ავსტრალიაში უებერს შასიმ უღალატა
Webber's Chassis Had Problems in Australia
31 მარტი
ავსტრალიის დიდ პრიზზე სებასტიან ფეტელი დანარჩენ პილოტებზე გაცილებით სწრაფი იყო. განსაკუთრებით კი მისი უპირატესობა კვალიფიკაციაზე იყო აშკარა. იმ დროს, როდესაც „რედ ბული“ აცხადებს, რომ ორივე პილოტს თანაბარ დონეზე ემსახურება და მანქანასაც ერთნაირს აძლევს, ამ გარემოებამ ავსტრალიელ მაყურებლებში ბევრი კითხვა და ეჭვი დაბადა.
და, როგორც ირკვევა, ეს ეჭვები საფუძველს მოკლებული არ იყო - „რედ ბულის“ მოტორსპორტის საკითხების მრჩეველმა ჰელმუტ მარკომ განაცხადა, რომ გუნდის ავსტრალიელ პილოტ მარკ უებერს (ფოტოზე რბოლისას), რბოლის დროს, შასისთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, რის გამოც, მან ვერაფრით მოახერხა საბურავების შესაძლებლობების ათვისება.
„მარკს შასისთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც, ვერც რბილმა და ვერც მყარმა საბურავებმა სათანადოდ ვერ იმუშავა. ამასთან, მის მანქანაზე რეზინი უფრო სწრაფად ცვდებოდა, ვიდრე სებასტიანისაზე“, - გერმანულ ტელეარხ RTL-თან საუბრისას განაცხადა მარკომ.
რბოლის შემდეგ, უებერს ჰკითხეს, მისი უღიმღამო გამოსვლა მანქანის ბრალი ხომ არ იყო, რაზეც მან უპასუხა: „არ ვიცი. რა თქმა უნდა, ამ საკითხს საფუძვლიანი გაანალიზება სჭირდება. და ალბათ, მიზეზი საკუთარ თავშიც უნდა ვეძებო. აშკარაა, რომ თანაგუნდელთან ასეთი დიდი ჩამორჩენა შემთხვევითი არაა. ამას ალბათ თავისი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ მე ამაზე ჯერ არაფერი ვიცი“.
კვალიფიკაციაზე უებერმა ფეტელთან დაახლოებით 0.8 წამი წააგო, რბოლაში კი მასვე 40 წამით ჩამორჩა. „ასე ვთქვათ, ჩემი შედეგით გაწბილებული ვარ, თუმცა ამ ეტაპზე მთავარია, რომ ქულები დავაგროვე. თანაც, ყველამ ის ადგილი დაიკავა, რომელიც დაიმსახურა“, - დასძენს უებერი.
No comments:
Post a Comment