მასას ბრაზილიის ეტაპზე დაბრუნება სურს
Felipe Massa
18 აგვისტო
ფელიპე მასა იმედოვნებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატს წელსვე, ბრაზილიის დიდ პრიზზე დაუბრუნდება. ბრაზილიელი პილოტი, რომელმაც უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციის დროს, თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო, ამჟამად შინ იმყოფება და მალე პარიზში ჩასვლას გეგმავს, რათა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის სამედეცინო კომოსიაში გაიაროს შემოწმება.
ორი კვირის წინ, მასა სან პაულუს ალბერტ აინშტაინის სახელობის ჰოსპიტალიდან გამოწერეს, სადაც სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. მისი მკურნალი ექიმების განცხადებით, მასას მდგომარეობა საოცრად სწრაფად უმჯობესდება და არაა გამორიცხული, რომ მან წელსვე შეძლოს რბოლებში დაბრუნება.
”მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც კვლავ მომეცემა რბოლის საშუალება. ვიმედოვნებ, რომ ბრაზილიური ეტაპისთვის დავბრუნდები. პირველ რიგში, კარტით ვივარჯიშებ, შემდეგ კი ფედერაციას მივაკითხავ, რათა იქ საბოლოო შემოწმება გავიარო და კვლავ მივიღო რბოლებში გამოსვლის უფლება”, - ამბობს მასა და დასძენს, რომ უნგრული ეტაპის კვალიფიკაციაზე მომხდარი ავარია საერთოდ არ ახსოვს. მისი მეხსიერება კი მას შემდეგ გრძელდება, რაც ბუდაპეშტის ჰოსპიტალში, კომადან გამოვიდა.
”ინციდენტი იმდენად სწრაფად მოხდა, არაფერი მახსოვს. არც ზამბარა დამინახავს. გაოცებულები მეკითხებიან, როგორ შეიძლებოდა არ დაგენახა ზამბარა, რომელიც თავში მოგხვდაო. მაგრამ მერწმუნეთ, არაფერი დამინახავს. ის რომ მომხვდა, მას შემდეგ არაფერი მახსოვს. შესაძლოა, ავარიის მომენტში უნებურად ვმოქმედებდი, მაგრამ ეს ინსტინქტურად, ჩემი კონტროლის გარეშე ხდებოდა. ჩანაწერში ვნახე, რომ ხელებსაც ვამოძრავებდი, მაგრამ გარწმუნებთ, ამ დროს გონზე არ ვიყავი, მეძინა. როცა ჰოსპიტალში გამოვფხიზლდი, ხელ-ფეხი მიმუშავებდა. სარკეში ჩავიხედე და დავინახე, რომ თვალი ძალიან გასიებული მქონდა. მაგრამ რაც მთავარია, ჩემით ვსუნთქავდი და ვაზროვნებდი. ხელებსაც ვამოძრავებდი, ფეხებსაც. მოკლედ, მოძრაობა შემეძლო”, - იხსენებს მასა.
კითხვაზე, რას ფიქრობს რუბენს ბარიკელოზე, რომლის მანქანის ზამბარამაც ასე დააზიანა, მასა პასუხობს, რომ მომხდარში მისი თანამემამულის ვერანაირ ბრალს ვერ ხედავს:
”რუბენსი არაფერ შუაშია. მან არც კი იცოდა, რომ მის უკან მე მივდიოდი. მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ჩვენ მეგობრები ვართ და რაც მოხდა, ის უნდა მომხდარიყო. ეს ზამბარა შეიძლებოდა ნებისმიერ სხვა მანქანას მოსძვრომოდა”.
მასა ამბობს, რომ ახლა ძალიან უნდა, ბრაზილიის დიდი პრიზის სტარტზე გამოვიდეს და თავის ფანებს, რომლებისგანც მისთვის მძიმე პერიოდში უამრავი გასამხნევებელი წერილი მიიღო, მადლობა გადაუხადოს. ”მათდამი განსაკუთრებული გრძნობა მაქვს და ამისთვის ყველას დიდ მადლობას ვუძღვნი”, - ამბობს მასა.
No comments:
Post a Comment