2011 წლიდან ორმაგი დიფუზორები აიკრძალება
Double diffusers banned from 2011
22 იანვარი
ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდი შეთანხმდა, რომ 2011 წლიდან ორმაგი დიფუზორების გამოყენება აიკრძალება. სწორედ ორმაგი დიფუზორი იყო ის მთავარი ფაქტორი, რომელმაც შარშან ჩემპიონის ტიტულები ჯენსონ ბატონს და მის გუნდს მოუტანა.
ჯურნალ ”ავტოსპორტის” ინფორმაციით, დიფუზორის საკითხზე, ფორმულა 1-ის ტექნიკურმა სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა და ამ მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ორმაგი დიფუზორების გამოყენება აიკრძალება. მიღებული გადაწყვეტილებით, ასეთი დიფუზორები პირდაპირ არ აიკრძალება, თუმცა ტექნიკურ რეგლამენტში გაჩნდება პუნქტი, რომელიც ამგვარი აეროდინამიკურ ელემენტის გამოყენებას არაკანონიერს გახდის.
ახალ რეგლამენტში გაჩნდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მთელ თავის სიგრძეზე, დიფუზორი უწყვეტი უნდა იყოს. ორმაგი დიფუზორი კი ფაქტიურად ორი, დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგება და ორდონიან სტრუქტურას წარმოადგენს, რაც რეგლამენტის ახალი ფორმულირებით, დაუშვებელი იქნება.
უნდა აღინიშნოს, რომ რეგლამენტში ცვლილების შესატანად, საჭიროა, რომ ცვლილება ფორმულა 1-ის კომისიამ და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ავტოსპორტის მსოფლიო საბჭომ დაამტკიცონ. თუმცა მოსალოდნელია, ამ ორ სტრუქტურას, აღნიშნული ცვლილების საწინააღმდეგო არაფერი ექნება.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დასაწყისში, ორმაგი დიფუზორები მხოლოდ სამმა გუნდმა - ”ბრაუნმა”, ”ტოიოტამ” და ”უილიამსმა” გამოიყენეს. სხვა გუნდებმა ეს გააპროტესტეს, თუმცა FIA-ს საერთაშორისო სააპელაციო სასამართლომ ეს ელემენტი კანონიეროდ ჩათვალა. ამის შემდეგ კი ორმაგი დიფუზორის შექმნაზე მუშაობა ყველა დანარჩენმა გუნდმა დაიწყო, თუმცა ამან მანქანის უკანა ნაწილის საფუძვლიანი გადაკეთება მოითხოვა.
ორმაგი დიფუზორის აკრძალვის ერთადერთი მიზეზი უსაფრთხოებაა - ამ ელემენტის მეშვეობით, ფორმულა 1-ის ახლანდელ მანქანებს უფრო ეფექტური აეროდინამიკა აქვთ, ვიდრე 2008 წლის ბოლოს. არადა, იმ სეზონის შემდეგ, ახალმა რეგლამენტმა აეროდინამიკური ელემენტების ეფექტურობა ხელოვნურად იმისთვის შეზღუდა, რომ ჩქარ მოსახვევებში, ავტომობილების სიჩქარე შეზღუდულიყო. მაგრამ რეალურად, ორმაგი დიფუზორების გამო, პირიქით მოხდა. დიფუზორს კი საკმაოდ მყიფე სტრუქტურა გააჩნია და ჩქარ მოსახვევში მისი დაზიანება შეიძლება იმით დასრულდეს, რომ პილოტმა მანქანაზე კონროლი დაკარგოს. სწორედ ეს გახდა ასეთი დიფუზორების აკრძალვის მიზეზი.
მოსალოდნელია, რომ ახალი რეჰლამენტის ამოქმედების შემდეგ, წრის გავლის საშუალო დრო 2 წამით გაიზრდება. თუმცა ”რედ ბულის” შეფი ქრისტიან ჰორნერი თვლის, რომ რეგლამენტის ცვლილებას უფრო ზუსტი ფორმულირება უნდა ჰქონდეს, რაღა წინასწარ გამოირიცხოს მისი სხვაგვარად აღქმის საშუალება. სხვათა შორის, სწორედ ორმაგი დიფუზორია ის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც, ”რედ ბული” საჩემპიონო მარათონში ”ბრაუნთან” დამარცხდაა.
”ვფიქრობ, ყველაზე მთავარია, დავისახოთ მთავარი მიზნები. კერძოდ, როგორი უნდათ იხილონ ფორმულა 1 მის ჩემპიონატში მონაწილე გუნდებმა? როგორი უნდა იყოს ფორმულა 1-ის მანქანები? წვრილმანებზე საუბარი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ამით რბოლების სანახაობრიობას ვერ გავაუმჯობესებთ, გასწრებათა რაოდენობა არ გაიზრდება და მანქანები ერთმანეთს მინიმალურ მანძილზე ვერ მიუახლოვდებიან, როგორც ეს 80-იან წლებში ხდებოდა. ცალკეული ელემენტების აკრძალვა ზოგჯერ ძალიან საშიშია. ამიტომ ვთვლი, რომ უნდა შევიმუშაოთ ზოგადი მიზნები, რომლებზეც სხვადასხვა ტექნიკური ჯგუფები იმუშავებენ”, - ამბობს ჰორნერი.
No comments:
Post a Comment