ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Tuesday, January 5, 2010

ფეტელი - ყოველთვის შენი გზით უნდა იარო

Sebastian Vettel

3 იანვარი

გასული სეზონი მეტად წარმატებული გამოდგა გერმანელი სებასტიან ფეტელისთვის, რომელმაც ბევრისთვის მოულოდნელად, ჩემპიონობისთვისაც კი იბრძოლა. ბუნებრივია, მომავალ სეზონში მას ყველა ჩემპიონობის პრეტენდენტად განიხილავს.

ახალი წლის წინ, ბრიტანულმა ჟურნალმა ”F1 რეისინგმა” ფეტელთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა იყოს:

F1 რეისინგი: რა არის წვიმაში თქვენი ასეთი კარგი გამოსვლების საიდუმლო?

სებასტიან ფეტელი: არ ვიცი, მაგრამ მე ყოველთვის მომწონდა წვიმაში რბოლა. პატარაობისას, როდესაც კარტინგში გამოვდიოდი, ყოველთვის ვუფრთხილდებოდი საწვიმარ საბურავებს, რადგან ისინი ძალიან ძვირი ღირდა. ჩვეულებრივ, სველ ტრასაზე სლიკებით ვვარჯიშობდი. წვიმის საბურავებს კი მაშინ ვიყენებდი, როდესაც ისინი ყველაზე მეტად მჭირდებოდა. შესაძლოა, პასუხიც ესაა. ისე კი, ჩვენი მანქანა წვიმაში კარგად მუშაობს. და საერთოდ, ”რედ ბული” ფრთებს მასხამს!

F1 რეისინგი: რაზე ფიქრობთ სტარტზე დგომისას, როდესაც წითელი შუქის ჩაქრობას წამი-წამზე ელით?

სებასტიან ფეტელი: ამ დროს, იმისათვის, რომ სტარტი არ ჩავაგდო, ერთდროულად ბევრი ამოცანის გადაჭრა მიწევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია: უყურებ სასტარტო შუქნიშანს, ელი, როდის ჩაქვრება წითელი შუქი, მერე კი რიგი მანიპულაციები იდეალური კოორდინაციით უნდა შეასრულო. ამ დროს, ერთდროულად შეტევაზეც და თავდაცვაზეც გიწევს ზრუნვა. მთავარი კი პირველ მოსახვევში სწორი ტრაექტორიით შესვლაა. რბოლის დროს შეცდომას არაერთხელ ვუშვებთ, მაგრამ სტარტზე ეს დაუშვებელია. ეს უმაღლესი კონცენტრაციის მომენტია.

F1 რეისინგი: რას იზამთ, თუ 300 კმ/სთ სიჩქარეზე ცხვირის დაცემინება გიწევთ?

სებასტიან ფეტელი: საბედნიეროდ, მე ასეთი შემთხვევა არ მქონია. საერთოდ, ფორმულა 1-ის ბოლიდის საჭესთან დამიცემინებია, მაგრამ ეს შედარებით დაბალ სიჩქარეზე მომხდარა. ამ დროს ისეთივე შეგრძნება გეუფლება, როგორც ჩვეულებრივი მანქანის მართვისას - დაცემინება ყურადღებას გიფანტავს. მხოლოდ იმის იმედი შეიძლება გქონდეს, რომ ეს სწორ მონაკვეთზე მოხდება და არა მოსახვევში.

F1 რეისინგი: რა უფრო მოგწონთ - თანაგუნდელთან თანაბარ მდგომარეობაში ყოფნა როგორც შარშან მარკ უებერთან გქონდათ, თუ სიტუაცია, როდესაც გუნდი ერთ პილოტზეა მომართული?

სებასტიან ფეტელი: გუნდი ორივე პილოტზე თანაბრად მომართული უნდა იყოს. ბრძოლა ყოველთვის გვიწევს, თანაგუნდელი კი ნიმერ პირველი მეტოქეა. გასულ სეზონში, მე და მარკს სამართლიანი მეტოქეობა გვქონდა: ერთნაირად მომზადებული ტექნიკით ვასპარეზობდით და გამარჯვების შანსიც ერთნაირი გვქონდა. ასეთი კონკურენცია ძალიან სასარგებლოა გუნდისთვის. იმასაც მნიშვნელობა აქვს, თუ ვინაა თანაგუნდელი. დღევანდელ ფორმულა 1-ში მარკი ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი და პირდაპირი ადამიანია. ასე რომ, გამიმართლა.

F1 რეისინგი: ვინაა თქვენი საყვარელი კომიკოსი? პილოტებს შორის ვინაა მთავარი იუმორისტი?

სებასტიან ფეტელი: მონტი პეიტონი მომწონს, თანამედროვეებში კი - ჯიმ კერი. გერმანიაშიც არიან კარგი კომიკოსები, თუმცა საზღვარგარეთ მათ არ იცნობენ - ისე, გერმანელებს ოხუნჯობა ნაკლებად ეხერხებათ, მაგრამ მე ასეთი არ ვარ!

რაც შეეხება პილოტებს, რუბენსი ძალიან მხიარული ბიჭია. ერთხელ მან ბრიფინგზე ბალიში მოიტანა, რომელიც უხამს ხმებს გამოსცემდა. მერე რომელიღაც პილოტს სკამზე დაუდო, დისტანციური პულტი ჩართო და... ყველას ეგონა, რომ ვიღაცამ ხმაურით წაბილწა ჰაერი! მას ანცობა უყვარს.

F1 რეისინგი: თქვენი ასარჩევი რომ იყოს, ფორმულა 1-ის ეპოქები, რომელში გამოსვლას ისურვებდით?

სებასტიან ფეტელი: თანამედროვე მანქანები ძალიან მომწონს. მათი მართვა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მაგრამ ფორმულა 1-ში ყველაზე საინტერესო პერიოდად ტურბო ერა მიმაჩნია. მაშინ მანქანებს კი არა, ნამდვილ მონსტრებს მართავდნენ. ასეთ მანქანებს მოთვინიერება სჭირდებოდა. კარგი იქნებოდა, ერთ-ერთი ასეთი მანქანის საჭესთან დაჯდომა.

F1 რეისინგი: კომპიუტერულ თამაშებში საკუთარ თავს თამაშობთ?

სებასტიან ფეტელი: ბავშვობაში ამაზე ვოცნბობდი, მაგრამ უკვე ორი წელია, კომპიუტერი არ მითამაშია. ადრე კი მიხაელს და ”ფერარის” ან ”მაკლარენს” ვირჩევდი.

F1 რეისინგი: პოულიდან ადვილად იგებთ, მაგრამ სხვა პოზიციებიდან - ვერა. რატომ?

სებასტიან ფეტელი: რბოლების მოგების არცთუ ბევრი შესაძლებლობა მქონდა. რა თქმა უნდა, გამარჯვება ყველაზე იოლი მაშინაა, როდესაც რბოლას პოულიდან იწყებ. თუ მოწინავე პოზიციაზე სხვა დგას, ეს ნიშნავს, რომ კვალიფიკაციაზე სიჩქარე გაკლდა. გასულ სეზონში, რბოლების სხვა პოზიციებიდან დაწყების შემთხვევაში გამარჯვების შანსებიც გვქონდა, მაგრამ ყოველთვის ჩვენთვის არახელსაყრელი სიტუაციები გვექმნებოდა. გამარჯვება ფაქტების თანხვედრას მოაქვს. იმედი მაქვს, ამ კანონზომიერებას მალე შევცვლით.

F1 რეისინგი: მიხაელის გამონათქვამებიდან ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?

სებასტიან ფეტელი: იყავი ის, ვინც ხარ და ყოველთვის საკუთარი გზით იარე. ადრე თუ გვიან, ყველა საკუთარ ხელწერას გამოიმუშავებს. ძველი პილოტებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, მაგრამ მათი სტილის კოპირება უაზრობაა. ყოველთვის შენი გზით უნდა იარო.

F1 რეისინგი: ფორმულა 1-ში ვის შეუძლია ყველაზე მეტის დალევა?

სებასტიან ფეტელი: კიმის! მას კონკურენტი არ ჰყავს!

F1 რეისინგი: რა უფრო მოგწონთ: დაძაბულ ბრძოლაში კვარცხლბეკზე ადგილის მოპოვება, როგორც თურქეთსა და ბელგიაში, თუ იოლი გამარჯვება, როგორც ეს იაპონიაში მოხდა?

სებასტიან ფეტელი: იაპონიაში იოლად არ გამიმარჯვია. სიტუაციას კი ვაკონტროლებდი, მაგრამ რბოლა იოლი სულაც არ ყოფილა. თურქეთსა და ბელგიაში კვარცხლბეკზე ასვლა შევძელი, თუმცა უკეთესი იქნებოდა, ორივე რბოლა მომეგო. რა თქმა უნდა, გამარჯვება უფრო მომწონს. ფორმულა 1-ში სწორედ ამისთვის ვარ. მეორე მხრივ, თუ რბოლის შემდეგ ფიქრობ, რომ ყველაფერი გაიღე, მაგრამ ფინიშთან მხოლოდ მეშვიდე მიხვედი, ვერაფერს იზამ, თუმცა სიამოვნება ამასაც მოაქვს.

F1 რეისინგი: რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც 2007-ის იაპონიის დიდ პრიზზე უებერს დაეჯახეთ?

სებასტიან ფეტელი: საშინელი განწყობა მქონდა. ჯერ ერთი, ის ჩემი ერთ-ერთი პირველი რბოლა იყო. მეორეც, ავარია რომ არა, რბოლას ალბათ ორივენი კვარცხლბეკზე დავამთავრებდით. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ის ავარია ჩემი ბრალი იყო.

F1 რეისინგი: საკუთარ სარბოლ მანქანებს სახელებს ყოველთვის არქმევთ?

სებასტიან ფეტელი: ეს ტრადიცია შემთხვევით დაიწყო: ერთხელ გადავწყვიტე, საკუთარი მანქანისთვის სახელი შემერქმია. ბევრი სახელი აღარც მახსოვს. შარშანდელს კი ჯულია ერქვა. სახელი აუცილებლად ლამაზი და ქალისა, იმავდროულად კი ხისტი უნდა იყოს - სარბოლი მანქანები წყნარი მართვისთვის ხომ არ იქმნება, მათ შესაძლებლობათა ზღვარზე ვმართავთ.

F1 რეისინგი: რომელი მანქანა უფრო მოგწონთ - კეიტი, თუ კეიტის საძაგელი დაიკო?

სებასტიან ფეტელი: გასულ სეზონში ოთხი რბოლა მოვიგე - ერთი კეიტით და სამი - კეიტის საძაგელი დაიკოთი. ასე რომ საძაგელი დაიკო უფრო მომწონს.

F1 რეისინგი: ბერნი ეკლსტოუნთან მეგობრობთ?

სებასტიან ფეტელი: ბერნი ძალიან კარგი და მხიარული ადამიანია. ვფიქრობ, გულით ის ისევ ახალგაზრდაა. და თან, ბევრი რამ აქვს მოსაყოლი. ამ ისტორიებს ვერ მოგიყვებით, რადგან ისინი საკმაოდ უხამსებია. გულის სიღრმეში, ის ერთ-ერთი ჩვენგანია, ჩვენსავით ახალგაზრდა. ესეც რომ არა, მისი მადლიერი ვარ იმის გამო, რომ ფორმულა 1-ში მოსვლის პირველივე დღეებიდან, მასთან მშვიდად საუბრის საშუალება მქონდა. ბერნი ჩემთვის დროს ყოველთვის ნახულობს. მე რომ ახალბედა ვიყავი, მისგან შეუფასებელ რჩევებს მაშინაც ვღებულობდი.

F1 რეისინგი: ახალი გუნდების კონკურენტუნარიანობისა თუ გჯერათ?

სებასტიან ფეტელი: ნაკლებად, რადგან გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დებიუტისთანავე წარმატების იმედი არავის უნდა ჰქონდეს. წესები ოდნავ შეიცვალა და ეს მათ შეიძლება დაეხმაროს. თუმცა მე ეჭვი მეპარება, რომ ისინი კონკურენტუნარიანები იქნებიან.

F1 რეისინგი: ფორმულა 1-ის პილოტებიდან ვის ჰყავს ყველაზე ლამაზი გოგონა?

სებასტიან ფეტელი: რა თქმა უნდა, მე! ისე კი, ეს გემოვნების ამბავია. ასე არაა?

No comments:

Post a Comment