ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Sunday, October 31, 2010

ბარიკელო ”უილიამსში” ადგილის შენარჩუნებას იმედოვნებს

Barrichello Hopes to Retain Seat with Williams

31 ოქტომბერი

სულ ცოტა ხნის წინ, რუბენს ბარიკელოს (სურათზე) ეჭვიც არ ეპარებოდა იმაში, რომ მომავალ სეზონსაც ”უილიამსში” გაატარებდა, მაგრამ ამჟამად სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. საქმე ისაა, რომ ამ სეზონის ბოლოს, ინგლისური გუნდი რამდენიმე სპონსორს კარგავს, რის გამოც, მას ფინანსური პრობლემები ემუქრება. ამიტომ, მისი ხელმძღვანელობა ისეთი პილოტების მოწვევას ეშურება, რომლებსაც სოლიდური სპონსორი მოჰყვება.

”ამ სეზონში კარგად ვიმუშავე და მომავალი სეზონის მანქანის სრულყოფაშიც დიდი წვლილი მიმიძღვის. ასე რომ, გუნდში დარჩენას ვიმედოვნებ”, - სააგენტო როიტერთან საუბარში ამბობს ბარიკელო, ვისაც იმის გამო, რომ ”ფერარიში” ყოფნისას, მიხაელ შუმახერის მსახურს ეძახდნენ, ბრაზილიაში ნაკლებად სცემენ პატივს და ბუნებრივია, ბრაზილიური კომპანიების მხარდაჭერის იმედიც არ უნდა ჰქონდეს.

კორეული რბოლის წინ, ”უილიამსმა” წინასწარი კონტრაქტი გააფორმა ვენესუელელ პილოტ პასტორ მალდონადოსთან, რომელსაც თავისი ქვეყნის სახელმწიფო ნავთობკომპანია (PDVSA) უჭერს მხარს და გუნდს 15 მილიონ ევროს პირდება. მართალია, ბევი ვარაუდობს, რომ მალდონადო გერმანელ ნიკო ჰულკენბერგს შეცვლის, მაგრამ ”უილიამსის” თანამფლობელმა პატრიკ ჰედმა განაცხადა, რომ ადგილი გარანტირებული არც ბარიკელოს აქვს.

საშიშროება თავად პილოტმაც იგრძნო, ვინც აცხადებს, რომ ძალიან გაწბილებული დარჩება, თუ მომავალ სეზონში ”უილიამსში” არ იქნება. მითუმეტეს, ის უკვე მონაწილეობდა მომავალი სეზონის მანქანის ზოგიერთი კომპონენტის შემუშავებაში.

”მომავალი სეზონის მანქანაზე ვმუშაობ და მისი ზოგიერთი კომპონენტის შემუშავებასა და დახვეწაში მონაწილეობა მივიღე. რა თქმა უნდა, ახალი რეგლამენტის გამო, მთლიანად მანქანაზე მუშაობას ჯერ ვერ ვახერხებთ, მაგრამ ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ ახალი მანქანა ახლანდელზე უკეთესი იქნება და გული დამწყდება, თუ მისი პილოტირების საშუალება არ მომეცემა”, - ამბობს ბარიკელო.

რედ ბულმა” შეიძლება გუნდის შეფი დაითხოვოს

Red Bull Boss Faces Axe Unless Winning 2010 Title?

31 ოქტომბერი

ჰორნერი და ბერგერი (მარჯვნივ)

..............................

კორეული დიდი პრიზის შემდეგ, ”რედ ბულის” ავსტრალიელმა პილოტმა მარკ უებერმა ლიდერობა დაკარგა, რასაც პადოკში ახალი ჭორის გავრცელება მოჰყვა. მის მიხედვით, თუ ”რედ ბული” რომელიმე ტიტულს - პილოტებისას, ან გუნდებისას, ვერ მოიპოვებს, მაშინ ავსტრიული კომპანიის შეფი დიტრიხ მატეშიცი გუნდის ხელმძღვანელ ქრისტიან ჰორნერს თანამდებობას დაატოვებინებს.

ამ ჭორებზე ყველაზე მკვეთრი გამოხმაურება აქვს ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს და ”რედ ბულის” მონათესავე ”ტორო როსოს” ყოფილ მთანამფლობელს, ავსტრიელ გერჰარდ ბერგერს, ვინც საერთოდ, ჰორნერს ხშირად აკრიტიკებს ხოლმე. მაგრამ ამჯერად, მან გუნდის შეფი დაიცვა და განაცხადა, რომ ”რედ ბულის” წარმატებები ნაწილობრივ სწორედ მისი შეფის დამსახურებაა, რომელმაც ფუნქციურად გამართული დუნდური მექანიზმი ჩამოაყალიბა.

უფრო მეტიც, ბერგერმა ამ ჭორებს უსამართლო და სულელური უწოდა: ”გავრცელებული ჭორები უსამართლოა და სულელური. ”რედ ბულს” ახლა კარგი შანსი აქვს, ორივე ტიტული მოიპოვოს. გუნდს წარუმატებელი სეზონი რომ ჰქონოდა, მაშინ სხვა სიტუაციაში აღმოჩნდებოდა და ტიტულების მოპოვების შანსიც არ ექნებოდა”.

სხვათა შორის, ბერგერი მატეშიცის მეგობარია და როცა ამ თემაზე ლაპარაკობს, მისი არგუმენტები გასათვალისწინებელია. მაგრამ თუ მაინც დავუშვებთ, რომ ჰორნერს გაუშვებენ, მაშინ წამოიჭრება კითხვა - დარჩება თუ არა ”რედ ბულში” მისი ბრწყინვალე ბოლიდების მთავარი შემოქმედი ადრიან ნიუი. ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ მისი წასვლა ”რედ ბულისთვის” კატასტროფული იქნება.

თავად ჰორნერს ამ ჭორზე სალაპარაკოდ არ სცხელა. ახლა მისი საზრუნავი ისაა, რომ ბრაზილიაში ორივე პილოტი თანაბარი მხარდაჭერით უზრუნველყოს. ბრაზილიის შემდეგ კი შესაძლოა, ტიტულისთვის ბრძოლას ერთი პილოტი შემორჩეს. დღესისათვის უებერი ახალ ლიდერს - ესპანელ ფერნანდო ალონსოს 11 ქულით ჩამორჩება, მის გერმანელ თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს კი ლიდერთან 25 ქულა აშორებს. კონსტრუქტორთა პირველობაზე, ”რედ ბული” ლიდერობას ინარჩუნებს, თუმცა ბრაზილიური რბოლის წინ, ”მაკლარენს” 27 ქულითღა უგებს.

რაიკონენი რალიში რჩება

Raikkonen Rules Out F1 Return in 2011

31 ოქტომბერი

მთელი წლევანდელი ავტოსპორტული სეზონის განმავლობაში, ფორმულა 1-ის კულუარებში არ წყდებოდა ლაპარაკი იმაზე, თუ რა არჩევანს გააკეთებდა მომავალი სეზონისთვის მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი, ფინელი კიმი რაიკონენი. რამდენიმე დღის წინ, რაიკონენმა განაცხადა, რომ არ აპირებს ”რენოში” გადასვლას და რომ ისევ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა სურს. თუმცა, ბევრმა მაინც ჩათვალა, რომ მოლაპარაკების პროცესში, ”აისმენი” თავისი ნამდვილი განზრახვის დამალვას ცდილობდა.

მაგრამ ახლახანს, მისმა მენეჯერმა სტივ რობერტსონმა დაადასტურა, რომ ჯერჯერობით, კიმის გეგმებში ფ1-ში დაბრუნება არ შედის. უფრო მეტიც, ფინურ ტელეარხ MTV3-თან საუბრისას, რობერტსონმა განაცხადა, რომ რაიკონენის ინტერესთა სფეროში დიდი ცირკი აღარ ფიგურირებს და რომ ის რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის გაგრძელებას აპირებს.

”ჩვენ აღარ განვიხილავთ ფორმულა ერთში დაბრუნების შესაძლებლობებს. კიმი ამჟამად მხოლოდ რალის მსოფლიო ჩემპიონატზეა ფოკუსირებული. ის მოლაპარაკებას რამდენიმე გუნდთან აწარმოებს, თუმცა ამ ეტაპზე, მეტის თქმა არ შემიძლია”, - განაცხადა რობერტსონმა.

გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ რაიკონენმა ”რედ ბულთან” ურთიერთობა გაწყვიტა, თუმცა ეს ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არაა. ფინელი პილოტი ”სიტროენ ჯუნიორ ტიმთან” მოლაპარაკებას აწარმოებს და შესაძლოა, მომავალ სეზონშიც მისი მანქანით იასპარეზოს. თუმცა, პარალელურად, მას კონტაქტი ”ფორდთან” და მის პარტნიორთან, ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ ”მონსტერ ენერჯი დრინკთან” აწარმოებს. ეს უკანასკნელი კი ”რედ ბულის” პირდაპირი კონკურენტია.

მთელი სეზონის განმავლობაში, კიმი ფ1-ის რამდენიმე გუნდთანაც აწარმოებდა მოლაპარაკებას. მათგან ერთ-ერთი ”რედ ბულ რეისინგი” იყო, სადაც ფინელ პილოტს ავსტრალიელი მარკ უებერის შემცვლელად განიხილავდნენ, მაგრამ მოლაპარაკება მას შემდეგ შეწყდა, რაც ოზი პილოტი ტიტულის ერთ-ერთი ფავორიტი გახდა.

სენამ შეიძლება ”ლოტუსში” ტრული შეცვალოს

Bruno Senna to Replace Trulli at Lotus?

31 ოქტომბერი

ბრუნო სენას (სურათზე) ამ სეზონში თავი არაფრით გამოუჩენია. შეიძლება ითქვას, რომ მას ამის საშუალება არც ”ისპანია რეისინგის” უვარგისმა მანქანამ მისცა. თუმცა, ამის მიუხედავად, დიდია შანსი იმისა, რომ ბრაზილიელი პილოტი მომავალ სეზონში ”ლოტუსში” ვიხილოთ.

ეს ინფორმაცია ბრაზილიურმა გამოცემა ”ო გლობომ” გაავრცელა, რომლის ცნობითაც, ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონის, ლეგენდარულ ბრაზილიელ აირტონ სენას დისშვილი მოლაპარაკებას ”ლოტუს-რენოსთან” (ჯერჯერობით, ლოტუსს ძრავებით კოსუორტი ამარაგებს, მაგრამ მომავალი სეზონიდან, ფრანგულ ძრავებს მიიღებს) აწარმოებს და მასთან ერთწლიან კონტრაქტს მალე გააფორმებს.

”ბრუნო სენა მომავალ სეზონს უკეთეს გუნდში გაატარებს. ის მოლაპარაკებას ”ლოტუსთან” აწარმოებს და შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია”, - ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ცნობაში. იმავე ცნობაში გამოთქმულია ვარაუდი იმის შესახებ, რომ სენა, არც მეტი, არც ნაკლები, იტალიელ იარნო ტრულის შეცვლის, რომელსაც თვალი ამერიკაში მეტად პოპულარულ, ნასქარ-ის სერიისკენ უჭირავს.

აღსანიშნავია, რომ ”ისპანიას” ბოლიდი, რომელიც ესპანური გუნდისთვის იტალიურმა კომპანია ”დალარამ” შექმნა, მეტისმეტად არასაიმედოა. ამის შედეგი ისაა, რომ განვლილ 16 რბოლაში, სენამ ფინიშს 9-ჯერ ვერ მიაღწია. ამის პარალელურად, მას გუნდის მენეჯერ კოლინ კოლესთან ურთიერთობაც დაეძაბა, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს ბრაზილიელის გამოსვლებზე.

მათ შორის ურთიერთობა კი ბრიტანეთის დიდი პრიზის წინ დაიძაბა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კოლესმა დროებით სენას სათადარიგოთა სკამზე დასმა გადაწყვიტა. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ ბრუნომ ”დალარას” მიერ დამზადებული ბოლიდი უვარგისად სცნო.

ბრაზილიური გამოცემის ცნობით, სენასა და ”ლოტუსს” შორის კონტრაქტი მას შემდეგ გაფორმდება, რაც მას გუნდის ძირითადი სპონსორები მოიწონებენ. თუ ასე მოხდა, მაშინ სახელები - სენა და ლოტუსი ერთმანეთს მეორედ დაუკავშირდება. პირველად ეს 1985 წელს მოხდა, როდესაც აირტონ სენა ”ტოულმენიდან” ”ლოტუსში” გადავიდა. მაშინაც ინგლისურ გუნდს ძრავებით ”რენო” ამარაგებდა. სენამ პირველივე სეზონში მოიგო რბოლა (პორტუგალიაში), სულ კი ინგლისურ გუნდში სამი სეზონი გაატარა და ამ დროში 5 რბოლა მოიგო, 24-ჯერ კვარცხლბეკზე ავიდა, 16 რბოლა პოულიდან დაიწყო და 150 ქულა (მაშინ გამარჯვებისთვის მხოლოდ 9 ქულას იძლეოდნენ) მოიპოვა.

უიტმარშის თქმით, ტიტულის ბედი აბუ დაბიში გაირკვევა

31 ოქტომბერი

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე, კლასიფიკაციას სათავეში ესპანელი ფერნანდო ალონსო ჩაუდგა, რომელსაც ბოლო 5-6 რბოლაში ბადალი არ ჰყავს და ისე ჩანს, რომ მას მესამე ტიტულის მოპოვების შესანიშნავი შანსი აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად, „მაკლარენში“ იმედს არ კარგავენ და ბოლომდე ბრძოლას აპირებენ. ინგლისური გუნდის შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, რომ „მაკლარენი“ კვლავაც გააგრძელებს მანქანის სრულყოფას იმისათვის, რომ დარჩენილ ორ რბოლაში, მაქსიმალური ქულები მოიპოვოს.

„ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ტიტულის ბედი აბუ დაბიში გაირკვევა და ეს ჩემპიონატისთვის ძალიან კარგია. სეზონის მეორე ნაწილში, „ფერარის“ სერიოზული პროგრესი აქვს. ამის შედეგი ისაა, რომ ამ გუნდის პილოტი ჩემპიონატის ლიდერი გახდა. „რედ ბულთან“ ერთად, ისინი ძალიან ძლიერი მეტოქეები არიან. ამიტომ, თუ წარმატების მიღწევა გვინდა, შეცდომები უნდა გამოვრიცხოთ და მანქანის მაქსიმალურ ეფექტურობასაც უნდა მივაღწიოთ. თუ ამ ამოცანებს შევასრულებთ, მაშინ წარმატების მიღწევასაც შევძლებთ“, - ამბობს უიტმარში (სურათზე) და დასძენს:

„ამ სეზონში შეუპოვარი ბრძოლის მომსწრენი ვართ. ყველა ბოლომდე იბრძოლებს და ამ სიტუაციაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი შეცდომაა. კორეაში შეცდომები ძვირად დაუჯდა „რედ ბულს“. ეს გუნდი უზარმაზარ ზეწოლას გრძნობს და შეცდომებიც ალბათ ამის შედეგია. ფერნანდო კი ძალიან ძლიერი მეტოქეა, რომელიც ყოველთვის მაქსიმუმისთვის იბრძვის და მეტოქეთა შეცდომებსაც კარგად იყენებს“.

„რაც შეეხება ლუისს, მისთვის კორეული რბოლა არცთუ იღბლიანი იყო. მაგრამ მას სჯერა, რომ წარმატების მიღწევა შეუძლია. ვფიქრობ, ის გრძნობს, რომ კორეაში გამარჯვება შეეძლო, მაგრამ მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა. რა თქმა უნდა, ესეც კარგი შედეგია, მაგრამ არა საუკეთესო“.

„ჩვენი გუნდი ბრაზილიისთვის რამდენიმე სიახლეს ამზადებს და ვიმედოვნებთ, რომ მათი წყალობით, უფრო მეტს მივაღწევთ, ვიდრე კორეაში შევძელით. კორეაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ასე რომ, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა“...

Tuesday, October 26, 2010

ჰამილტონი: ბატონის დახმარება ფანტასტიური იქნებოდა

Hamilton: Button's Help Would Be Fantastic

26 ოქტომბერი

სეზონი მიიწურა და ჩემპიონობისთვის მებრძოლი პილოტები გუნდურ მხარდაჭერაზე ალაპარაკდნენ. რა თქმა უნდა, თანაგუნდელების მხრიდან დახმარება იმ პილოტებს სურთ, რომლებსაც კლასიფიკაციაში უფრო მაღალი ადგილები უკავიათ. ასეთები კი ”რედ ბულის” ავსტრალიელი მარკ უებერი და ”მაკლარენის” ბრიტანელი ლუის ჰამილტონი არიან. რაც შეეხება ჩემპიონატის ახალ ლიდერს, ”ფერარის” ესპანელ ფერნანდო ალონსოს, მას ბრაზილიელი ფელიპე მასასგან მხარდაჭერა გარანტირებული აქვს.

დღეს უკვე შეიძლება ითქვას - ბრუნო სენა უფრო აიღებს ქულას, ვიდრე ჯენსონ ბატონი ტიტულის შენარჩუნებას შეძლებს. ამიტომ, ”მაკლარენის” შეფი მარტინ უიტმარში იმედოვნებს, რომ ჩემპიონი უფრო წინ მყოფ ჰამილტონს დაეხმარება.

ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე, ჰამილტონს მესამე ადგილი უკავია და ის ლიდერ ალონსოს 21 ქულით ჩამორჩება. ბატონი მეხუთეზეა და ლიდერთან მას 42 ქულა აშორებს. დარჩენილ რბოლებში მაქსიმუმ 50 ქულის აღება შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბატონს ტიტულის შენარჩუნების თეორიული შანსი ჯერაც აქვს. ამიტომ, ის ამბობს, რომ ბრაზილიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს და თუ დაინახავს, რომ არაფერი გამოსდის, ჰამილტონს მხოლოდ ამის შემდეგ დაეხმარება.

რა თქმა უნდა, მის ამ ნათქვამს, ”მაკლარენის” ოფიციალური რეაქცია არ მოჰყოლია, თუმცა თქმა არ უნდა, რომ ინგლისურ გუნდს სურს, რომ ბატონმა ბრაზილიაშივე დაიწყოს თანაგუნდელის დახმარება. ჰამილტონმა კი კორეული რბოლის შემდეგ პირდაპირ განაცხადა, თავისი საჯინიბოს შეფს დაელაპარაკება და დარჩენილი ორი ეტაპის სტრატეგიას მასთან ერთად განსაზღვრავს. სავარაუდოდ, მათს მოლაპარაკებას ჩემპიონი არ დაესწრება.

”რა თქმა უნდა, ჩვენ ორივენი ლიდერს ბევრით ჩამოვრჩებით და ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ბევრი ქულა გვჭირდება. არ ვიცი, რა მოხდება. მარტინს დაველაპარაკები და ის მეტყვის, რას ფიქრობს ყოველივეზე. ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ მე მეტი შანსი მაქვს და ფანტასტიური იქნება, თუ ჯენსონი დამეხმარება”, - ამბობს ჰამილტონი.

უიტმარში კი დასძენს, რომ ბრაზილიაში გამგზავრებამდე, ბატონს დაელაპარაკება და სიტუაციას აუხსნის, რადგან მისჩნია, რომ მისი შანსები ძალიან მწირია: ”ლუისს ჯერაც შეუძლია ბრძოლა. რა თქმა უნდა, ჩემპიონობის მათემტიკური შანსი ჯენსონსაც აქვს, მაგრამ ეს მისთვის ძალიან ძნელი იქნება”. თუმცა, უიტმარში დასძენს, რომ ბატონს თანაგუნდელის დახმარებას არასდროს სთხოვს”.

უებერი დანებებას არ აპირებს

Webber Admits Fault, Doesn't Give Up on F1 Title

26 ოქტომბერი

კორეული ქაოტური რბოლის შემდეგ, ჩემპიონობისთვის მებრძოლ ოთხ პილოტს (სულ ხუთნი არიან) 25 ქულა აშორებს. ზუსტად ამდენი ეწერება გამარჯვებულს და აქედან გამომდინარე, ლიდერის ერთი ფეხის დაცდენაც საკმარისია იმისათვის, რომ მას რამდენიმე პილოტმა გაუსწროს. არადა, სეზონის დასრულებამდე ორი რბოლაღა რჩება.

კორეაში ყველაზე მეტად მაინც ”რედ ბულის” ავსტრალიელმა მარკ უებერმა იზარალა, ვინც მანამდე ”ფერარის” ესპანელ ფერნანდო ალონსოს 14 ქულას უგებდა, ახლა კი მასვე 11 ქულით ჩამორჩება. მაგრამ ოზი პილოტი იმედოვნებს, რომ ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა და დაკარგულის ანაზღაურებას შესძლებს.

კორეულ რბოლაში, მას შემდე, რაც ტრასა პეისქარმა დატოვა, უებერმა თავის ”რედ ბულზე” კონტროლი დაკარგა და კედელს დაეჯახა. შემდეგ, დამტვრეული მანქანა ტრასას უკუსვლით დაუბრუნდა და გერმანელი ნიკო როსბერგის ”მერსედესიც” თან გაიყოლა. უებერმა აღიარა, რომ მომხდარი მისი შეცდომის ბრალია.

”მომხდარი მთლიანად ჩემი ბრალია. მე-12 მოსახვევიდან გამოსვლისას, ერთი ბორბლით კერბზე გავიარე და ამან შეცდომა დამაშვებინა. დღეს არ გამიმართლა. რომ მოვცურდი, მანქანის გასწორება ვცადე. მეგონა, გამომივიდა, მაგრამ პირიქით მოხდა. კედელი ახლოს იყო და მასთან შეჯახებამ მანქანა დააზიანა. მერე კი ნიკოსაც დავეჯახე. მოკლედ, ყველაფერი ბოლო ორ რბოლაში გადაწყდება”, - განაცხადა უებერმა.

დარჩენილ ორ რბოლაში, მაქსიმუმ 50 ქულის აღებაა შესაძლებელი და ავსტრალიელი პილოტი დარწმუნებულია, რომ ამ ეტაპზე, ადგილებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს და რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა:

”ამ მომენტში, პოზიციებს დიდ მნიშვნელობა არ აქვს. ისინი შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს, როგორც ეს დღეს მოხდა. ამ სეზონში მეორე რბოლა ვერ დავასრულე. წინ კიდევ ორი რბოლა გვაქვს და ყველაფერს ვიზამ, რომ სასურველ მიზანს მივაღწიო”.

ალონსო თვლის, რომ სატიტულო ბრძოლა წინაა

Alonso Insists Title Fight Not Over

25 ოქტომბერი

ფერნანდო ალონსომ კორეის პირველი დიდი პრიზი მოიგო და იმის წყალობით, რომ ”რედ ბულ რეისინგის” ორივე პილოტი რბოლას გამოეთიშა, ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა. არადა, სულ რამდენიმე რბოლით ადრე, ისე ჩანდა, თითქოს ალონსოს სატიტულო შანსები მინიმალური იყო. ამჯერად კი, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მთავარი ფავორიტი გახდა.

თუმცა, რბოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ესპანელმა განაცხადა, რომ მის მიერ კორეაში მოპოვებულ გამარჯვებას ბევრი არაფერი შეუცვლია და რომ ბრაზილიასა და აბუ დაბიში, მას კარგი შედეგები სჭირდება იმისათვის, რომ მესამე ტიტულს დაეუფლოს.

”სინამდვილეში, ბევრი არაფერი შეცვლილა. ხომ იცით, ქულების ახალი სისტემით, ერთ რბოლას ყველაფრის შეცვლა შეუძლია. და თუ რბოლას უქულოდ დაასრულებ, რომელიმე კონკურენტი აუცილებლად 25 ქულას აიღებს და კლასიფიკაციაში განლაგება ისევ შეიცვლება. ასე რომ, ამ რბოლას ბევრი არაფერი შეუცვლია”, - ამბობს ”ფერარის” პილოტი და დასძენს:

”მარკს და სებს არ გაუმართლათ, მაგრამ იგივე შეიძლება სხვასაც დაემართოს. თანაც, კორეის შემდეგაც, ტიტულის მოგების შანსს ისევ ოთხი-ხუთი პილოტი ინარჩუნებს. ახლა მთავარი სტაბილურობაა. უნდა ვეცადო, რომ ორივე დარჩენილი რბოლა კვარცხლბეკზე დავასრულო. ბოლო შვიდ რბოლაში კარგი შედეგები გვქონდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დარჩენილ ორში, აუცილებლად მმართებს კვარცხლბეკზე ასვლა და გამარჯვებისთვის ბრძოლა. მთავარია, რბოლა უქულოდ არ დავამთავრო. აქ გამარჯვება ფანტასტიური იყო და ყოველთვის გამარჯვბისთვის ვიბრძოლებ, მაგრამ ხომ იცით, ყველა რბოლის მოგება შეუძლებელია”.

კორეაში გამარჯვების შემდეგ, ალონსოს 231 ქულა აქვს და ის 11 ქულით უსწრებს მეორეზე გადასულ მარკ უებერს. მესამეზე კი ახლა ლუის ჰამილტონია, ვინც ესპანელს 21 ქულით ჩამორჩება.

Sunday, October 24, 2010

ფეტელი უებერს არ დაეხმარება

Vettel will not be given support role

24 ოქტომბერი

ჰორნერი (მარჯვნივ) ფეტელს მეორე ნომრად არ დააყენებს

..............................

მართალია, სებასტიან ფეტელის საჩემპიონო შანსი ძლიერ შემცირდა, მაგრამ ”რედ ბულ რეისინგი” მაინც არ აპირებს მისთვის მარკ უებერის მხარდამჭერის როლის მიკუთვნებას. თქმა არ უნდა, რომ ეს გარემოება ავსტრალიელ პილოტს ძლიერ გაურთულებს საქმეს, მაგრამ ავსტრიულ გუნდში არ სურთ, რომ პილოტს, რომელიც მომავალ წლებში მათი ლიდერი იქნება, მეორეხარისხოვანი როლი თუნდაც მხოლოდ ორ რბოლაში ჰქონდეს.

ფეტელი კორეის დიდი პრიზის ლიდერი იყო, როდესაც მის მანქანაზე მწყობრიდან ძრავი გამოვიდა. მანამდე კი რბოლა ავარიის გამო დატოვა უებერმა. ახლა ოზ პილოტს 11 ქულას უგებს ფერნანდო ალონსო, ფეტელი კი ესპანელისგან 25 ქულაშია და მეოთხე ადგილზე იმყოფება. მაგრამ გუნდის შეფი ქრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ ფეტელის ჩამოწერა საჩემპიონო მარათონიდან ნაადრევია და რომ, სიტუაცია შეიძლება ისევე სწრაფად შეიცვალოს, როგორც იონგამის რბოლის შემდეგ შეიცვალა.

”ჩვენ ფერნანდოს დიდი საჩუქარი მივეცით, მაგრამ ამ რბოლამაც აჩვენა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება. თვითონ რბოლის მსვლელობისას, ჩემპიონატის ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. ეს კი ნიშნავს, რომ დანებება ბოლომდე არ შეიძლება და რომ შანსი ჯერაც არსებობს. შეცდომა იქნება, რომ ფეტელს უებერის დახმარება ვთხოვოთ. გარანტირებული არავის არაფერი აქვს. ვის შეეძლო დღევანდელი რბოლის შედეგის წინასწარ განსაზღვრა? არ მგონია, შემდეგ რბოლებზეც ეს შესაძლებელი იყოს. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონის ვინაობას აბუ დაბის რბოლის ბოლო წრემდე ვერ გავიგებთ და ჩვენც ბოლომდე თავჩაუხრელად მუშაობას ვაპირებთ იმისათვის, რომ ლიდერობა დავიბრუნოთ”, - ამბობს ჰორნერი.

კორეული რბოლა ”რედ ბულის” ორივე პილოტმა წინა რიგიდან დაიწყო და ჰორნერი ამბობს, რომ უქულოდ დარჩენა მით უფრო გულდასაწყვეტი იყო: ”მოტორ სპორტი ზოგჯერ დაუნდობელია და დღეს სწორედ ჩვენ შეგვეხო ეს ფაქტორი. ჩვენ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, სტრატეგიაც ამინდის შესაბამისად, სწორად შევიმუშავეთ. სებასტიანმაც შესანიშნავად იასპარეზა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ ძრავის დაზიანებამ კატასტროფული შედეგი იქონია. ჩვენ გამარჯვება დავკარგეთ. მარკი ამ სეზონში იშვიათად ცდება, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს შეცდა და ეს ძვირად დაუჯდა. რა თქმა უნდა, ის გაწბილებულია, მაგრამ ის ბრძოლას გააგრძელებს. კორეამდე ბოლო რბოლა, რომელშიც მან ქულა ვერ აიღო, ვალენსია იყო და მისი მომდევნო რბოლა მოიგო. ბრაზილიის ტრასა მას ძალიან მოსწონს და დარწმუნებული ვარ, იქ გამარჯვებისთვის იბრძოლებს”.

ლოებმა ესპანეთშიც გაიმარჯვა

Loeb clinches Catalunya victory

24 ოქტომბერი

ლოები (ჩვენგან მარჯვნივ) და მისი შტურმანი დანიელ ელენა მორიგ ტრიუმფს ზეიმობენ

..............................

სებასტიან ლოებმა მსოფლიო ჩემპიონის მეშვიდე ტიტული ჯერ კიდევ საფრანგეთის რალის მოგებით გაინაღდა, თუმცა ამით მის ჟინს არაფერი მოჰკლებია, რის დასტურადაც, მან ესპანეთის რალიზეც საუკეთესო იყო და ამ სეზონში ეს მისი მეშვიდე გამარჯვებაა.

რბოლის პირველი დღის სპეცმონაკვეთები გრუნტიან გზებზე ჩატარდა, მეორე და მესამე დღეს კი მრბოლებს ასფალტზე ასპარეზობამ მოუწია. როგორც ლიდერი, ლოები ტრასაზე პირველი გავიდა, რაც გრუნტზე უპირატესობას მეტოქეებს ანიჭებდა, თუმცა ამის მიუხედავად, ფრანგმა თავიდანვე დაწინაურება შეძლო.

თავიდან მას მედგარ მეტოქეობას თანაგუნდელი და თანამემამულე სებასტიან ოჟიე უწევდა, თუმცა მეორე დღის დასაწყისშივე, მას მანქანა მოუცურდა და ბარიერს დაეჯახა, რის გამოც, მე-17 ადგილამდე ჩამოქვეითდა. აქედან მოყოლებული, ლოებს სერიოზული კონკურენცია ვეღარავინ გაუწია.

”აქ ქულები აღარ მჭირდებოდა, რის გამოც, ყოველგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლის გარეშე ვიასპარეზე და ამიტომ, თავიდანვე რისკზე უარი არ მითქვამს. პირველ დღეს მოპოვებული ლიდერობის შენარჩუნება კი ასფალტზე არ გამჭირვებია”, - განაცხადა ლოებმა, ვინც მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას შეწყვეტს.

მეორე ადგილისთვის ბრძოლაში, კერძო გუნდის ”სიტროენით” მოასპარეზე ნორვეგიელმა პეტერ სოლბერგმა ადვილად აჯობა ლოების კიდევ ერთ თანაგუნდელს, ესპანელ დანი სორდოს. მეოთხე ადგილს დასჯერდა ფინელი იარი-მატი ლატვალა (ფორდი), ვინც გრუნტზე ერთხანს მეორე იყო, მაგრამ ასფალტზე პოზიციები დათმო. თუმცა, ამის მიუხედავად, საერთო კლასიფიკაციაში მესამე ადგილი შეინარჩუნა და ახლა სოლბერგს 5 ქულას უგებს. ოჟიე კი საბოლოოდ მეათე ადგილს და ერთ ქულას დასჯერდა. საერთო ჩათვლაში ის კვლავაც მეორეა.

ესპანეთის რალის შედეგები

1. სებასტიან კოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3:32:59.700

2. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) +00:35.300

3. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 00:41.100

4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) 01:19.500

5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 06:32.900

6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი) 08:17.600

7. ხალიდ ალ ყასიმი (ემირატები, ფორდი) 13:05.700

8. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 13:11.200

9. კენ ბლოკი (აშშ, ფორდი) 16:01.200

10. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 17:24.100

პილოტების კლასიფიკაცია

1. სებასტიან კოები - 251 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე - 167; 3. იარი-მატი ლატვალა - 156; 4. პეტერ სოლბერგი - 151; 5. დანიელ სორდო - 140; 6. მიკო ჰირვონენი - 114; 7. მეტიუ უილსონი - 68; 8. ჰენინგ სოლბერგი - 37; 9. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) - 36; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) - 21...

კონსტრუქტორთა პირველობა

1. სიტროენ ტოტალ WRT - 431 ქულა; 2. BP-ფორდ აბუ-დაბი WRT - 304; 3. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 199; 4. შტობარტ VK M-შპორტ ფორდ WRT - 158; 5. მუნჩი’ს ფორდ WRT - 58

”რედ ბულის” კორეული საშინელება - ალონსო ლიდერია

Alonso grabs F1 lead in Red Bull nightmare

24 ოქტომბერი

ალონსო სეზონში მეხუთე გამარჯვებას ზეიმობს
..............................

კორეული დიდი პრიზის შემდეგ, ბევრს ალბათ 2007 წლის სეზონის მიწურული გაგახსენდათ. მაშინ თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში, პირველობისთვის ”მაკლარენის” ორი პილოტი - ლუის ჰამილტონი და ფერნანდო ალონსო იბრძოდნენ. საბოლოოდ კი ჩემპიონი ”ფერარის” კიმი რაიკონენი გახდა, რომელიც ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე, ლიდერს 17 ქულით ჩამორჩებოდა.

დღეს უკვე შეიქმნა მსგავსი სიტუაცია. ოღონდ, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე, ახლა უკვე ალონსომ, იმავე ”ფერარის” მანქანით, სასწაულებრივი გარღვევა განახორციელა და ჩემპიონატს სათავეში მოექცა. არადა, თუნდაც იტალიასა და სინგაპურში მოპოვებული გამარჯვებების მიუხედავად, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ”რედ ბულის” ორივე პილოტს უკან ჩამოიტოვებდა.

რბოლა ორჯერ უსაფრთხოების მანქანამ დაიწყო

..............................

კორეული რბოლა კი ქაოსური გამოდგა. ჯერ იყო და, კოკისპირულის გამო, რბოლამ სტარტი დაგვიანებით აიღო. შემდეგ, იმის გამო, რომ ხილვადობა თითქმის ნულოვანი იყო, შეწყდა. 48 წუთიანი ლოდინის შემდეგ კი ისევ განახლდა. თუმცა, პეისკარს კიდევ რამდენჯერმე დასჭირდა ტრასაზე გამოსვლა.

”რედ ბულს” პირველად მე-18 წრეზე არ გაუმართლა, როდესაც ჩემპიონატის ლიდერ მარკ უებერს მანქანა მოუცურდა. ”რედ ბულის” ბოლიდი ჯერ დამცავ ზღუდეს დაეჯახა, შემდეგ კი ნიკო როსბერგის ”მერსედესიც” დაამტვრია და რბოლაც მისთვის იქვე დასრულდა.

ავსტრიული გუნდისთვის პირველი კორეული რბოლა ფინიშამდე 10 წრით ადრე დასრულდა, როდესაც მოულოდნელად, სტარტ-ფინიშის სწორის ბოლოს, ლიდერ ფეტელს ალონსომ გაუარა. არადა, ფეტელს შეცდომაც არ დაუშვია... თუმცა, მალე მისი შენელების მიზეზიც გაირკვა - მისმა მანქანამ სქელი ბოლი გაუშვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ”რენოს” ძრავმა სული დალია.

ძლიერი წვიმის გამო, რბოლა ერთხელ შეწყდა

..............................

ალონსომ ლიდერობა იგდო ხელთ. არადა, ლიდერი ჰამილტონი იქნებოდა, ცოტა ხნით ადრე, მას შეცდომა რომ არ დაეშვა. ერთ-ერთი მოსახვევიდან გამოსვლისას, ბრიტანელი ტრაექტორიას გასცდა, რის გამოც, გაზის პედლიდან ფეხის აღება მოუხდა. ამით კი შესანიშნავად ისარგებლა ალონსომ. მოკლედ, ესპანელმა ბოლო ოთხ რბოლაში მესამე გამარჯვება მოიპოვა, რაც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ ლიდერობაც მას ეგდო ხელთ.

ამგვარად, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ამ სეზონში მეხუთე (ყველაზე მეტი) გამარჯვება მოიპოვა და თუ კორეამდე, ლიდერ უებერს 14 ქულით ჩამორჩებოდა, ახლა მას აქეთ უგებს 11 ქულას. კიდევ 10 ქულით უკანაა ჰამილტონი, რომელმაც ფინიშს მეორემ უწია და ჩემპიონატში მესამეზე გადაინაცვლა. საჩემპიონო რბოლას ფაქტობრივად გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი, ვინც მე-12 ადგილი დაიკავა და შინ უქულოდ გაბრუნდა. ახლა ის ალონსოს 42 ქულით ჩამორჩება. დარჩენილ ორ რბოლაში მაქსიმუმ 50 ქულის აღება შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბატონს ტიტულის შენარჩუნების მათემატიკური შანსი მაინც რჩება.

სხვათა შორის, ალონსოს მესამე ტიტულის განაღდება შემდეგ ეტაპზევე, ბრაზილიაშივე შეუძლია. ამისათვის, მან უნდა მოიგოს და უებერმა მეხუთე ადგილზე მაღლა ადგილი ვერ უნდა დაიკავოს, ჰამილტონმა კი მოწინავე შვიდეულში შესვლაც ვერ უნდა შეძლოს.

”ამ სეზონში ეს ჩვენი გუნდის საუკეთესო რბოლაა. ბედნიერები ვართ, თუმცა ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა. ქულების ახალი სისტემა ბევრ სიურპრიზს გვპირდება. ასე რომ, ჯერ ზეიმი ნაადრევია”, - განაცხადა ალონსომ, ვისთვისაც, კორეაში მოპოვებული გამარჯვება, 26-ეა კარიერაში.

მარცხის მიუხედავად, რბოლის შემდეგ, არცთუ უკმაყოფილო ჩანდა უებერი, ვისაც ამიერიდან, ტიტულის მოცილედ ფეტელი აღარ ეყოლება. ეს კი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ დარჩენილ ორ რბოლაში, ფეტელი და მთელი გუნდი, მის სასარგებლოდ იმუშავებენ.

სამხრეთ კორეის დიდი პრიზი

იონგამი. ტრასა 5.621 კმ, 55 წრე. დისტანცია 309.155 კმ

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 2:48:20.810

2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +00:14.999

3. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:30.868

4. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:39.688

5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 00:47.734

6. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 00:53.571

7. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 01:09.257

8. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 01:17.889

9. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 01:20.107

10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 01:20.851

11. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 01:24.146

12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 01:29.939

13. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1 წრე

14. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 2 წრე

15. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 2 წრე

გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 9 წრე

გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 10 წრე

გ. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 16 წრე

გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 24 წრე

გ. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 25 წრე

გ. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 30 წრე

გ. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 30 წრე

გ. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 37 წრე

გ. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 37 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ფერნანდო ალონსო - 1:50.257, 42-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია

1. ფერნანდო ალონსო - 231 ქულა; 2. მარკ უებერი - 220; 3. ლუის ჰამილტონი - 210; 4. სებასტიან ფეტელი - 206; 5. ჯენსონ ბატონი - 189; 6. ფელიპე მასა - 143; 7. რობერტ კუბიცა - 124; 8. ნიკო როსბერგი - 122; 9. მიხაელ შუმახერი - 66; 10. რუბენს ბარიკელო - 47; 11. ადრიან სუტილი - 47; 12. კამუი კობაიაში - 31; 13. ვიტანტონიო ლიუცი - 21; 14. ვიტალი პეტროვი - 19; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 18; 16. სებასტიან ბუემი - 8; 17. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) - 6; 18. ნიკ ჰაიდფელდი - 6; 19. ხაიმე ალგერსუარი - 3

კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 426 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 399; 3. ფერარი - 374; 4. მერსედესი - 188; 5. რენო - 143; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 68; 7. უილიამს-კოსუორტი - 65; 8. ზაუბერ-ფერარი - 43; 9. ტორო როსო-ფერარი - 11

Saturday, October 23, 2010

”ლოტუსი” ”რენოს” ძრავებზე გადავიდა

Lotus secures Renault engine deal

23 ოქტომბერი

მომავალ სეზონში, ”ლოტუსი” ”რენოს” ძრავებით იასპარეზებს. ეს ჯერ კიდევ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ინგლისურმა გუნდმა და ძრავების მწარმოებელმა ინგლისურმა კომპანია ”კოსუორტმა” მოქმედი სამწლიანი კონტრაქტი შეწყვიტეს. ახლა კი, სამხრეთ კორეის დიდი პრიზის დღეებში, ინგლისურმა ჟურნალმა ”ავტოსპორტმა” დაადგინა, რომ ”ლოტუსმა” ფრანგულ კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწია.

კორეამდე იყო ვარაუდი, რომ შესაძლოა, ”რენოს” ”ლოტუსთან” საქმის დაჭერისგან თავი შეეკავებინა. ამის მიზეზი კი ის ფაქტია, რომ ინგლისურ გუნდს, რომელსაც მალაიზიელი მილიარდერი ტონი ფერნანდესი უძღვება, სახელ ”ტიმ ლოტუსის” გამოყენების უფლებას ჩამოართმევდნენ. ამ სახელს კი მას ფორმულა 1-ის ლეგენდარული საჯინიბოს შთამომავალი, ჯგუფი ”ლოტუსი” სასამართლოში ედავება.

თუმცა, როგორც ჩანს, ”რენოს” ხელმძღვანელობა იმ ფაქტმა მოხიბლა, რომ ახალბედა გუნდს საგრძნობი პროგრესი აქვს და პერსპექტივაში, განვითარების უნარიც შესწევს. რაც მთავარია, მას გადახდის უნარიც გააჩნია. ”ავტოსპორტი” ვარაუდობს, რომ მხარეებს შორის კონტრაქტი ბრაზილიის დიდი პრიზის დღეებში გაფორმდება.

”რენოს” შეფი ერიკ ბუიე ჯერ კიდევ კორეამდე არაფერს ამბობდა თავისი გუნდის გეგმებზე, მაგრამ დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში, ”რენო” ძრავებს კიდევ ერთ გუნდს მიაწვდის. მართალია, გუნდის სახელი მას არ დაუზუსტებია, მაგრამ ყველასათვის გასაგები იყო, რომ ეს გუნდი ”ლოტუსია”.

”ჯერ ამ თემაზე ლაპარაკი ნაადრევია. მართალია, ჩვენ ოფიციალურად არაფერი გამოგვიცხადებია, მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ძრავების თაობაზე, რომელიმე გუნდთან კონტრაქტისთვის ხელი ჯერ არ მოგვიწერია. ისე კი, ვისურვებდით, რომ ძრავები სხვა გუნდისთვისაც მიგვეწოდებინა”, - ამბობს ბუიე.

სხვათა შორის, ”ლოტუსს” სხვა კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვს. მისი პირობების მიხედვით, ის გადაცემათა კოლოფებსა და სატრანსმისიო კვანძებს ”რედ ბულ რეისინგისგან” მიიღებს. ეს აგრეგატები კი მხოლოდ ”რენოს” ძრავებს მიესადაგება.

ამგვარად, ”ლოტუსის” მანქანებს მომავალ სეზონში ისეთივე უკანა ნაწილი ექნება, როგორიც ამბიციური ”რედ ბულ რეისინგისას”. ეს კი ნიშნავს, რომ :ლოტუსი” მერმისს კონკურენტუნარიანი იქნება.

ფეტელი ისევ პოულზეა

Vettel beats Webber to pole in South Korea

23 ოქტომბერი

ფორმულა ერთის ქარავნის სათავეში ისევ „რედ ბულის“ პილოტები არიან. გერმანელმა სებასტიან ფეტელმა მიმდინარე სეზონში მეცხრე პოულ პოზიცია მოიპოვა და უკან ჩამოიტოვა ჩემპიონატის ლიდერი და თავისი თანაგუნდელი, ავსტრალიელი მარკ უებერი.

„რედ ბულისთვის“ ეს მიმდინარე სეზონში მოპოვებული მე-14 პოულ პოზიციაა. ფეტელი ფორმულა 1-ის ისტორიაში მეორე პილოტია, ვინც ერთ სეზონში 9 კვალიფიკაცია მოიგო. ცხრა წლის წინ, იგივე მისმა სახელოვანმა თანამემამულემ, მსოფლიო შვიდგზის ჩემპიონმა მიხაელ შუმახერმა შეძლო, ვინც ამჯერად მეცხრე ადგილს დასჯერდა. დაკიდევ, „რედ ბულის“ პილოტებმა მოწინავე სასტარტო რიგიდან რბოლის დაწყების უფლება ამ სეზონში მერვედ მოიპოვეს.

სტარტზე მეორე რიგში ფერნანდო ალონსო და ლუის ჰამილტონი დადგებიან. ოდენ მეშვიდე შედეგს დასჯერდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი, ვინც, როგორც ჩანს, კორეული რბოლის შემდეგ, ტიტულის შენარჩუნების შანსს გამოემშვიდობება. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ეტაპით ადრე, ბატონი ლიდერ უებერს 31 ქულით ჩამორჩება.

უებერი, ვინც ფეტელსა და ალონსოს 14-14 ქულას უგებს, სტარტს ტრასის მტვრიან მხარეს აიღებს, რამაც შეიძლება საქმე გაუფუჭოს. თუმცა, ის ამაზე სულაც არ დარდობს და თავისი მეორე ადგილით კმაყოფილია.

„ალბათ, ფერნანდო კარგ სტარტს აიღებს, მაგრამ ჩემპიონატის ბედი სტარტზევე არ გადაწყდება. საერთო ჯამში, ჩემი მეორე შედეგით კმაყოფუილი ვარ“, - განაცხადა უებერმა, ვინც ტიტულისთვის მებრძოლთა შორის, ერთადერთი იასპარეზებს ახალი ძრავით, რამაც შესაძლოა, რბოლის მიწურულს, მას კარგი სამსახური გაუწიოს.

სამხრეთ კორეის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:35.585

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:35.659

3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:35.766

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:36.062

5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:36.535

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:36.571

7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:36.731

8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:36.824

9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:36.950

10. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:36.998

- - - - - - - - - -

11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:37.620

12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:37.643

13. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:37.715

14. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:37.783

15. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:37.799

16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:37.853

17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:38.594

- - - - - - - - - -

18. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:38.955

19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:40.521

20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:40.748

21. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:41.768

22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:42.325

23. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:42.444

24. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:43.283

Friday, October 22, 2010

ბოლო ახალი ძრავი უებერისთვის

Mark Webber

21 ოქტომბერი

გარდა იმისა, რომ უახლოეს მდევრებს 14 ქულით უსწრებს, ფორმულა 1-ის ავსტრალიელ ლიდერ მარკ უებერს მეტოქეებთან კიდევ ერთი სერიოზული უპირატესობაც აქვს - მას რეგლამენტით ლიმიტირებული რვიდან, ჯერ მხოლოდ შვიდი ახალი ძრავი აქვს გამოყენებული. კორეისთვის კი თავის გუნდს მანქანაზე მერვე ძრავი დააყენებინა. მის კონკურენტებს კი უხმარი ძრავი აღარ აქვთ.

სეზონის დასრულებამდე სულ სამი ეტაპიღა რჩება. უებერი გერმანელ თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს და ”ფერარის” ესპანელ ფერნანდო ალონსოს 14-14 ქულას უგებს. ბრიტანელ ლუის ჰამილტონთან კი მას 28-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს. კორეის დიდი პრიზის პირველი ორი თავისუფალი პრაქტიკის შემდეგ, ის ფეტელს წამზე მეტს უგებს. და თავისი უპირატესობის გასაზრდელად, ახალი ძრავის დაყენება მოითხოვა.

ავსტრალიელი პილოტის მოტივი გასაგებია - თუ ის კორეაში გამარჯვებას შეძლებს, მდევრებთან უპირატესობა მინიმუმ 21 ქულამდე გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად გაინაღდებს ჩემპიონობას.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი - ”რედ ბულის” მანქანები ”რენოს” ძრავებითაა აღჭურვილი. ფრანგული აგრეგატები კი კონკურენტების ძრავებზე (ფერარი და მერსედესი) სუსტია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კორეული ტრასის ორ გრძელ სწორზე, ”ფერარის” და ”მაკლარენის” პილოტებს სისწრაფეში უპირატესობა ექნებათ.

სამაგიეროდ, კორეაში, ან მომდევნო ორ ეტაპზე, ამ გუნდების პილოტებს ძრავების დაზოგვაზე ზრუნვა მოუწევთ. თუ მათს მანქანებზე ეს აგრეგატი მწყობრიდან გამოვა და მისი შეცვლა გახდება საჭირო, მაშინ სტარტზე 10 ადგილით უკან დაწევა მოუწევთ, რაც მათს საჩემპიონო შანსებს ნულზე დაიყვანს.

”რედ ბული” თავის მომავალს ფეტელს უკავშირებს

Red Bull Admit Strategy to Build Team around Vettel

21 ოქტომბერი

მართალია, მიმდინარე სეზონში ”რედ ბულ რეისინგს” ორივე თავისი პილოტის თანაბრად მხარდაჭერა და უზრუნველყოფა უწევს, მაგრამ ავსტრიული საჯინიბოს ხანგრძლივ სტრატეგიაში ეს მაინც არაფერს ცვლის - მისი ხელმძღვანელი ქრისტიან ჰორნერი არ მალავს, რომ ახლო მომავალში, მისი გუნდი მთლიანად სებასტიან ფეტელზე გადაეწყობა.

”ვიმეორებ: ჩვენ გუნდს სებასტიან ფეტელზე ავაწყობთ. მას წინ ხანგრძლივი კარიერა აქვს და იმედია, მის დიდ ნაწილს ჩვენთან გაატარებს”, - ამბობს ჰორნერი, ვინც დასძენს, რომ უებერი ფორმულა 1-ში დიდხანს დარჩენას არ აპირებს და კარგი იქნება, თუ ის თავის კარიერას მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დაასრულებს.

ჰორნერი დასძენს, რომ მხოლოდ ესაა იმის მიზეზი, რომ გუნდმა ორივე პილოტს ჩემპიონატის ბოლო მეტრამდე თანაბრად ბრძოლის უფლება მისცა. და, ის იმედოვნებს, რომ აბუ დაბიში, საზეიმო განწყობა ნებისმიერ შემთხვევაში მისი გუნდის ბოქსში იქნება.

”მარკს თავისი კარიერის შემოდგომა აქვს. მას უნდა, რომ მაშინ წავიდეს, როდესაც მწვერვალზე იქნება და არა მაშინ, როდესაც თავისი ფორმის პიკი გავლილი ექნება, როგორც ეს ბევრ სხვა პილოტს მოუვიდა”, - ამბობს ჰორნერი.

ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონი, კანადელი ჟაკ ვილნევი ამბობს, რომ ”რედ ბულ რეისინგი” მართებულად იქცევა, როდესაც თავის მომავალს ფეტელს უკავშირებს. მაგრამ მათი ქმედების სტილს არაპროფესიონალურსა და არამართებულს უწოდებს.

”მარკს და სებასტიანს სრულიად განსხვავებული სეზონი აქვთ. თქმა არ უნდა, ფეტელი ძალიან სწრაფი და ჟინიანია, მაგრამ როცა შეცდომას უშვებს, გუნდი არაფერს ეუბნება, ასე კი ის ბევრს ვერაფერს ისწავლის”, - ინგლისურ გამოცემა ”ტელეგრაფთან” საუბრისას ამბობს ვილნევი.

კორეაში უებერს ვერავინ სჯობნის

Spinning Webber fastest in South Korea

21 ოქტომბერი

უებერი იონგამის ტრასაზე ასპარეზობისას
..............................

როგორც ყოველთვის, პარასკევის თავისუფალ პრაქტიკებზე ნაჩვენებ შედეგებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასრ არაა და ამის მიზეზი ისაა, რომ უკლებლივ ყველა პილოტისთვის, სამხრეთ კორეის სამხრეთში მდებარე იონგამის ტრასა ახალი და მიუჩვეველია. არის კიდევ ერთი ფაქტორი - ამ ტრასაზე ასფალტის დაგებას რამდენიმე დღის წინ მორჩნენ და რამდენადაც მასზე მანქანებს ჯერ არ უვლიათ, მას შედარებით მცირე ჩაჭიდება აქვს, რაც პილოტებს ბევრ პრობლემას უქმნის.

ამიტომაა, რომ უკლებლივ ყველა დარწმუნებულია - ყოველ მომდევნო დღეს, პილოტების სიჩქარეები გაიზრდება. და, შეიძლება, ყველაფერი თავდაყირა დადგეს. მოკლედ, ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია. და მაინც ფაქტია, რომ პირველი ორი პრაქტიკის შემდეგ, საუკეთესო შედეგი ჩემპიონატის ავსტრალიელ ლიდერ მარკ უებერს აქვს. არადა, სანამ თავის საუკეთესო წრეს გაივლიდა, ოზმა პილოტმა მე-12 მოსახვევში მანქანაზე კონტროლი დაკარგა და დატრიალდა. მაგრამ ტრასაზე დაბრუნებისთანავე, საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

პიტლაინის გასასვლელი

..............................

პირველ პრაქტიკაზე საუკეთესო ლუის ჰამილტონი იყო, მაგრამ შემდეგ ის მხოლოდ მესამე შედეგს დასჯერდა. სხვათა შორის, უებერის საუკეთესო შედეგი, ჰამილტონის პირველი პრაქტიკის საუკეთესო შედეგზე თითქმის სამი წამით უკეთესი იყო. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ყოველი შემდეგი სესიისას, პილოტების სიჩქარე გაიზრდება.

ორი პრაქტიკის შედეგად, მეორე საუკეთესო შედეგი ფერნანდო ალონსოს ჰქონდა, ვინც პირველ სესიაზე მხოლოდ მე-15 შედეგს დასჯერდა. ორი სესიის ჯამში, მხოლოდ მეშვიდე დრო ჰქონდა ფეტელს, მეოთხე საუკეთესო კი რობერტ კუბიცა იყო. რაც შეეხება ჯერაც მსოფლიო ჩემპიონის რანგში მოასპარეზე ჯენსონ ბატონს, ის მეხუთე შედეგს დასჯერდა. სხვათა შორის, მეორე სესიაზე მის მანქანას გამოსაბოლქვ არეში ცეცხლი წაეკიდა, თუმცა ამას ის ძლიერ არ დაუზიანებია - ბატონი ტრასას მალევე დაუბრუნდა.

სამხრეთ კორეის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:40.887

2. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:40.968

3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:41.152

4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:41.371

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:41.940

6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:42.022

7. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:42.202

8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:42.293

9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:42.678

10. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:42.883

11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:42.896

12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:43.054

13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:43.309

14. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:43.602

15. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:43.928

16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:43.940

17. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:44.887

18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:45.141

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:45.588

20. ჟერომ დ’ამბროსიო (ბელგია, ვირჯინი) 1:46.613

21. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:47.115

22. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:50.347

23. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:50.821

24. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:51.701

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:37.942

2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:38.132

3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:38.279

4. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) 1:38.718

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:38.726

6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:38.820

7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:39.204

8. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:39.267

9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:39.268

10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:39.564

11. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, ზაუბერი) 1:39.588

12. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:39.598

13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:39.812

14. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) 1:39.881

15. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:39.971

16. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) 1:40.478

17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:40.578

18. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:40.896

19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:42.773

20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) 1:42.801

21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:43.115

22. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) 1:44.039

23. საკონ იამამოტო (იაპონია, ისპანია) 1:45.166

24. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) 1:46.649