ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, July 20, 2009

ფორმულა 1-ის ყველაზე ახალგაზრდა პილოტი

Jaime Alguersuari

20 ივლისი

”ტორო როსომ” დაადასტურა, რომ უნგრეთის დიდ პრიზზე, გუნდის მეორე ბოლიდის საჭეს ესპანელი ხაიმე ალგერსუარი მიუჯდება, რომელიც გუნდიდან რამდენიმე დღის წინ დათხოვნილი ფრანგი სებასტიან ბურდეს ადგილს დაიკავებს. ამგვარად, ბარსელონელი ალგერსუარი ფორმულა ერთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდება.

უნგრეთის დიდი პრიზის დღეს, ის 19 წლის და 125 დღის იქნება. აქამდე 1-ის ყველაზე ახალგაზრდა პილოტი ახალზელანდიელი მაიკ ტაკუელი იყო, რომელმაც კანადის 1980 წლის დიდ პრიზზე, 19 წლისამ და 183 დღისამ იასპარეზა.

”მისგან მინიმუმ პირველ სამ რბოლაში, არაფერს ველით. ეს დრო მას მანქანასთან და ფორმულა ერთის გარემოსთან შესაგუებლად დასჭირდება. ”რედ ბულს” ჩვენი გუნდი იმისთვისაც სჭირდება, რომ როცა შესაძლებელი იქნება, ჩვენ მისი ახალგაზრდა პილოტების პროგრამით არჩეულ პილოტებს დიდ სპორტში დებიუტის საშუალება მივცეთ. ამ ეტაპზე, პროგრამაში ყველაზე ჩამოყალიბებულ პილოტად სწორედ ალგერსუარი მივიჩნიეთ და ამიტომ, არჩევანიც მასზე შეჩერდა”, - ამბობს ”ტორო როსოს” შეფი ფრანც ტოსტი.

შარშან ალგერსუარი ბრიტანეთის ფორმულა 3-ის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა (კარლინ მოტორსპორტის ბოლიდით ასპარეზობდა). 15 წლისა, ის ”რედ ბულის” ახალგაზრდულ პროგრამაში აიყვანეს, ერთი თვის წინ კი ერთდროულად, ”რედ ბულის” და ”ტორო როსოს” ტესტ პილოტი გახდა.

”შეგნებული მაქვს, რომ ძალიან მძიმე გამოწვევის წინაშე ვიმყოფები. ფორმულა ერთში მოსვლა იოლი არასდროსაა, შუა სეზონში კი ეს კიდევ უფრო ძნელია. მაგრამ გუნდის მხრიდან აშკარა მხარდაჭერას ვგრძნობ, მათ კი ნიჭიერი ახალგაზრდა პილოტების აღმომჩენის რეპუტაცია აქვთ და ვიმედოვნებ, რომ არც ჩემს შემთხვევაში შემცდარან”, - ამბობს ალგერსუარი.

მართალია, ტაკუელი ყველაზე ახალგაზრდა პილოტია, მათ შორის, ვისაც ფ1-ის რბოლაში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ თავისუფალ პრაქტიკებში მონაწილეთა შორის ყველაზე ახალგაზრდა გერმანელი სებასტიან ფეტელია, ვინც იმავდროულად, ყველაზე ახალგაზრდამ შეძლო პირველი ქულების, პირველი პოულისა და პირველი გამარჯვების მოპოვება.

ფეტელმა, ვინც ახლა 22 წლისაა სამი წლის წინ, თურქეთის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკაზე (ბეემვე ზაუბერის ბოლიდით), 19 წლისამ და 53 დღისამ მიიღო მონაწილეობა.

სხვათა შორის, ტაკუელის მიღწევა პირობითია, რადგან მას კანადის დიდი პრიზის სტარტზევე ავარია მოუვიდა, რესტარტზე კი აღარ გამოსულა. ტაკუელამდე ფ1-ის რბოლის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილის წოდება მექსიკელ რიკარდო როდრიგესს ეკუთვნოდა, რომლმაც იტალიის 1961 წლის დიდ პრიზზე, 19 წლისამ და 224 დღისამ იასპარეზა.

No comments:

Post a Comment