მასა შინ გაემგზავრა
Felipe Massa
3 აგვისტო
უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე განცდილი უმძიმესი ავარიიდან ცხრა დღის შემდეგ, ”ფერარის” ბრაზილიელი პილოტი ფელიპე მასა შინ გაფრინდა. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, თვით უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა.
”მადლობა ღმერთს, თავს კარგად ვგრძნობ. მარცხენა თვალის არე შეშუპებული მაქვს. ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები ბრაზილიაში და გავაგრძელებ გამოჯანმრთელების პროცესს”, - ნათქვამია მასას განცხადებაში, რომელიც ”ფერარიმ” გაავრცელა.
28 წლის ავტომრბოლთან ერთად, ”ბომბარდირ CL-600” ბიზნეს ლაინერით, ბრაზილიაში მისი მშობლები, ძმა, მეუღლე რაფაელა (რომელიც ექვსი თვის ფეხმძიმეა) და პირადი ექიმი დინო ალტმანი გაემგზავრნენ.
შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციის მეორე სესიის მიწურულს, მასას თავში წინ მიმავალი რუბენს ბარიკელოს ”ბრაუნიდან” მომძვრალი, თითქმის ერთკილოგრამიანი დეტალი (უკანა საკიდარის სტაბილიზატორის ზამბარა) მოხვდა, რომელმაც პილოტს მარცხენა წარბის არეში, ძვალი ჩაუმტვრია.
მასას თვითმფრინავი სან პაულუში საღამოს დაეშვება რის შემდეგაც, ”ფერარის” პილოტს ვერტმფრენით ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანენ, სადაც მას გამოკვლევა ჩაუტარდება. იქ მასა ორ დღეს გაატარებს, რის შემდეგაც, სახლში გაწერენ.
No comments:
Post a Comment