ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, July 12, 2009

უებერი პირველ პოულს ზეიმობს

Formula 1

11 ივლისი

სურათზე მარცხნიდან: ჯენსონ ბატონი, მარ უებერი და რუბენს ბარიკელო

..............................................................................

”რედ ბულის” ავსტრალიელი მარკ უებერის გამარჯვებით დასრულდა გერმანიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, რომელიც პერიოდული წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა. რა თქმა უნდა, წვიმამ გავლენა იქონია კვალიფიკაციის მსვლელობაზე, მის გამო, მესამე სესიაზე ორმა ისეთმა პილოტმა იასპარეზა, რომლებსაც იქ არავინ ელოდა. თუმცა კვალიფიკაციის ბოლო წუთებში გადაიღო, ტრასამ გაშრობა მოასწრო და მრბოლებმაც ის შედეგები აჩვენეს, რისი თავიც ჰქონდათ.

ყველაზე სწრაფი კი უებერი გამოდგა, ვინც კარიერაში პირველად (130-ე რბოლაში) შეძლო პოულ პოზიციის მოპოვება და ახლა პირველ გამარჯვებაზეც ოცნებობს. უებერმა უკან მოიტოვა ”ბრაუნის” ორი პილოტი - ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო და ბრიტანელი ჯენსონ ბატონი, რომლებმაც შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს, უებერის გერმანელი თანაგუნდელი სებასტიან ფეტელი კი მეოთხე შედეგს დასჯერდა.

1980 წლის შემდეგ უებერი პირველი ავსტრალიელია, ვინც კვალიფიკაციაზე გამარჯვება შეძლო. 29 წლის წინ, ალან ჯონსმაც გერმანიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე გაიმარჯვა და იმავე სეზონში ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. მაგრამ უებერს თანამემამულის მიღწევის წელს გამეორება ძალიან გაუჭირდება - ჩემპიონატის ლიდერ ბატონს ის 35.5 ქულით ჩამორჩება.

”როგორც იქნა, პოულს მივაღწიე. გუნდმა შესანიშნავად იმუშავა, რისი წყალობითაც, ძალიან სწრაფები ვართ. ფანტასტიკური პოზიცია მიკავია იმისათვის, რომ ეს პოული გამარჯვებად ვაქციო. რა თქმა უნდა, ეს ბიჭები (გვერდზე მჯდომ ბარიკელოსა და ბატონს გულისხმობს) იოლად არაფერს დამითმობენ, მაგრამ მეც ბრძოლას ვაპირებ”, - ნარბოლევს, პრესკონფერენციაზე განაცხადა უებერმა, ვინც ამ სეზონში, კვალიფიკაციაზე პირველად აჯობა თანაგუნდელ ფეტელს, რომელსაც წინა ორი ეტაპის კვალიფიკაცია აქვს მოგებული.

აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციისთვის სინოპტიკოსებმა წვიმა იწინასწარმეტყველეს, რის გამოც, ტრასაზე თავიდანვე უკლებლივ ყველა პილოტი გამოვიდა. პირველ სესიაზე წვიმა არ წამოსულა, მაგრამ მეორეზე ორჯერ გაწვიმდა, რამაც ყველას თავგზა აურია. ამინდის ჭირვეულობამ მოწინავე ათეულს მიღმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო დატოვა, ვინც პრაქტიკებზე კარგი დროებით გამოირჩეოდა და წვიმით შექმნილი ქაოსი რომ არა, ათეულში შესვლაც არ გაუჭირდებოდა. სამაგიეროდ, მესამე სესიაზე მონაწილეობის უფლება მისმა ბრაზილიელმა თანაგუნდელმა ნელსინიუ პიკემ შეძლო.

როგორც იქნა, სამივე სესიაზე იასპარეზა მსოფლიოს ბრიტანელმა ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა, ვინც მოდიფიცირებული მანქანით ასპარეზობს და პარასკევის მეორე და შაბათის პრაქტიკებზე საუკეთესო შედეგები აჩვენა.

ათეულში პირველად შევიდა ”ფორს ინდიას” პილოტი და ეს პატივი გერმანელ ადრიან სუტილს ერგო, ვინც სველ ტრასაზე კარგად ასპარეზობს ხოლმე. სხვათა შორის, პირველ ათეულში ”მერსედეს-ბენცის” ძრავებით აღჭურვილი ხუთი (ექვსიდან) მანქანა მოხვდა. კვლავ ხელმოცარული დარჩა ”ტორო როსოს” ფრანგი სებასტიან ბურდე, ვისაც როგორც ჩანს, მალე შემცვლელს მოუძებნიან.

გერმანიის დიდი პრიზის კვალიფიკაცია

პილოტი, გუნდი 1 სესია 2 სესია 3 სესია

1. მარკ უებერი (რედ ბულ-რენო) 1:31.257 1:38.038 1:32.230

2. რუბენს ბარიკელო (ბრაუნ-მერსედესი) 1:31.482 1:34.455 1:32.357

3. ჯენსონ ბატონი (ბრაუნ-მერსდესი) 1:31.568 1:39.032 1:32.473

4. სებასტიან ფეტელი (რედ ბულ-რენო) 1:31.430 1:39.504 1:32.480

5. ლუის ჰამილტონი (მაკლარენ-მერსედესი) 1:31.473 1:39.149 1:32.616

6. ჰეიკი კოვალაინენი (მაკლარენ-მერსედესი) 1:31.881 1:40.826 1:33.859

7. ადრიან სუტილი (ფორს ინდია-მერსედესი) 1:32.015 1:36.740 1:34.316

8. ფელიპე მასა (ფერარი) 1:31.600 1:41.708 1:34.574

9. კიმი რაიკონენი (ფერარი) 1:31.869 1:41.730 1:34.710

10. ნელსინიუ პიკე (რენო) 1:32.128 1:35.737 1:34.803

11. ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი) 1:31.771 1:42.310

12. ფერნანდო ალონსო (რენო) 1:31.302 1:42.318

13. კაზუკი ნაკაძიმა (უილიამს-ტოიოტა) 1:31.884 1:42.500

14. იარნო ტრული (ტოიოტა) 1:31.760 1:42.771

15. ნიკო როსბერგი (უილიამს-ტოიოტა) 1:31.598 1:42.859

16. რობერტ კუბიცა (BMW-ზაუბერი) 1:32.190

17. სებასტიან ბუემი (ტორო როსო-ფერარი) 1:32.251

18. ჯანკარლო ფიზიკელა (ფორს ინდია-მერსედესი) 1:32.402

19. ტიმო გლოკი (ტოიოტა) 1:32.423

20. სებასტიან ბურდე (ტორო როსო-ფერარი) 1:33.559


No comments:

Post a Comment