაბი WRT) 3:23:56.600

2. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, M-სპორტ ფორდი) +00:06.500

3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდ აბუ დაბი) 00:34.000

4. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენ ტოტალ WRT) 00:47.700

5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენ სოლბერგ ტიმ) 01:31.200

6. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენ ტოტალ WRT) 02:30.300

7. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, ფორდ ანდერსონი) 06:22.000

8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენ აის1 რეისინგ) 07:02.300

9. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, M-სპორტ ფორდი) 10:11.500

10. ხალიდ ალ ყასიმი (ემირატები, ფორდ ტიმ აბუ დაბი) 10:31.100

პილოტთა კლასიფიკაცია

1. მიკო ჰირვონენი - 25 ქულა; 2. მადს ოსტბერგი - 18; 3. იარი-მატი ლატვალა - 16; 4. სებასტიან ოჟიე - 15; 5. პეტერ სოლბერგი - 10; 6. სებასტიან ლოები - 10; 7. პერ-გუნარ ანდერსონი - 6; 8. კიმი რაიკონენი - 4; 9. მეტიუ უილსონი - 2; 10. ხალიდ ალ ყასიმი - 1

კონსტრუქტორთა პირველობა

1. ფორდ აბუ დაბი WRT - 40 ქულა; 2. სიტროენ ტოტალ WRT - 22; 3. M-სპორტ შტობარტ ფორდ WRT - 18; 4. აის1 რეისინგი - 8; 5. ფორდ ტიმ აბუ დაბი - 6; 6. ფერმ პაუერტულზ WRT - 4; 7. მონსტერ WRT - 2

Friday, February 11, 2011

„ფერარის“ ახალი მანქანის სახელი შეაცვლევინეს

Ferrari Changes 2011 Car Name Into F150th Italia

10 თებერვალი

„ფერარის“ ახალი სარბოლი მანქანის პეზენტაციის შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ „ფორდი“ მისთვის სახელის შეცვლას მოითხოვდა. და ამერიკულმა კომპანიამ რეაქცია არ დააყოვნა - იტალიურ გუნდს სასამართლოთი დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ მისი ყველაზე წარმატებული ბრენდის - F-150-ის გამოყენებაზე უარს არ იტყოდა.

საქმე ისაა, რომ ამ ინიციალით, ცისფერი ოვალი ამერიკაში ყველაზე პოპულარულ ავტომობილს - პიკაპ F-150-ს აწარმოებს. მარანელოელებს კი, თავიანთი ბოლიდისთვის ამ სახელის დარქმევით, იტალიის გაერთიანების 150 წლის იუბილეს აღნიშვნა სურდათ. მართალია, „ფერარის“ ყოველივეს თაობაზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გამოუქვეყნებია, მაგრამ კომპანიიდან გამოსული ინფორმაცია გვატყობინებს, რომ მანქანისთვის სახელის შეცვლა უკვე გადაწყვეტილია.

სანამ ეს მოხდებოდეს, გუნდმა ხერესის ვარჯიშებზე უკვე გამოიყვანა სახელშეცვლილი ბოლიდი, რომელიც უკვე „ფერარი F150th იტალიად“ მოიხსენიება. უფრო მეტიც, ვალენსიას ბოლო ტესტის ერთ-ერთ რეპორტაჟშივე, წითელი ბოლიდი სწორედ ამ სახელით მოიხსენიებოდა.

სხვათა შორის, „ფორდი“ თავისი სარჩელით, რომელიც დეტროიტის ფედერალურ სასამართლოში უკვე შეტანილია, ასევე მოითხოვს, რომ იტალიურმა კომპანიამ სახელი შეუცვალოს მანქანისადმი მიძღვნილ ინტერნეტ საიტს, რომლის მისამართიცაა ferrari150.com. უნდა ითქვას, რომ ეს საიტი უკვე ინტერნეტის 149 ქვეყნის მომხმარებლებს მოუნახულებიათ და ამ ფაქტის აღნიშვნისას, „ფერარიმ“ თავისი ბოლიდი „ფერარი F150th იტალიად“ მოიხსენია. საიტზე უკვე შეცვლილია ის რეპორტაჟიც, რომელშიც მარანელოელები ახალი სარბლი მანქანის პრეზენტაციას აღწერენ.

ყოველივეს მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია, დაკმაყოფილდა თუ არა ყოველივეთი ამერიკული კომპანია, რომელიც ერთ დროს, ფორმულა 1-ში თავადაც მონაწილეობდა.

კუბიცას პირველი ინტერვიუ ავარიის შემდეგ

Kubica Gives First Interview After Crash

11 თებერვალი

რობერტ კუბიცას მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება და ინტენსიური თერაპიის პალატის დატოვების შემდეგ, მან პირველი ინტერვიუც მისცა. პოლონელ პილოტთან გასაუბრების პატივი, „გაძეტა დელო სპორტის“ ჟურნალისტ პინო ალიევის ერგო. ინტერვიუს დროს, კუბიცამ იმედი გამოთქვა, რომ ფორმულა 1-ს წლევანდელი სეზონის დასრულებამდე დაუბრუნდება და თუნდაც ერთ რბოლაში მაინც მიიღებს მონაწილეობას.

„მომხდარის შესახებ, არაფერი მახსოვს. მაგრამ ასეთი შემთხვევები ადამიანს უფრო აწრთობს. მინდა, მომხდარის გამო, დედაჩემს მოვუბოდიშო. ახლა ყველაფერი გაცილებით უკეთაა - თითებს და მკლავს ვამოძრავებ. მაგრამ ეს ჯერაც არაფერს ნიშნავს. როცა რეაბილიტაციის კურსს დავასრულებ, მერე შევძლებ იმის თქმას, თუ რა იქნება მომავალში. როგორც პილოტი, დაბრუნების შემდეგ უფრო ძლიერი ვიქნები. ძალიან მინდა, ამ სეზონშივე დავბრუნდე“, - ამბობს პოლონელი პილოტი.

გუშინ კუბიცას მეორე, ოთხსაათიანი ოპერაცია გაუკეთეს, რისი მიზანიც, იდაყვის და ფეხის სტაბილიზაცია იყო. უფრო მეტიც, როგორც ამბობენ, მას კიდევ ორი ოპერაციის გადატანა მოუწევს, რომელთა მიზანიც, ავარიის შედეგების გამოსწორება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს, „ლოტუს რენოს“ პილოტი მშვიდადაა და ოპტიმისტურადაა განწყობილი. არადა, პირველი ოპერაციის შემდეგ ის შიშობდა, რომ პარალიზებული იყო და ვერასდროს დაუბრუნდებოდა ნორმალურ ცხოვრებას.

„მარჯვენა მკლავი ახლა უკეთ მაქვს, ვიდრე შვიდი წლის წინ, სიმთვრალეში მომხდარი ავარიის შემდეგ. მისი სრული ქმედუნარიანობის აღსადგენად, ბევრი მუშაობა მომიწევს, მაგრამ ამის შიში არ მაქვს. ფ1-სთვის, უფრო მეტსაც შევძლებ. რამდენად გამომივა დაბრუნება, ამას მოგვიანებით ვნახავთ. ძალიან მესიამოვნა, როცა ჩემს სანახავად მოსული ბრიატორე დავინახე. ის განსაკუთრებული პიროვნებაა. შემდეგ ალონსო, ლოპესი, პეტროვი, ალეზი და ლიუცი მოვიდნენ. ძალიან გამიხარდა. ტრასაზე ამ ხალხის რეალურ სახეს ალბათ ვერასდროს დავინახავდი“, - ყვება ყველასადმი მადლიერი კუბიცა, რომელსაც ხერესის ავტოდრომის პადოკიდან, მხარდაჭერა ფ1-ის სხვა პილოტებმაც გამოუცხადეს.

Tuesday, February 8, 2011

„ფორს ინდია“ მეხუთე ადგილს უმიზნებს

Force India targets fifth with new car

8 თებერვალი

კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც თავისი ახალი მანქანა ხერესის ტესტების წინ გამოამზეურა, „ფორს ინდიაა“, რომელიც იმედოვნებს, რომ ახალ სეზონში, მის პილოტებს ხშირად ვიხილავთ კვარცხლბეკზე, გუნდი კი ჩემპიონატს მეხუთე ადგილზე დაასრულებს.

VJM04 - ასე ჰქვია ინდური გუნდის ახალ მანქანას, რომლის პრეზენტაციაც ინტერნეტით, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. პრეზენტაციის დროს, „ფორს ინდიას“ მთავარმა აღმასრულებელმა ოტმარ შაფნაუერმა განაცხადა, რომ მის გუნდს, ახალ სეზონში ამბიციური მიზნები ექნება.

„გასულ სეზონში, ჩვენ მეშვიდე ადგილი დავიკავეთ, სეზონის მსვლელობისას კი ხშირად ვიყავით მეექვსეზე. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ შედეგების გაუმჯობესებას და გამონაკლისი არც ახალი სეზონი იქნება, რომლის უფრო მაღალ საფეხურზე დასრულების იმედიც გვაქვს. უფრო კონკრეტულად კი, ჩვენი მიზანი მეხუთე ადგილია და მას რომ მივაღწიოთ, დასაწყისიდანვე უნდა შევუდგეთ ქულების დაგროვებას. ამისათვის კი მუდმივი განვითარებაა საჭირო. და თუ ყველაფერი კარგად იქნა, კვარცხლბეკზე ჩვენი პილოტების ასვლასაც არ გამოვრიცხავთ“, - ამბობს შაფნაუერი.

მეხუთე ადგილი მიღწევად მიზნად მიაჩნია გუნდის გერმანელ პილოტ ადრიან სუტილს, რომელიც ინდურ გუნდში მეხუთე სეზონს გაატარებს. ის დარწმუნებულია, რომ სეზონის დასაწყისში, ქულებისთვის ბრძოლას შეძლებს და ამბობს, რომ მთავარია, გუნდმა განვითარება გააგრძელოს და ტემპი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს.

ახალი სეზონისთვის უკეთე მოსამზადებლად, „ფორს ინდიამ“ აეროდინამიკოსების პერსონალი გაზარდა. თუმცა, ორი გამოცდილი სპეციალისტიც (ჯეიმს კეი და მარკ სმიტი) დაკარგა, რომლებიც სხვა გუნდებმა გადაიბირეს.

ახალ სეზონში, სუტილს თანაგუნდელად ბრიტანელი პოლ დი რესტა ეყოლება, ვისთვისაც ეს სადებიუტო სეზონი იქნება. მაგრამ რამდენადაც, დი რესტა ევროპულ ფორმულა 3-სა გერმანულ ტურიზმის კლასში (DTM) უკვე იყო ჩემპიონი, მისგან მაინც ყველა კარგ შედეგებს ელის...

VJM04-ს არ აქვს სხვებივით მკვეთრად მაღლა აწეული ცხვირი, თუმცა ზოგიერთი თავისებურებით მაინც გამოირჩევა. ყველაზე მეტად, ეს უსაფრთხოების რკალს ეხება, რომელმაც ვერტიკალური სიბრტყის ფორმა მიიღო და ძრავის ჰაერის ამღებს შუაზე ჰყოფს. ეს ელემენტი ცენტრალური სტაბილიზატორის მოვალეობას ასრულებს და გუნდის ტექნიკურ დირექტორ ენდი გრინის თქმით, ჰაერის მოწესრიგებული ნაკადის შექმნას უწყობს ხელს. გრინი დასძენს, რომ „ფორს ინდიამ“ კიდევ არაერთი სიახლე დანერგა, რომლებსაც მანქანის კორპუსი ფარავს.

დაკიდევ: ახალი მანქანა ისევ „მერსედესის“ ძრავითაა აღჭურვილი, რომელთანაც „მაკლარენის“ წარმოების 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფია შეწყვილებული. ამასთან, ინდური გუნდი სამქიმიანებისავე წარმოების სისტემა კერს-ს გამოიყენებს.

„ისპანიაც“ მზადაა, მაგრამ ხერესში არ იქნება

HRT reveals first image of new car

8 თებერვალი

გასული სეზონის გამოკვეთილმა აუტსაიდერმა „ისპანია რეისინგმა“ თავისი ახალი სარბოლი მანქანის, F111-ის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა და გამოაცხადა, რომ ახალ სეზონში, მისი მთავარი მიზანი, პროგრესისთვის რეალური საფუძვლის შექმნა იქნება. ფოტოზე, ახალი მანქანა გუნდისთვის ახალი გაფორმებით წარსდგა, რომლითაც მისი პილოტები ახალ სეზონში იასპარეზებენ.

„ისპანია რეისინგის“ შეფმა კოლინ კოლესმა განაცხადა, რომ ამ სეზონშიც მისი მიზანი, აუტსაიდერთა რიგებიდან თავის დაღწევა იქნება. ამისათვის, ტექნიკურმა დირექტორმა ჯეფ უილისმა და მთავარმა დიზაინერმა პოლ უაითმა თავი არ დაზოგეს და ისინი ირწმუნებიან, რომ განვითარების პოტენციალის მქონე ავტომობილი შექმნეს.

ახალი მანქანის გასაფორმებლად, კოლესმა გუნდში მანქანების გაფორმების ექსპერტი დანიელ საიმონი მიიწვია, რომელმაც „ისპანია რეისინგის“ ახალი კორპორატიული სახე შექმნა. ავტომობილის ძჲრითადი ფერი თეთრია, რომელზეც ორგანულადაა შერწყმული საფინიშო დროშის კუბიკები. ამგვარად, ავტომობილი ტრასაზე უფრო ცნობადი გახდება. მთავარია, მან ტელეოპერატორების ყურადღება კარგი შედეგებით მიიქციოს ხოლმე.

„F111 ჩვენი გუნდის მიერ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვფიქრობ, წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით. ფორმულა 1-ში ჩვენი მეორე სეზონის წინ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, რისი დასტურიც ეს მანქანაა. ამგვარად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ფ1-ში გამოსვლების გაგრძელებას ვაპირებთ“, - განაცხადა კოლესმა.

„ისპანია რეისინგის“ პრეზიდენტმა ხოსე რამონ კარაბანტემ განაცხადა, რომ ეს მანქანა მხოლოდ საბაზისო ვარიანტია, რომელიც სეზონის განმავლობაში დაიხვეწება და გუნდს პელოტონის ბოლოდან თავის დაღწევის საშუალებას მისცემს. თუმცა, ისიც აღიარა, რომ ეს ადვილი არ იქნება.

სხვათა შორის, ავტომობილს ჯერ სავალდებულო ქრეშ ტესტი არ გაუვლია, რის გარეშეც, ტესტებზე არ დაიშვება. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ „ისპანია რეისინგი“ ხერესის ტესტებზე ახალი მანქანის გამოყვანას ვერ შეძლებს.

დაკიდევ, გუნდს ჯერჯერობით ერთადერთი სპონსორი ჰყავს ინდურ საავტომობილო მწარმოებელ „ტატა მოტორსის“ სახით. თანაც, ის ინდოელ პილოტ ნარაინ კართიკეიანს უჭერს მხარს, რისთვისაც ესპანურ გუნდს ბიუჯეტს 8 მილიონი დოლარით შეუვსებს. რაც შეეხება დანარჩენ სპონსორებს, გუნდს ჯერ სხვა არავინ ჰყავს, სპონსორებისთვის განკუთვნილ ადგილზე კი საიმონმა მოხდენილად მიაწერა: აქ შეიძლება იყოთ თქვენ...

Monday, February 7, 2011

„ვირჯინ MVR-02“ - დაბალი ცხვირით და ქულების იმედით

Marussia Virgin Reveals New MVR-02 Car

7 თებერვალი

ინგისურმა გუნდმა „ვირჯინმა“, რომელსაც ახალი სეზონიდან პარტნიორობას რუსული კომპანია „მარუსია მოტორსი“ უწევს, თავისი ახალი სარბოლი მანქანის, MVR-02-ის პრეზენტაცია ლონდონში, ბიბისის სატელევიზიო ცენტრში მოაწყო. პრეზენტაციამდე, გუნდმა ვალენსიაში საშუალედო მანქანით ივარჯიშა.

მანქანის აბრევიატურაში ასო M-ის გამოჩენა იმის ნიანია, რომ გუნდის მმართველობაში რუსული კომპანიის წარმომადგენლები შევიდნენ. ამიერიდან საჯინიბო ოფიციალურად „ვირჯინ-მარუსიად“ მოიხსენიება. ახალი თანამფლობელის მოსვლამ კი, სახელის ცვლილებასთან ერთად, მანქანის შეფერილობის შეცვლაც მოიტანა.

რამდენად დადებითად აისახება ყოველივე მისი პილოტების - გამოცდილ გერმანელ ტიმო გლოკისა და ბელგიელ ახალწვეულ ჟერომ დ’ამბროზიოს შედეგებზე, ეს ძნელი სათქმელია. სიტყვიერად კი მის ახალ შეფს, რუს შოუმენსა და ბიზნესმენ ნიკოალი ფომენკოს იმედი აქვს, რომ მისი საჯინიბო ახალ სეზონში, საშუალო გუნდებთან ბრძოლას შეძლებს.

ამის იმედს იძლევა მანქანის შემქმნელი, ცნობილი კონსტრუქტორი ნიკ უირტი, რომელმაც „ვირჯინის“ პირველი ბოლიდის მსგავსად, მეორე მანქანაც მთლიანად კომპიუტერით დააპროექტა. რა შეუძლია ახალ მანქანას, ამას ზერელედ ხერესის ტესტებისას შევიტყობთ, უფრო კარგად კი მის შესასძლებლობებზე წარმოდგება ჩემპიონატის პირველი ეტაპის - ბაჰრეინის დიდი პრიზის შემდეგ შეგვექმნება.

კუბიცას მდგომარეობა „სტაბილური, თუმცა სერიოზულია“

Kubica's condition is 'stable but serious'

7 თებერვალი

იტალიაში, რალი ანდორას ტურის პირველივე სპეცმონაკვეთზე ავარიაში მოყოლილ პოლონელ რობერტ კუბიცას კვირასვე, ოპერაცია გაუკეთდა, რის შემდეგაც, ექიმებმა ის ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს, რათა გამოჯანმრთელების პროცესმა გართულების გარეშე დაიწყოს.

ჩრდილო-დასავლეთ იტალიის ქალაქ პიეტრა ლიგურეს ჰოსპიტალ სანტა კორონაში ოპერაცია 7 საათს გრძელდებოდა. ექიმების მიზანს, მარჯვენა ხელის ქმედითუნარიანობის შენარჩუნება წარმოადგენს. ისინი პილოტის მდგომარეობას აფასებენ, როგორც „სტაბილურს, თუმცა სერიოზულს“.

პროფესორი მარიო იგორ როსელო, ვინც კუბიცას ხელზე ოპერაციას ხემძღვანელობდა, ამბობს, რომ კმაყოფილია ტრავმირებულის ხელის მდგომარეობით და ოპერაციის შედეგით, თუმცა დასძენს, რომ ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, რამდენად სრულად აღუდგება კუბიცას ხელის ქმედითუნარიანობა.

„ძალიან ძნელი, თუმცა აუცილებელი ოპერაცია ჩავატარეთ. რობერტ კუბიცას მარჯვენა მკლავზე ორი ღრმა ჭრილობა აქვს. სერიოზულადაა დაზიანებული ძვლები და მყესები. ოპერაციის დროს ყველაფერი ვიღონეთ, რომ მისი მკლავის ქმედითუნარიანობა სრულად აღგვედგინა. ოპერაციაში მონაწილეობა შვიდმა ექიმმა მიიღო, რომლებიც ორ ჯგუფად გავიყავით და საერთო ჯამში, ოპერაციას შვიდი საათი მოვუნდით“, - ყვება პროფესორი და დასძენს, რომ ოპერატორთა პირველ, საგანგებო ჯგუფში, სავონას სან პაოლოს ჰოსპიტალის ქირურგები შევიდნენ, რომლებსაც ტრავმირებული ადგილების პირველადი დამუშავება დაევალათ. ოპერაციის მეორე ნაწილი კი ჰოსპიტალ სანტა კორონას ორთოპედიული დეპარტამენტის სპეციალისტებმა ჩაატარეს.

პროფესორი როსელო ამბობს, რომ რაც მთავარია, ოპერაციის შემდეგ, კუბიცას ხელი თბილი იყო და ის გამაღიზიანებელ ფაქტორებზე რეაგირებდა. ეს კი ნიშნავს, რომ სისხლძარღვთა მუშაობა აღსდგა, ნერვული დაბოლოებები კი თავიანთ ფუნქციას ასრულებენ.

მაგრამ ექიმები ვარაუდობენ, რომ დაზიანებული ხელის რეაბილიტაციას ხანგრძლივი პროცედურები დასჭირდება და შესაძლოა, პოლონელ პილოტს მთელი სეზონის გამოტოვება მოუხდეს. პროფესორი როსელო ამბობს, რომ მინიმუმ ერთი კვირა იქნება საჭირო იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს კუბიცას ხელის შემდგომ ბედზე ლაპარაკი. თუმცა მთავარი ისაა, რომ ოპერაციამ ამ ეტაპზე, მისი ამპუტირების საჭიროება გამორიცხა.

P.S. სანტა კორონას ჰოსპიტალის ტრავმული ცენტრის დირექტორის, დოქტორ ჯორჯო ბარაბინოს თქმით, კუბიცა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კიდევ ერთ დღე-ღამეს გაატარებს, შემდეგ კი განმეორებითი ოპერაცია დასჭირდება. ბარაბინო დასძენს, რომ დაშავებულს ბევრი სისხლი აქვს დაკარგული, თუმცა, სისხლის მიმოქცევა სრულად აღდგა და ფილტვებიც ავტონომიურად მუშაობს. არადა, ჰოსპიტალში მიყვანის მომენტიდან, სტაბილიზაციის პირველი ფაზა ხანგრძლივი და რთული იყო.

Sunday, February 6, 2011

კუბიცა ჰოსპიტალში მოხვდა

Robert Kubica Taken to Hospital After Serious Rally Crash

6 თებერვალი

სეზონის დაწყებამდე თვეზე ცოტა მეტი დარჩა, „ლოტუს რენოს“ კი უკვე სერიოზული პრობლემა შეექმნა - იტალიის ჩრდილო-დასავლეთში, რალი ანდორას (ეს ქალაქი-სახელმწიფო ანდორა არაა) ტურზე ასპარეზობისას, სერიოზული ინციდენტი შეემთხვა ფრანგულ-ინგლისური გუნდის პოლონელ პილოტ რობერტ კუბიცას, რომელიც ვერტმფრენით ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ჰოსპიტლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია გვატყობინებს, რომ პოლონელ პილოტს მარჯვენა მკლავის მრავალჯერადი მოტეხილობა აქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ახალი სეზონის დასაწყისის რამდენიმე ეტაპის გამოტოვება მოუწევს.

კუბიცა სუპერ 2000-ის ეტაპზე მონაწილეობდა. რბოლის პირველივე სპეცმონაკვეთზე, იტალიის სოფელ ტესტიკოს მახლობლად, სტარტიდან მხოლოდ 4.5 კილომეტრი ჰქონდა გავლილი, რომ მან თავის „შკოდა ფაბიაზე“ მართვა დაკარგა და გზისპირა მეტალის ზღუდეს შეეჯახა. ავარიამ იმდენად სერიოზულად დააზიანა მანქანა, რომ იქიდან პილოტის გამოყვანა მხოლოდ ერთი საათის შემდეგ გახდა შესაძლებელი. და ესეც მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ევაკუაციაში სპეციალური სამაშველო სამსახური ჩაება.

მარჯვენა მკლავის გარდა, კუბიცას მარჯვენა ფეხიც დაზიანებული აქვს, თუმცა მთავარი ისაა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უფრო მეტიც, მას არც ევაკუაციამდე და არც სამედიცინო გამოკვლევისას, გონება არ დაუკარგავს. ინციდენტს სერიოზული დაზიანების გარეშე გადაურჩა კუბიცასა ნავიგატორი იაკუბ გერერი. ერთი შეხედვით, პოლონელს ტრავმა მარცხენა მხარეს უნდა მიეღო, მაგრამ მანქანა ზღუდეს იმგვარად დაეჯახა, რომ მისი ძირი, პილოტის მარჯვენა ფეხის მხრიდან დაზიანდა. სწორედ ამის შედეგია ის, რომ კუბიცას მარჯვენა ხელი და ფეხი აქვს დაზიანებული.

მოგვიანებით, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმები ამბობენ, რომ მათი მთავარი ამოცანა, ამ ეტაპზე, ხელის სისხლით ნორმალურად მომარაგების შენარჩუნებაა. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე, ხელის ამპუტაციის საჭიროება გამოირიცხა, თუმცა ექიმები ჯერ ვერ ამბობენ, რამდენად სრულფასოვნად გამოიყენებს ამ ხელს მომავალში პოლონელი პილოტი.

ახლა „ლოტუს რენოს“ გადასაწყვეტი აქვს, თუ ვინ უნდა დასვას პირველ რბოლებზე კუბიცას მონოპოსტზე. თუ პოლონელს სწრაფ გამოჯანმრთელებას უწინასწარმეტყველებენ, მაშინ სავარაუდოდ, მის ადგილს დროებით ბრუნო სენა დაიკავებს. მაგრამ თუ ტრავმის მოშუშების პერიოდი გაიჭიმა, მაშინ გუნდი ალბათ უფრო გამოცდილი პილოტის მიწვევას ამჯოინებს.

Saturday, February 5, 2011

„მაკლარენის“ პილოტებს ახალი მანქანა ოპტიმისტურად განაწყობს

Hamilton eyes title with new McLaren

5 თებერვალი

ჰამილტონი (მარცხნივ) და ბატონი ახალი მანქანით კმაყოფილები არიან

..............................

„მაკლარენის“ ახალმა ბოლიდმა აღფრთოვანებული დატოვა მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი, ბრიტანელი ლუის ჰამილტონი, ვინც იმედოვნებს, რომ MP4-26 მეორე ტიტულისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.

ახალი მანქანა რამდენიმე რადიკალური აეროდინამიკური გადაწყვეტით გამოირჩევა და მას კერს-ის (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) სრულიად ახალი სისტემა აქვს. თუმცა, ჯერ ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად კონკურენტუნარი იქნება ტრასაზე. თუმცა, ჰამილტონი იმედოვნებს, რომ ამ მანქანით უფრო მეტს მიაღწევს, ვიდრე შარშან.

„იმედი მაქვს, ეს მანქანა რეალურადაც ისეთივე კარგი იქნება, როგორც ვიზუალურად ჩანს. ახალი სეზონის წინ კარგად დავისვენე და ისევა კარგად ვარ მომზხადებული, როგორც ფ1-ში ჩემი სადებიუტო სეზონის წინ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კი ჩვენს ინჟინრებთან და დიზაინერებთან ინტენსიური საუბრები მქონდა, რამაც თავდაჯერებულობა შემმატა. მჯერა, რომ ამ მანქანით, კვლავ ჩემპიონობისთვის ბრძოლას შევძლებთ“, - ამბობს ჰამილტონი და დასძენს, რომ ამ სეზონში მისი ერთადერთი მიზანი სწორედ ჩემპიონობა იქნება:

„ეს ფორმულა 1-ში ჩემი მეხუთე სეზონი იქნება. ახლა ჩემი მიზანი ისაა, რომ ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო და ისევე როგორც შარშან, ჩემპიონობისთვის ბოლო რბოლამდე ვიბრძოლო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელი იქნება. ჩემი და ჯენსონის გარდა, ტრასაზე კიდევ სამი ჩემპიონი იქნება. ახლა იმაზე ლაპარაკი შეუძლებელია, თუ ვინ გახდება ჩემპიონი. მჯერა, რომ არაერთი საინტერესო, ძალიან დაძაბული ბრძოლა გველის. დარწმუნებული ვარ, შარშანდელივით, ჩემპიონის ვინაობას ბოლო რბოლა გამოავლენს და იმედია, ეს „მაკლარენის“ პილოტი იქნება“.

ოპტიმისტურადაა განწყობილი ჰამილტონის თანაგუნდელი და თანამემამულე ჯენსონ ბატნიც, ვინც ჩემპიონი 2009 წელს გახდა და იმავე სეზონის შემდეგ, „ბრაუნიდან“ „მაკლარენში“ გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის სრულიად უცხო გარემოში მოხვდა, თანაც ისეთი მანქანის პილოტირება უწევდა, რომელიც მასზე გაცილებით დაბალი ჰამილტონისთვის იყო შექმნილი, მან ტიტულის შესანარჩუნებლად მაინც იბრძოლა და ერთხანს ჩემპიონატის ლიდერიც კი იყო. ახლა კი, როცა მანქანა მისი და მისი თანაგუნდელის პარამეტრების შესაბამისად მომზადდა, ბატონს უფრო მეტის იმედი აქვს:

„მიკვირს, როცა ვაცნობიერებ, რომ ამ გუნდში მხოლოდ ერთი სეზონი მაქვს გატარებული, რადგან მას კარგად შევეწყე და აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც ამ მანქანის საჭეს პირველად მივუჯდები. სიმულატორზე მუშაობისას შემექმნა შთაბეჭდილება, რომ „პირელის“ ახალი საბურავები, ჩემს სარბოლო სტილს შეეფერება. ასე რომ, მათი დახმარებით, გარკვეული უპირატესობის მოპოვებას ვიმედოვნებ. ახალი მანქანის პრეზენტაციით კი, ჩვენთვის ახალი სეზონი უკვე დაიწყო. ახლა მთავარია, რომ პირველმა ტესტებმა ჩვენი ოპტიმიზმი გაამყაროს“.

„მაკლარენი“ რადიატორების U-ფორმის ჰაერის ამღებებს განმარტავს

McLaren explains U-shaped sidepods

5 თებერვალი

შეიძლება ითქვას, რომ ფორმულა 1-ის ახალი სეზონი უკვე დაწყებულია. გუნდების უმეტესობამ, თავიანთი ახალი მანქანები უკვე წარმოადგინა და მათი ტესტირებაც მოასწრო. მათ შორის ყველაზე მეტი აჟიოტაჟი კი, „მაკლარენის“ პრეზენტაციას მოჰყვა, რომლის დროსაც, ყველაზე რადიკალური და აგრესიული აეროდინამიკის მქონე ავტომობილი ვიხილეთ. საყოველთაო განხილვის საგანი კი უცნაური ფორმის მქონე, რადიატორების U-ფორმის ჰაერის ამღებები გახდა.

ჯერ ვერავინ იტყვის, რამდენად მომგებიანია ამ ფორმის კონსტრუქცია. თუმცა ეჭვიც არ უნდა შევიტანოთ იმაში, რომ ძლიერმა გუნდებმა უკვე დაიწყეს ანალოგიური ელემენტის მასშტაბური მოდელების შექმნა, რათა ისინი აეროდინამიკურ მილში შეამოწმონ და დარწმუნდნენ მის ეფექტურობაში. მაგრამ ფაქტია, რომ სეზონის დასაწყისში, მსგავსი ელემენტი მხოლოდ „მაკლარენის“ ბოლიდებზე იქნება. უბრალოდ, ანალოგიური დეტალების დასამზადებლად, დიდი დრო და არსებული მანქანების კონსტრუქციების მნიშვნელოვანი შეცვლა იქნება საჭირო...

„მაკლარენის“ ტექნიკური დირექტორი პადი ლოუ კი თავისი გუნდის სიახლეს შემდეგნაირად განმარტავს: იმის გამო, რომ აიკრძალა ორმაგი დიფუზორის გამოყენება, მანქანის უკანა ნაწილს, გზასთან ჩაჭიდება შეუმცირდა. ამ დანაკარგის ანაზღაურებას კი რადიკალური ზომების მიღება დასჭირდა. საჭირო გახდა უკანა ფრთის დაბლა ზონაში, ჰაერის მოწესრიგებული ნაკადის მიწოდება. ამ ნაკადის შექმნას კი სწორედ რადიატორის კორპუსსა და კოკპიტს შორის შექმნილი ერთგვარი არხი უზრუნველყოფს. ჰაერის აქ წარმოქმნილი ნაკადის მოწესრიგებას ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ მანქანის ბაზა დაგრძელებულია (ეს იმის შედეგია, რომ საჭირო გახდა ბაზაში სისტემა კერს-ის მოთავსება).

სხვათა შორის, ორმაგი დიფუზორის აკრძალვის შემდეგ, თითქმის ყველა გუნდმა, მანქანის უკანა ნაწილი, სადაც უკანა საკიდარის ბერკეტები მდებარეობს, ძლიერ მოაშიშვლა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ მანქანის ამ ნაწილში, ჰაერის რაც შეიძლება ძლიერმა ნაკადმა იმოძრაოს.

„მაკლარენის“ საინჟინრო შტაბის შეფი ტიმ გოსი კი ამბობს, რომ მანქანის უკანა ნაწილის აეროდინამიკის დახვეწის გარდა, გუნდის მიზანს „პირელის“ საბურავებთან შეგუება წარმოადგენს. მისი თქმით, ახალი საბურავი თავის ხარისხს მაქსიმუმ 10 წრის განმავლობაში ინარჩუნებს. ინჟინრების მიზანი კი ისაა, რომ შექმნან ისეთი საკიდარი, რომელიც საბურავის ხარისხის, რაც შეიძლება, დიდი ხნით შენარჩუნების საშუალებას მისცემს.

ამასთან, გოსი გასძენს, რომ უკვე დადგენილია მანქანის ის ადგილები, რომელთა სეზონის მსვლელობისას მოდიფიცირებაც, მანქანას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. თუმცა, ყველაზე მთავარი ამოცანა ისაა, რომ სეზონის დასაწყისში, მანქანა მაქსიმალურად გამძლე და საიმედო იყოს...