ბარიკელო ”უილიამსში” ადგილის შენარჩუნებას იმედოვნებს
Barrichello Hopes to Retain Seat with Williams
31 ოქტომბერი
სულ ცოტა ხნის წინ, რუბენს ბარიკელოს (სურათზე) ეჭვიც არ ეპარებოდა იმაში, რომ მომავალ სეზონსაც ”უილიამსში” გაატარებდა, მაგრამ ამჟამად სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. საქმე ისაა, რომ ამ სეზონის ბოლოს, ინგლისური გუნდი რამდენიმე სპონსორს კარგავს, რის გამოც, მას ფინანსური პრობლემები ემუქრება. ამიტომ, მისი ხელმძღვანელობა ისეთი პილოტების მოწვევას ეშურება, რომლებსაც სოლიდური სპონსორი მოჰყვება.
”ამ სეზონში კარგად ვიმუშავე და მომავალი სეზონის მანქანის სრულყოფაშიც დიდი წვლილი მიმიძღვის. ასე რომ, გუნდში დარჩენას ვიმედოვნებ”, - სააგენტო როიტერთან საუბარში ამბობს ბარიკელო, ვისაც იმის გამო, რომ ”ფერარიში” ყოფნისას, მიხაელ შუმახერის მსახურს ეძახდნენ, ბრაზილიაში ნაკლებად სცემენ პატივს და ბუნებრივია, ბრაზილიური კომპანიების მხარდაჭერის იმედიც არ უნდა ჰქონდეს.
კორეული რბოლის წინ, ”უილიამსმა” წინასწარი კონტრაქტი გააფორმა ვენესუელელ პილოტ პასტორ მალდონადოსთან, რომელსაც თავისი ქვეყნის სახელმწიფო ნავთობკომპანია (PDVSA) უჭერს მხარს და გუნდს 15 მილიონ ევროს პირდება. მართალია, ბევი ვარაუდობს, რომ მალდონადო გერმანელ ნიკო ჰულკენბერგს შეცვლის, მაგრამ ”უილიამსის” თანამფლობელმა პატრიკ ჰედმა განაცხადა, რომ ადგილი გარანტირებული არც ბარიკელოს აქვს.
საშიშროება თავად პილოტმაც იგრძნო, ვინც აცხადებს, რომ ძალიან გაწბილებული დარჩება, თუ მომავალ სეზონში ”უილიამსში” არ იქნება. მითუმეტეს, ის უკვე მონაწილეობდა მომავალი სეზონის მანქანის ზოგიერთი კომპონენტის შემუშავებაში.
No comments:
Post a Comment