McLaren MP4-26 launch
4 თებერვალი
როგორც იქნა, თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი „მაკლარენმაც“ გვიჩვენა და ისე ჩანს, ეს ყველაზე რადიკალური ბოლიდია მათ შორის, რომლებიც ახალ სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ორიგინალური მანქანისთვის, გუნდის ხელმძღვანელობამ ასევე ორიგინალური პრეზენტაცია მოაწყო, მისთვის კი ბერლინის ცენტრი, პოტსდამის მოედანი შეარჩია.მარცხნიდან: ჰამილტონი, უიტმარში და ბატონი
..............................
შეიძლება უცნაურად ჩანს ის, რომ ბრიტანულმა გუნდმა თავისი მანქანის პრეზენტაციისთვის ბერლინი შეარჩია, მაგრამ ეს მისი სპონსორის, სატელეკომუნიკაციო გიგანტ „ვოდაფონის“ მოთხოვნით მოხდა. თავად არდგენის ცერემონია კი ისეთივე ორიგინალური გამოვიდა, როგორიც მანქანაა: „მაკლარენის“ მექანიკსებმა მოედანზე მანქანის შასის პლასტიკური ბუტაფორია მიიტანეს, რომელზეც თანდათან ამაგრებდნენ იმ დეტალებს, რომლებიც პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს მიჰქონდათ. ბოლო ორი დეტალი კი მისთვის გუნდის პილოტებმა - ლუის ჰამილტონმა და ჯენსონ ბატონმა მიიტანეს.
სხვათა შორის, „რედ ბულ რეისინგის“ ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ, ვინც ერთ დროს საჩემპიონო მანქანებს „უილიამსისა“ და „მაკლარენისთვის“ ქმნიდა, თავისი ახალი ქმნილების პრეზენტაციზე გამოთქვა აზრი, რომ ინგლისური გუნდი რამდენიმე რადიკალურ სიახლეს ამზადებდა და პრეზენტაცია დაგვიანებით სწორედ ამის გამო გადადო.გამოცდილ ინჟინერს ალღომ არც ამჯერად უღალატა. სხვა სათქმელია, რისი მომტანია ის რადიკალიზმი, რომლითაც „მაკლარენის“ ახალი მანქანა გამოირჩევა.
„გაფრთხილებთ, ადრე მსგავსი არაფერი გინახავთ და რასაც ნახავთ, ის ყველაფერი არაა, რაც ჩვენ ახალი სეზონისთვის მოვამზადეთ“, - ხუმრობანარევი ტონით განუცხადა დამსწრე საზოგადოებას „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა. რა თქმა უნდა, ის არ გულისხმობდა იმ ბუტაფორიას, რაც მისი გუნდის მექანიკოსებმა მოედანზე აააწყეს. გუნდის საინჟინრო შტაბის დირექტორმა ტიმ გოსმა განაცხადა, რომ დაფარულ სიახლეებს „მაკლარენი“ პირველად ხერესის ტესტებზე გასინჯავს და ზოგიერთი მათგანი ვიზუალურად ხილვადიც იქნება. ერთ-ერთი ასეთი სიახლე კი უცნაური კონსტრუქციის გამოსაბოლქვი სისტემა იქნება.
ფაქტია, რომ პირველ წინასასეზონო ტესტებზე, „მაკლარენის“ პილოტებმა საშუალედო მანქანით ივარჯიშეს. თუმცა, როგორც ორივე აღნიშნავს, ძველ მანქანაზე ახლიდან გადანერგილი ზოგიერთი სიახლე შესანიშნავად მუშაობს. ორივე პილოტი იმედოვნებს, რომ ახალი ბოლიდი მათ ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.
„ვფიქრობ, ეს ის მანქანაა, რომელიც ერთ-ერთ ჩვენგანს ტიტულს მოაპოვებინებს, ორივეს კი კონსტრუქტორთა პირველობაზე გამარჯვების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა ბატონმა, ვინც ამბობს, რომ ახალი მანქანა მასზეა მორგებული. ყოველ შემთხვევაში, ის კოკპიტში თავს კომფორტულად გრძნობს. მან ისიც გიხსენა, რომ წინა სეზონის წინ, „მაკლარენში“ ბოლო მომენტში გადავიდა, რის გამოც, ძველი მანქანა მისთვის მოუხერხებელი იყო. ამჯერად კი ამ მხრივ, პრობლემა არ ექნება.
No comments:
Post a Comment