ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე
ფორმულა 1-ის სიახლეები ნახეთ საიტ ავტო პანორამა/ავტო მოტორზე

Monday, October 11, 2010

”რედ ბული” პილოტებს შორის არჩევანს არ გააკეთებს

11 ოქტომბერი

”რედ ბულ რეისინგში” მიაჩნიათ, რომ კარგი იქნება, თუ ჩემპიონატის ბოლომდე, ორივე პილოტს თანაბარ პირობებში მოუწევს ასპარეზობა და ისინი ბოლომდე შეძლებენ ტიტულისთვის ბრძოლას. საქმისადმი გუნდის ამგვარი დამოკიდებულება იაპონიის დიდი პრიზის დროსაც დადასტურდა, როდესაც ჩემპიონატის ლიდერ მარკ უებერს თანაგუნდელმა სებასებასტიან ფეტელმა გამარჯვების საშუალება არ მისცა.

არადა, ავსტრალიელს რომ მოეგო, ის 7 ქულით მეტს მიიღებდა და ლიდერობასაც განიმტკიცებდა. მან მეორე ადგილის დაკავებითაც შეძლო ლიდერის პოზიციის გამყარება, თუმცა ახლა იმავე ფეტელთან და ფერნანდო ალონსოსთან ”მხოლოდ” 14 ქულას იგებს.

პილოტების თანაბრობის პრინციპმა ”რედ ბულს” დიდი უსიამოვნება მოუტანა თურქეთში, სადაც უებერი და ფეტელი ერთმანეთს დაეჯახნენ. მაგრამ გუნდს ეს უბრალო გაუგებრობად მიაჩნია და მის განმეორებას არ ელის. თუმცა, ძნელი დასაჯერებელია, მის ხელმძღვანელობას არ ახსოვდეს, თუ რით დასრულდა 2007 წელს თანაბარუფლებიანობა ”მაკლარენში”.

მაშინ პირველობისთვის ალონსო და ლუის ჰამილტონი იბრძოდნენ. მათი პაექრობა ბოლო რბოლამდე გაგრძელდა და იმით დასრულდა, რომ ჩემპიონი ”ფერარის” კიმი რაიკონენი გახდა. არადა, სულ რაღაც სამი ეტაპით ადრე, ფინელი პილოტი ლიდერს 17 ქულით ჩამორჩებოდა.

”დღეს მარკმა მდევრებთან უპირატესობა გაზარდა, სებასტიანი კი ისევ ტიტულის პრეტენდენტი გახდა. და ჩვენ აუცილებლად ბოლომდე გავაგრძელებთ ორივე მრბოლის თანაბარ მხარდაჭერას”, - ამბობს ”რედ ბულის” შეფი ქრისტრიან ჰორნერი (სურათზე ფეტელთან ერთად), ვინც განსაკუთრებით ფეტელს აქებს: ”სებასტიანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თვისება ისაა, რომ ის საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია. მჯერა, მას ერთი წამითაც არ შეპარვია ეჭვი იმაში, რომ ჯერაც აქვს ტიტულის მოპოვების შანსი”.

”ჩვენს გუნდს ძალიან გაუმართლა, რომ ისეთი ორი გაწონასწორებული და ძლიერი ნებისყოფის პილოტი გვყავს, როგორებიც მარკი და სებასტიანი არიან. რა თქმა უნდა, ამას ხანდახან გართულებებიც შეიძლება მოყვეს, მაგრამ ბევრი ასეთ გართულებებზე ოცნებობს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი პილოტების გამოსვლის დონით. და ვიმედოვნებ, ისინი ბოლომდე ასეთ დონეზე გააგრძელებენ ასპარეზობას”, - დასძენს ჰორნერი.

ის თვლის, რომ ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ახლა ყველაზე მთავარი სტაბილურობაა: ”სებს ერთხანს დაეტყო, რომ ის თავს არაკომფორტულად გრძნობდა. მაგრამ ბოლო რბოლებზე მან შესანიშნავად იასპარეზა. მონცაზე, სინგაპურსა და იაპონიაში ის მართლაც კარგად გამოვიდა. რაც მთავარია, ჩამორჩენა შეამცირა და ახლა ისევ ტიტულისთვის იბრძვის. იგივე ითქმის მარკზეც - სინგაპურში, სპასა და იაპონიაში ის კვარცხლბეკზე ავიდა. მოკლედ, დარჩენილ რბოლებში, ტიტულის პრეტენდენტებისთვის ყველაზე მთავარი სტაბილურობა იქნება”.

No comments:

Post a Comment