ბოლო ახალი ძრავი უებერისთვის
Mark Webber
21 ოქტომბერი
გარდა იმისა, რომ უახლოეს მდევრებს 14 ქულით უსწრებს, ფორმულა 1-ის ავსტრალიელ ლიდერ მარკ უებერს მეტოქეებთან კიდევ ერთი სერიოზული უპირატესობაც აქვს - მას რეგლამენტით ლიმიტირებული რვიდან, ჯერ მხოლოდ შვიდი ახალი ძრავი აქვს გამოყენებული. კორეისთვის კი თავის გუნდს მანქანაზე მერვე ძრავი დააყენებინა. მის კონკურენტებს კი უხმარი ძრავი აღარ აქვთ.
სეზონის დასრულებამდე სულ სამი ეტაპიღა რჩება. უებერი გერმანელ თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს და ”ფერარის” ესპანელ ფერნანდო ალონსოს 14-14 ქულას უგებს. ბრიტანელ ლუის ჰამილტონთან კი მას 28-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს. კორეის დიდი პრიზის პირველი ორი თავისუფალი პრაქტიკის შემდეგ, ის ფეტელს წამზე მეტს უგებს. და თავისი უპირატესობის გასაზრდელად, ახალი ძრავის დაყენება მოითხოვა.
ავსტრალიელი პილოტის მოტივი გასაგებია - თუ ის კორეაში გამარჯვებას შეძლებს, მდევრებთან უპირატესობა მინიმუმ 21 ქულამდე გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად გაინაღდებს ჩემპიონობას.
თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი - ”რედ ბულის” მანქანები ”რენოს” ძრავებითაა აღჭურვილი. ფრანგული აგრეგატები კი კონკურენტების ძრავებზე (ფერარი და მერსედესი) სუსტია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კორეული ტრასის ორ გრძელ სწორზე, ”ფერარის” და ”მაკლარენის” პილოტებს სისწრაფეში უპირატესობა ექნებათ.
No comments:
Post a Comment