ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, August 30, 2009

ერთი რბოლის სამი ტრიუმფატორი

Belgian GP

30 აგვისტო

მარცხნიდან: ფიზიკელა, რაიკონენი და ფეტელი
გამარჯვებულის შამპანურის შხაპი
...................................................................
ნომინალურად, რბოლას ერთი გამარჯვებული უნდა ჰყავდეს. ის, ვინც ფინიშის ხაზს პირველი გადაკვეთს. რა თქმა უნდა, დღესაც ასე იყო - კიმი რაიკონენმა, როგორც იქნა, ”ფერარის” გამარჯვება მოაპოვებინა. მაგრამ შეცდომა არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ გამარჯვება მასთან ერთად, ჯანკარლო ფიზიკელამაც იზეიმა, რომლისგანაც კვალიფიკაციაზე მოპოვებული პოული ხომ სენსაცია იყო, მაგრამ დღეს დაკავებული მეორე ადგილი მისთვისაც და მისი ”ფორს ინდიასთვისაც” გამარჯვების ტოლფასია.

და ვინ არის მესამე გამარჯვებული? ვინ და რუბენს ბარიკელო, რომელმაც დაზიანებული ძრავით, ბოლო ოთხი წრის განმავლობაში, მეშვიდე პოზიცია შეინარჩუნა და ორი ქულა მოიპოვა, ის ორი ქულა, რომელსაც სეზონის ბოლოს ოქროს ფასი დაედება!

თქმა არ უნდა, რაიკონენმა შესანიშნავად იასპარეზა და დამსახურებულად გაიმარჯვა. განსაკუთრებულად კი ის უნდა აღინიშნოს, რომ ის უპირატესობა, რომელსაც კერს-ი ანიჭებდა, სრულად გამოიყენა - ჯერ სტარტზე რამდენიმე ადგილით წინ წაიწია, მერე კი, პეისკარმა ტრასა დატოვა თუ არა, ო რუჟის შემდგომ სწორზე, ბრწყინვალე მანევრით ფიზიკელაც უკან მოიტყოვა და აქედან მოყოლებული, ლიდერის პოზიციას დროებით, მხოლოდ მაშინ თმობდა, როდესაც რეზინის შესაცვლელად ბოქსში უწევდა შესვლა.

რაიკონენმა ბელგიაში რბოლა მეოთხედ მოიგო

........................................................................................

ფიზიკელამ მთელი რბოლა ლიდერის უკან იარა. უფრო მეტიც, ფინელზე ოდნავ მაღალი ტემპიც ჰქონდა, მაგრამ ამ უმცირესი უპირატესობის გამოყენებას ვერ ახერხებდა - რაიკონენი იოლად ვის რას დაუთმობს. გარისკვა კი, როგორც ჩანს, ფიზიკოს არ სურდა, რადგან მცირე შეცდომაც კი მის შრომას წყალში ჩაყრიდა. მოკლედ, ის მეორე ადგილს დასჯერდა და ესეც გამარჯვებასავით აღნიშნა.

რაც შეეხება ბარიკელოს, მას სტარტზე ჩაეძინა. მის გამო, რაიკონენიც კი შეყოვნდა, თორემ აისმენს თავისუფლად შეეძლო, რომ პირველ მოსახვევშივე ლიდერის პოზიციაში შესულიყო. რუბინიუ ამ შეყოვნეზეზების გამო, პირველ მოსახვევში ბოლო შევიდა და რომ არა პირველ წრეზე მომხდარი ავარია, რის გამოც ტრასაზე პეისკარი გამოვიდა, ქულისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდებოდა.

კარგად იასპარეზა სებასტიან ფეტელმაც, რომელმაც განსაკუთრებით კარგად რბოლის მეორე ნახევარი ჩაატარა და საბოლოოდ, მესამე ადგილს დასჯერდა. თავიდან მასზე სწრაფი მისი თანაგუნდელი მარკ უებერი იყო, მაგრამ ავსტრალიელს პირველ პიტ სტოპზე, ბოქსიდან გამოსვლისას, ინციდენტი მოუვიდა ნიკ ჰაიდფელდთან, რაშიც სტიუარდებმა მისი ბრალი დაინახეს და პიტ ლაინზე უქმე გავლით დააჯარიმეს. ამის გამო, უებერმა რბოლა უქულოდ დაასრულა, საერთო ჩათვლაში კი მეოთხეზე გადაინაცვლა.

გროჟანის და ბატონის ავარია

......................................................................

მართალია, ჯენსონ ბატონმა ავარიის გამო (რომლის დროსაც, მისი მანქანის გარდა, ხაიმე ალგერსუარის, ლუის ჰამილტონისა და რომენ გროჟანის მანქანებიც დაიმტვრა) რბოლა პირველივე წრეზე დაასრულა, მაგრამ საბოლოო შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, მას მაინც გაუმართლა - ტიტულზე მისმა სამივე მოცილემ რბოლა დაასრულა, მაგრამ უახლოეს მდევართან უპირატესობა მაინც მხოლოდ ორი ქულით შემცირდა.

”ძალიან კარგი სტარტი ავიღე, ლუისს გავასწარი. რუბენსს კი პრობლემა შეექმნა. მგონი, ოთხი ადგილით წინ წავიწიე. მეხუთე მოსახვევის წინ, გროჟანმა დამუხრუჭება ძალიან გვიან მოინდომა და მე დამეჯახა. ძალიან საწყენია, როდესაც რბოლას ასე ტოვებ”, - ნარბოლევს განაზაცხადა ბატონმა, ვისაც ბელგიის შემდეგაც 72 ქულა დარჩა.

რაც შეეხება რაიკონენს, მისთვის ეს ბოლო ხუთ სეზონში, სპაზე მოპოვებული მეოთხე გამარჯვებაა. სამაგიეროდ, კიმიმ თავის ბოლო 26 რბოლაში პირველად შეძლო კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურის დაკავება.

”ჩემი მიზანი ამ სეზონში თუნდაც ერთი რბოლის მოგება იყო, გუნდი კი კონსტრუქტორებში მესამე ადგილისთვის იბრძვის. ამ მოგებით მე ჩემი მინიმუმი შევასრულე, გუნდმა კი მესამე პოზიცია გაიმყარა”, - კმაყოფილმა განაცხადა რაიკონენმა, ვისთვისაც ეს კარიერაში მე-18 გამარჯვებაა.

ფიზიკელა კი, ვისაც ”ფერარიში” ბადოერის შეცვლის იმედი ჯერაც არ დაუკარგავს, თავისი შედეგით კმაყოფილებასაც არ მალავდა და გაწბილებასაც: ”კიმიზე სწრაფი ვიყავი. დასაწყისში მან კერს-ის წყალობით გამასწრო. რა თქმა უნდა, შედეგით მეც და ჩემი გუნდიც კმაყოფილები ვართ, მაგრამ საწყენია, როცა იცი, რომ მეტი შეგეძლო და ეს ვერ შესძელი”.

მსოფლიო ჩემპიონატის მე-13 ეტაპს ორ კვირაში იტალიის მონცა უმასპინძლებს.

ბელგიის დიდი პრიზი

სპა ფრანკორშანი. დისტანცია 308.052 კმ (7.004 კმ - 44 წრე)

1. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:23:50.995

2. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია-მერსედესი) +00:00.939

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 00:03.875

4. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 00:09.966

5. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 00:11.276

6. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენ-მერსედესი) 00:32.763

7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ-მერსედესი) 00:35.461

8. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 00:36.208

9. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო) 00:36.959

10. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 00:41.490

11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია-მერსედესი) 00:42.636

12. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო-ფერარი) 00:46.106

13. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 00:54.241

14. ლუკა ბადოერი (იტალია, ფერარი) 01:42.177

გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 8 წრე

გ. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 23 წრე

გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ-მერსედესი) 44 წრე

გ. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო-ფერარი) 44 წრე

გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 44 წრე

გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი) 44 წრე

შენიშვნა: გ. - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:47.263, 38 - წრე

პილოტთა კლასიფიკაცია

1. ჯენსონ ბატონი - 72 ქულა; 2. რუბენს ბარიკელო - 56; 3. სებასტიან ფეტელი - 53; 4. მარკ უებერი - 51.5; 5. კიმი რაიკონენი - 34; 6. ნიკო როსბერგი - 30.5; 7. ლუის ჰამილტონი - 27; 8. იარნო ტრული - 22.5; 9. ფელიპე მასა (ბრაზილია,ფერარი) - 22; 10. ჰეიკი კოვალაინენი - 17; 11. ტიმო გლოკი - 16; 12. ფერნანდო ალონსო - 16; 13. ნიკ ჰაიდფელდი - 10; 14. ჯანკარლო ფიზიკელა - 8; 15. რობერტ კუბიცა - 8; 16. სებასტიან ბუემი - 3; 17. სებასტიან ბურდე (საფრანგეთი, ტორო როსო-ფერარი) - 2; 18. ადრიან სუტილი - 0; 19. კაზუკი ნაკაძიმა - 0; 20. ნელსინიუ პიკე (ბრაზილია, რენო) - 0; 21. ლუკა ბადოერი - 0; 22. ხაიმე ალგერსუარი - 0; 23. რომენ გროჟანი - 0

კონსტრუქტორთა პირველობა

1. ბრაუნ-მერსედესი - 128 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 104.5; 3. ფერარი - 56; 4. მაკლარენ-მერსედესი - 44; 5. ტოიოტა - 38.5; 6. უილიამს-ტოიოტა - 30.5; 7. BMW ზაუბერი - 18; 8. რენო - 16; 9. ფორს ინდია-მერსედესი - 8; 10. ტორო როსო-ფერარი - 5

No comments:

Post a Comment