კორეის დიდ პრიზს მწვანე შუქი აუნთეს
12 ოქტომბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ მწვანე შუქი აუნთო კორეის პირველ დიდ პრიზს. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ფედერაციის (FIA) ინსპექციამ სეულიდან 400 კილომეტრით დაშორებული იონგამის ახლახანს აშენებული ავტოდრომი მოიწონა.
დღეს კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კორეის დიდი პრიზი დაგეგმილ დროს - 24 ოქტომბერს ჩატარდება. ესე იგი, მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ სამი ეტაპი დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონატის ავსტრალიელ ლიდერ მარკ უებერს ჯერაც ბევრი ბრძოლა მოუწევს თავისი მოწინავე პოზიციის შესანარჩუნებლად.
”კორეის საერთაშორისო ავტოდრომი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისადაა აგებული და ის ქვეყანაში მოტორ სპორტის ეპიცენტრი გახდება”, - ამბობს კორეის დიდი პრიზის ორგანიზატორ კომპანია ”კორეა აუტო ვალეი ოპერეიშნის” შეფი ჩუნ იუნ-ჩო.
კორეული ტრასის ინსპექციას FIA-ს რბოლების დირექტორმა ჩარლი უაიტინგმა უხელმძღვანელა. ის კორეაში მაშინვე გაემგზავრა, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ტრასის სავალ ნაილზე ასფალტის ზედა ფენის დაგება დასრულებულია. ეს კი იაპონიის დიდი პრიზის დღეებში მოხდა.
თავის მოხსენებაში უაიტინგმა აღნიშნა, რომ ავტოდრომი თავისი ინოვაციურობით გამოირჩევა. ინოვაციურობა კი იმაში გამოიხატება, რომ ტრიბუნა ტრასასთან მაქსიმალურადახლოსაა განლაგებული და რაც მთავარია, დაცულია მაყურებელთა უსაფრთხოება.
გუნდები კი კორეაში საუკეთესო პირობებს არ ელიან - ახალდაგებული ტრასა აბრაზიული იქნება, რამაც რბოლის დროს შეიძლება ბევრი პრობლემა შექმნას. არადა, ამ ეტაპზე, ჩემპიონობისთვის მებრძოლი პილოტებისთვის, ყველაზე მთავარი სტაბილურად ასპარეზობაა.
No comments:
Post a Comment