„მერსედესი“ უკანა ფრთისთვის დამატებით სატერფულს გამოიყენებს
Mercedes to Use Extra Pedal for Rear Wing Activation
24 მარტი
ახალ სეზონში, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე პილოტებს, რბოლებში მონაწილეობისას, დამატებით ორი მანიპულაციის შესრულება მოუწევთ. ერთია კერს-ის (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) ამოქმედება, მეორე კი - რეგულირებადი უკანა ფრთის გამოყენება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრ მანქანაზე, საჭის რგოლი არნახულად გადაიტვირთება.
„მერსედესის“ შეფი როს ბრაუნი თვლის, რომ საჭის რგოლის გადატვირთვის გამო, ადვილად შესაძლებელია, რომ პილოტებმა ერთდროულად რამდენიმე ღილაკს დააჭირონ ხოლმე, რაც შეცდომებს გამოიწვევს. ამასთან, მანიპულაციის ზუსტად შესასრულებლად, პილოტს მუდმივად ზედმეტად დაძაბვა მოუწევს, რამაც შესაძლოა, ასევე შეცდომები გამოიწვიოს.
რა თქმა უნდა, გუნდების მიზანია, რომ შეცდომის ალბათობა მინიმუმამდე შეამცირონ. ამიტომ, ისინი უკანა ფრთის მართვის საშუალებათა საჭის რგოლიდან სხვაგან გადატანას ცდილობდნენ. „მაკლარენმა“ ეს პულტი (მცირე ბერკეტი) საჭის რგოლის უკან გადაიტანა, „მერსედესმა“ კი ყველაზე მარტივი გამოსავალი ნახა - W02-ის უკანა ფრთის სამართავად, სპეციალური სატერფული დააყენა.
გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხის სპეციალური პედალი სამუხრუჭე პედლის მარცხნივ განლაგდა. ამდენად, მიხაელ შუმახერს და ნიკო როსბერგს, უკანა ფრთის მართვა ფეხით მოუწევთ. თანაც იმ დროს, როდესაც სამუხრუჭე სატერფულის გამოყენება არ დასჭირდებათ.
როდესაც პილოტს დამუხრუჭება დასჭირდება, მას მარცხენა ფეხის ფრთის სატერფულიდან აღება მოუწევს, რაც ამ ფრთის დეაქტივაციას მოახდენს. სხვათა შორის, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მიერ შემუშავებული ახალი რეგლამენტით, ფრთის დახრის კუთხის შემცირება იკრძალება მაშინ, როდესაც ავტომობილი შენელების რეჟიმშია. ამგვარად, „მერსედესის“ შემთხვევაში, ამ რეგლამენტის დარღვევა გამორიცხულია, რადგან დასამუხრუჭებლად, პილოტს ფრთის სატერფულიდან ფეხის აღება მოუწევს.
სხვათა შორის, ბრაზილიელმა ფელიპე მასამ აღიარა, რომ „ფერარიმ“ ასევე შეძლო ფრთის რეგულირების „კომფორტული მექანიზმის“ შექმნა. მისმა ესპანელმა თანაგუნდელმა ფერნანდო ალონსომ კი განაცხადა, რომ მისთვის ახალი მოწყობილობების მართვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
No comments:
Post a Comment