ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Wednesday, August 19, 2009

”ბეემვე ზაუბერმა” მომავალ სეზონზე განაცხადი შეიტანა

BMW-Sauber

19 აგვისტო

შვეიცარიულმა გუნდმა, რომელიც ფორმულა ერთის მიმდინარე ჩემპიონატში ”ბეემვე ზაუბერის” სახელით ასპარეზობს, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მოტორსპორტის საბჭოში, მომდევნო სეზონში მონაწილეობისთვის განაცხადი შეიტანა.

რამდენადაც გუნდი წლევანდელ ჩემპიონატში ასპარეზობს, მომავალ სეზონში მისი მონაწილეობა საეჭვო არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სიტუაცია იმან არია, რომ მისმა გერმანელმა პარტნიორმა ”ბეემვემ”, ფ1-დან თავისი გასვლის შესახებ გამოაცხადა. გუნდის მეწილემ და მისმა დამაარსებელმა, შვეიცარიელმა პეტერ ზაუბერმა ”ბეემვეს” კუთვნილი აქციების გამოსყიდვა სცადა, მაგრამ ბავარიელებს ფასზე ვერ შეუთანხმდა, რის გამოც, თანხმობის ახალ ხელშეკრულებას ხელი ვერ მოაწერა. ამის გამო კი, მისი გუნდი ავტომატურად ამოვარდა შემდგომი სამი ჩემპიონატის მონაწილეთა სიიდან. და ახლა თავისი ადგილის დაბრუნება იმ გუნდებთან კონკურენციაში მოუწევს, რომლებიც დიდი პრიზების ცირკში შეღწევას ცდილობენ.

პარალელურად, ზაუბერი ისეთ პარტნიორს ეძებს, რომელიც მას ”ბეემვესგან” გუნდის გამოსყიდვაში დაეხმარება. მაგრამ საქმეს ის გარემოება ურთულებს, რომ ჩემპიონატის მონაწილეთა შორის გარანტირებული ადგილის გარეშე, ამ საქმეს ხელს ბევრი არ მოჰკიდებს.

და მაინც, გერმანულ ჟურნალ ”აუტო მოტორ უნდ შპორტის” ინფორმაციით, ზაუბერმა ის მაინც შესძლო, რომ ფედერაციაში მომავალ ჩემპიონატში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის დაწყებამდე, ანალოგიურ მდგომარეობაში ”ჰონდას” საჯინიბო აღმოჩნდა, რომელიც ჩემპიონატიდან იაპონური კომპანიის გასვლის გამო, დახურვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ ”ჰონდამ” ის გუნდის ხელმძღვანელობას სიმბოლურ ფასად (ერთ გირვანქა სტერლინგად) მიჰყიდა და ასე გაქრობას გადაარჩინა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იაპონურმა კომპანიამ ამგვარად ის კომპენსაციები აირიდა თავიდან, რომელთა გადახდაც გუნდის პერსონლისთვის კონტრაქტების დარღვევის შემთხვევაში მოუწევდა. დღეს კი ”ბრაუნი” (ყოფილი ჰონდა) ჩემპიონატის ლიდერია და ტიტულის მოპოვების რეალური შანსი აქვს.

მაგრამ შვეიცარიული შრომის კანონი ”ბეემვეს” მსგავს ვალდებულებებს არ აკისრებს და ამდენად, გუნდის დახურვა ბავარიელებს ზედმეტ ხარჯებს არ მოუტანს. თუმცა, პეტერ ზაუბერი მაინც იმედოვნებს, რომ შეძლებს იმ გუნდის შენარჩუნებას, რომელსაც თავის დროზე, ფ1-ის ელიტურ კლუბში შესაღწევად ათ წელზე მეტი დასჭირდა.

”აუტო მოტორ უნდ შპორტის” ინფორმაციით, პეტერ ზაუბერს გუნდის გამოსყიდვაში მხარდაჭერას შვეიცარიული საინვესტიციო ფონდი ”რაიხე შვაიცერ ინვესტორენი” და გუნდის პარტნიორი, მალაიზიური ნავთობკომპანია ”პეტრონასი” პირდებიან. მთავარია, რომ ბავარიულ კომპანიას შეთავაზებული თანხა არ ეცოტაოს...

No comments:

Post a Comment