ალონსო: ახალი საბურავები ტოპ გუნდებს საქმეს გაურთულებს
Alonso: 2011 tyres will hurt top teams
1 მარტი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო მიიჩნევს, რომ „პირელის“ რბილი საბურავების ნაკლები გამძლეობა, ტოპ გუნდების პილოტების შედეგებზე უარყოფითად იმოქმედებს. და რა თქმა უნდა, მას ასეთი სიტუაცია არ მოსწონს, რადგან ის თვლის, რომ სტარტზე წინა ადგილებზე მყოფ პილოტებს რეზინის უფრო ხშირად შეცვლა მოუწევთ, ვიდრე იმ პილოტებს, რომლებიც კვალიფიკაციის მესამე ეტაპზე ვერ იასპარეზებენ.
შეგახსენებთ, რომ „ბრიჯსტოუნის“ საბურავები ხშირად მთელ რბოლასაც კი უძლებდა, რაც გუნდების ტაქტიკურ შესაძლებლობებს ზღუდავდა. სწორედ გუნდების მოთხოვნა იყო ის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც, „პირელიმ“ გაზრდილი ცვეთის საბურავები მოამზადა, რომელიც გზის საფართან უკეთეს ჩაჭიდებას კი უზრუნველყოფს, მაგრამ ძალიან მალე ცვდება.
„ტესტებზე გამოჩნდა, რომ საბურავები მნიშვნელოვან დეგრადაციას განიცდის, რაც იმას ნიშნავს, რომ რბოლებისას ბევრი პიტსტოპი მოგვიწევს. განსაკუთრებით ძლიერ გუნდებს გაუჭირდებათ, რადგან მათს პილოტებს კვალიფიკაციის ბოლო ეტაპზე რბილი საბურავებით ასპარეზობა და შესაბამისად, რბოლის ამავე საბურავებით დაწყება მოუწევთ. წარმოიდგინეთ, ფეხბურთში, ძლიერი გუნდის კარში ყოველ ნახევარ საათში პენალტი რომ ინიშნებოდეს. თუმცა, ამ შემთხვევაში, ყველა ძლიერი გუნდი მაინც თანაბარ პოზიციაში იქნება“, - ამბობს ალონსო.
ალონსოსგან განსხვავებით, „პირელის“ საბურავებით კმაყოფილია მისი თანაგუნდელი ფელიპე მასა. ჩემპიონატის მონაწილეთა აზრიც ამ თემაზე გაყოფილია. კრიტიკის მიუხედავად, „პირელი“ აცხადებს, რომ საბურავების ცვეთამედეგობის გაუმჯობესებას მაინც არ აპირებს, რადგან ახლანდელი საბურავებით, უფრო სანახაობრივ რბოლებს ცნახავთ, საბურავების გაუმჯობესება კი რბოლებს მოსაწყენს გახდის.
გასული სეზონის ვიცე ჩემპიონი თავს არიდებს პროგნოზებს. რა თქმა უნდა, ჯერ არც „ფერარის“ ახალი ბოლიდის შეფასებას ცდილობს. თუმცა, დარწმუნებულია, რომ ახალ სეზონში პელოტონის რიგები არნახულად შემჭიდროვდება.
No comments:
Post a Comment