ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, August 31, 2009

სუპერ ოფისები ოთხ ბორბალზე

McLaren Brand Centre

31 აგვისტო

პადოკი - ფორმულა 1-ის საქმიანი სამყარო სარბოლ უქმეებზე
...........................................................................................
ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს ბევრი რამ აქვთ განსაკუთრებული. მათ ულტრათანამედროვე ბაზები (საწარმო-ლაბორატორიებით და აეროდინამიკური მილებით) აქვთ, სადაც მსოფლიოში უსწრაფეს სარბოლ ტექნიკას აწარმოებენ. ამ ბაზებში საქმე უმოკლეს ვადებში კეთდება, რასაც საუკეთესო ინჟინრები და ერთ ორგანიზმად ჩამოყალიბებული პერსონალი აკეთებს. რაც მთავარია, არ არსებობს ტექნიკური ამოცანა, რომლის გადაჭრაც ამ გუნდებს არ შეუძლიათ. აღარაფერს ვამბობთ პილოტებსა და მათს უზრმაზარ ხელფასებზე, რომლებსაც ისინი საკუთარი რისკის და ოსტატობის სანაცვლოდ იმსახურებენ.

და რა თქმა უნდა, ამ გუნდების საოცრებათა სიას, მათი მოტორჰოუმები, ანუ მოძრავი ოფისებიც მიეკუთვნება. ასეთ მოტორჰოუმებს (მოტორიზებულ სახლებს) ყველა გუნდი ფლობს. მათ ისინი ყველა რბოლაზე რამდენიმე ტრეილერით მიაქვთ და იქ ჯერ თითქმის ერთ დღეს მათს აწყობას უნდებიან, რბოლის შემდეგ კი ისევ შლიან და მომდევნო რბოლის ადგილზე მიაქვთ.

რა თქმა უნდა, ეს სერიოზულ პრობლემებთანაა დაკავშირებული - ჯერ ერთი, ასეთი მოტორჰოუმები ძალიან ძვირი ღირს. მეორეც, მათს მოვლა-პატრონობას და შენახვას სპეციალიზებული პერსონალი სჭირდება. სამაგიეროდ, გუნდებს პადოკში საკუთარი ბიზნეს-ცენტრები, სამზარეულოები (რომლებსაც რამდენიმე ათეული ადამიანის მომსახურება უწევთ), მცირე საკონფერენციო დარბაზები და საქმის წარმოებისთვის საჭირო სხვა საშუალებები აქვთ. ამ მოტორჰოუმებშივე, ისინი საპატიო სტუმრებს მასპინძლობენ და თუ საჭიროა, მათ დასვენებასაც უზრუნველყოფენ.

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დიდი მოტორჰოუმი დღეს ”მაკლარენს” აქვს (ქვედასურათზე), რომლის მოტორიზებული სახლიც ”ბრენდ სენტერის” სახელითაა ცნობილი. მის გადასატანად ინგლისურ საჯინიბოს 12 მძიმეწონიანი ავტომატარებელი და ამ შენობათა აწყობაში გაწაფული პერსონალი ემსახურება.

ვალენსიაში, რბოლის დასრულებისთანავე, ”მაკლარენის” პერსონალი ”ბრენდ სენტერის” დაშლას შეუდგა, საქმე კი მეორე დღეს, მოსაღამოებულზე დაასრულა. მეორე დღეს გეზი ბელგიისკენ აიღო. 12 მძიმე ტრეილერისგან შემდგარმა მატარებელმა დანიშნულბის ადგილს ოთხშაბათს ჩააღწია და მაშინვე, სპა ფრანკორშანის ავტოდრომის პადოკში, გუნდისთვის გამოყოფილ ადგილზე, პერსონალი მოტორჰოუმის აგებას შეუდგა. მეორე დილას კი ოფისი სტუმრების მისაღებად მზად იყო!

მართალია, საღამოს, ბრიტნელი მედიისთვის გამართულ ვახშამზე, ჟურნალისტები ხუმრობდნენ, მოტორჰოუმის კონსტრუქცია საეჭვოდ ჭრაჭუნობსო, მაგრამ ეს მაშინვე დაავიწყდათ, როგორც კი მასპინძელი გემრიელი ვახშამით გაუმასპინძლდა.

”მაკლარენისგან” განსხვავებით, ბელგიას თავისი (არანაკლებ გრანდიოზული) გადასატანი ოფისის გარეშე ეწვია ”ფორს ინდია”, რომელმაც მინიმალური საჭიროებისთვის, მოტოGP-ის” მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდ ”რისლა სუზუკისგან” მოკრძალებული მოტორჰოუმი ითხოვა. საკუთარი კი მონცაში გაგზავნა - ინდურმა გუნდმა ვალენსიაში საკუთარი სახლის დროულად დაშლა და ბელგიაში ჩატანა ვერ მოახერხა. ამის მიუხედავად, გუნდის იტალიელმა პილოტმა ჯანკარლო ფიზიკელამ სპაზე შესანიშნავად იასპარეზა და რბოლის ერთ-ერთი გმირი გახდა.

აი, ასეთია მსოფლიოს ყველაზე მოწინავე ჩემპიონატის გუნდრბის სეზონური ცხოვრება. მართალია, მათ სეზონებს შორისაც, ტესტებზე ასევე უწევთ ხშირი მგზავრობა, მაგრამ ამ დროს მოტორჰოუმებით ყოველთვის არ სარგებლობენ და თანაც, მაინცდამაინც, არსად ეჩქარებათ...

ამომავალ ვარსკვლავს გარანტირებული არაფერი აქვს

Nico Hulkenberg

31 აგვისტო

ახალგაზრდა გერმანელი პილოტი ნიკო ჰულკენბერგი (სურათზე) წელს GP2-ის სერიაში გამოდის და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ამ სერიის ჩემპიონიც გახდება. მისი მენეჯერი სახელოვანი ”მისტერ ოცი პროცენტი” ვილი ვებერია, რომელიც თავის დროზე, მიხაელ შუმახერს დაეხმარა გზის გაკვლევაში და ახლაც მასთან თანამშრომლობს. ვებერის წყალობით, ჰულკენბერგი უკვე ორი წელია, ფორმულა 1-ის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდ ”უილიამსის” ოფიციალური ტესტ პილოტია და ამავე გუნდთან კონტრაქტი მომავალი სეზონისთვისაც აკავშირებს.

ბუნებრივია, გერმანელ ამომავალ ვარსკვლავს ფორმულა ერთში გადასვლა სურს, მაგრამ შეძლებს თუ არა მერმის ”უილიამსის” ერთ-ერთი ძირითადი პილოტის კომბინეზონს, ეს ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მისი თანამემამულე ნიკო როსბერგი. როსბერგი ”მაკლარენში” გადასვლას ცდილობს და თუ გადავა, ჰულკენბერგისთვის ფაქტობრივად, ფ1-სკენ გზა გაიხსნება.

”ჩვენ ჰულკენბერგითან კონტრაქტი გვაქვს. უახლოეს მომავალში გაირკვევა, როგორ განვითარდება სიტუაცია. რა თქმა უნდა, ჰულკენბერგი ძალიან სწრაფი პილოტია და კარგ შთაბეჭდელებას ტოვებს. დიდი ხანია, მის კარიერას ვაკვირდებით და ვიცით, რომ მას კარგი მომავალი აქვს. ვაღიარებ, რომ მას ”უილიამსში” დარჩენის რეალური შანსი აქვს, მაგრამ არც ისაა დასამალი, რომ ჩვენს სიაში ბევრი სხვა პილოტის სახელიცაა”, - ამბობს ინგლისური გუნდის ტექნიკური დირექტორი სემ მაიკლი.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამ სიაში ”ბეემვე ზაუბერის” პილოტები - პოლონელი რობერტ კუბიცა და გერმანელი ნიკ ჰაიდფელდიც შედიან, რომლებიც შესაძლოა, მალე უმუშევრები დარჩნენ. ამათ სასწრაფოდ მოუწევთ სხვაგან ადგილის მოძებნა, თორემ შეიძლება ისე მოხდს, რომ ბავარიულმა კონცერნმა თავისი გუნდი არ ან ვერ გაჰყიდოს. მაიკლი არც იმას გამორიცხავს, რო შესაძლოა, მომავალი სეზონისთვის გუნდმა ორივე პილოტი (როსბერგი და იაპონელი კაზუკი ნაკაძიმა) დაიტოვოს.

მაგრამ დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ მერმის ”უილიამსში” ნაკაძიმას ვერ ვიხილავთ - ეს პილოტი ამ გუნდში ძრავების მიმწოდებელი ”ტოიოტას” პროტეჟირებით მოხვდა, მაგრამ ამ კომპანიასთან ”უილიამსი” თანამშრომლობის შეწყვეტას აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკაძიმა ”დაუცველი” რჩება.

ბევრი რამ ალბათ იტალიის დიდი პრიზის დღეებში გადაწყდება, როდესაც მოსალოდნელია ”ფერარიში” ფერნანდო ალონსოს გადასვლის ოფიციალური დადასტურება. ამას უნდა მოჰყვეს ინფორმაცია იმაზე, თუ სად წავა კიმი რაიკონენი, დანარჩენები კი (მათ შორის კუბიცა, როსბერგი და მასთან ერთად ჰულკენბერგიც) თავიანთ არჩევანს ამის შემდეგ გააკეთებენ.

ფიზიკელა, თუ ბადოერი?

Ferrari

31 აგვისტო

ბელგიის დიდი პრიზის შემდეგ, ფორმულა 1-ში ყველაზე აქტუალური თემა ”ფერარიში” ჯანკარლო ფიზიკელას (სურათზე) შესაძლო გადასვლაა, სადაც მან უმაქნისი ლუკა ბადოერი უნდა შეცვალოს. რბოლაში, რომელიც იტალიური საჯინიბოს პილოტის, მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ კიმი რაიკონენის გამარჯვებით დასრულდა, ბადოერმა კი ისევ ბოლო ადგილი დაიკავა.

ბუნებრივია, გუნდი, რომელიც კონსტრუქტორთა პირველობაზე მესამე ადგილის დაკავებას ცდილობს, ბადოერისთანა ტვირთს დიდხანს ვერ აიტანს. ამიტომ, მარანელოელებისგან იტალიური ეტაპის წინ, ყველა სასწრაფო გადაწყვეტილებას ელის.

ფიზიკელა არ მალავს, რომ ”ფერარის” ბოლიდით ასპარეზობა მისი ოცნებაა. ბელგიაში კი მან საქმით დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაშია და მინიმუმ, მარანელოელებს მესამე ადგილის დაკავებაში დაეხმარება. ”სკუდერიაში” კი ჯერ ფიქრობენ. ამისთვის დრო ჯერ არის. ყოყმანის საფუძველი კი მათ აქვთ - თუ ახლა ბადოერს შეცვლიან, მეტი ცვლილების უფლება აღარ ექნებათ. ესე იგი, თუ ფიზიკელას მოიწვევენ, სეზონიც მასთან ერთად უნდა დაასრულონ. არადა, ფელიპე მასას სურს, რომ ამ სეზონშივე, ბრაზილიურ ეტაპზე დაუბრუნდეს რბოლას. მასა მორიგი სამედიცინო გამოკვლევისთვის ფლორიდაში იმყოფება და არაა გამორიცხული, რომ ”ფერარი” მისგან ელის ინფორმაციას. ასმის თაობაზე გუნდის შეფმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა.

სანამ რაიმე გაირკვეოდეს, ბადოერი ირწმუნება, რომ მონცაზე ქულებისთვის ბრძოლა შეუძლია. ისე, სპას შემდეგ, მას საკუთარი ნებით უნდა ეთქვა უარი შემდეგ რბოლაში გამოსვლაზე. მაგრამ ის დიდ გულზეა და თავის წარუმატებლობაში ნაწილობრივ იტალიურ პრესას ადანაშაულებს, რომლისგანაც თურმე მეტისმეტ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის. ბელგიაში თავის გამოსვლას კი პოზიტიურად აფასებს.

იცით, ბადოერმა ვალენსიაში თავისი კრახი რას დააბრალა? რას და იმას, რომ ქალაქის ქუჩებში ბეტონის კედლებიდან რამდენიმე სანტიმეტრში აწყვეტილმა უნდა იქროლო და თურმე ეს სახიფათო ყოფილა. ადვილი წარმოსადგენია, ტესტების დროს ”ფერარი” ასეთი პილოტისგან რა ძვირფას ინფორმაციას ღებულობს. და საინტერესოა, გუნდს ძირითად ტესტერად (მეორე ტესტ პილოტ მარკ ჟენს იშვიათად იყენებენ) ნორმალური პილოტი რომ ჰყავდეს, რამდენად სწრაფ მანქანას მოამზადებდა.

ბადოერს თავისი გაჭირვება ეყოფა, ჩვენ კი ფიზიკელას დავუბრუნდეთ. მის გაშვებასთან დაკავშირებით, ბიბისის კორესპონდენტს ”ფორს ინდიას” კომერციული დირექტორი იან ფილიპსი ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ინდური გუნდი ფიზიკოს ოცნების ასრულებაში ხელს არ შეუშლის.

მაგრამ არსებობს გარემოება, რომელმაც შეიძლება ეს გადასვლა შეაფერხოს. საქმე ისაა, რომ ამ სეზონის წინ, ”ფორს ინდიამ” ”ფერარისგან” ძრავების მიღებაზე უარი თქვა და კონტრაქტი ”მერსედეს-ბენცთან” გააფორმა. არადა, იტალიურ გუნდთან არსებული კონტრაქტით, ინდურ გუნდს მარანელოელების ძრავებით კიდევ ერთი სეზონი უნდა ესარგებლა. მოკლედ, ”ფორს ინდიას” ”ფერარის” ვალი აქვს და შესაძლოამ მისმა მფლობელმა ვიჯეი მალიამ ფიზიკელას გაშვების სანაცვლოდ, ამ ვალის ჩამოწერა მოითხოვოს. ეს ვარიანტი ნაწილობრივ მალიამ იმით დაადასტურა, რომ დღეს ფილიპსი ლაყბობისთვის გააკრიტიკა.

დაკიდევ, ფიზიკოს ”ფერარიში” გადასვლით კიდევ ერთი ადამიანი - ”ფორს ინდიას” ტესტ პილოტი, იტალიელი ვიტანტონიო ლიუცია დაინტერესებული, ვისაც ერთი სული აქვს, ინდურ გუნდში ფიზიკელა შეცვალოს და ამგვარად, ფორმულა 1-ს დაუბრუნდეს...

ფორმულა 1-ში ახალი სკანდალი მწიფდება

FIA ”რენოს” წინააღმდეგ

Renault F1

31 აგვისტო

საერთაშორისო საავტომობილო ფედეზერაციამ (FIA) შარშანდელი სეზონის სინგაპურის დიდ პრიზზე მომხდარი ინციდენტის შესწავლა ოფიციალურად დაიწყო. ის ინციდენტი რბოლის მე-17 წრეზე მოხდა და მის დროს, ბრაზილიელი ნელსინიუ პიკეს ბოლიდი დაიმტვრა (სურათზე), რის შემდეგაც ტრასაზე პეისკარი გამოვიდა. მომხდარით კარგად ისარგებლა პიკეს თანაგუნდელმა ფერნანდო ალონსომ, ვისაც პიტსტოპი ახალი მოვლილი ჰქონდა და რბოლა გამარჯვებით დაასრულა.

მაშინ ყველამ აღიარა, რომ ამ ინციდენტმა ესპანელ პილოტს დიდი უპირატესობა მიანიჭა. მან პიტსტოპი ორი წრით ადრე გაიარა, ლიდერებს კი გასავლელი ჰქონდათ. ტრასაზე პეისკარის გამოჩენის შემდეგ კი პიტ ლეინი ცოტა ხნით ჩაიკეტა, რის გამოც, ლიდერ პილოტებს ტაქტიკის შეცვლა მოუხდათ. მთავარი კი ისაა, რომ ბოქსების მოვლის შემდეგ, მათ ალონსოსთან ბევრი დრო წააგეს. მოკლედ, იმ სეზონში ”რენომ” პირველი გამარჯვება სწორედ პიკეს ავარიის წყალობით მოიპოვა...

მაშინ ყველა სწორედ იმაზე ლაპარკობდა, რომ ამ ავარიამ გუნდს წარმატება მოუტანა. მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ასეთი სერიოზული ბრალდების წამოყენება სარისკოა. მაგრამ ფაქტია, რომ FIA-მ საკითხის შესწავლა იმის გამო დაიწყო, რომ მის ხელთ სერიოზული სამხილები აღმოჩნდა.

ბელგიური რბოლის ტრანსლირებისას, ბრაზილიურ ტელეარხ ”გლობოს” კომენტატორმა განაცხადა, რომ FIA-მ საქმის შესასწავლად დამოუკიდბელი ექსპერტები მიიწვია. ფედერაციაში ახალი სამხილების მიწოდების წყაროდ პიკე არ სახელდება. არადა, ბრაზილიელ პილოტს სერიოზული საბაბი აქვს იმისათვის, რომ ფლავიო ბრიატორეს წყალი აუმღვრიოს - სწორედ ამ კაცის ”წყალობით” აირია მისი კარიერა. მაგრამ საქმეში პიკეს ჩართულობაზე არავინ ლაპარაკობს. სამაგიეროდ ამბობენ, რომ ფედერაციას ფლავიო ბრიატორეს საწინააღმდეგო სერიოზული სამხილები გააჩნია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ FIA-ს ”რენოს” მნიშვნელოვან საბუთებზე, მათ შორის, რბოლის დროს პილოტებთან მიმდინარე რადიოკავშირის ჩანაწერებსა და მანქანების მუშაობის ტელემეტრიულ მონაცემებზე მიუწვდება ხელი.

თუ ფედერაცია დაამტკიცებს, რომ პიკეს ავარია გამიზნული ქმედების შედეგი იყო, ”რენოს” და ბრიატორეს სერიოზული სანქციები ელით...

Sunday, August 30, 2009

ერთი რბოლის სამი ტრიუმფატორი

Belgian GP

30 აგვისტო

მარცხნიდან: ფიზიკელა, რაიკონენი და ფეტელი
გამარჯვებულის შამპანურის შხაპი
...................................................................
ნომინალურად, რბოლას ერთი გამარჯვებული უნდა ჰყავდეს. ის, ვინც ფინიშის ხაზს პირველი გადაკვეთს. რა თქმა უნდა, დღესაც ასე იყო - კიმი რაიკონენმა, როგორც იქნა, ”ფერარის” გამარჯვება მოაპოვებინა. მაგრამ შეცდომა არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ გამარჯვება მასთან ერთად, ჯანკარლო ფიზიკელამაც იზეიმა, რომლისგანაც კვალიფიკაციაზე მოპოვებული პოული ხომ სენსაცია იყო, მაგრამ დღეს დაკავებული მეორე ადგილი მისთვისაც და მისი ”ფორს ინდიასთვისაც” გამარჯვების ტოლფასია.

და ვინ არის მესამე გამარჯვებული? ვინ და რუბენს ბარიკელო, რომელმაც დაზიანებული ძრავით, ბოლო ოთხი წრის განმავლობაში, მეშვიდე პოზიცია შეინარჩუნა და ორი ქულა მოიპოვა, ის ორი ქულა, რომელსაც სეზონის ბოლოს ოქროს ფასი დაედება!

თქმა არ უნდა, რაიკონენმა შესანიშნავად იასპარეზა და დამსახურებულად გაიმარჯვა. განსაკუთრებულად კი ის უნდა აღინიშნოს, რომ ის უპირატესობა, რომელსაც კერს-ი ანიჭებდა, სრულად გამოიყენა - ჯერ სტარტზე რამდენიმე ადგილით წინ წაიწია, მერე კი, პეისკარმა ტრასა დატოვა თუ არა, ო რუჟის შემდგომ სწორზე, ბრწყინვალე მანევრით ფიზიკელაც უკან მოიტყოვა და აქედან მოყოლებული, ლიდერის პოზიციას დროებით, მხოლოდ მაშინ თმობდა, როდესაც რეზინის შესაცვლელად ბოქსში უწევდა შესვლა.

რაიკონენმა ბელგიაში რბოლა მეოთხედ მოიგო

........................................................................................

ფიზიკელამ მთელი რბოლა ლიდერის უკან იარა. უფრო მეტიც, ფინელზე ოდნავ მაღალი ტემპიც ჰქონდა, მაგრამ ამ უმცირესი უპირატესობის გამოყენებას ვერ ახერხებდა - რაიკონენი იოლად ვის რას დაუთმობს. გარისკვა კი, როგორც ჩანს, ფიზიკოს არ სურდა, რადგან მცირე შეცდომაც კი მის შრომას წყალში ჩაყრიდა. მოკლედ, ის მეორე ადგილს დასჯერდა და ესეც გამარჯვებასავით აღნიშნა.

რაც შეეხება ბარიკელოს, მას სტარტზე ჩაეძინა. მის გამო, რაიკონენიც კი შეყოვნდა, თორემ აისმენს თავისუფლად შეეძლო, რომ პირველ მოსახვევშივე ლიდერის პოზიციაში შესულიყო. რუბინიუ ამ შეყოვნეზეზების გამო, პირველ მოსახვევში ბოლო შევიდა და რომ არა პირველ წრეზე მომხდარი ავარია, რის გამოც ტრასაზე პეისკარი გამოვიდა, ქულისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდებოდა.

კარგად იასპარეზა სებასტიან ფეტელმაც, რომელმაც განსაკუთრებით კარგად რბოლის მეორე ნახევარი ჩაატარა და საბოლოოდ, მესამე ადგილს დასჯერდა. თავიდან მასზე სწრაფი მისი თანაგუნდელი მარკ უებერი იყო, მაგრამ ავსტრალიელს პირველ პიტ სტოპზე, ბოქსიდან გამოსვლისას, ინციდენტი მოუვიდა ნიკ ჰაიდფელდთან, რაშიც სტიუარდებმა მისი ბრალი დაინახეს და პიტ ლაინზე უქმე გავლით დააჯარიმეს. ამის გამო, უებერმა რბოლა უქულოდ დაასრულა, საერთო ჩათვლაში კი მეოთხეზე გადაინაცვლა.

გროჟანის და ბატონის ავარია

......................................................................

მართალია, ჯენსონ ბატონმა ავარიის გამო (რომლის დროსაც, მისი მანქანის გარდა, ხაიმე ალგერსუარის, ლუის ჰამილტონისა და რომენ გროჟანის მანქანებიც დაიმტვრა) რბოლა პირველივე წრეზე დაასრულა, მაგრამ საბოლოო შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, მას მაინც გაუმართლა - ტიტულზე მისმა სამივე მოცილემ რბოლა დაასრულა, მაგრამ უახლოეს მდევართან უპირატესობა მაინც მხოლოდ ორი ქულით შემცირდა.

”ძალიან კარგი სტარტი ავიღე, ლუისს გავასწარი. რუბენსს კი პრობლემა შეექმნა. მგონი, ოთხი ადგილით წინ წავიწიე. მეხუთე მოსახვევის წინ, გროჟანმა დამუხრუჭება ძალიან გვიან მოინდომა და მე დამეჯახა. ძალიან საწყენია, როდესაც რბოლას ასე ტოვებ”, - ნარბოლევს განაზაცხადა ბატონმა, ვისაც ბელგიის შემდეგაც 72 ქულა დარჩა.

რაც შეეხება რაიკონენს, მისთვის ეს ბოლო ხუთ სეზონში, სპაზე მოპოვებული მეოთხე გამარჯვებაა. სამაგიეროდ, კიმიმ თავის ბოლო 26 რბოლაში პირველად შეძლო კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურის დაკავება.

”ჩემი მიზანი ამ სეზონში თუნდაც ერთი რბოლის მოგება იყო, გუნდი კი კონსტრუქტორებში მესამე ადგილისთვის იბრძვის. ამ მოგებით მე ჩემი მინიმუმი შევასრულე, გუნდმა კი მესამე პოზიცია გაიმყარა”, - კმაყოფილმა განაცხადა რაიკონენმა, ვისთვისაც ეს კარიერაში მე-18 გამარჯვებაა.

ფიზიკელა კი, ვისაც ”ფერარიში” ბადოერის შეცვლის იმედი ჯერაც არ დაუკარგავს, თავისი შედეგით კმაყოფილებასაც არ მალავდა და გაწბილებასაც: ”კიმიზე სწრაფი ვიყავი. დასაწყისში მან კერს-ის წყალობით გამასწრო. რა თქმა უნდა, შედეგით მეც და ჩემი გუნდიც კმაყოფილები ვართ, მაგრამ საწყენია, როცა იცი, რომ მეტი შეგეძლო და ეს ვერ შესძელი”.

მსოფლიო ჩემპიონატის მე-13 ეტაპს ორ კვირაში იტალიის მონცა უმასპინძლებს.

ბელგიის დიდი პრიზი

სპა ფრანკორშანი. დისტანცია 308.052 კმ (7.004 კმ - 44 წრე)

1. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:23:50.995

2. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია-მერსედესი) +00:00.939

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 00:03.875

4. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 00:09.966

5. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 00:11.276

6. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენ-მერსედესი) 00:32.763

7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ-მერსედესი) 00:35.461

8. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 00:36.208

9. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო) 00:36.959

10. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 00:41.490

11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია-მერსედესი) 00:42.636

12. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო-ფერარი) 00:46.106

13. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 00:54.241

14. ლუკა ბადოერი (იტალია, ფერარი) 01:42.177

გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 8 წრე

გ. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 23 წრე

გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ-მერსედესი) 44 წრე

გ. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო-ფერარი) 44 წრე

გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 44 წრე

გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი) 44 წრე

შენიშვნა: გ. - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:47.263, 38 - წრე

პილოტთა კლასიფიკაცია

1. ჯენსონ ბატონი - 72 ქულა; 2. რუბენს ბარიკელო - 56; 3. სებასტიან ფეტელი - 53; 4. მარკ უებერი - 51.5; 5. კიმი რაიკონენი - 34; 6. ნიკო როსბერგი - 30.5; 7. ლუის ჰამილტონი - 27; 8. იარნო ტრული - 22.5; 9. ფელიპე მასა (ბრაზილია,ფერარი) - 22; 10. ჰეიკი კოვალაინენი - 17; 11. ტიმო გლოკი - 16; 12. ფერნანდო ალონსო - 16; 13. ნიკ ჰაიდფელდი - 10; 14. ჯანკარლო ფიზიკელა - 8; 15. რობერტ კუბიცა - 8; 16. სებასტიან ბუემი - 3; 17. სებასტიან ბურდე (საფრანგეთი, ტორო როსო-ფერარი) - 2; 18. ადრიან სუტილი - 0; 19. კაზუკი ნაკაძიმა - 0; 20. ნელსინიუ პიკე (ბრაზილია, რენო) - 0; 21. ლუკა ბადოერი - 0; 22. ხაიმე ალგერსუარი - 0; 23. რომენ გროჟანი - 0

კონსტრუქტორთა პირველობა

1. ბრაუნ-მერსედესი - 128 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 104.5; 3. ფერარი - 56; 4. მაკლარენ-მერსედესი - 44; 5. ტოიოტა - 38.5; 6. უილიამს-ტოიოტა - 30.5; 7. BMW ზაუბერი - 18; 8. რენო - 16; 9. ფორს ინდია-მერსედესი - 8; 10. ტორო როსო-ფერარი - 5

”ბრაუნს” კვლავ საბურავების გახურება უჭირს

Belgian GP

29 აგვისტო

ბელგიური დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლის წინ, ”ბრაუნის” შეფი როს ბრაუნი ოპტიმისტურად იყო განწყობილი, რადგან საბურავების გახურებასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარებულად მიაჩნდა, მაგრამ კვალიფიკაციის შედეგებმა მისი ეს ოპტიმიზმი პესიმიზმით შეცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ რუბენს ბარიკელო სტარტს მეოთხე ადგილიდან აიღებს, ბრაუნი ამბობს, რომ მისი გუნდის ორივე პილოტი კვლავ ვერ ახერხებს რეზინის ოპტიმალურ ტემპერატურამდე გახურებას. ამიტომ, ბელგიის შემდეგ, გუნდს ისევ ამ პრობლემაზე მუშაობა მოუწევს.

”საბურავების გახურების პრობლემა ჩვენთვის კვლავ აქტუალურია. განსაკუთრებით ჯენსონს უჭირს. თავისუფალ პრაქტიკებზე თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ კვალიფიკაციის მსვლელობისას, პრობლემამ ისევ იჩინა თავი. მართალია, ის წინანდელივით სერიოზული არაა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელის შემშლელია. როცა მანქანა მძიმეა და რამდენიმე წრეს გაივლის, საბურავებიც ხურდება, მაგრამ ამას დრო უნდა, რბოლისას კი ამდენი ფუფუნების საშუალება არ გვექნება”, - სწუხს ბრაუნი.

გუნდის შეფი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ბატონის პრობლემები ნაწილობრივ მისი პილოტირების სტილთან იყოს დაკავშირებული - ბრიტანელი პილოტი მართვის რბილი მანერით გამოირჩევა და საბურავებს ყოველთვის ზოგავს. როცა მანქანა იდეალურად მუშაობს, ეს უპირატესობას იძლევა, მაგრამ როცა რეზინის გახურება პრობლემაა, მაშინ მას უფრო უჭირს, ვიდრე ბარიკელოს, ვინც მოსახვევებს უფრო აგრესიულად გადის.

ბრაუნი იმედოვნებს, რომ რუბინიო კარგ სტარტს აიღებს და ამის იმედს ის გარემოება იძლევა, რომ მისი მანქანის ავზში ცოტა საწვავი ასხია. ”რუბენსი კარგი სტარტით გამოირჩევა და მის სიახლოვეს კერს-იანი მანქანებიც არაა. ასე რომ, თუ სტარტზე წინ წაწევას შესძლებს, მოგების შანსიც ექნება. განსაკუთრებით კარგად ის რბოლის მეორე ნახევარს გაივლის, როცა, ალბათ, უფრო ხისტი საბურავებით იქნება. მისთვის სწორედ სტარტი და რბოლის მეორე ნაწილი იქნება გადამწყვეტი”, - დასძენს ბრაუნი.

Saturday, August 29, 2009

ვის რამდენი უსხია

Belgian GP

29 აგვისტო


საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) კვალიფიკაციის შემდგომ, მანქანების საკონტროლო აწონვის შედეგები გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული ცხრილიდან ჩანს, რომ პოულის მფლობელ ფიზიკელას გამარჯვებაში მანქანის სიმსუბუქემ შეუწყო ხელი. თუმცა, მასზე მსუბუქი მანქანით ვალენსიური რბოლის ტრიუმფატორმა ბარიკელომ იასპარეზა. ბრაზილიელი იმედოვნებს, რომ ამჯერადაც, რბოლაში დაწინაურებას და გამარჯვებას შეძლებს.

ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ პირველ პიტ სტოპზე პირველი ბარიკელო შევა. ის რბოლას მსუბუქი დაიწყებს და სავარაუდოდ, პოზიციის გაუმჯობესებასაც შეძლებს. კარგი სტარტის იმედი კიმი რაიკონენსაც აქვს, ვინც კერს-ის იმედზე შეიძლება იყოს და ვინ იცის, იქნებ პირველ მოსახვევში პელოტონს სწორედ ის შეუძღვეს. თუ ასე მოხდა, მისი გასწრება, თუნდაც მოხერხებული ტაქტიკის წყალობით, ნებისმიერს გაუჭირდება.

მაგრამ თუ გაწვიმდა...

პილოტი, ქვეყანა, გუნდი მანქანის წონა

1. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია) 648.0

2. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 656.5

3. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 655.0

4. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 644.5

5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 649.0

6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 655.0

7. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 648.5

8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 662.5

9. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 658.0

10. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 670.0

11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 678.5

12. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 693.5

13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 684.4

14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 694.2

15. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 697.0

16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 685.0

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 704.5

18. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 706.1

19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 704.7

20. ლუკა ბადოერი (იტალია, ფერარი) 691.5

ფიზიკელას და ”ფორს ინდიას” პოული!!!

Belgian GP

29 აგვისტო

”ფორს ინდიას” იტალიელი ვეტერანის, ჯანკარლო ფიზიკელას სენსაციური გამარჯვებით დასრულდა ბელგიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა. 36 წლის ფიზიკელამ 2006 წლის შემდეგ პირველი, კარიერაში კი მეოთხე პიული მოიპოვა. ოღონდ, თუ მაშინ ფავორიტი ”რენოს” მანქანით გამოდიოდა, ამჯერად იმ გუნდში ასპარეზობს, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის 29 რბოლაში, რომლებშიც მონაწილეობა მიუღია, ჯერ ქულაც არ მოუპოვებია.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკო კვალიფიკაციის პირველ სესიაზეც უსწრაფესი იყო, მეორეზე კი მეოთხე შედეგს დასჯერდა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ის მთელი სესიის განმავლობაში კონკურენტუნარიანი იყო და მისი ტრიუმფიც არ ყოფილა უსაფუძვლო. თუმცა, ფორს ინდიას” პილოტისგან ამდენს ალბათ მაინც არავინ ელოდა.

კვალიფიკაცია მეორე შედეგით კიდევ ერთმა იტალიელმა ვეტერანმა, იარნო ტრულიმ დაასრულა, ვინც თანამემამულეს 0.087 წამით ჩამორჩა. ამგვარად, ხვალ სასტარტო რიგის ორ მოწინავე პოზიციას ორი იტალიელი პილოტი დაიკავებს, რაც 2005 წლის ავსტრალიის რბოლის შემდეგ პირველად მოხდება.

მესამე შედეგი ”ბეემვე ზაუბერის” გერმანელი ნიკ ჰაიდფელდის ანგარიშზეა, მეოთხე კი ვალენსიის რბოლის გამარჯვებული, ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო იყო. თუ რუბინიოს ხვალინდელი რბოლის მოსაგებადაც შესანიშნავი პოზიცია უკავია, ამას ვერ ვიტყვით მის თანაგუნდელსა და მეტოქეზე ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში, ბრიტანელ ჯენსონ ბატონზე, ვინც კვალიფიკაციის მეორე სესიაზე მოწინვე ათეულში შესვლაც კი ვერ შეძლო.

”ეს განსაცვიფრებელია, ეს ფანტასტიკურია. ამ შედეგით იმდენად ბედნიერი ვარ, რომ ამის სიტყვებით გამოხატვა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ამ შედეგს არ ველოდი. სპა ჩემი საყვარელი ტრასაა, მაგრამ როგორ წარმოვიდგენდი, რომ პოულის აღებას შევძლებდი. თუმცა ისიც ფაქტია, რომ წინა რბოლის შემდეგ, სოლიდური პროგრესი გვაქვს”, - ამბობს ფიზიკო, ვინც არ მალავს, რომ მისი ოცნება მომდევნო რბოლაში - იტალიის დიდ პრიზზე, ”ფერარის” მანქანით ასპარეზობაა.

”ვის გაუკვირდბა, თუ ვიტყვი, რომ ”ფერარიში” გამოსვლა ჩემი ოცნებაა. ამაზე მარტო ფორმულა 1-ში კი არა, სხვა კატეგორიებშიც ოცნებობენ. ეს ოცნება კი მით უფრო ძლიერია, როცა იტალიელ პილოტთან გვაქვს საქმე. მაგრამ ახლა ხვალინდელ რბოლაზე უნდა ვიფიქრო. თუ ისინი დამირეკავენ... მაგრამ არ მინდა ამაზე ფიქრი. დღეს მე კონტრაქტი”ფორს ინდიასთან” მაქვს და არა ”ფერარისთან”, - ამბობს ფიზიკელა.

იღბლის მომტანი კურდღელი

ფიზიკელამ (სურათზე ასპარეზობისას) კვალიფიკაციის წინა ვარჯიშის დროს, ტრასაზე გამოვარდნილი კურდღელი გაიტანა, რამაც მისი მანქანის წინა ფრთა დააზიანა. პრესკონფერენციაზე ფიზიკომ ეს ფაქტი გაიხსენა და თავისი მიღწევაც ნაწილობრივ ამით ახსნა:

”ინჟინრებმა მითხრეს, როცა მსგავსი რამ ინგლისში ხდება, ამბობენ, რომ კურდღელს იღბალი მოაქვს. ეს მართალი ყოფილა. ასე რომ, შემდეგი რბოლების წინ, ტრასების შემოგარენს დავზვერავ. ვინ იცის, იქნებ კურდღლები იქაც ვნახო”, - ხუმრობს იტალიელი, ვისთვისაც დღევანდლამდე, მიმდინარე სეზონში, კვალიფიკაციაზე ნაჩვენები (მონაკოში) საუკეთესო შედეგი მე-13 ადგილი იყო.

საინტერესოა, რომ კვალიფიკაციაზე საუკეთესო სამი შედეგის მქონე პილოტების მომავალი ჯერ გაურკვეველია. ფიზიკელას ინდურ გუნდთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება. ტრულის ”ტოიოტას” ჯერ მომავალი სეზონის ბიუჯეტი დამტკიცებული არ აქვს და სეზონის ბოლომდე არც ექნება. რაც შეეხება ჰაიდფელდს, მისი ”ბეემვე” ამ სეზონის შემდეგ ფ1-ს ტოვებს. ასე რომ, სპაზე რბოლისას თავის გამოჩენას მათი კარიერისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხებათ კვალიფიკაციაზე ხელმოცარულებს, ბატონის გარდა, მოწინავე ათეულში შესვლა ვერც ლუის ჰამილტონმა, ფერნანდო ალონსომ და ჰეიკი კოვალაინენმა შეძლეს. და თუ მათი ასეთი ჩავარდნა მოულოდნელობა იყო, ლუკა ბადოერის ბოლო ადგილი, თუნდაც ის ”ფერარის” საჭეს უჯდეს, არავის უნდა გაკვირვებოდა.

დაბოლოს, საინტერესო სტატისტიკა: ბოლო ხუთ ეტაპს ამდენივე გამარჯვებული ჰყავს - თურქეთში ბატონმა მოიგო, ბრიტანეთში - ფეტელმა, გერმანიაში - უებერმა, უნგრეთში - ჰამილტონმა, ვალენსიაში - ბარიკელომ. საინტერესოა, გაგრძელდება, თუ არა ეს ტრენდი?

კვალიფიკაციის შედეგები

პილოტი, ქვეყანა, გუნდი 1 სესია 2 სესია 3 სესია

1. ჯანკარლო ფიზიკელა (იტალია, ფორს ინდია) 1:45.102 1:44.667 1:46.308

2. იარნო ტრული (იტალია, ტოიოტა) 1:45.140 1:44.503 1:46.395

3. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, BMW ზაუბერი) 1:45.566 1:44.709 1:46.500

4. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, ბრაუნ GP) 1:45.237 1:44.834 1:46.513

5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, BMW ზაუბერი) 1:45.655 1:44.557 1:46.586

6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:45.579 1:44.953 1:46.633

7. ტიმო გლოკი (გერმანია, ტოიოტა) 1:45.450 1:44.877 1:46.677

8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო) 1:45.372 1:44.592 1:46.761

9. მარკ უებერი (ავსტრალია,რედ ბულ-რენო) 1:45.350 1:44.924 1:46.788

10. ნიკო როსბერგი (გერმანია, უილიამს-ტოიოტა) 1:45.486 1:45.047 1:47.362

11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:45.239 1:45.119

12. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:45.767 1:45.122

13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, რენო) 1:45.707 1:45.136

14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, ბრაუნ GP) 1:45.761 1:45.251

15. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, მაკლარენი) 1:45.705 1:45.259

16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:45.951

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:46.032

18. კაზუკი ნაკაძიმა (იაპონია, უილიამს-ტოიოტა) 1:46.307

19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო) 1:46.359

20. ლუკა ბადოერი (იტალია, ფერარი) 1:46.957

რაიკონენი ”ფერარიდან” წასვლაზე ლაპარაკობს

Kimi Raikkonen

29 აგვისტო

კიმი რაიკონენმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე (სურათზე) პირველად ილაპარაკა ”ფერარიდან” მისი შესაძლო წასვლის შესახებ. თუმცა, იქვე დასძინა,ა რომ საკმაოდ ახალგაზრდაა იმისათვის, რომ სპორტიდან წასვლაზე იფიქროს. მითუმეტეს, მისით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული და ”ფერარიში” თუ არა, მას მერმის რომელიმე სხვა ძლიერ გუნდში ვიხილავთ. ამასთან, იმასაც ხაზი გაუსვა, რომ თავის კარიერას მხოლოდ ფ1-ში გააგრძელებს და არა რალიში.

”თუ რაღაც მიზეზის გამო, მერმის ”ფერარიში” არ ვიქნები, დარწმუნებული ვარ, რომ სხვა გუნდში ჩემი ადგილი მოიძებნება. ეს პრობლემა არაა, რადგან სხვა გუნდებს ჩემი აყვანა სურთ. სპორტიდან წასვლისთვის მეტისმეტად ახალგაზრდაა ვარ. ”ფერარისთან” მომავალ სეზონზე კონტრაქტი მაქვს. ფ1-ში ყოფნა რომ არ მინდოდეს, ეს კონტრაქტიც არ იქნებოდა”, ამბობს კიმი და ამით, ფაქტობრივად ადასტურებს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ მერმის იტალიურ გუნდში მას მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო შეცვლის.

”ფერარისთან” არსებული კონტრაქტით, მომავალ სეზონში ფინელი პილოტის ხელფასი 45 მილიონი დოლარი უნდა იყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იტალიურ საჯინიბოს ამ კონტრაქტის გამოსყიდვა ათეულობით მილიონი დოლარი დაუჯდება. ამას დაუმატეთ ალონსოს ხელფასი, რომელიც რაიკონენისაზე ბევრად ნაკლები არ უნდა იყოს და ის კომპენსაცია, რომელიც ესპანელისა და ”რენოს” კონტრაქტის გამოსყიდვას დასჭირდება. გამოდის, რომ მარანელოელებს ალონსოს გადაბირება ას მილიონამდე დაუჯდებათ.

კიმის გადაყვანით დღეს რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. იგივე ”რენო” მას დიდი სიამოვნებით მიიწვევს. თუმცა, სანამ ალონსოს ”ფერარიში” გადასვლა ოფიციალურად არ დადასტურებულა, ფლავიო ბრიატორე ამ თემაზე ლაპარაკისგან თავს იკავებს. თუ ”რენო” არა, მაშინ ”მაკლარენი”, რომელიც რაიკონენმა სამი წლის წინ დატოვა. სავარაუდოდ, კიმის პრიორიტეტი სწორედ ”მაკლარენი” იქნება. სწორედ ამიტომაა, რომ ინგლისური გუნდი არ ჩქარობს გერმანელ ნიკ როსბერგთან კონტრაქტის გაფორმებას...

შუმახერს ალბათ მესამე ”ფერარის” საჭეს ჩააბარებენ

Belgian GP

29 აგვისტო

შუმახერის დაბრუნებაზე ”ფერარი” ზრუნავს
.....................................................................................

”ფერარის” სურს, რომ მომავალ სეზონში, შეძლებულ გუნდებს რბოლაზე სამი მანქანის გამოყვანის უფლება მიეცეთ და თუ ასე მოხდება, მარანელოეოები გვპირდებიან, რომ მათი მესამე მანქანის საჭეს მიხაელ შუმახერი მიუჯდება. ამის შესახებ, თავისუფალი პრაქტიკების შემდგომ პრესკონფერენციაზე, იტალიური გუნდის შეფმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა.

იგივე სურვილი უფრო ადრე იტალიური კომპანიის პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომაც გამოთქვა. მესამე მანქანით ასპარეზობის საწინააღმდგო არც თავად შუმახერს აქვს რამე. მაგრამ ბერნი ეკლსტოუნი ამბობს, იმისათვის, რომ გუნდებს მესამე მანქანის გამოყვანის უფლება მიეცეთ, სპორტულ რეგლამენტს შესაბამისი წესი უნდა დაემატოს, რასაც სხვა გუნდების თანხმობა დასჭირდება.

”თუ მიხაელს ჯანმრთელობის პრობლემა არ ექნება, რატრომ არ უნდა მივცეთ მას რბოლის საშუალება? ამის თაობაზე სხვა გუნდებთან კონსულტაციები უკვე გვაქვს. თუ იმ გუნდებს, რომლებსაც შესაბამისი რესურსი გააჩნიათ, სამი მანქანის გამოყვანის უფლებას მივცემთ, ეს ფორმულა 1-ს ბევრს მოაგებინებს. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. სპორტის მოყვარულს ტრასაზე უფრო მეტი ვარსკვლავის და ცნობილი მარკის მანქანების ხილვა სურს”, - ამბობს დომენიკალი და დასძენს, რომ ამ სეზონში შუმის დაბრუნება გამორიცხულია.

იტალიის დიდი პრიზის დღეებში, ფორმულა 1-ის გუნდების ასოციაციის წევრი გუნდები მოლაპარაკებას გამართავენ, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი საკითხი რბოლებში სამი მანქანის გამოყვანის დაშვება იქნება. ჯერ ეს დადასტურებული არაა, მაგრამ მერმის ”ფერარიში” ალბათ ფერნანდო ალონსოს ვიხილავთ, რომელიც ფელიპე მასას გაუწევს პარტნიორობას. და რა იქნება, თუ გუნდის მესამე ბოლიდის საჭესთან შუმახერს ვიხილავთ? რა და უამრავი მაყურებელი ტრიბუნაზე და ფ1-ის რბოლების ტელერეპორტეჟების რეიტინგის არნახული ზრდა. და, რა თქმა უნდა, ინტერესი - ვინ აჯობებს, შუმახერი თუ ალონსო?

ალონსო შუმისთვის დაბრუნების დამატებით სტიმულად შეიძლება იქცეს. ესპანელთან ტიტულისთვის ბრძოლა ხომ მან ორჯერ წააგო. წარმოუდგენლია, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს რევანში არ სწყუროდეს. მაგრამ იგივე ალონსო შეიძლება გერმანელის არდაბრუნების მთავარი მიზეზიც გახდეს - არ დაგავიწყდეთ, რომ შუმის თანაგუნდელად ტიტულის ამბიციის მქონე პილოტი არასდროს ჰყოლია. იოს ფერსტაპენი და ჯონი ჰერბერტი (ბენეტონში), ედი ირვაინი, რუბენს ბარიკელო და იგივე მასა, წითელი ბარონის საჩემპიონო კამპანიების მხოლოდ მსახურები იყვნენ. მაგრამ თუ მესამე პილოტად დაბრუნდება, შუმახერს იმავე მასაზე წინ აღარავინ დააყენებს და მაშინ, მის ლეგენდას საფრთხე ხომ არ დაემუქრება?

Friday, August 28, 2009

ბელგიის დიდი პრიზი

Belgian GP

28 აგვისტო

ბელგია. სპა ფრანკორშანი. წრის სიგრძე 7.004 კმ, 44 წრე. დისტანცია 308.052 კმ

ო რუჟს ჯენსონ ბატონი გადის
...............................................................

სპა ფრანკორშანი (Spa Francorchamps) მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი და საინტერესო, პილოტირებისადმი ძალიან მომთხოვნი, სწრაფი ტრასაა. განსაკუთრებით გამოირჩევა მოსახვევების კასკად ”ო რუჟით” (წითელი წყალი), რომელიც სტარტ/ფინიშის ძველი სწორის ბოლოდან იწყება, აღმართში გადადის და ძალიან გახსნილი, უსწრაფესი მოსახვევით მთავრდება.

ამ მოსახვევში, რომელსაც პილოტები 300 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადიან, ორი, ერთმანეთზე მეტად სისხლის გამყინავი ავარია მოუვიდა ჟაკ ვილნევს, რომელმაც მეორე ავარიის შემდეგ განაცხადა, ასეთი სიამოვნება იშვიათად განმიცდიაო.

სპა გამოირჩევა იმით, რომ მასზე ბევრი გასასწრები ადგილია. ის პილოტებისადმი ძალიან მომთხოვნია და ამიტომ, იქ შეცდომებსაც ხშირად უშვებენ, რაც გასწრებათა რაოდენობას ზრდის. ხშირად საქმეში ამინდიც ერთვება, რომელიც ხშირად თავდაყირა აყენებს ყოველგვარ პროგნოზს. ამ ტრასაზე მანქანის იდეალურად მომართვა-დარეგულირება ძალიან ძნელია. სამაგიეროდ, მასზე პილოტირება თითქმის ყველა პილოტს უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებს.

ეს ის ტრასაა, სადაც ფ1-ში მიხაელ შუმახერის დებიუტი შედგა. იქვე მას კარიერაში პირველი გამარჯვება აქვს მოპოვებული. სამაგიეროდ, ამვავე ტრასაზე მას მიკა ჰაკინენმა წარმოუდგენელი მანევრით გაასწრო და ის მანევრი ფორმულა 1-ის ისტორიის გამორჩეულ მოვლენად დარჩა.

ეს 2000 წელს მოხდა. შუა რბოლაში, ლიდერი შუმი იყო, ჰაკენენს კი მეორე ადგილი ეკავა, თუმცა პიტ სტოპის შემდეგ, წინ მიმავალ გერმანელს სწრაფად ეწეოდა. ფინელმა პილოტმა შეტევისთვის საუკეთესო ადგილად მოსახვევი ლეს კომბსი შეარჩია, რომლის წინაც შუმახერმა მისი რამდენიმე გააფთრებული შეტევა მოიგერია. მიკა დაწინაურებას ვერ ახერხებდა.

თუმცა, მალე მას დამხმარე გამოუჩნდა ბრაზილიელი რიკარდო ძონტას სახით. მორიგ წრეზე, ო რუჟი ჯერ ძონტამ გაიარა, შემდეგ შუმახერმა და შემდეგ მიკამ. ამავე თანმიმდევრობით ისინი მოსახვევ კემელსაც გასცდნენ, ლეს კომბსის წინ კი ბრაზილიელმა ჩათვალა, რომ შუმი გასწრებას ისედაც შეძლებდა და შუა გზიდან არ გადაუხვევია. შუმახერმა თავისი ”ფერარი” მარცხნივ მიმართა და თითქმის გაასწრო კიდეც ძონტას, რომ ამ დროს, ბრაზილიელს მარჯვნიდან გვერდში ჰაკინენი ამოუდგა. ლეს კომბსში გზა ოდნავ მარცხნივ უხვევს და უცებ სწორდება. ამიტომ მოსახვევის წინ, ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაში ფინელი პილოტი აღმოჩნდა, რომელმაც სასწაულებრივად დაიმორჩილა თავისი ”მაკლარენი” და კაცი იფიქრებდა, სიჩქარე არც დაუგდიაო, ისე გაიარა მოსახვევი, სადაც სიჩქარე 300 კმ/სთ-ს აღწევს.

ასეთი სამმაგი გასწრებით ლიდერის შეცვლას ძალიან იშვიათად ნახავთ...

სპა ფრანკორშანი სარბოლო ტრასად პირველად 1921 წელს გამოიყენეს, ოღონდ სამი წელი მასზე მხოლოდ მოტორბოლები ტარდებოდა. 1924 წელს კი მასზე პირველი ავტორბოლა (სპას 24 საათი) ჩატარდა. 1925 წელს სპაზე ბელგიის პირველი დიდი პრიზი ჩატარდა, რომელიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, იტალიელი ალბერტო ასკარის მამამ, ანტონიო ასკარიმ მოიგო. სამწუხაროდ, ამ გამარჯვებიდან შემდეგ რბოლაში, საფრანგეთის დიდ პრიზზე, ანტონიო დაიღუპა. მისმა შვილმა ბელგიური დიდი პრიზი ორჯერ - 1952 და 1953წლებში მოიგო.

1931 წელს, სპაზე ჩატარებული 24-საათიანი რბოლა ქართველმა თავადმა დიმიტრი ჯორჯაძემ (სურათზე, რომელიც 1955 წელს, ლონგ აილენდში, ერთ-ერთ კერძო წვეულებაზეა გადაღებული, ჯორჯაძე თავის მეუღლე სილვია ეშლისთან ერთად, აქლემს აჭმევს), ”მერსედს-ბენც SSK-თი” მოიგო. რბოლისას მას პარტნიორობას იტალიელი გოფრედო ზეენდერი უწევდა.

1950 წელს, ბელგიის დიდი პრიზი, როგორც ფორმულა 1-ის პირველი ჩემპიონატის რბოლა, ლეგენდარულმა არგენტინელმა ხუან მანუელ ფანხიომ მოიგო.

1969 წელს სპა ფ1-ის ჩემპიონტიდან იმის გამო ამოიღეს, რომ პილოტებმა (მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ჯეკი სტიუარტის თაოსნობით) ის მეტისმეტად სახიფათოდ მიიჩნიეს. სტიუარტმა, ვინც სამი წლით ადრე, სპაზე რბოლისას, სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა, ტრასის მეპატრონეთაგან მისი მოდერნიზაცია მოითხოვა, მაგრამ მათ მოთხოვნა ვერ შეასრულეს და რბოლამაც ბრიუსელის მახლობლად, ნიველ-ბოლერში გადაინაცვლა. 1972 წელს, ნიველში რბოლა ბრაზილიელმა ემერსონ ფიტიპალდიმ მოიგო, ვინც იმ სეზონში პირველ ტიტულსაც დაეუფლა. მომდევნო სეზონში ბელგიურ რბოლას ცოლდერმა უმასპინძლა, მერე ისევ ნიველს დაუბრუნდა და ამჯერადაც ფიტიმ მოიგო, რომელმაც მოგვიანებით, მეორე ტიტულიც მოიპოვა. თუმცა ეს ტრასა იმდენად უინტერესო იყო, რომ ფ1 იქ აღარც დაბრუნებულა.

1975 წლიდან ბელგიურ რბოლას ცოლდერი მასპინძლობდა, მაგრამ 1982 წელს იქ ჟილ ვილნევი დაიღუპა, რის გამოც, ბელგიის დიდი პრიზის ორგანიზატორებმა სპა გაიხსენეს. ძველი ტრასა გარემონტდა, 14-დან 7 კილომეტრამდე დამოკლდა და ფ1-ის რბოლაც დაიბრუნა. მართალია, 1984 წელს ბელგიური ეტაპი ისევ ცოლდერმა მიიღო, მაგრამ ამის შემდეგ, ფ1-ის ქარავანი ამ ტრასას აღარ მიბრუნებია.

1985 წლიდან მოყოლებული, ბელგიის დიდ პრიზს მხოლოდ სპა მასპინძლობს. 2003 წელს ბელგიური ეტაპი იმ უბრალო მიზეზის გამო არ ჩატარდა, რომ ბელგიაში თამბაქოს ნაწარმის რეკლამა დანარჩენ ევროპაზე რამდენიმე თვით ადრე აიკრძალა, სამი წლის შემდეგ კი ტრასა ბერნი ეკლსტოუნის რისხვა დაატყდა (მის მიერ მოთხოვნილი რეკონსტრუქცია ვერ მოესწრო) და რბოლა ამჯერადაც ამოიღეს კალენდრიდან.

მაგრამ სპა კვლავ დაბრუნდა. იმიტომ, რომ ის ფორმულა 1-ის ისეთივე მარგალიტია, როგორიც მონაკოს ქუჩის ტრასა, მონცა და სილვერსტოუნი...