”მერსედესს” პირველი პილოტი არ ეყოლება
No number one driver at Mercedes
27 იანვარი
”მერსედეს GP-ს” შეფი როს ბრაუნი აცხადებს, რომ მომავალ სეზონში მის გუნდს პირველი პილოტი არ ეყოლება. ბევრი ელოდა, რომ ფორმულა 1-ში მიხაელ შუმახერის დაბრუნების შემდეგ, პირველი პილოტის როლი მას გარანტირებული ექნებოდა, მაგრამ ბრაუნმა ეს მოლოდინი უარყო. ყოველ შემთხვევაში, სიტყვიერად მაინც.
შეგახსენებთ, რომ რამდენჯერაც შუმახერი ჩემპიონი გახდა, ბრაუნი ყოველტვის მისი გუნდის (ორჯერ ბენეტონის, ხუთჯერ კი - ფერარის) შეფი იყო და ყოველთვის, გერმანელი პილოტი პირველი ნომრის სტატუსით ჰყავდა. თუმცა ახლა ირწმუნება, რომ გუნდი შუმახერსაც და მის გერმანელ თანაგუნდელ ნიკო როსბერგსაც, თანაბარ დონეზე მომზადებული მანქანებით უზრუნველყოფს.
ცერემონიაზე, რომელზეც ”მერსედეს GP-მ” თავისი მანქანის ფერების პრეზენტაცია მოაწყო, ბრაუნმა განაცხადა, რომ რომელიმე პილოტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოარჩევს, თუ მას ჩემპიონობის შანსი გაუჩნდება. ბუნებრივია, ასეთი პირველ რიგში, შეიძლება შუმახერი იყოს.
”პირველი ნომრის სტატუსს ის მიიღებს, ვინც ტრასაზე უფრო სწრაფი იქნება. ვინც მეტ რბოლას მოიგებს და ვისაც ჩემპიონობის მეტი შანსი ექნება, პირველ ნომრადაც მას განვამწესებთ. ისე კი, ორივეს თანაბრად მომზადებულ მანქანას მივცემთ. მერე კი გამოჩნდება, ჩემპიონობის მეტი შანსი რომელსაც ექნება. პრიორიტეტსაც მას მივანიჭებთ. ვფიქრობ, შარშან დავამტკიცეთ, რომ ორივე პილოტს - ჯენსონ ბატონსაც და რუბენს ბარიკელოსაც, გუნდისგან თანაბარი მხარდაჭერა ჰქონდა და ეს მიდგომა არც ახალ სეზონში შეიცვლება. ორივე პილოტს მოუწევს ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ეს ისე უნდა ხდებოდეს, რომ გუნდის ინტერესები არ დაზარალდეს. ჩვენ არ გვყავს პირველი პილოტი და არც გვეყოლება”, - ირწმუნება ბრაუნი.
ბრაუნი ასევე დასძენს, რომ პილოტებმა თავიანთი სარბოლო ინჟინრები თავად აირჩიეს. მისი თქმით, როსბერგთან ჯოკ კლია (ერთ დროს ჟაკ ვილნევის სარბოლო ინჟინერი იყო) იმუშავებს, შუმახერთან კი - ენდრიუ შოვლინი.
გუნდს ჯერ არ დაუსახელებია მესამე პილოტი, თუმცა ამის გაკეთებას უახლოეს მომავალში აპირებს. სავარაუდოდ, სათადარიგო და ტესტ პილოტის ადგილს გერმანელ ნიკ ჰაიდფელდს ჩააბარებენ.
No comments:
Post a Comment