ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Friday, August 28, 2009

ბელგიის დიდი პრიზი

Belgian GP

28 აგვისტო

ბელგია. სპა ფრანკორშანი. წრის სიგრძე 7.004 კმ, 44 წრე. დისტანცია 308.052 კმ

ო რუჟს ჯენსონ ბატონი გადის
...............................................................

სპა ფრანკორშანი (Spa Francorchamps) მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი და საინტერესო, პილოტირებისადმი ძალიან მომთხოვნი, სწრაფი ტრასაა. განსაკუთრებით გამოირჩევა მოსახვევების კასკად ”ო რუჟით” (წითელი წყალი), რომელიც სტარტ/ფინიშის ძველი სწორის ბოლოდან იწყება, აღმართში გადადის და ძალიან გახსნილი, უსწრაფესი მოსახვევით მთავრდება.

ამ მოსახვევში, რომელსაც პილოტები 300 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადიან, ორი, ერთმანეთზე მეტად სისხლის გამყინავი ავარია მოუვიდა ჟაკ ვილნევს, რომელმაც მეორე ავარიის შემდეგ განაცხადა, ასეთი სიამოვნება იშვიათად განმიცდიაო.

სპა გამოირჩევა იმით, რომ მასზე ბევრი გასასწრები ადგილია. ის პილოტებისადმი ძალიან მომთხოვნია და ამიტომ, იქ შეცდომებსაც ხშირად უშვებენ, რაც გასწრებათა რაოდენობას ზრდის. ხშირად საქმეში ამინდიც ერთვება, რომელიც ხშირად თავდაყირა აყენებს ყოველგვარ პროგნოზს. ამ ტრასაზე მანქანის იდეალურად მომართვა-დარეგულირება ძალიან ძნელია. სამაგიეროდ, მასზე პილოტირება თითქმის ყველა პილოტს უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებს.

ეს ის ტრასაა, სადაც ფ1-ში მიხაელ შუმახერის დებიუტი შედგა. იქვე მას კარიერაში პირველი გამარჯვება აქვს მოპოვებული. სამაგიეროდ, ამვავე ტრასაზე მას მიკა ჰაკინენმა წარმოუდგენელი მანევრით გაასწრო და ის მანევრი ფორმულა 1-ის ისტორიის გამორჩეულ მოვლენად დარჩა.

ეს 2000 წელს მოხდა. შუა რბოლაში, ლიდერი შუმი იყო, ჰაკენენს კი მეორე ადგილი ეკავა, თუმცა პიტ სტოპის შემდეგ, წინ მიმავალ გერმანელს სწრაფად ეწეოდა. ფინელმა პილოტმა შეტევისთვის საუკეთესო ადგილად მოსახვევი ლეს კომბსი შეარჩია, რომლის წინაც შუმახერმა მისი რამდენიმე გააფთრებული შეტევა მოიგერია. მიკა დაწინაურებას ვერ ახერხებდა.

თუმცა, მალე მას დამხმარე გამოუჩნდა ბრაზილიელი რიკარდო ძონტას სახით. მორიგ წრეზე, ო რუჟი ჯერ ძონტამ გაიარა, შემდეგ შუმახერმა და შემდეგ მიკამ. ამავე თანმიმდევრობით ისინი მოსახვევ კემელსაც გასცდნენ, ლეს კომბსის წინ კი ბრაზილიელმა ჩათვალა, რომ შუმი გასწრებას ისედაც შეძლებდა და შუა გზიდან არ გადაუხვევია. შუმახერმა თავისი ”ფერარი” მარცხნივ მიმართა და თითქმის გაასწრო კიდეც ძონტას, რომ ამ დროს, ბრაზილიელს მარჯვნიდან გვერდში ჰაკინენი ამოუდგა. ლეს კომბსში გზა ოდნავ მარცხნივ უხვევს და უცებ სწორდება. ამიტომ მოსახვევის წინ, ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაში ფინელი პილოტი აღმოჩნდა, რომელმაც სასწაულებრივად დაიმორჩილა თავისი ”მაკლარენი” და კაცი იფიქრებდა, სიჩქარე არც დაუგდიაო, ისე გაიარა მოსახვევი, სადაც სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აღწევს.

ასეთი სამმაგი გასწრებით ლიდერის შეცვლას ძალიან იშვიათად ნახავთ...

სპა ფრანკორშანი სარბოლო ტრასად პირველად 1921 წელს გამოიყენეს, ოღონდ სამი წელი მასზე მხოლოდ მოტორბოლები ტარდებოდა. 1924 წელს კი მასზე პირველი ავტორბოლა (სპას 24 საათი) ჩატარდა. 1925 წელს სპაზე ბელგიის პირველი დიდი პრიზი ჩატარდა, რომელიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, იტალიელი ალბერტო ასკარის მამამ, ანტონიო ასკარიმ მოიგო. სამწუხაროდ, ამ გამარჯვებიდან შემდეგ რბოლაში, საფრანგეთის დიდ პრიზზე, ანტონიო დაიღუპა. მისმა შვილმა ბელგიური დიდი პრიზი ორჯერ - 1952 და 1953წლებში მოიგო.

1931 წელს, სპაზე ჩატარებული 24-საათიანი რბოლა ქართველმა თავადმა დიმიტრი ჯორჯაძემ (სურათზე, რომელიც 1955 წელს, ლონგ აილენდში, ერთ-ერთ კერძო წვეულებაზეა გადაღებული, ჯორჯაძე თავის მეუღლე სილვია ეშლისთან ერთად, აქლემს აჭმევს), ”მერსედს-ბენც SSK-თი” მოიგო. რბოლისას მას პარტნიორობას იტალიელი გოფრედო ზეენდერი უწევდა.

1950 წელს, ბელგიის დიდი პრიზი, როგორც ფორმულა 1-ის პირველი ჩემპიონატის რბოლა, ლეგენდარულმა არგენტინელმა ხუან მანუელ ფანხიომ მოიგო.

1969 წელს სპა ფ1-ის ჩემპიონტიდან იმის გამო ამოიღეს, რომ პილოტებმა (მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ჯეკი სტიუარტის თაოსნობით) ის მეტისმეტად სახიფათოდ მიიჩნიეს. სტიუარტმა, ვინც სამი წლით ადრე, სპაზე რბოლისას, სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა, ტრასის მეპატრონეთაგან მისი მოდერნიზაცია მოითხოვა, მაგრამ მათ მოთხოვნა ვერ შეასრულეს და რბოლამაც ბრიუსელის მახლობლად, ნიველ-ბოლერში გადაინაცვლა. 1972 წელს, ნიველში რბოლა ბრაზილიელმა ემერსონ ფიტიპალდიმ მოიგო, ვინც იმ სეზონში პირველ ტიტულსაც დაეუფლა. მომდევნო სეზონში ბელგიურ რბოლას ცოლდერმა უმასპინძლა, მერე ისევ ნიველს დაუბრუნდა და ამჯერადაც ფიტიმ მოიგო, რომელმაც მოგვიანებით, მეორე ტიტულიც მოიპოვა. თუმცა ეს ტრასა იმდენად უინტერესო იყო, რომ ფ1 იქ აღარც დაბრუნებულა.

1975 წლიდან ბელგიურ რბოლას ცოლდერი მასპინძლობდა, მაგრამ 1982 წელს იქ ჟილ ვილნევი დაიღუპა, რის გამოც, ბელგიის დიდი პრიზის ორგანიზატორებმა სპა გაიხსენეს. ძველი ტრასა გარემონტდა, 14-დან 7 კილომეტრამდე დამოკლდა და ფ1-ის რბოლაც დაიბრუნა. მართალია, 1984 წელს ბელგიური ეტაპი ისევ ცოლდერმა მიიღო, მაგრამ ამის შემდეგ, ფ1-ის ქარავანი ამ ტრასას აღარ მიბრუნებია.

1985 წლიდან მოყოლებული, ბელგიის დიდ პრიზს მხოლოდ სპა მასპინძლობს. 2003 წელს ბელგიური ეტაპი იმ უბრალო მიზეზის გამო არ ჩატარდა, რომ ბელგიაში თამბაქოს ნაწარმის რეკლამა დანარჩენ ევროპაზე რამდენიმე თვით ადრე აიკრძალა, სამი წლის შემდეგ კი ტრასა ბერნი ეკლსტოუნის რისხვა დაატყდა (მის მიერ მოთხოვნილი რეკონსტრუქცია ვერ მოესწრო) და რბოლა ამჯერადაც ამოიღეს კალენდრიდან.

მაგრამ სპა კვლავ დაბრუნდა. იმიტომ, რომ ის ფორმულა 1-ის ისეთივე მარგალიტია, როგორიც მონაკოს ქუჩის ტრასა, მონცა და სილვერსტოუნი...

No comments:

Post a Comment