”უილიამსი” ”ტოიოტას” ძრავებზე უარს ამბობს
Williams
22 აგვისტო
”უილიამსსა” ”ტოიოტას” კონტრაქტი პარტნიორობას მომავალ სეზონშიც ავალდებულებს, მაგრამ ინგლისურ საჯინიბოს არ აკმაყოფილებს იაპონური კომპანიის მიერ მიწოდებული ძრავების მახასიათებლები და მიმწოდებლის შეცვლას ცდილობს.
ამ ეტაპზე, ორი ვარიანტი განიხილება. ერთი ”რენოა”, რომელმაც ”რედ ბულის მაგალითით დაამტკიცა, რომ მისი აგრეგატით ჩემპიონობისთვის ბრძოლა სრულიად რეალურია. თუმცა, იგივეს თქმა ”მერსედეს-ბენცზეც” შეიძლება.
”ავტოსპორტთან” საუბრისას, სერ ფრენკ უილიამსმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ძრავის მიმწოდებლის საკითხს უახლოეს მომავალში გაარკვევს. ”ამას ძალიან მალე გაიგებთ. ახლა ის დროა, რომ ვიცოდთ, მომავალ სეზონში რისი ჩადგმა მოგვიწევს მანქანაში”, - ამბობს სერ ფრენკი.
”ავტოსპორტის” ინფორმაციით, ”უილიამსი” და ”რენო” უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას. მაგრამ სერ ფრენკი ჯერჯერობით თავს იკავებს იმის თქმისგან, თუ რომელი კომპანიის ძრავის მიღება ურჩევნია მის გუნდს.
”პადოკში ბევრ რამეს ამბობენ. დღეს შეიძლება გაიგოთ, რომ ჩვენ ”რენოს” ვარჩევთ, ხვალ იგივეს მერსედეს-ბენცზე” იტყვიან, მერე კი ”ფერარისაც” გაიგებთ, მე კი ამ დროს ჯერ არაფერი გადამიწყვეტია”, - ამბობს უილიამსი.
თავის მხრივ, ”ტოიოტა” აცხადებს, რომ ”უილიმსთან” კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა მის საქმიანობას არ დააზარალებს. ამასთან, გუნდის შეფი ჯონ ჰაუეტი ამბობს, რომ ”უილიმსთან” დადებული კონტრაქტის მიხედვით, თუ ეს უკანასკნელი თავისუფალ ძრავს (რომელიმე კომპანიისგან, რომელიც ჩემპიონატში ჩაერთვება) იშოვნის, მაშინ იაპონური გუნდი მას ხელს არ შეუშლის და კონტრაქტისგან გაათავისუფლებს. ჰაუეტის თქმით, სეზონის დასაწყისში, ”უილიამსს” კონტრაქტის გაგრძელებაც კი მოუთხოვია. ორმხრივი შეთანხმებით, კონტრაქტის გაგრძელებაზე ხელი ამ სეზონის შემდეგ უნდა მოეწერათ, მაგრამ ახლა სერ ფრენკი გადაწყვეტილებას ცვლის.
”ავტოსპორტი” ასევე გვატყობინებს, რომ ”რენოს” თავისი კლიენტების რაოდენობის გაფართოება აქვს გადაწყვეტილი. ამ ეტაპზე, მისი პარტნიორი ”რედ ბულია”, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის, მაგრამ მომავალ სეზონში ”მერსედეს-ბენცის” ძრავებზე გადასვლას აპირებს. თუმცა ფრანგული კომპანია ყველაფერს ცდილობს იმისათვის, რომ ეს კლიენტი შეინარჩუნოს.
No comments:
Post a Comment