„მაკლარენის“ პილოტების პრობლემებს აღიარებენ
McLaren duo admit to car concerns
2 მარტი
„მაკლარენმა“ რომ ახალი სეზონისთვის სათანადოდ მომზადება ვერ შეძლო, ამას უკვე მისი ორივე პილოტი აღიარებს. ლუის ჰამილტონიც და ჯენსონ ბატონიც MP4-26-ის მთავარ პრობლემად იმ გარემოებას მიიჩნევენ, რომ მას გზასთან ჩაჭიდება არ ჰყოფნის. თუმცა, ისინი იმედოვნებენ, რომ სეზონის დაწყებამდე, ამ გუნდი ამ პრობლემის მოგვარებას შეძლებს.
„მაკლარენმა“ ტესტები სხვა ტოპ გუნდებზე გვიან დაიწყო და გარდა იმისა, რომ მანქანას გზასთან ჩაჭიდულობა აკლია, ის არასაკმარისად გამძლეცაა - ტესტების დროს, პილოტებს ტექნიკური პრობლემების გამო გაჩერება ხშირად უწევდათ. ამიტომ, სხვებზე ნაკლები მანძილი დაფარეს.
ჰამილტონი დასძენს, რომ ახალი მანქანა არც ისე ცუდია, როგორიც 2009 წლის მანქანა, რომელიც სეზონის დასაწყისში ვერანაირ კონკურენციას ვერ უძლებდა. თუმცა აღიარებს, რომ MP4-26 კონკურენტუნარიანი არაა.
„2009 წლის მანქანა საშინელება იყო, რადგან მოსახვევებში ხშირად ერთი ბორბალი იჭედებოდა, რის გამოც, მოსახვევებს სამი ბორბლით გავდიოდი. და საერთოდაც, გზასთან ჩაჭიდულობაც აკლდა. ახალ მანქანაზე იგივეს ვერ ვიტყვი - ბორბლები არ იჭედება, მაგრამ ჩაჭიდულობის დეფიციტი მაინც არსებობს. სამაგიეროდ, ის გაცილებით უკეთ სამართავია, ვიდრე შარშანდელი მანქანა. იმედია, ყველა პრობლემას პირველი რბოლის სტარტამდე მოვაგვარებთ“, - ამბობს ჰამილტონი.
თანაგუნდელს ეთანხმება ბატონიც, ვინც იგივე პრობლემებს ასახელებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ სეზონის დაწყებამდე, ყველაფერი რიგზე იქნება: „მანქანაში პირველად რომ ჩავჯექი, პირველი შთაბეჭდილება იყო - ჩვენ ყველას უკან მოვიტოვებთ. მაგრამ არა. ახალი საბურავები სულ სხვანაირად მუშაობს, მანქანასაც ჩაჭიდულობა აკლია. მაგრამ შეშფოთების საბაბი მაინც არ მაქვს, რადგან ვიცი, რომ სეზონის დაწყებამდე, ყველაფერი გამოსწორდება“, - ამბობს ბატონი და დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ყველა პროლემას შემდეგ ტესტებზე მოაგვარებს, რომლებსაც ისევ ბარსელონა უმასპინძლებს.
No comments:
Post a Comment