სოლბერგმა შეიძლება ინდიქარ-ის ლას ვეგასის რბოლაში იასპარეზოს
Solberg Could Run in the IndyCar at Las Vegas
13 მარტი
წლების განმავლობაში, ბევრი ელოდა, რომ რალის შვიდგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები, თავის კარიერას ფორმულა 1-ში გააგრძელებდა. მაგრამ ამ ვარაუდებს წერტილი თვითონ მრბოლმა დაუსვა. სამაგიეროდ, ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღიაბორბლიან სერიაში თავისი შესაძლებლობების მოსინჯვას აპირებს რალის 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი (ფოტოზე).
ოღონდ, მისი დებიუტი ძველ კონტინენტზე არ შედგება. ის ამისათვის ოკეანის გაღმა გაემგზავრება და მონაწილეობას ინდიქარ-ის სეზონის ბოლო ეტაპზე - ლას ვეგასში მიიღებს. ინდიქარის მსოფლიო სერიის ორგანიზატორების ჩანაფიქრით, სეზონის ბოლო რბოლაში სხვა სერიების ვარსკვლავების მონაწილეობა, რბოლებისადმი ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.
ამისათვის გადაწყდა, რომ რბოლაში ხუთი პილოტი უაილდ ქარდით მიიწვიონ და აქედან ერთი ბარათი შეიძლება სოლბერგს ერგოს. ამასთან, თუ რბოლას ასეთი ბარათით მიწვეული პილოტი მოიგებს, მაშინ ბონუსის სახით, მას 5 მილიონი დოლარი გადაეცემა.
„ყოველთვის მინდოდა, რაღაც ამის მსგავსი მეცადა. ასეთ რბოლაში მონაწილეობა ძალიან სასამოვნო უნდა იყოს. ადრე ლე მანის სერიის და ფორმულა 1-ის ავტომობილები მიმართია და არ მგონია, ასეთი სწრაფი ავტომობილის მართვა პრობლემა გახდეს“, - ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას განაცხადა სოლბერგმა.
ნორვეგიელის გარდა, ლას ვეგასის რბოლის მონაწილეები კიდევ ერთი სახელოვანი პილოტის - ფორმულა 1-ის 1997 წლის ჩემპიონის, კანადელი ჟაკ ვილნევის მიწვევას აპირებენ, ვისაც თავის დროზე, კარტ-ის სერია (1995 წელს) და ინდი 500 (1995 წელს) აქვს მოგებული.
No comments:
Post a Comment