ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, July 24, 2009

უნგრეთის დიდი პრიზი

Hungarian GP

24 ივლისი

უნგრეთის დიდი პრიზი ფორმულა 1-ის პირველი და ჯერჯერობით, ერთადერთი რბოლაა, რომელსაც ყოფილი სოციალისტური ბანაკის (თუ ჩინეთს არ ჩავთვლით) წევრმა ქვეყანამ უმასპინძლა. შეიძლება ითქვას, რომ ფორმულა ერთის უნგრული ეტაპი პერესტროიკის და რკინის ფარდის ღვევის დასაწყისის ერთ-ერთი პირველი მერცხალი გახდა - მისი მეშვეობით, კაცობრიობის ”ბედნიერი ნაწილის” მოქალაქეებმა, ტიპურ კაპიტალისტურ ხილს (მანამდე ფ1 სოცქვეყნებში ლამის აკრძალული იყო) გემო პირველად გაუსინჯეს.

უნდა ითქვას, რომ 80-იან წლებში, ბერნი ეკლსტოუნი ძალიან მოწადინებული იყო, რომ ერთი ეტაპი საბჭოთა კავშირისთვის მიეცა. ამასთან დაკაშირებით, ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებიც კი გამართა, მაგრამ ბიუროკრატიის შეუვალ კედელს გადააწყდა, რამაც განზრახვაზე ხელი ააღებინა. სამაგიეროდ, ხელში უნგრეთი შერჩა, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა სასურველი ეტაპის მიღებას.

როგორც კი მოსკოვიდან უარი მიიღო, ბერნი მაშინვე ბუდაპეშტში გაემგზავრა, ავტოსპორტის იქაურ მესვეურებს სასწრაფოდ მოელაპარაკა და საქმეც უსწრაფესად გაჩარხა. უნგრელებმა კი ისეთი მონდომება გამოიჩინეს, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი ავტოდრომი 8 თვეში ააგეს, 1986 წელს კი პირველად უმასპინძლეს უნგრეთის დიდ პრიზს.

უნდა ითქვას, რომ ჰუნგარორინგი ერთ-ერთი ყველაზე ნელია იმ ტრასებს შორის, რომლებზეც ფ1-ის ეტაპები ტარდება. თანაც, ქარს მეზობელი გორაკებიდან ტრასაზე ხშირად მტვერი გადააქვს, რაც პილოტებს დამატებით სიძნელეებს უქმნის. რაც ყველაზე მთავარია, ჰუნგარორინგზე გასწრება ძალიან ძნელია. ეს კი რბოლების სანახაობრივ მხარეზე უარყოფითად აისახება.

გარდა იმისა, რომ ნელი ტრასაა (მასზე ნელი რბოლები მხოლოდ მონაკოს ქუჩებში ტარდება), ჰუნგარორინგი იმითაც გამოირჩევა, რომ მანქანების მისი კონფიგურაციის შესაბამისად დარეგულირება ძალიან ძნელია. მაგალითად, კვალიფიკაციისთვის მომართული მანქანა რბოლისთვის თავიდანაა გადასაწყობი.

ტრასის კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ სტარტზე სოლიდურ უპირატესობას კენტ ადგილებზე მდგარი მანქანები ღებულობენ. ამის გამო, მაგალითად, კვალიფიკაციაში მეორე ადგილის დაკავებას შეიძლება მეხუთეც კი სჯობდეს. მიზეზი კი ისევ ის მტვერია, რომელსაც ქარი ტრასის ირგვლივ არსებული გორაკებიდან ერეკება. ამ მტვერს პრაქტიკებისა და კვალიფიკაციის დროს, მანქანები ტრაექტორიიდან კი ხვეტენ, მაგრამ გზის სხვა ნაწილი მტვრიანადვე რჩება და ამას ტრასის გაწმენდა ნაკლებად შველის.

უნგრული ეტაპის კიდევ ერთი პრობლემა საშინელი სიცხეა. რბოლის დროს, ასფალტი ხშირად 50 გრადუსამდე ხურდება, რაც საბურავებზე უარყოფითად მოქმედებს, ეს კი უარყოფით გავლენას მანქანის ბალანსზე ახდენს. რა თქმა უნდა, სიცხე პილოტებსაც თანგავს. ისინი უნგრეთში რბოლას ხშირად საუნაში ყოფნას ადრიან.

გასწრების ერთადერთი შანსი პირველ მოსახვევშია და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინ მიმავალი მეტოქე ტრასის ბოლო მოსახვევში შეცდება. ამის გამო, სტარტ/ფინიშის სწორზე ის მაქსიმალურ სიჩქარეს ვერ განავითარებს, ამით სარგებლობას კი უკან მომყოლი მეტოქე აუცილებლად ეცდება. ისე, წვიმას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია, მაგრამ ბუდაპეშტში ცა იშვიათად ხსნის პირს.

ჰუნგარორინგზე პირველი რბოლა ბრაზილიელმა ნელსონ პიკემ (უილიამს-ჰონდა) მოიგო, რომელმაც თანამემამულე და მაშინ ჯერაც უტიტულო აირტონ სენას (ლოტუს-რენო) დაძაბულ პაექრობაში აჯობა. გამარჯვებული მომდევნო სეზონშიც მათმა ჯახმა გაარკვია და ამჯერადაც ფინიშთან პირველი პიკე მიიჭრა.

1990 წელს მოულოდნელი გამარჯვება ბელგიელმა ტიერი ბუტსენმა (უილიამს-რენო) მოიპოვა. საშუალო დონის პილოტისთვის ეს კარიერაში ერთადერთი გამარჯვებაა. თანაც ის პოულიდან მოიგო და სტარტიდან ფინიშამდე, სენას გააფთრებულ შეტევებს გაუძლო.

მომდევნო წელს, სენამ (მაკლარენ-ჰონდა) უნგრულ ეტაპზე სტარტიდან ფინიშამდე, ლიდერობა არავის დაუთმო და მესამე ტიტულის დასაუფლებლად დიდი ნაბიჯით წინ წაიწია. ის რბოლა იმითაც იყო დასამახსოვრებელი, რომ მასზე უსწრაფესი წრე ბელგიელ ბერტრან გაშოს (ჯორდან-ფორდი) ჰქონდა, ვინც ფინიშზე მეცხრე მივიდა. ამ რბოლიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ლონდონელი ტაქსის მძღოლის ცემის გამო, გაშომ თავი ციხეში ამოყო, ”ჯორდანში” კი ის მიხაელ შუმახერმა შეცვალა.

1993 წელს, უნგრეთში, თავისი კარიერის პირველი გამარჯვება ბრიტანელმა დეიმონ ჰილმა (უილიამს-რენო) მოიპოვა, ვინც თანაგუნდელ ალენ პროსტის და სენას ტექნიკური პრობლემებით ისარგებლა. პირველ გამარჯვებას ჰილმა ზედიზედ კიდევ ორი - ბელგიასა და იტალიაში მოაყოლა და ფ1-ის ისტორიაში გახდა პირველი პილოტი, ვინც პირველი ტრიუმფი ჰეთ-თრიკით დააგვირგვინა.

ოთხი წლის შემდეგ, უნგრეთში კვლავ ჰილმა ისახელა თავი. ოღონდ, ამჯერად გამარჯვების გარეშე. საქმე ისაა, რომ ამ დროს ის უკვე აუტსაიდერი ”ეროუზ-იამაჰას” პილოტი იყო და ”ბრიჯსტოუნის” საბურავებით გამოდიოდა (იაპონური კომპანია ფ1-ის დებიუტანტი იყო). ჰილი თითქმის მთელ რბოლას ლიდერობდა, მაგრამ ბოლოსწინა წრეზე მისი მანქანის ტრანსმისიამ სული დალია და სენსაციაც არ შედგა.

2003 წელს უნგრეთის დიდი პრიზი ესპანელმა ფერნანდო ალონსომ (რენო) მოიგო და ამით, ფ1-ის ისტორიაში, რბოლის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. ამ დროს ის 22 წლის და ერთი თვის იყო. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ალონსომ ფინიშთან ერთი წრით მიასწრო იმ დროს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს (ფერარი).

2006 წლის უნგრული ეტაპი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ის წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა. გამარჯვება კი - კარიერაში პირველი, ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა (ჰონდა) მოიპოვა.

No comments:

Post a Comment