„სასაცილოდ სწრაფი“ „ტორო როსო“
NewToro Rosso 'Ridiculously Fast'
4 მარტი
„ტორო როსოს“ ახალი მანქანის სისწრაფეს უკვე ლიდერებიც აღიარებენ. მსოფლიოს სამმა ჩემპიონმა კი აღიარა, რომ იტალიურმა გუნდმა შეიძლება სენსაცია შემოგვთავაზოს. უფრო მეტიც, ლუის ჰამილტონი STR6-ს „სასაცილოდ სწრაფს“ უწოდებს.
„ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ ახალ სეზონში, ყველაზე საინტერესო „ტორო როსოს“ მანქანებზე დაკვირვება იქნება“, - ამბობს მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი და მას ეთანხმება თანაგუნდელი, მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი ჯენსონ ბატონი, ვინც იმ ფაქტს უსვამს ხაზს, რომ „ტორო როსოს“ მანქანები ძალიან გამძლეა.
იტალიური საჯინიბოსთვის ქებას არ იშურებს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო, ვისი თქმითაც, გასული სეზონის შემდეგ, „ტორო როსომ“ მნიშვნელოვნად წინ წაიწია. რაც მთავარია, ახალი მანქანით კმაყოფილები არიან ის პილოტებიც, ვისაც STR6-ს მართვა მოუწევთ. კერძოდ, ესპანელი ხაიმე ალგერსუარი თვლის, რომ ტექნიკური რეგლამენტის ცვლილებამ, მისი გუნდი ყველაზე მეტად ახეირა და ის ყოველ ეტაპზე ქულებისთვის ბრძოლას აპირებს.
„ტორო როსოს“ ახალ ავტომობილს აქვს ეგრეთ წოდებული ორმაგი ძირი, რომლის კონსტრუქციასაც, „უილიამსის“ ტექნიკურმა დირექტორმა სემ მაიკლმა ახალი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიგნება უწოდა.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი „ტორო როსომ“ 13 ქულით დაასრულა და კონსტრუქტორთა პირველობაზე მეცხრე ადგილი დაიკავა. ისევე როგორც შარშან, ახალ სეზონშიც, იტალიური გუნდის მანქანებით ალგერსუარი და შვეიცარელი სებასტიან ბუემი იასპარეზებენ.
No comments:
Post a Comment