ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Thursday, March 31, 2011

„მერსედესმა“ ამ სეზონზე ხელი ჩაიქნია

Mercedes Admit No Chance to Catch Red Bull in 2011

31 მარტი

„რედ ბულ რეისინგის“ სისწრაფემ არამხოლოდ მისი ფანები, არამედ მეტოქეებიც კი აღტაცებული დატოვა. ზოგი მათგანი კი, რომლებსაც სეზონის დაწყებამდე, ბევრი პოტენციურ ფავორიტად მოიხსენიებდა, უკვე ფიქრობს, რომ ამ სეზონში, ტიტულისთვის ბრძოლას ვეღარ შეძლებენ. ასეთთა შორისაა „მერსედესიც“, რომლის ხელმძღვანელობაც არ მალავს, რომ ამ სეზონში „რედ ბულს“ და მის უბადლო RB7-ს ახლოსაც ვერავინ გაეკარება.

„მერსედესის“ მოტორსპორტის განყოფილების შეფმა ნორბერტ ჰაუგმა ავსტრალიური რბოლის შემდეგ განაცხად, რომ დიდი ხანია, ასეთი დომინანტი მანქანა არ უნახავს, ნიკო როსბერგმა კი იმედი გამოთქვა, რომ კონსტრუქტორთა პირველობაზე მისი გუნდი წინ წაწევას (შარშან მეოთხე იყო) შეძლებს. რა თქმა უნდა, გუნდს ხელი არ აქვს ჩაქნეული იმაზე, რომ ამ სეზონში გამარჯვებებისთვის ბრძოლას შეძლებს, თუმცა აშკარაა, რომ მელბურნის შემდეგ, მათ ენთუზიაზმის დიდი პორცია მოაკლდათ.

„უნდა ვაღიაროთ, რომ სებასტიან ფეტელი და „რედ ბული“ ყველასგან ძალიან შორს არიან. რაც შეეხება მდევართა რიგებს, გვინდა რომ, ამ ჯგუფში კარგი პოზიცია დავიკავოთ და კარგი იქნება, თუ შარშანდელი მეოთხე ადგილიდან წინ წაწევას შევძლებთ“, - გერმანულ პრესასთან საუბრისას განაცხადა როსბერგმა.

სხვათა შორის, მელბურნში ტრიუმფის შემდეგ, RB7-ის მტავარი შემოქმედი ედრიან ნიუიც და ავსტრაილუ საჯინიბოს შეფი ქრისტიან ჰორნერიც ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, მათი მანქანა მართლაც შეუდარებელია. ისინი იმ ფაქტს უსვამენ ხაზს, რომ ავსტრალიაში კერს-ი არ გამოიყენეს და მინიშნებით იმასაც გვპირდებიან, რომ მალაიზიაში მათი უპირატესობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„რედ ბულის“ მოტორსპორტის საკითხთა მრჩეველი ჰელმუტ მარკო კი თვლის, რომ სულ ორი გუნდია ისეთი, რომლებსაც თავიანთი მანქანების სრულყოფის აგრესიული მეთოდების ეფექტურად გამოყენება შეუძლიათ და ეს ორი „მაკლარენი“ და „ფერარია“...

„რედ ბული“ კერს-ს მალაიზიაში გამოიყენებს

Red Bull Vow to Use KERS in Malaysia

31 მარტი

ავსტრალიის დიდი პრიზის შემდეგ, „რედ ბულ რეისინგის“ შეფმა ქრისტიან ჰორნერმა განაცხადა, სეზონის პირველ რბოლაში, მისი გუნდის პილოტებმა კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემის (კერს-ი) გარეშე იასპარეზეს. და ეს იმ დროს, როდესაც მათს ყველა კონკურენტს ეს სისტემა ჰქონდა. ჰორნერმა ისიც აღიარა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ზედ რბოლის წინ მიიღო და რომ ამის მიზეზი, მეტად კომპაქტური კერსის არასაკმარისი საიმედობა იყო.

ძნელი სათქმელია, ამას რომ ამბობდა, ჰორნერი ტრაბახობდა, თუ უბრალოდ, სიმართლე აღიარა. თუმცა ცნობილია, რომ მალაიზიაში „რედ ბულიც“ აპირებს კერს-ის გამოყენებას. და ამის შესახებ, გაზეთ „გარდიანთან“ საუბრისას, ისევ ჰორნერმა განაცხადა:

„მალაიზიაში კერს-ს აუცილებლად გამოვიყენებთ. ავსტრალიაში მისი არგამოყენება იძულებითი ნაბიჯი იყო. თუმცა, მალაიზიაში ასე ვეღარ მოვიქცევით, რადგან იქაურ გრძელ სწორ მონაკვეთებზე, კერს-ის გარეშე, მეტოქეებს დიდ უპირატესობას მივცემთ“, - ამბობს ჰორნერი.

მისივე თქმით, მელბურნში სისტემის მოხსნის მთავარი მიზეზი, თავისუფალი პრაქტიკების დროს, ტელემეტრიით მიღებული მონაცემები გახდა, რომლებმაც აჩვენა, რომ კერს-სი ჩავარდნებით მუშაობდა და შეიძლებოდა, რბოლის დროს პრობლემები შეექმნა.

„ამაზე ხმამაღლა თქმა არ გვინდოდა. ამის გამო ძალიან ვნერვიულობდით. ვარჯიშებზე ეს სისტემა გამოვცადეთ და უკმაყოფილონი დავრჩით. ჩავთვალეთ, რომ მასში პოტენციური რისკი იმალებოდა. ამიტომ, ორივე მანქანიდან მოვხსენით“, - დასძენს ჰორნერი.

კერს-ი არ მოსწონს სებასტიან ფეტელს, რომელიც ამბობს, რომ ვერ გადაუწყვეტია, სჭირდება, თუ არა ეს სისტემა, რომელიც არც ეკოლოგიურია და არც უპირატესობას იძლევა. თანაც, ძალიან ძვირიც ჯდება.

ავსტრალიაში უებერს შასიმ უღალატა

Webber's Chassis Had Problems in Australia

31 მარტი

ავსტრალიის დიდ პრიზზე სებასტიან ფეტელი დანარჩენ პილოტებზე გაცილებით სწრაფი იყო. განსაკუთრებით კი მისი უპირატესობა კვალიფიკაციაზე იყო აშკარა. იმ დროს, როდესაც „რედ ბული“ აცხადებს, რომ ორივე პილოტს თანაბარ დონეზე ემსახურება და მანქანასაც ერთნაირს აძლევს, ამ გარემოებამ ავსტრალიელ მაყურებლებში ბევრი კითხვა და ეჭვი დაბადა.

და, როგორც ირკვევა, ეს ეჭვები საფუძველს მოკლებული არ იყო - „რედ ბულის“ მოტორსპორტის საკითხების მრჩეველმა ჰელმუტ მარკომ განაცხადა, რომ გუნდის ავსტრალიელ პილოტ მარკ უებერს (ფოტოზე რბოლისას), რბოლის დროს, შასისთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, რის გამოც, მან ვერაფრით მოახერხა საბურავების შესაძლებლობების ათვისება.

„მარკს შასისთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც, ვერც რბილმა და ვერც მყარმა საბურავებმა სათანადოდ ვერ იმუშავა. ამასთან, მის მანქანაზე რეზინი უფრო სწრაფად ცვდებოდა, ვიდრე სებასტიანისაზე“, - გერმანულ ტელეარხ RTL-თან საუბრისას განაცხადა მარკომ.

რბოლის შემდეგ, უებერს ჰკითხეს, მისი უღიმღამო გამოსვლა მანქანის ბრალი ხომ არ იყო, რაზეც მან უპასუხა: „არ ვიცი. რა თქმა უნდა, ამ საკითხს საფუძვლიანი გაანალიზება სჭირდება. და ალბათ, მიზეზი საკუთარ თავშიც უნდა ვეძებო. აშკარაა, რომ თანაგუნდელთან ასეთი დიდი ჩამორჩენა შემთხვევითი არაა. ამას ალბათ თავისი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ მე ამაზე ჯერ არაფერი ვიცი“.

კვალიფიკაციაზე უებერმა ფეტელთან დაახლოებით 0.8 წამი წააგო, რბოლაში კი მასვე 40 წამით ჩამორჩა. „ასე ვთქვათ, ჩემი შედეგით გაწბილებული ვარ, თუმცა ამ ეტაპზე მთავარია, რომ ქულები დავაგროვე. თანაც, ყველამ ის ადგილი დაიკავა, რომელიც დაიმსახურა“, - დასძენს უებერი.

ოჟიემ პორტუგალიაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა

Ogier wins in Portugal for second year running

27 მარტი

ფრანგი სებასტიან ოჟიეს (ფოტოზე რბოლისას) ტრიუმფით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი - პორტუგალიის რალი. ოჟიემ, ვისაც მექსიკის რალიზე დასანანი შეცდომა მოუვიდა და ამის გამო, ის რბოლა ქულის გარეშე დაასრულა, ამჯერად დაძაბულ პაექრობაში აჯობა სახელოვან თანამემამულე სებასტიან ლოებს და პორტუგალიაში ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.

გამარჯვებულს ნახევარი წუთით ჩამორჩა ლოები, ვინც პორტუგალიაში შაღშანაც მეორე ადგილს დასჯერდა. ორივე პილოტი „სიტროენის“ მანქანით ასპარეზობს და მიმდინარე სეზონში, ეს ფრანგული კომპანიის პირველი დუბლია. მესამე ადგილზე გასული ფინელი იარი-მატი ლატვალა (ფორდი) გამარჯვებულს 3 წუთზე მეტით ჩამორჩა.

„მექსიკაში დასანანი მარცხი შემემთხვა, თუმცა გუნდი სეზონის დასაწყისიდან მენდობა და ეს ნდობა არც მექსიკის შემდეგ განელებულა. მექსიკური ფიასკოს შემდეგ, შესანიშნავი დაბრუნება გამომივიდა. ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა ახლა საკუთარი ძალების რწმენა გამიძლიერდა და ტიტულისთვის ბრძოლაში ეს ძალიან გამომადგება“, - განაცხადა ოჟიემ.

პირველი ორი დღის შემდეგ, ლოები ოჟიეს მედგარ წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა მესამე დღის პირველივე სპეცმონაკვეთებზე რისკზე ხელი აიღო და ფაქტობრივად, ბრძოლაც შეწყვიტა. თუმცა ბოლო, „ძალურ“ სპეცმონაკვეთზე, მან მაინც საუკეთესო დრო აჩვენა და ამისათვის, ბონუსის სახით, სამი ქულა მიიღო, რისი წყალობითაც, ჩემპიონატის კლასიფიკაციაში, ლიდერს, ფინელ მიკო ჰირვონენს ქულებით გაუთანაბრდა.

ლოებივით დამატებითი ორი ქულა მოიპოვა ლატვალამ, ვინც ზედზედ მესამე რბოლა დაასრულა კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე და ახლა კლასიფიკაციაშიც მესამეა. მხოლოდ ერთი ბონუს-ქულა ერგო ოჟიეს, ვინც ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

რბოლაში მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა ფორმულა 1-ის 2007 წლის ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი, რომელიც მესამე დღის დასაწყისში მეექვსე კი იყო, თუმცა შემდეგ მას ნორვეგიელმა პეტერ სოლბერგმა (რალის 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონი) გადაასწრო.

„ვიცოდი, რომ პეტერი ბოლოს ძლიერ შემიტევდა, მაგრამ პოზიციის დაცვა ვერ შევძელი. ამ რბოლის შემდეგ, ჩემს მანქანას უკეთ შევეწყე და ახლა იმის დროა, რომ სიჩქარესაც მოვუმატო“, - განაცხადა რაიკონენმა.

პორტუგალიის რალის შედეგები

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 4:10:53.400

2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) +00:31.800

3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 03:22.100

4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 06:16.300

5. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 07:48.500

6. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 10:17.400

7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) 10:54.100

8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) 11:38.800

9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 14:16.400

10. დენის კუიპერსი (ჰოლანდია, ფორდი) 17:54.600

პილოტების მოწინავე ათეული 4 ეტაპის შემდეგ

1. მიკო ჰირვონენი - 58 ქულა; 2. სებასტიან ლოები - 58; 3. იარი-მატი ლატვალა - 48; 4. სებასტიან ოჟიე - 41; 5. პეტერ სოლბერგი - 31; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) - 28; 7. მეტიუ უილსონი - 12; 8. ჰენინგ სოლბერგი - 10; 9. კიმი რაიკონენი - 10; 10. პერ-გუნარ ანდერსონი (შვედეთი, ფორდი) - 6

კონსტრუქტორთა პირველობა

1. ფორდ აბუ დაბი WRT - 100 ქულა; 2. სიტროენ ტოტალ WRT - 90; 3. M-შპორტ შტობარტ ფორდ WRT - 40; 4. პეტერ სოლბერგ WRT - 22; 5. აის1 რეისინგ - 16; 6. მუნჩი’ს ფორდ WRT - 12; 7. ტიმ აბუ დაბი - 7; 8. ფერმ პაუერტულზ WRT - 6; 9. მონსტერ WRT - 6

Tuesday, March 29, 2011

რაიკონენი ნასქარ-ით დაინტერესდა

Raikkonen to Begin NASCAR Career This Summer

29 მარტი

არაა გამორიცხული, რომ კიმი რაიკონენმა კვლავ შეიცვალოს პროფილი და თუ ასე მოხდა, მას მალე ნასქარ-ის რბოლებში ვიხილავთ. თუმცა, „თუ“ უკვე აღარ ითქმის, რადგან ფორმულა 1-ის 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ამერიკაში ამ, ყველაზე პოპულარული სარბოლი სერიის მესამე ლიგაში - პიკაპების კლასში, თავისი გუნდი, ICE1 ჩამოაყალიბა და მასთან ერთად, პირველად რბოლაში ზაფხულში იასპარეზებს

ამ ინფორმაციას ფინური გაზეთი „ტურუნ სარომატი“ ავრცელებს.

სხვათა შორის, ამჟამად, რალის მსოფლიო ჩემპიონატზეც, რაიკონენი თავის გუნდთან (ICE1) ერთად ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში, ის მხოლოდ 10 ეტაპზე (13-დან) მიიღებს მონაწილეობას. ფინელ პილოტს ჯერ ნასქარ-ისთვის ავტომობილი არც კი შეურჩევია. არც მისი დებიუტის ზუსტი თარიღია ცნობილი.

„დიდი ხანია, ნასქარ-ის რბოლებს თვალს ვადევნებ და ძალიან მომწონს. ძალიან დაძაბული რბოლები და ჩემპიონატია. მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც მასში მონაწილეობას მივიღებ. საერთოდ, ამერიკული რბოლები და მათი სულისკვეთება ძალიან მიზიდავს“, - ამბობს რაიკონენი, ვინც შესაძლოა, მიმდინარე სეზონის შემდეგ, ოკეანის გაღმა გადავიდეს და ნასქარ-ის რომელიმე სერიაში გააგრძელოს თავისი კარიერა.

ნასქარ-ის სერია, სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა ამერიკაში. მას რამდენიმე დივიზიონი აქვს და ყველა ძალიან პოპულარულია. ამასთან, მათში ფორმულა 1-ის რამდენიმე ყოფილი პილოტი ასპარეზობს. მაგალითად, სპრინტის თასზე კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოია გამოდის, პიკაპების კლასში კი თავის კარიერას ნელსონ პიკე უმცროსი გამოდის. ადრე ნასქარ-ის სხვადასხვა კლასებში, ფ1-ის და ინდი ქარის ყოფილი ჩემპიონი, კანადელი ჟაკ ვილნევიც ასპარეზობდა.

Sunday, March 27, 2011

„ზაუბერის“ პილოტების შედეგები გააუქმეს

Sauber to appeal against GP exclusion

27 მარტი

ავსტრალიის დიდი პრიზის შემდეგ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA-ს) სტიუარდებმა „ზაუბერის“ ორივე მანქანა შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ მათი უკანა ფრთის ზედა ზედაპირი რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

არადა, გუნდის შეფმა პეტერ ზაუბერმა განაცხადა, რომ ეს რბოლა, მისი გუნდისთვის ახალი სეზონის შესანიშნავი დასაწყისია. შეგახსენებთ, რომ შვეიცარული გუნდის პილოტებმა მეშვიდე და მერვე ადგილები დაიკავეს. ამასთან, მექსიკელმა სერხიო პერესმა (ფოტოზე) გარისკა და მთელი რბოლის განმავლობაში, რეზინი ერთადერთხელ შეცვალა. საბოლოოდ კი 9 წამით აჯობა იაპონელ თანაგუნდელ კამუი კობაიაშის.

რა თქმა უნდა, „ზაუბერი“ სტიუარდების“ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. თუმცა, სანამ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, გუნდის ტექნიკური შტაბი საკითხს დაწვრილებით განიხილავს. და სანამ „ზაუბერი“ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდეს, ავსტრალიის დიდი პრიზის საბოლოო შედეგები შეიცვლება. კერძოდ, მეცხრედან ორი ადგილით წინ წაიწევს „ფერარის“ ფელიპე მასა, ასევე ორი ადგილით დაწინაურდება „ტორო როსოს“ სებასტიან ბუემი, ვინც რბოლა მეათე ადგილზე დაასრულა. ქულების ზონაში აიწევენ „ფორს ინდიას“ ადრიან სუტილი და პოლ დი რესტა.

„ზაუბერის“ ტექნიკური დირექტორი ჯეიმს კეი თვლის, რომ ფრთის ის ნაწილი, რომლის რეგლამენტთან შეუსაბამობის გამოც, მისი პილოტების შედეგები გაუქმდა, დიდ გავლენას არ ახდენს მანქანაზე, რადგან ეს მომუშავე ზედაპირი არაა. ამის გამო, მისი მეშვეობით, მქანქანის კონკურენტუნარიანობა არ გაუმჯობესდებოდა. „ჩვენ ახლა ვსწავლობთ ფრთის ამ ნაწილის კონსტრუქციას, რათა უკეთ გავერკვეთ ვითარებაში და გადავწყვიტოთ, აქვს თუ არა აზრი აპელირებას“, - ამბობს კეი.

ჩემპიონმა სეზონი გამარჯვების დუბლით დაიწყო

Vettel storms to victory in season-opener

27 მარტი

კვალიფიკაციის შემდეგ, ეს მოსალოდნელიც იყო - სებასტიან ფეტელმა სასტარტო მწვანე შუქნიშანზე იოლად შეინარჩუნა მოწინავე პოზიცია და ისე, რომ მის ლიდერობას საფრთხე ერთხელაც არ დამუქრებია, ფინიშის ხაზსაც პირველმა უწია. 23 წლის გერმანელმა 22.2 წამით აჯობა ბრიტანელ ლუის ჰამილტონს და კარიერაში მე-11, ზედიზედ კი მესამე გამარჯვება იზეიმა.

„გმადლობთ ბიჭებო, ფანტასტიკური რბოლა იყო. მართლა ყველაფერს ვაკონტროლებდი, ძალიან დიდი მადლობა ყველას. ძალიან მაგარია. შესანიშნავი მანქანაა, შესანიშნავი პიტსტოპები გვქონდა. დღეს ბევრი რამ ვისწავლეთ“, - რადიოთი თანაგუნდელებს ემადლიერებოდა ფეტელი მას შემდეგ, რაც ფინიშის ხაზი გადაკვეთა.

„ეს არ იყო იოლი გამარჯვება. სტარტი გადამწყვეტი იყო. მერე კი თავისუფალი სივრცე მივიღე. რბოლის მეორე ნაწილში, ლუისი ჩამომრჩა, რის შემდეგაც, სიტუაციას უფრო უკეთ ვაკონტროლებდი. დღეს პირველად შევძელი ავსტრალიის დიდი პრიზის ფინიშთან მისვლა და ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვე“, - პრესკონფერენციაზე განაცხადა მოქმედმა ჩემპიონმა.

ჰამილტონმაც მადლიერებით მოიხსენია თავისი გუნდის ინჟინრები, რომლებმაც სასწაული შეძლეს და მანქანა, რომელიც წინასასეზონო ტესტებზე მაჩანჩალად გამოიყურებოდა, კონკურენტუნარიანად აქციეს. ამასთან, აღნიშნა, რომ რბოლის მიწურულს, მის ბოლიდს ძირი ძლიერ დაზიანებული ჰქონდა, რის გამოც, შესასძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა.

„ბოლოს მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ტრასაზე დავრჩენილიყავი და რაც შეიძლება, მეტი ქულა მომეპოვებინა. ეს ქულები სეზონის ბოლოს გამომადგება. საერთო ჯამში კი რბოლით კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც სტარტიც მეორე პოზიციიდან აიღო და ფეტელს კარგა ხანს ახლოს მისდევდა. ერთხელ კი, როდესაც გერმანელმა ბოქსებში შეუხვია, პელოტონს სათავეშიც მოექცა, თუმცა მალე თავისი ნებით დათმო ლიდერობა - თავადაც რეზინის შესაცვლელად მიაშურა ბოქსებს.

რაც შეეხება პეტროვს, ის პირველად ავიდა კვარცხლბეკზე და რა თქმა უნდა, ამით ბედნიერია: „არ მჯერა, რომ ამ ორ ბიჭთან ერთად აქ, თქვენს წინაშე ვზივარ და თქვენს კითხვებს ვპასუხობ. თავი სიზმარში მგონია. გუნდს კი ამ შედეგით შეუძლია, იამაყოს“.

სხვათა შორის, პირველ სამ ადგილზე გასულმა პილოტებმა საბურავები მხოლოდ ორ-ორჯერ შეცვალეს. არადა, ბევრი მოელოდა, რომ ორპიტსტოპიანი სტრატეგია წარსულს ჩაბარდა, რადგან „პირელის“ საბურავები მალე ცვდება და თვისებებსაც სწრაფად კარგავს.

სამ-სამი პიტ სტოპი შეასრულეს ფერნანდო ალონსომ და მარკ უებერმა, რომლებმაც შესაბამისად, მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს. მეექვსე იყო ჯენსონ ბატონი, ვისაც მანამდე ავსტრალიური რბოლა ზედიზედ ორჯერ ჰქონდა მოგებული. მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონმა სტარტზევე დათმო ორი პოზიცია და შემდეგ, ფელიპე მასასთან უშეღავათო ბრძოლაში პიტლეინზე საჯარიმო გავლას გამოჰკრა ხელი (როცა მასას ასწრებდა, მოსახვევი მოჭრა).

ახალბედა მექსიკელმა სერხიო პერესმა დებიუტი ქულების მოპოვებით აღნიშნა - მეშვიდე ადგილი დაიკავა. სხვათა შორის, 1981 წლის შემდეგ, ის პირველი მექსიკელია, ვინც ფ1-ში ქულების აღება შეძლო. 30 წლის წინ, იგივე ექტორ რებაკმა გააკეთა.

პირველი ეტაპი კრახით დაასრულა „მერსედესმა“, რომლის ორივე პილოტმა ნახევარი დისტანციის გავლაც ვერ შეძლო. ჯერ იყო და, მიხაელ შუმახერს სტარტზევე დაუზიანდა მანქანა, როცა ის ხაიმე ალგერსუარის „ტორო როსოს“ დაეჯახა. „მერსედესს“ უკანა საბურავი დაუზიანდა, რის გამოც, შუმის ბოქსში შესვლა დასჭირდა. მაგრამ როგორც გაირკვა, მარტო ბორბალი არ დაზიანებულა. მართალია, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა გზის გაგრძელება შეძლო, მაგრამ უსაფრთხოების საბაბით, 20 წრის შემდეგ, გუნდმა მას ბოქსში შესვლა და გაჩერება ურჩია.

დიდხანს ტრასაზე არც ნიკო როსბერგი დარჩენილა. ის რუბენს ბარიკელოს „უილიამსს“ დაეჯახა. ამის გამო, ბრაზილიელი პიტლეინზე გავლით დაისაჯა, მაგრამ ამით გერმანელს რა ხეირი - მისთვის რბოლა ამ შეჯახებით დასრულდა...

ავსტრალიის დიდი პრიზი

მელბურნი, ალბერტ პარკი (5.303 კმ). რბოლის დისტანცია 307.574 კმ (58 წრე)

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:29:30.259

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:22.297

3. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 00:30.560

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:31.772

5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:38.171

6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:54.304

7. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 01:05.845

8. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 01:16.872

9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 01:25.186

10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1 წრე

11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე

12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1 წრე

13. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე

14. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1 წრე

15. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 2 წრე

16. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 4 წრე

გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 9 წრე

გ. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 10 წრე

გ. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 36 წრე

გ. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 39 წრე

გ. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 39 წრე

გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 49 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ფელიპე მასა - 1:28.947, 55-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 25 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 18; 3. ვიტალი პეტროვი - 15; 4. ფერნანდო ალონსო - 12; 5. მარკ უებერი - 10; 6. ჯენსონ ბატონი - 8; 7. სერხიო პერესი - 6; 8. კამუი კობაიაში - 4; 9. ფელიპე მასა - 2; 10. სებასტიან ბუემი - 1

კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 35 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 26; 3. რენო - 15; 4. ფერარი - 14; 5. ზაუბერ-ფერარი - 10; 6. ტორო როსო-ფერარი - 1

Saturday, March 26, 2011

ავსტრალიის დიდი პრიზი

ფეტელმა სეზონი პოულით დაიწყო

Dominant Vettel on pole in Melbourne

26 მარტი

ჩემპიონი ისევ მოწოდების სიმაღლეზეა
..... ..... ..... ..... ..... .....

მსოლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გერმანელმა სებასტიან ფეტელმა ახალი სეზონი იმით დაიწყო, რითაც გასული, მისთვის ტრიუმფული სეზონი დაამთავრა - გამარჯვებით. და მართალია, ჯერ მხოლოდ ავსტრალიის დიდი პრიზის პოულ პოზიციას დაეუფლა, რისთვისაც (სამწუხაროდ) ქულა არ მიუღია, მაგრამ ეს ისე გააკეთა, რომ მეტოქეთა მორალურ განადგურებას ჩაუყარა საფუძველი.
შუმიმ ათეულშიც ვერ შეაღწია
..... ..... ..... ..... ..... .....

23 წლის გერმანელმა კვალიფიკაციის სამივე სექტორში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ავსტრალიურ რბოლას, ზედიზედ მეორედ დაიწყებს მოწინავე პოზიციიდან. მელბურნის ალბერტ პარკის ტრასა მან წუთსა და 23.529 წამში გაიარა და 0.778 წამით აჯობა ბრიტანელ ლუის ჰამილტონს. სხვათა შორის, ფეტელმა თითქმის ნახევარი წამით გააუმჰობესა მის მიერვე ამავე ტრასაზე დაფიქსირებული საუკეთესო წრე.

„რბოლის დასაწყებად ეს შესანიშნავი პოზიციაა და ამის გამო ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ ეს ჯერ საქმის ნახევარიც არაა. მართალია, სხვაობა ჩემსა და დანარჩენებს შორის ძალიან დიდია, მაგრამ ჯერ მთელი სეზონი წინაა და არავინ იცის, სიტუაცია როგორ შემობრუნდება“, - ამბობს ჩემპიონი, ვინც სხვათა შორის, შარშანაც ავსტრალიის რბოლა პოულიდან დაიწყო, თუმცა ფინიშს ვერ მიაღწია.

თოლიებმა პეტროვს სახიფათო მანძილზე ჩაუფრინეს

..............................

ჰამილტონმა თავის ბოლო ცდაზე მოახერხა მეორე პოზიციის დაკავება, საიდანაც ფეტელის ავსტრალიელი თანაგუნდელი მარკ უებერი ჩამოაქვეითა. ამგვარად, „რედ ბულის“ პილოტებს რბოლის წინა რიგიდან დაწყების საშუალება არ მისცა. მოკლედ, წინა ორ რიგში, „რედ ბულის“ და „მაკლარენის“ პილოტები დაწყვილდნენ, მესამე რიგში კი ესპანელი ფერნანდო ალონსო და რუსი ვიტალი პეტროვი დადგებიან. როგორც ჩანს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ვერაფრით მოიშორა თავისი რუსი ბედისწერა, რომლის დიდი დამსახურებაა ის, რომ გასულ სეზონში უტიტულოდ დარჩა.

„შეხედეთ სებასტიანის დროს. შეიძლება ითქვას, რომ ის სხვა ლიგაშია, თუმცა შესაძლოა, რბოლაში ყველაფერი სხვაგვარად მოხდეს. ჩვენ კი ახლაც არ ვიცით, რისი უნარი აქვს ჩვენს მანქანას და ეს განსაკუთრებით გრძელ დისტანციაზე მის მოქცევას ეხება“, - განაცხადა ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა.

ჰამილტონი კი იმით იყო გაკვირვებული, რომ მანქანამ, რომელიც სეზონისწინა ტესტებზე არასაიმედო ჩანდა და სისწრაფეც აკლდა, ავსტრალიაში კონკურენტუნარიანი გამოდგა: „აღტაცებული ვარ, რადგან ახლა შემიძლია, რომ სწორ გზას ვადგავართ. ჩვენმა ბიჭებმა შესანიშნავად იმუშავეს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ისევ მოწინავეთა შორის ვართ. მართალია, ჯერაც ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ამ მანქანის სახით, შესანიშნავი ბაზისი გვაქვს“.

კვალიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:23.529

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:24.307

3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:24.395

4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:24.779

5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:24.974

6. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:25.247

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:25.421

8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:25.599

9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:25.626

10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:27.066

- - - -

11. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:25.971

12. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:26.103

13. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:26.108

14. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:26.739

15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:26.768

16. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 1:31.407

17. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) დროის გარეშე

- - - -

18. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:27.239

19. ჰეიკი კოვალაინნი (ფინეთი, ლოტუსი) 1:29.254

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:29.342

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:29.858

22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:30.822

კვ.გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:32.978

კვ.გ. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:34.293

შენიშვნა: კვ.გ. - კვალიფიკაციის გარეშე

Friday, March 25, 2011

ავსტრალიის დიდი პრიზი

ჯერჯერობით, ყველაზე სწრაფი „მაკლარენია"

Australian Grand Prix practice times

24 მარტი

როგორც ჩანს, "მაკლარენმა" წინსასეზონ კრიზისი დაძლია

..............................

ავსტრალიის ქალაქ მელბურნის ალბერტ პარკზე, სტარტი აიღო ფორმულა ერთის მსოფლიოს 62-ე მსოფლიო ჩემპიონატმა. მისი მონაწილეები დღეს თავისუფალ პრაქტიკებზე ვარჯიშობდნენ და მარტალია, მათზე ნაჩვენებ შედეგებს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ისინი მაინც დიდ ინტერესს იწვევს, რადგან მათი შედეგების მიხდვით, მეტნაკლებად შესაძლებელია გუნდების მომზადების დონეზე თუნდაც ზერელე წარმოდგენის შექმნა.

პირველ პრაქტიკაზე ყველაზე სწრაფები „რედ ბულის“ პილოტები იყვნენ, რომლებისგანაც ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა მეორე ვარჯიშის შედეგების მიხედვით, ცხრილს სათავეში „მაკლარენის“ პილოტები მოექცნენ. აღსანიშნავია, რომ მეორე ერთსაათიანი პრაქტიკის მეორე ნაწილის განმავლობაში, ყველა გუნდი უკანა რეგულირებად ფრთას ცდიდა, რის გამოც, მათ მზადების პროგრამის შეცვლამ მოუწია.

სერხიო პერესი დებიუტანტებს შორის საუკეთესოა

..............................

ისიც აღსანიშნავია, რომ ორივე პრაქტიკის ჯამში, ყველაზე სწრაფები ჯენსონ ბატონი და ლუის ჰამილტონი იყვნენ. სხვათა შორის, ალბერტ პარკის წრის წუთსა და 26 წამზე სწრაფად გავლა სწორედ ამ ორმა პილოტმა შეძლო. ეს კი შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ „მაკლარენმა“ ის პრობლემები დაძლია, რომლების გამოც, სეზონის წინა ტესტების შემდეგ, ბევრმა ისინი ფავორიტთა სიიდან გამოიყვანა.

ცნობისათვის, „მაკლარენმა“ სწორედ სეზონისწინა ტესტების შემდეგ შეცვალა თავის მანქანაზე ურთულესი გამოსაბოლქვი სისტემა, რომელიც პერსპექტიულ გადაწყვეტადაა მიჩნეული, თუმცა სრულყოფისთვის გაცილებით მეტი დრო და ტესტები სჭირდება, ვიდრე სეზონისთვის მზადების პროცესშია შესაძლებელი. ინგლისურა გუნდმა ავსტრალიის წინ, ზუსტად ისეთი გამოსაბოლქვი შეიმუშავა, როგორიც „რედ ბულ რეისინგს“ აქვს და როგორს „მაკლარენის“ ხელმძღვანელობა ირწმუნება, ამან მანქანა წეზე საშუალოდ წამით ააჩქარა.

საინტერესოა, რომ „მაკლარენის“ დუეტს ავსტრალიური რბოლა ზედიზედ სამჯერ აქვს მოგებული. ამასთან, ბოლო ორ შემთხვევაში, გამარჯვება ბატონმა იზეიმა, რომელმაც ვარჯიშზე ჰამილტონს სულ რაღაც 0.132 წამით აჯობა. ბატონთან 0.147 წამი წააგო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ, ვისაც თავის მხრივ, სულ რაღაც 0.013 წამით ჩამორჩა მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი. თუ პირველ სესიაზე საუკეთესო იყო, მეორეზე მხოლოდ მეხუთე შედეგს დასჯერდა უებერი, რომელსაც შანსი აქვს, გახდეს პირველი ავსტრალიელი, ვინც საშიანო რბოლას მოიგებს.

მეორე პრაქტიკის მიწურულს გაწვიმდა, რის გამოც, გუნდებმა ვარჯიშის გაგრძელება აღარ ისურვეს. სხვათა შორის, სინოპტიკოსები კვალიფიკაციის დროსაც წვიმას ვარაუდობენ, თუმცა რბოლისთვის მშრალი ამინდია მოსალოდნელი.

ახალბედებს შორის საუკეთესო მექსიკელი სერხიო პერესი იყო, ვინც პირველ სესიაზე მე-17 შედეგს კი დასჯერდა, თუმცა მეორეზე მერვე საფეხურზე გადაინაცვლა. პრაქტიკები დროის გარეშე დაასრულა „ისპანია რეისინგმა“, რომელიც ტრასაზე მხოლოდ ერთხელ და ისიც, მეორე სესიის მიწურულს გამოჩნდა, როდესაც წვიმის გამო, ყველა ბოქსში იჯდა. საჭესთან იტალიელი იარნო ტრული იჯდა, ვის გამოჩენასაც მაყურებელი დამცინავი ოვაციით შეხვდა. ტრულიმ მხოლოდ ერთი წრის გავლა შესძლო, შემდეგ ბოქსს დაუბრუნდა და ის აღარც დაუტოვებია.

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:26.831

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:27.158

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:27.749

4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:28.152

5. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:28.430

6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:28.440

7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:28.483

8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:28.690

9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:28.725

10. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:28.765

11. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:28.842

12. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:28.928

13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:29.314

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:29.328

15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:29.403

16. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:29.468

17. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:29.643

18. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:31.002

19. ჰეიკი კოვალაინნი (ფინეთი, ლოტუსი) 1:32.428

20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:35.282

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:35.289

კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ლოტუსი) დროის გარეშე

ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) დროის გარეშე

ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) დროის გარეშე


მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:25.854

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:25.986

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:26.001

4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:26.014

5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:26.283

6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:26.590

7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:26.789

8. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:27.101

9. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:27.280

10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:27.448

11. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:27.525

12. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:27.528

13. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:27.536

14. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:27.697

15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:28.095

16. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:28.376

17. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 1:28.583

18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:29.386

19. ჰეიკი კოვალაინნი (ფინეთი, ლოტუსი) 1:30.829

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:30.912

21. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:32.106

22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:32.135

ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) დროის გარეშე

ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) დროის გარეშე

Thursday, March 24, 2011

FIA ავსტრალიისთვის უკანა ფრთის გამოყენების ზონას აფართოებს

FIA Confirms Extended Wing Overtaking Zone for Australia

24 მარტი

მას შემდეგ, რაც რბოლებში უკანა ფრთის რეგულირება დაუშვა, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გამოაცხადა ამ წესის განმარტება, რომელიც ფრთის გამოყენებას ზღუდავს. კერძოდ, ამ ფრთის გააქტიურება მხოლოდ 600 მეტრის მანძილზეა დასაშვები. ამასთან, თუ მდევარი წინ მიმავალს წამზე მეტით არ ჩამორჩება, ფრთის გააქტიურება და მისი დახმარებით გასწრების მცდელობა მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია.

მაგრამ არის ტრასები, სადაც სწორი მონაკვეთები იმდენად მოკლეა, რომ იქ 600-მეტრიანი ზონის შეზღუდვა შეუძლებელია. ამ შემთხვევისთვის, FIA აღნიშნული წესის სპეციალურ დამატებებს შეიმუშავებს. ასეთ ტრასებს შორის, მელბურნის ალბერტ პარკიც აღმოჩნდა.

ავსტრალიაში პილოტებს უკანა ფრთის გააქტიურების მუფლება ბოლო, მე-16 მოსახვევის წინ ექნებათ. ეს ნიშნავს, რომ პილოტს, რომელიც გასწრებას აპირებს, ფრთის გააქტიურების უფლება მაშინვე ექნება, როგორც კი სტარტ-ფინიშის სწორზე გავა. ამგვარად, გასწრების ზონა 867 მეტრამდე გაიზარდა. ის იქ მთავრდება, სადაც პილოტები პირველი მოსახვევის წინ, მუხრუჭების გამოყენებას იწყებენ (დამუხრუჭებისას, ფრთა დეაქტივირებული უნდა იყოს). დაკიდევ, გასწრების ზონის დასაწყისი და დასასრული, სპეციალური ფერადი ხაზებით აღინიშნება.

გარდა ამისა, FIA-მ დაადგინა, რომ თუ მე-14 მოსახვევის წინ, მანქანებს შორის მანძილი 1 წამზე ნაკლებია, მაშინ უკან მიმავალ მანქანას, უკანა ფრთის (სტარტ-ფინიშის სწორზე) ამოქმედების უფლება ექნბა და ამის შესახებ, ისიც და მისი მეტოქეც ინფორმაციას რადიოთი მიიღებენ. აქედან მოყოლებული, პილოტს ფრთის აქტივაციამდე საკმაო დრო ექნება - მან ჯერ მე-14 მოსახვევი უნდა გაიაროს, შემდეგ მოკლე სწორი, მე-15 მოსახვევი და შემდეგ გასწრების დროც მოვა. რა თქმა უნდა, მანქანებს შორის არსებული დროის განსაზღვრის ზონაც სპეციალური ფერადი ზოლებით იქნება მონიშნული.

ბატონის აზრით, გასწრებების რიცხვი გაიზრდება

Button Warns Overtaking Will Shock F1 Fans

24 მარტი

წლების განმავლობაში, ფორმულა 1-ის ფანები, გუნდები და პილოტებიც, რბოლებისას გასწრებათა რიცხვის სირთულესა და შესაბამისად, სიმცირეზე ჩიოდნენ, რაც რბოლების სანახაუბრიობას აუარესებდა. მაგრამ ახალი სეზონიდან, მანქანებზე ორი ისეთი სისტემის გამოყენებაა დასაშვები, რომლებმაც გასწრება უნდა გააადვილოს. ამ ორიდან ერთი კერს-ია, მეორე კი რეგულირებადი უკანა ფრთა.

„მაკლარენის“ ბრიტანელი ჯენსონ ბატონი დარწმუნებულია, რომ პირველივე ეტაპზე - ავსტრალიის დიდ პრიზზე, რომელიც მელბურნის ალბერტ პარკზე, ამ უქმეებზე ჩატარდება, უამრავ გასწრებას ვნახავთ. მაგრამ ამის მიზეზად, ის არც კერს-ის ფაქტორს ასახელებს და არც უკანა რეგულირებად ფრთას. მისი აზრით, გასწრებების რიცხვის ზრდას, „პირელის“ სწრაფად ცვეთადი საბურავები შეუწყობს ხელს.

ტესტების დროს ყველა დარწმუნდა იმაში, რომ საბურავები სწრაფად ცვდება. პილოტების და გუნდების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვთ, როგორ იმუშავებს ეს საბურავები მთელი რბოლის განმავლობაში, რამდენი პიტ სტოპის შესრულება იქნება ოპტიმალური. ამიტომ, სეზონის პირველ რბოლაში, ერთგვარი ქაოსია მოსალოდნელი. ბევრი ეცდება, რომ საბურავებს გაუფრთხილდეს, რათა რბოლის დასკვნითი ნაწილი კარგად ჩაატაროს. ბატონის აზრით, ყველაზე მეტად, სწორედ ეს გარემოება შეუწყობს ხელს გასწრებების რიცხვის ზრდას.

„რბოლის დასკვნით ნაწილში იმდენი გასწრების მომსწრენი გახდებით, რომ ეს ყველას გააოცებს. არაა გამორიცხული, რომ გამარჯვებული ბოლო მოსახვევში გამოვლინდეს და ეს შესანიშნავი იქნება. არ ვიცი, სხვა რბოლებშიც ასეთი რამ იქნება მოსალოდნელი, თუ არა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მელბურნში ძალიან დაძაბული პაექრობის მომსწრენი გახდებით. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენ ჯერ კარგად არ გვაქვს შესწავლილი ახალი საბურავების თვისებები. ვფიქრობ, დიდ უპირატესობას მიიღებს ის პილოტი, ვინც ბოლო პიტ სტოპს მეტოქეებზე ერთი წრით ადრე შეასრულებს. ვინც ამას შეძლებს, ბევრის გასწრების საშუალებას მიიღებს, რადგან ახალი საბურავები ძველზე გაცილებით უკეთ მუშაობს. მაგრამ რეზინის ადრე შეცვლა მის ადრე გაცვეთასაც მოასწავებს. ამიტომ, ბოქსში სხვებზე ადრე შესვლასაც გარკვეული გამბედაობა დასჭირდება“, - ამბობს ბატონი, ვინც მსოფლიო ჩემპიონი 2009 წელს გახდა, როდესაც „ბრაუნით“ (ახლანდელი მერსედესით) ასპარეზობდა.

„მერსედესი“ უკანა ფრთისთვის დამატებით სატერფულს გამოიყენებს

Mercedes to Use Extra Pedal for Rear Wing Activation

24 მარტი

ახალ სეზონში, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე პილოტებს, რბოლებში მონაწილეობისას, დამატებით ორი მანიპულაციის შესრულება მოუწევთ. ერთია კერს-ის (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) ამოქმედება, მეორე კი - რეგულირებადი უკანა ფრთის გამოყენება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრ მანქანაზე, საჭის რგოლი არნახულად გადაიტვირთება.

„მერსედესის“ შეფი როს ბრაუნი თვლის, რომ საჭის რგოლის გადატვირთვის გამო, ადვილად შესაძლებელია, რომ პილოტებმა ერთდროულად რამდენიმე ღილაკს დააჭირონ ხოლმე, რაც შეცდომებს გამოიწვევს. ამასთან, მანიპულაციის ზუსტად შესასრულებლად, პილოტს მუდმივად ზედმეტად დაძაბვა მოუწევს, რამაც შესაძლოა, ასევე შეცდომები გამოიწვიოს.

რა თქმა უნდა, გუნდების მიზანია, რომ შეცდომის ალბათობა მინიმუმამდე შეამცირონ. ამიტომ, ისინი უკანა ფრთის მართვის საშუალებათა საჭის რგოლიდან სხვაგან გადატანას ცდილობდნენ. „მაკლარენმა“ ეს პულტი (მცირე ბერკეტი) საჭის რგოლის უკან გადაიტანა, „მერსედესმა“ კი ყველაზე მარტივი გამოსავალი ნახა - W02-ის უკანა ფრთის სამართავად, სპეციალური სატერფული დააყენა.

გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხის სპეციალური პედალი სამუხრუჭე პედლის მარცხნივ განლაგდა. ამდენად, მიხაელ შუმახერს და ნიკო როსბერგს, უკანა ფრთის მართვა ფეხით მოუწევთ. თანაც იმ დროს, როდესაც სამუხრუჭე სატერფულის გამოყენება არ დასჭირდებათ.

როდესაც პილოტს დამუხრუჭება დასჭირდება, მას მარცხენა ფეხის ფრთის სატერფულიდან აღება მოუწევს, რაც ამ ფრთის დეაქტივაციას მოახდენს. სხვათა შორის, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მიერ შემუშავებული ახალი რეგლამენტით, ფრთის დახრის კუთხის შემცირება იკრძალება მაშინ, როდესაც ავტომობილი შენელების რეჟიმშია. ამგვარად, „მერსედესის“ შემთხვევაში, ამ რეგლამენტის დარღვევა გამორიცხულია, რადგან დასამუხრუჭებლად, პილოტს ფრთის სატერფულიდან ფეხის აღება მოუწევს.

სხვათა შორის, ბრაზილიელმა ფელიპე მასამ აღიარა, რომ „ფერარიმ“ ასევე შეძლო ფრთის რეგულირების „კომფორტული მექანიზმის“ შექმნა. მისმა ესპანელმა თანაგუნდელმა ფერნანდო ალონსომ კი განაცხადა, რომ მისთვის ახალი მოწყობილობების მართვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

სამაგიეროდ, „რედ ბულ რეისინგის“ ორივე პილოტი - სებასტიან ფეტელი და მარკ უებერი აღიარებენ, რომ ფრთის სამართავი მოწყობილობა გარკვეულ პრობლემებს უქმნის. თუმცა, ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი და „ტორო როსოს“ ყოფილი თანამფლობელი გერჰარდ ბერგერი თვლის, ფეტელის უკმაყოფილება მხოლოდ იმის შედეგია, რომ „რედ ბულმა“ ფრთის მართვის კომფორტული მოწყობილობის შექმნაზე არ იზრუნა.

Wednesday, March 23, 2011

ბუემის „ტორო როსო“ ხუთეულში შეჰყავს

Buemi Rates Toro Rosso Inside the Top 5

23 მარტი

ერთ-ერთი იმ გუნდთაგანი, რომლისგანაც ახალ სეზონში სიურპრიზებია მოსალოდნელი, „სკუდერია ტორო როსოა“. უფრო მეტიც, მისი შვეიცარელი პილოტი სებასტიან ბუემი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს სეზონის ბოლოს მოწინავე ხუთეულში შესვლა შეუძლია.

არადა, ისეთი ახალი გუნდები, როგორებიც „ლოტუსი“ და „ვირჯინია“, იქადნიან, რომ ამ სეზონში ისინი სწორედ „ტორო როსოს“ დაეწევიან. რა თქმა უნდა, იტალიური გუნდი მათს სამიზნეში მხოლოდ იმის საფუძველზე მოექცა, რომ გასული სეზონის ბოლოს, კონსტრუქტორთა პირველობაზე, მათ წინ სწორედ „ტორო როსო“ იქნება.

ერთ-ერთი პირველი, ვინც „ტორო როსოს“ პროგრესზე ხმამაღლა ილაპარაკა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსოა. ამის შემდეგ, თავიანთ შანსებზე საუბარი ბუემიმ და მისმა ესპანელმა თანაგუნდელმა ხაიმე ალგერსუარიმაც დაიწყეს. ისინი ამბობენ, რომ კარგი შედეგების მიღწევა, ახალ სეზონში სრულიად რეალურია.

„ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, ჩვენი მანქანა კონკურენტუნარიანი ჩანს. ჩემი აზრით, ის მოწინავე ხუთეულში ყოფნის საშუალებას მოგვცემს. ამის თქმის საბაბს, სეზონის წინა ტესტების მონაცემები გვაძლევს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ რეგლამენტის მნიშვნელოვანი ცვლილების გამო, ტესტების შედეგების მიხედვით, გუნდების შესაძლებლობებზე ლაპარაკი ცოტა ცოტა ნაადრევია. უფრო რეალურ სურათს კი მელბურნში მივიღებთ“, - ამბობს ბუემი.

პირველი პილოტი, რომელიც ავსტრალიის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე SRT6-ის საჭეს მიუჯდება, „ტორო როსოს“ სარეზერვო პილოტი, ავსტრალიელი დანიელ რიკარდოა.

Friday, March 18, 2011

სტირლინგ მოსი: ახალი რეგლამენტი მრბოლებისთვისაა

New Rules Will Favor Driver, Not Car - Sir Stirling Moss

18 მარტი

დღეს იშვიათად თუ ნახავთ ფორმულა 1-ის საქმეებში ჩახედულ ადამიანს, ან მოქმედ მრბოლს, ვისაც ახალი ტექნიკური რეგლამენტი შეიძლება მოსწონდეს. ლამის ყველა ერთხმად ლაპარაკობს იმაზე, რომ დიდი პრიზების ცირკი თანდათან ემსგავსება შოუს და შორდება სპორტულ სულისკვეთებას და რომ, მრბოლის შესაძლებლობები თანდათან მეორეხარისხოვანი ხდება.

მაგრამ არის ერთი ავტორიტეტული ადამიანი, ვისაც ამ საკითხზე სრტულიად განსხვავებული აზრი აქვს და ეს ადამიანი, არც მეტი, არც ნაკლები, თვით სერ სტირლინგ მოსია. ადამიანი, ვინც არასდროს ყოფილა მსოფლიო ჩემპიონი, თუმცა ბევრ ჩემპიონზე მეტი ავტორიტეტით სარგებლობს.

ფერნანდო ალონსო და სებასტიან ფეტელი თვლიან, რომ ახალი რეგლამენტი კიდევ უფრო წინ სწევს რბოლებში მანქანის როლს, პილოტი კი თანდატან დამხმარე საშუალებად გარდაიქმნება. თუმცა მოსი ასე არ ფიქრობს. პირიქით, ის თვლის, რომ ეს რეგლამენტი, რბოლებისას პილოტის შესაძლებლობებს და როლს წინ სწევს, მანქანა კი მხოლოდ საშუალებაა.

„ყველაფერი მრბოლზეა დამოკიდებული. მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, სჭიედება თუ არა კერს-ი და როდის უნდა გამოიყენოს ის. იგივე ითქმის რეგულირებად ფრთაზე და სხვა საშუალებებზეც. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საუკეთესო სეზონს ველი. დიდი ხანია, რბოლები საინტერესო სანახაობად რჩება, მაგრამ ხშირად, მათ დაძაბულობა აკლია“, - ამბობს მოსი და დასძენს:

„შარშანაც ასე იყო. ძალიან საინტერესო სეზონი გამოვიდა, მაგრამ სასიამოვნო საცქერი - არა. მაგრამ ახალ სეზონში, რბოლების სანახაობრიობაც გაუმჯობესდება. იმდენი სიახლე შემოიღეს, რომ პილოტის როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ეს ძალიან კარგია. თანაც, ჯერაც არავინ იცის, რბოლისას როგორ იმუშავებს „პირელის“ საბურავები. ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, განსაკუთრებული სეზონის მოლოდინში ვარ“.

მოსმა ასევე ილაპარაკა მიხაელ შუმახერის მეორე კარიერაზე. მისი თქმით, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი შეცდა, როცა სპორტს დაუბრუნდა: „ვფიქრობ, დაბრუნება შეცდომა იყო. მან მოტორსპორტში დიდი საქმე გააკეთა. სხვა თუ არაფერი, „ფერარი“ მწვერვალებს დაუბრუნა. მაგრამ ამჯერად ძალიან გაუჭირდება. ძალიან გაუმართლებს, თუ ერთხელ მაინც შეძლებს კვარცხლბეკზე ასვლას“.