”ფოლკსვაგენი”: ფორმულა 1-ს ცვლილება სჭირდება
Volkswagen: F1 needs to change
13 იანვარი
”ფოლკსვაგენ მოტორშპორტის” დირექტორი კრის ნისენი აცხადებს, რომ ფორმულა 1 ძირეულად უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ მისმა კომპანიამ მსოფლიო ჩემპიონატში ჩართვა გადაწყვიტოს.
გასული წლის ბოლოს, გერმანულმა ავტომწარმოებელმა გამოაცხადა, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ის საკითხი განიხილება, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მას დიდი პრიზების ცირკში ასპარეზობამ. ეს კი მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როდესაც ფორმულა 1-ში ძრავების ახალი წესი ამოქმედდება.
მიმდინარე ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2012 წლის სეზონის ბოლომდე იქნება. შემდეგ კი, ახალი რეგლამენტი ამოქმედდება, რაც გუნდებს თავიანთი ტექნიკის ძირეულ შეცვლას აიძულებს. ეს ის მომენტია, როდესაც ახალი გუნდისთვის, მსოფლიო ჩემპიონატში ჩართვა მეტნაკლებად ხელსაყრელი იქნება, რადგან ყველა გუნდი, მეტნაკლებად, თანაბარ პირობებში აღმოჩნდება.
”ფორმულა 1-ს, ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ძნელი პერიოდის გავლა უწევს. მათ ამას უნდა გაუძლონ. მჯერამ რომ FIA-ს პრეზიდენტსა და გუნდებს ეს ხელეწიფებათ. ჩემი აზრით, ავტომწარმოებლების დასაინტერესებლად, სტაბილურობაა საჭირო. საჭიროა, სპორტს განსხვავებული იმიჯი ჰქონდეს. მთავარი კი ისაა, რომ ჩემპიონატში მონაწილეობის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდეს. ეს უკვე არაერთხელ ითქვა და დარწმუნებული ვარ, ხალხი, რომლებსაც ეს საქმე ევალება, ამაზე ზრუნავს”, - ამბობს ნისენი.
ისვე დასძენს, რომ თუ მისი კომპანია ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მაინც გადაწყვეტს, მისი გუნდი ”ფოლკსვაგენის” სახელით მაინც არ იასპარეზებს. ამგვარად, იზრდება შანსი იმისა, რომ მალე დიდი პრიზების ცირკში, ახალი გუნდი ”აუდის”, ”ბენტლის”, ”ბუგატის”, ან ”აუტო უნიონის” სახელით გამოჩნდეს.
”დიდი განსხვავებაა მარკა ”ფოლკსვაგენისა” და ”ფოლკსვაგენის” ჯგუფს შორის. ჩვენს ჯგუფში რამდენიმე ბრენდი შედის. თუ ჩვენ ჩემპიონატში ჩართვას გადავწყვეტთ, უნდა ავარჩიოთ, ამას რომელი ბრენდით გავაკეთებთ. ვფიქრობ, არჩევანი ბრენდ ”ფოლკსვაგენზე” არ შეჩერდება. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სანამ ფორმულა 1-ში გვიხილავთ, დაკარის რამდენიმე რბოლაში გამოსვლას მოვასწრებთ”, - დასძენს ნისენი.
No comments:
Post a Comment