„ტორო როსო“ სიურპრიზს გვიმზადებს
Toro Rosso to Produce 2011 F1 Surprise?
27 თებერვალი
დღეს ახლა პადოკში ყველა იმაზე ლაპარაკობს, თუ რომელ გუნდებს შორის გაიმართება ბრძოლა ჩემპიონობისთვის. ტიტულის მთავარ პრეტენდენტებად „ფერარი“, „რედ ბული“ და „მაკლარენი“ მიიჩნევიან. ლიდერების დაწევას კი „ლოტუს რენოს“, „მერსედესსა“ და „უილიამსს“ უწინასწარმეტყველებენ. ახალბედები კი იმედოვნებენ, რომ სუსტ ძველ გუნდებთან პაექრობას შეძლებენ. მათგან ყველაზე სუსტად კი ძირითადად „ტორო როსოს“ თვლიან...
ფორმულა 1-ის მოყვარულებს ალბათ ეხსომებათ ამ გუნდის ძველი სახელი - „მინარდი“. როცა ეს სახელი ერქვა, ის მართლაც უიმედო აუტსაიდერი იყო, მაგრამ შემდეგ „რედ ბულმა“ შეიძინა და სამი წლის წინ, სებასტიან ფეტელთან ერთად, იტალიის დიდ პრიზზე, ნამდვილი სენსაცია მოახდინა - წვიმიან რბოლაში ყველა უკან მოიტოვა.
რა თქმა უნდა, ამას მათგან არავინ ელოდა. თუმცა მაინც ყველამ პირველ რიგში ის ფაქტი გაიხსენა, რომ რბოლა წვიმაში ჩატარდა და რაც მთავარია, „ტორო როსო“ „რედ ბულის“ შასის იყენებდა, რომელიც „ფერარის“ ძრავით და ტრანსმისიით იყო აღჭურვილი. მაგრამ უკვე ორი წელია, ფაენცელები საკუთარი შასის თავადვე ქმნიან, ძრავს და ტრანსმისიას ისევ მარანელოდან ღებულობენ.
და აი, შვეიცარულ გამოცემა „ბლიკის“ ინფორმაციით, განვლილმა წინასასეზონო ტესტებმა გამოავლინა, რომ „ტორო როსო STR6-ს“ იმაზე გაცილებით მეტი პოტენციალი გააჩნია, ვიდრე მისგან ელოდნენ. და, როგორც მინიმუმ, გუნდი ძველებს შორის აუტსაიდერი არ უნდა იყოს. კერძოდ, ბარსელონას ტესტების ბოლო დღეს, „ტორო როსოს“ ესპანელი ხაიმე ალგერსუარი ყველაზე სწრაფ ფეტელს 0.2 წამით ჩამორჩა.
„კარგად ვიცი ჩემი მანქანის მდგომარეობა, როდესაც ეს დრო ვაჩვენე. დამიჯერეთ, ძალიან კმაყოფილი ვარ“, - „ბლიკთან“ საუბრისას განაცხადა ალგერსუარიმ, ვინც უარყოფს გავრცელებულ ხმებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ეს შედეგი მან მაშინ დააფიქსირა, როდესაც თავისი გუნდის სპონსორების წინაშე „თავს იწონებდა“. ანუ, ცდილობდა, რომ თავი კარგად წარმოედგინა.
სხვათა შორის, ტესტების დაწყებამდე, „სკუდერია ტორო როსო“ თავის მიზანში ამოღებული ჰყავდათ ფ1-ის შარშანდლ დებიუტანტებს - „ტიმ ლოტუსს“ და „ვირჯი-მარუსიას“. ისინი აცხადებდნენ, რომ პირველი გუნდი, რომელსაც რეალურ მეტოქეობას გაუწევენ, სწორედ „ტორო როსოა“.
No comments:
Post a Comment