ფეტელი უებერს არ დაეხმარება
Vettel will not be given support role
24 ოქტომბერი
ჰორნერი (მარჯვნივ) ფეტელს მეორე ნომრად არ დააყენებს
..............................
მართალია, სებასტიან ფეტელის საჩემპიონო შანსი ძლიერ შემცირდა, მაგრამ ”რედ ბულ რეისინგი” მაინც არ აპირებს მისთვის მარკ უებერის მხარდამჭერის როლის მიკუთვნებას. თქმა არ უნდა, რომ ეს გარემოება ავსტრალიელ პილოტს ძლიერ გაურთულებს საქმეს, მაგრამ ავსტრიულ გუნდში არ სურთ, რომ პილოტს, რომელიც მომავალ წლებში მათი ლიდერი იქნება, მეორეხარისხოვანი როლი თუნდაც მხოლოდ ორ რბოლაში ჰქონდეს.
ფეტელი კორეის დიდი პრიზის ლიდერი იყო, როდესაც მის მანქანაზე მწყობრიდან ძრავი გამოვიდა. მანამდე კი რბოლა ავარიის გამო დატოვა უებერმა. ახლა ოზ პილოტს 11 ქულას უგებს ფერნანდო ალონსო, ფეტელი კი ესპანელისგან 25 ქულაშია და მეოთხე ადგილზე იმყოფება. მაგრამ გუნდის შეფი ქრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ ფეტელის ჩამოწერა საჩემპიონო მარათონიდან ნაადრევია და რომ, სიტუაცია შეიძლება ისევე სწრაფად შეიცვალოს, როგორც იონგამის რბოლის შემდეგ შეიცვალა.
”ჩვენ ფერნანდოს დიდი საჩუქარი მივეცით, მაგრამ ამ რბოლამაც აჩვენა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება. თვითონ რბოლის მსვლელობისას, ჩემპიონატის ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. ეს კი ნიშნავს, რომ დანებება ბოლომდე არ შეიძლება და რომ შანსი ჯერაც არსებობს. შეცდომა იქნება, რომ ფეტელს უებერის დახმარება ვთხოვოთ. გარანტირებული არავის არაფერი აქვს. ვის შეეძლო დღევანდელი რბოლის შედეგის წინასწარ განსაზღვრა? არ მგონია, შემდეგ რბოლებზეც ეს შესაძლებელი იყოს. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონის ვინაობას აბუ დაბის რბოლის ბოლო წრემდე ვერ გავიგებთ და ჩვენც ბოლომდე თავჩაუხრელად მუშაობას ვაპირებთ იმისათვის, რომ ლიდერობა დავიბრუნოთ”, - ამბობს ჰორნერი.
No comments:
Post a Comment