„ფერარი F150th იტალია“ - ყველაზე გამძლე მანქანაა
Ferrari F150th Italia - Most Reliable Car in 2011 Testing
24 თებერვალი
ფორმულა 1-ის გუნდებმა წინასასეზონო ჯგუფური ტესტების სამი სერია უკვე ჩაატარეს, რომლებსაც ესპანეთის ვალენსიამ, ხერესმა და ბარსელონამ უმასპინძლეს. მათ სულ 11 დღის განმავლობაში ივარჯიშეს, რაც გარკვეული ანალიზის გაკეთების საშუალებას უკვე იძლევა. ამ ანალიზის შედეგად კი შესაძლებელია იმის თქმა, თუ ვისი მანქანაა ყველაზე გამძლე და კონკურენტუნარიანი და რომელი გუნდები შეძლებენ პირველობისთვის ბრძოლას.
ერთ-ერთი ასეთი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სწორ მონაკვეთებზე, ყველაზე სწრაფი მანქანა „მერსედესისაა“. გერმანულმა გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტმა“ კი ყველაზე გამძლე მანქანის სტატუსი „ფერარის“ ახალ ბოლიდს - „F150th იტალიას“ მიანიჭა.
იტალიური გუნდის ორივე მანქანამ საერთო ჯამში, 5 200 კილომეტრი გაიარა, დაახლოებით 800 კილომეტრით მეტი, ვიდრე ამ მაჩვენებლით უახლოესმა „რედ ბულ რეისინგმა“. სხვათა შორის, ეს ორი გუნდი ჯერჯერობით საუკეთესოდ მომზადებულია და სავარაუდოდ, ჩემპიონატის პირველ რბოლებში, პირველობისთვის სწორედ მათი პილოტები იბრძოლებენ.
გამძლეობის მხრივ, მესამე საუკეთესო „მერსედესია“, რომელმაც სატესტო პროგრამა ტექნიკური პრობლემებით დაიწყო. სამქიმიანებს ავსტრიულ გუნდზე 100 კილომეტრით ნაკლები აქვთ გავლილი. მას კი „ზაუბერი“ და „უილიამსი“ მოჰყვება. მხოლოდ 3 700 კილომეტრია „ლოტუს რენოს“ პილოტების ანგარიშზე. თუმცა, გუნდში ახლახანს მოყვანილი გერმანელი ნიკ ჰაიდფელდი მანქანით ძალიან კმაყოფილია. ყველაზე მეტად, მას გუნდის მიერ შემუვებული კერს-ი (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) მოსწონს.
მხოლოდ მერვე ადგილზეა „მაკლარენი“, რომელსაც „ტორო როსო“ უსწრებს. სხვათა შორის, ბევრი „რედ ბულის“ იტალიური შვილობილისგან ამ სეზონში სიურპრიზებს ელის. რაც შეეხება „მაკლარენს“, გუნდს ბევრი ტექნიკური სიახლე კი აქვს, მაგრამ მისი მანქანა აშკარად ვერაა გამძლე და ბაჰრეინის დიდი პრიზის გაუქმებით (თუ გადადებით) ყველაზე მეტად სწორედ ის იზეირებს.
No comments:
Post a Comment