ფერნანდესი სახელ „ლოტუსში“ 60 მილიონ დოლარს მოითხოვს
Fernandes Demands $60 Million to End Lotus Name Dispute - Proton
17 თებერვალი
„ტიმ ლოტუსის“ მალაიზიელი შეფი ტონი ფერნანდესი თანახმაა, სახელი „ლოტუსი“ მალაიზიურ კომპანია „პროტონს“ დაუთმოს, ოღონდ მისგან სანაცვლოდ, არც მეტი, არც ნაკლები, 60 მილიონ დოლარს მოითხოვს. ამ შემთხვევაში, საჭირო აღარ იქნება ორ მხარეს შორის სასამართლო დავა, რომლის განხილვაც ლონდონის უმაღლეს სასამართლოს 21 მარტს აქვს დანიშნული.
რამდენიმე კვირის წინ, „პროტონმა“ და მის ჯგუფში შემავალმა კომპანია „ლოტუსმა“ ფერნანდესს 10 მილიონი დოლარი შესთავაზეს იმისათვის, რომ მას სახელი „ლოტუსი“ ყოფილი „რენოსთვის“ დაეთმო, რომელმაც სახელი შეიცვალა და ახალი სეზონისთვის „ლოტუს რენო“ დაირქვა. ფერნანდესმა შეთავაზება არ მიიღო და საქმე სასამართლომდე მივიდა.
ახლახანს კი „პროტონმა“ გამოაცხადა, რომ ფერნანდესი, ვისდაც მალაიზიური ავიაგადამყვანი კომპანია „ეარეიჟა“ ეკუთვნის, კვლავ დაუბრუნდა მოლაპარაკების მაგიდას და თავისი პირობები წამოაყენა. მალაიზიური საავტომობილო კომპანიის ცნობით, ავიამაგნატი სახელ „ლოტუსის“ დათმობის სანაცვლოდ, 35-60 მილიონ დოლარს მოითხოვს.
ცნობისათვის, „ტიმ ლოტუსი“ ადრე „1მალაიზიას“ სახელით იყო ცნობილი, ოღონდ მაშინ ის ფ1-ში არ ასპარეზობდა. გუნდი აცხადებს, რომ სახელ „ლოტუსში“ ასეთ დიდ თანხას იმის გამო კი მოითხოვს, რომ ამ სახელს ესოდენ ძვირად აფასებს, არამედ იმიტომ, რომ მისი გაყიდვის შემდეგ, ახალი ბრენდის ჩამოყალიბება და მის იმიჯზე ზრუნვაც მოუწევს, რაც ძალიან ძვირი დაჯდება. ამასთან, გუნდი იმ შემოსავლებს დაკარგავს, რომლებიც სუვენირების გაყიდვით უნდა მიეღო.
No comments:
Post a Comment